№9 რაში არიან აცდენილები ვერკა ჯაჯანიძე და მისი მეუღლე და რის გამო აქვს ირაკლი შალიკაშვილს ცოლის მიმართ პროტესტის გრძნობა
ვერკა ჯაჯანიძე ნამდვილად მიეკუთვნება საქმიანი ქალების რიცხვს. ის მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთულია, ძალიან ბევრი ჯგუფი ჰყავს, რომელთაც ცეკვას ასწავლის. პარალელურ რეჟიმში, ვარჯიშობს და თავის მშვენიერ ოჯახზეც ზრუნავს. მას და ირაკლი შალიკაშვილს ერთი შვილი ჰყავთ – დემე, რომელიც ძალიან საყვარელი და თბილი ბავშვია.
ვერკა ჯაჯანიძე: სულ მიკვირს ისეთი ხალხის, მუდმივად რომ ამბობენ: დავიღალე, დავიღალეო. არასდროს ვამბობ ამ სიტყვას. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემს შვილს იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევ, რაც საჭიროა. დილით დაძინებულს ვტოვებ, ღამე რომ მოვდივარ, უკვე დაძინება უწევს. ამიტომაც სულ ვამბობ: მეორე შვილს ისეთ ასაკში გავაჩენ, გაზრდა მე რომ შევძლო-მეთქი. ჩემი გრაფიკი ძალიან დატვირთულია, მთელი კვირა ვმუშაობ, ბავშვებს კონკურსებისთვის ვამზადებ, მათ ფორმებზეც ვზრუნავ. ამის კეთება ისე მსიამოვნებს, რომ როცა სახლში მოვდივარ, იმ მშობლებს, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ვერ მივაქციე ყურადღება, საღამოს ტელეფონზე ველაპარაკები. ამის გამო სახლში ცოტა პრობლემები მაქვს.
– ირაკლი ხომ არ აპროტესტებს?
– აპროტესტებს. იქნებ ეს ტელეფონი დადო, მშობლებმა ახლა მაინც დაგანებონ თავიო. თუ ვინმე რეკავს, პასუხობს ხოლმე: არ სცალია. ჩემს პროფესიაში მთელი ოჯახი ჩავრთე, სახლში ყველა ცეკვაზე ლაპარაკობს, „იუ თუბიზე“ ცეკვების ვიდეოებს ვუყურებთ, ბავშვი ცეკვავს. მომიბრუნდება და მეუბნება ხოლმე: შეიძლება, სხვა თემა მოძებნოთ? ჩემი საქმე ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ჩემი ახლობლები სულ მახსენებენ, პატარა რომ ვიყავი, თურმე ვამბობდი: რომ გავიზრდები, ჩემი სახელი ტელევიზორზე უნდა დაეწეროს-მეთქი.
– ალბათ, საოცარი ემოცია გქონდა, როდესაც ბავშვობის ოცნება აისრულე?
– კი. თუმცა, ჩემთან წარმატება მარტივად არასდროს მოსულა. ვიხსენებ ხოლმე ჩემს საწყისს, როგორ დავიწყე, რა პირობებში ვვარჯიშობდი და ახლა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი სტუდიის წამყვანი ქორეოგრაფი ვარ. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი სტუდიის მოსწავლეებმა პირველი ადგილები აიღეს და ძალიან ამაყი ვიყავი. რამდენიმე თვეში სიურპრიზიც მექნება, წინასწარ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
– შოკის მომგვრელი სიურპრიზი გაქვს?
– ისეთი სიურპრიზია, ხალხს რომ გააკვირვებს, მაგრამ ბევრს გაუხარდება. ჩემი მომავალი მასზეა დამოკიდებული. სულ მიკვირს ხოლმე, როცა ამბობენ: ან ოჯახი უნდა აირჩიო, ან კარიერა, ორივეს შეთავსება შეუძლებელიაო. მე ორივეს მშვენივრად ვართმევ თავს. მართალია, შვილს იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევ. მინდა, ბაღში წავიყვანო, გამოვიყვანო, მაგრამ მაინც შეიძლება, ოჯახიც გყავდეს, შვილიც და შენი საქმეც აკეთო. კარგია, რომ ერთი შვილის გაჩენა მოვასწარი. ახლა ჩემს თავს მივხედავ და შემდეგ მეორე შვილს გავაჩენ.
– ირაკლი როგორ გამოხატავს პროტესტს?
– სახეზე ემჩნევა ხოლმე. ეგრევე შეატყობ რომ ნაწყენია. თან, ცოტა მწარედ გეტყვის რამეს და უნდა მიხვდე. ზოგჯერ არ ვუთმობ. ალბათ, უნდა დავუთმო, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი პროფესია, რომ არ შემიძლია, უარი ვთქვა. თან, სახლშიც იყო, ყოველდღე 7 საათზე მიხვიდე, არ გამოვა. ირაკლისაც მონატრებული აქვს ჩემთან, ბავშვთან ერთად გასეირნება, კინოში წასვლა და მისი კარგად მესმის. დემესთანაც უფრო ხშირად ირაკლია, 6 საათზე ამთავრებს სამსახურს და მე მაგ დროს ცხოვრებას ვიწყებ. აცდენილები ვართ დროში. საღამოს, 10 საათზე რომ მივდივარ, მაშინ ვხვდებით ერთმანეთს. იცის, რომ მუშაობას 9 საათზე ვამთავრებ და იწყებს რეკვას: აბა, რამდენ ხანში მოხვალ. ერთი სული აქვს, როდის მივალ სახლში და იქაც ტელეფონზე ვლაპარაკობ. ჩემი კარგად ესმის, ხელს მიწყობს, უბრალოდ, უნდა, რომ ჩემთან ერთად მეტი დრო გაატაროს. იცის, როგორ მიყვარს ჩემი საქმე და თავს ვერ დავანებებ.
– ყველა ოჯახშია კამათი. თქვენ რაზე კამათობთ?
– ბოლოს რაზე ვიკამათეთ, აღარ მახსოვს. მეგობრები გვეუბნებიან: სასწაული წყვილი ხართ, ისიც მუშაობს, შენც და მთელი დღე სულ კონტაქტზე ხართო. სულ ველაპარაკებით ერთმანეთს, მეკითხება: ხომ არ მშია, რამე ხომ არ მომიტანოს, ბავშვი გაასეირნა, ეს უყიდა, მანქანას ხომ არ აქვს რამე გასაკეთებელი. სულ ზრუნავს ჩემზე. ამიტომაც გვეუბნებიან მეგობრები: იდეალური წყვილი ხართ, თითით საჩვენებელიო. ირაკლი ძალიან ყურადღებიანია, უბრალოდ სახლშიც რომ ვაგრძელებ საქმის კეთებას, ეს აღიზიანებს. ძალიან მიყვარს „მაკდონალდსის“ ნაყინი, თან ვაფლის. ერთ დღეს მეუბნება: რა გინდა ახლაო. ნაყინი მინდა, მაგრამ როგორ შევჭამ, გაკვეთილზე ვარ-მეთქი. წამოვიდა პეკინიდან, წერეთელზე მიყიდა ჩამოსასხმელი ნაყინი და შემოვიდა გაკვეთილზე ხელში ნაყინით. თან, გაკვეთილზე დგანან 4-5 წლის ბავშვები. იმათ თვალწინ ხომ არ დავიწყებდი ჭამას. ისე ამენთო სახე, ვიფიქრე: ახლა ამას რას ვუზამ-მეთქი. გამოვართვი და ჭიქაში ჩავდე. დღემდე იხსენებს: გაგახარე, ნაყინი მოგიტანე და შენ როგორ არ ჭამეო.
– ვის უწევს ხოლმე დათმობებზე წასვლა, შენ თუ ირაკლის?
– დათმობას რაც შეეხება, ძალიან რთული ხასიათი მაქვს. ირაკლის უფრო გაუგია ჩემთვის და მას უფრო დაუთმია. ხშირად არც არის ასეთი სიტუაცია, უბრალოდ, ის უფრო მეტს ითმენს, მიგებს და ითავისებს. შეიძლება, ბევრი რამ არ მოსწონს, მაგრამ ჩემ გამო, ბავშვის გამო ითმენს. რაც მთავარია, ერთმანეთის სფეროში არ ჩავერიეთ, ორივემ დავიტოვეთ თავისუფალი სივრცე. არაფერში შევუზღუდივარ. მეც ისეთი ტიპი ვარ, არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც მას შეურაცხყოფას მიაყენებს, ან ცუდად აგრძნობინებს თავს, ან არ მოეწონება. მიზეზსაც არ ვაძლევ, რომ რამე საწინააღმდეგო ჰქონდეს.
– ხშირად მეუღლეებს არ მოსწონთ მოცეკვავეების ჩაცმულობა, თუნდაც პროექტში ვარსკვლავთან ერთად ცეკვა.
– ჩემი ცეკვის ფორმებში არასდროს ჩარეულა. ერთი-ორი ისეთი სამოსი მქონდა, უთქვამს: ოღონდ ეს არაო და მეც გავაქრე ჩემი გარდერობიდან. ამის გამო პრობლებას არ შევუქმნიდი, რაც მისთვის არ არის მისაღები, არ გავაკეთებდი. კონკურსებზე რომ ვმსაჯობ, სულ ახალ სამოსს ვიკერავ – ორს ან სამს. დილა, საღამო, შუადღე ახალ-ახალი მაცვია და მშობლები, ბავშვები მოლოდინში არიან ხოლმე. რომ გამოვიპრანჭები, ქუსლებზე, ირაკლი დემეს ეუბნება: ეჰ, მამი, დღეს დედა არ აპირებს სახლში დაბრუნებასო. უყვარს მასთან ერთად რომ დავდივარ გაპრანჭული. მარტო თუ ვარ, დიდად არ მოსწონს. როცა სხვაც აღნიშნავს, რომ კარგად გამოვიყურები, ამ დროს ძალიან ბედნიერია.