კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 გელა პატიაშვილი: ახლა დიდ დროს საქართველოში ვატარებ, პერიოდულად ჩავდივარ საფრანგეთში და იქაც ქართულ პროექტებზე ვმუშაობ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ქართულ ნიადაგში აღმოცენებული არტისტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი სხვა ქვეყანაში განვლო, სამშობლოში დიდი გამოცდილებით, ბევრი საჭირო უნარითა და მნიშვნელოვანი გეგმებით დაბრუნდა. სულ რამდენიმე დღის წინ მხატვარმა გელა პატიაშვილმა გამოფენაც მოაწყო, რომლის შესახებაც თავად გიამბობთ.
გელა პატიაშვილი: „გალერეა ვერაში“ მოწყობილ გამოფენაზე სხვადასხვა წლის ნამუშევრები გავაერთიანეთ, სახელწოდებით – „პოსტისტორია და ქუდები“. ჩემს ნამუშევრებში ბევრ უტილიტარულ საგანს შეხვდებით, მათ შორის, საწერ მანქანებს, „შპილკებს“, ტელეფონებსა და მტვერსასრუტებს. მოკლედ, ეს ის საგნებია, რომლითაც ვართ გარშემორტყმული, რომლებსაც აქვთ თავიანთი შინაარსი და ისტორია, რომლებიც ისე ცხოვრობენ, როგორც სულიერი საგნები – მეტყველებენ და ურთიერთობენ. ურთიერთობენ ერთმანეთთან და ასევე ჩვენთან. ჩემს ნამუშევრებში, ნახატებში ჩანს, რომ მათი ურთიერთობა შეიძლება, იყოს ემოციური, ნარატიული, აფექტური და თუ ამას თეორიულ ნაწილში გადავიტანთ, ეს ყველაფერი ურთიერთობათა აკუმულაციას ქმნის.
– მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ, როგორც ვიცი, ეს არაა თქვენი პირველი გამოფენა თბილისში.
– უკვე ოცდამეცხრე წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, თუმცა, ბოლო წელი თბილისში გავატარე. „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ანიმაციურ კინოს ვასწავლი  და სწორედ ეს იყო ჩემი დაბრუნების საბაბი. პირველი დღეეები და პირველი თვეებია საქართველოში და მშობლიურ ქალაქში თითქოს ნელ-ნელა ფეხს ვიდგამ. რაც შეეხება გამოფენას, საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის, რამდენიმეჯერ „არტისტერიუმშიც“. სწორედ „არტისტერიუმის“ ფარგლებში და ლიტერატურული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – „პირამიდები“. შარშან კი გამრეკელის გალერეაში სახელწოდებით – Home Sweet Home. მასში შინ დაბრუნების იდეა იყო ჩადებული და ის გრძნობა, როცა, წესით, სახლში დაბრუნებულს ტკბილ და თბილ გარემოსთან შეხვედრის იმედი გაქვს, მაგრამ სინამდვილეში აფორიაქებული და ნერვიული სახლი გხვდება. ახლა დიდ დროს საქართველოში ვატარებ, პერიოდულად ჩავდივარ საფრანგეთში და იქაც ძირითადად ქართულ პროექტებზე ვმუშაობ.
– როგორც ვიცი, თქვენი ასეთად ჩამოყალიბება, თავის დროზე, გარემომ განსაზღვრა.
– ამაში მართლა გამიმართლა, ყოველთვის შემოქმედებითი ადამიანებით ვიყავი გარშემორტყმული. როგორც ასეთი, აკადემიური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ამ ადამიანებთან შეხვედრამ ჩემი გზა განსაზღვრა. ესენი იყვნენ პოეტები, რეჟისორები, მხატვრები. სწორედ მათ ჩამომიყალიბეს ხედვა. მაშინაც და ახლაც ასე ვარ, გაფანტული ხატვას, ლიტერატურასა და ანიმაციურ კინოს შორის, ვერცერთ მათგანს ვერ ვუშვებ ხელს. ვცდილობ, სამივე ფრონტზე შევძლო რაღაცის გაკეთება. საფრანგეთმა ჩემს ცხოვრებას ანიმაციური კინო შესძინა. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და ხატვის უნარი მაძლევდა კიდეც საშუალებას, სამსახური ამ მიმართულებით დამეწყო. პარიზის ძალიან კარგ სტუდიებში კარგ რეჟისორებთან და საინტერესო ავტორებთან მომიწია მუშაობა. ჩემი კარიერა ფონების ხატვით დაიწყო და მხატვრულ დირექტორობამდე გაიზარდა. დღეს სწორედ აქ მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებ ამ სფეროთი
დაინტერესებულებს თბილისში. ძირითადად კი, ამ მხრივ, საქართველოში ცოტა რთული სიტუაციაა, მე ვიტყოდი, საგანგაშო. რამდენიმე ფილმი საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და ჯილდოებსაც იღებს, მაგრამ რეალურად მას ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს, ეს ძირითადად ფესტივალის ფორმატია. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ჩემი მხრიდან გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს ჩემი და ჩემი კოლეგების დიდი ამბიციაა. ანიმაციური სტუდიის შექმნა გვსურს, სადაც ერთდროულად რამდენიმე პროექტს განვახორციელებთ და სადაც გამოცდილება დაგროვდება. პირველ რიგში, ეს იქნება ქართული ანიმაციური სერიალი, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე და ასევე, სხვა ენებზეც, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ პროდუქციას ჩვენგან შეიძენენ.
– როგორ წახვედით საფრანგეთში?
– პარიზში პირველად გამოფენით მოვხვდი, სულ ორი კვირით ვიყავი ჩასული. მერე გადავწყვიტე, კიდევ ორი კვირა დავრჩენილიყავი, მერე – კიდევ ორი კვირა და ასე 28 წელიწადი. რაც შეეხება ანიმაციურ კინოს, ის 1995 წლით თარიღდება.
– რთული არ იყო საფრანგეთში თავის დამკვიდრება, წარმატებას რა სირთულეების გადალახვის ფასად მიაღწიეთ?
– დიდწილად შრომის ხარჯზე. ისეთ პრივილეგირებულ სფეროში, როგორიც კინო და ანიმაციაა, კარგი სამსახური მარტივი მოსაპოვებელი არაა. ყოველთვის კარგად მესმოდა, რომ ეს ქვეყანა დასაქმებისას პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, საკუთარ მოქალაქეს ანიჭებს და არა უცხოელს. ამიტომ მათ გვერდით რომ დავმჯდარიყავი, მათზე უკეთესი უნდა ვყოფილიყავი. ამის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა იყო საჭირო და ასეც ვიქცეოდი. იმ პერიოდში თბილისში ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი და პროფესიონალური სამყაროს გარეთ იშვიათად ვხვდებოდი ვინმეს. მაშინ ჩემი ქართული ძალიან დაზარალდა, კვირაში ერთხელ თუ დავილაპარაკებდი მშობლიერ ენაზე, რამაც საშინელი შედეგი გამოიღო. თუმცა, ორიათასიანების დასაწყისში შევეცადე, ეს პრობლემა მომეგვარებინა და ქართულად დავიწყე წერა.
წარმატების მიზეზებს რომ დავუბრუნდეთ, შრომისმოყვარეობის გარდა, ალბათ, ამის განმსაზღვრელი კიდევ ორი ფაქტორი გახლდათ: პირველი – ჩემი განსხვავებული ხედვა. შემოქმედებით ჯგუფში ალტერნატიული ხედვა შემოქმედებითი შარმია, რაც როგორც წესი, ფასდება. გამიმართლა იმაშიც, რომ ძალიან კარგ ავტორებთან მომიწია მუშაობა, ისეთებთან, როგორებიც არიან, მსოფლიოს ანიმაციურ სამყაროში ცნობილი მულტფილების ავტორები, მათ შორის ჟან-ივ რამბო, რომელმაც „ოგი და ტარაკნები“ შექმნა, ასევე „ინსპექტორი გაჯეტის“  შემქმნელი ბრუნო ბიანკი. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ცვლის ჩვენს გზას.
– რაც შეეხება ლიტერატურას, წერა როდის დაიწყეთ?
– მოთხრობების წერა 80-იან წლებში დავიწყე და ლიტერატურა დღემდე ძალიან მიყვარს. მწერლობაში საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას ვანიჭებ. ჩემს მოთხრობებში სხვადასხვაფერის იუმორს შეხვდებით, მათ შორის შავსაც. გამოსაცემად ახალი წიგნი მზადდება, სახელწოდებით „სპილოს ღამე“. მასში თორმეტი მოთხრობაა, ილუსტრაციების ავტორი მაკა ბატიაშვილია – შესანიშნავი მხატვარი, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც ქართულად ვწერ, კარგად ვგრძნობ თავს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ. თუმცა, იგივე განცდა არც სხვა ენაზე წერით მაქვს და არც სხვა ქვეყანაში მუშაობით.
скачать dle 11.3