№9 როგორ იტანს ლიკა შუბითიძის სიგიჟეებს ქმარი
ლიკა შუბითიძის შემოქმედება, მასავითაა – არაორდინარული, განსხვავებული და არაბუნებრივად მოსასმენი. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ბგერების მოგროვება და ერთი ადგილიდან მეორეში მისი გადაადგილება მისი მიზანია და ამას, საკმაოდ კარგად ახერხებს. ლიკა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. ახლახან კი, საქართველოში ჩამოსულმა, კონცერტი გამართა, სადაც მის მოსასმენად უამრავი ადამიანი მივიდა და ის ემოცია და ენერგეტიკა, რაც მან მიიღო, დიდხანს გაჰყვება შორეულ ამერიკაში.
ლიკა შუბითიძე: უკვე ათი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, პროფესიულ სფეროში – მეტად განვითარების შანსი, ბევრ კარგ მუსიკოსსა და ადამიანს შევხვდი. მართალია, სიძნელეები გამოვიარე, მაგრამ პიროვნულადაც გამაძლიერა და მუსიკალური ინსპირაციაც შემძინა. მგონია, საქართველოსთვისაც იქიდან უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე აქ რომ დავრჩენილიყავი.
– წლების წინ საქართველოდან რომ არ წასულიყავი, დღეს ვინ იქნებოდი?
– ალბათ, ისევ მუსიკოსი. შეიძლება, უკეთესადაც ვყოფილიყავი, მაგრამ დღეს სადაც ვარ, კარგად ვარ (იცინის). ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ, წელიწადში ერთხელ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, ასე რომ, ნოსტალგიური მომენტები არ მაქვს.
– ამერიკული ოცნება აგიხდა? როგორ მიგიღო დიდმა ქვეყანამ პატარა ქვეყნის შვილი?
– ამერიკული ოცნება, ძალიან აბსტრაქტულია და თან კონკრეტულიც. მე ასეთი კონკრეტული ოცნებები არ მქონდა, უფრო – მოლოდინი და იმისკენ მივდივარ. ამერიკაში ცხოვრება გაძლევს სტიმულს, წინ კიდევ და კიდევ ბევრი ნაბიჯი გადადგა, განვითარდე და აკეთო შენი საქმე, რომელიც გიყვარს. დიდმა ქვეყანამ ძალიან კარგად მიმიღო, რადგან მეც თავიდანვე შევიყვარე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო იქ თავის დამკვიდრება. როცა იქ დავდგი ფეხი, ფაქტობრივად, კულტურული შოკი მივიღე, ბევრი ბარიერი დამხვდა, მაგრამ დღეს, უკვე ორი ქვეყნის შვილი ვარ. საქართველოდან რომ ვარ, ამერიკისთვის უფრო ეგზოტიკურს მხდის. სხვათა შორის, ბევრი ინტერესდება ჩემი წარმომავლობით და მათ ვუყვები ჩემი ქვეყნის შესახებ. ასე რომ, ამერიკაც და საქართველოც – ორივე მიყვარს.
– თქვი, მე მიზნები მქონდა და არა ოცნებებიო. ამ გადმოსახედიდან, თუ აგიხდა ის, რა მიზნითაც წახვედი და როგორ თენდება შენთვის ყოველი დილა იქ, უცხო მხარეში?
– ჩემთვის ყოველი დილა პოზიტიურად თენდება, ჩემს მეუღლესთან, ტატოსთან და ბავშვთან ერთად. რაც ჩვენს გარშემოა, დილიდან იძენს ინსპირაციას და ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. იმ ბედნიერ გარემოს, რაშიც ვცხოვრობთ, თავად ვქმნით. მთავარია, გვახსოვდეს, რომ წვრილმანებსა და დეტალებშია ბედნიერება და არა ნივთებში.
– ლიკა, როცა დიდი განშორების შემდეგ, საქართველოში ჩამოდიხარ, რა გრძნობა გაქვს?
– ახლა რომ ჩამოვედი, მეტად დავინახე უკიდურესობები – ხალხში, უბნებში... რაც მეტად საინეტრესოს ხდის ჩემს ქვეყანას. ამერიკიდან ჩამოსული ყველაფერს სხვანაირად ვხედავ. აქ მცხოვრებ ადამიანებს თვალი გაქვთ შეჩვეული და სულ ვამბობ, უნდა წავიდეს კაცი, მერე ჩამოვიდეს, რომ ახლებურად დაინახოს და შეიგრძნოს ის, თუ რა საინტერესო ქვეყანაში ცხოვრობს.
– განსხვავებული ხედვის, არაორდინარული, უცნაური, არარეალური ბუნების ადამიანი ხარ. ძნელია ასეთი ადამიანის გვერიდით ცხოვრება?
– ალბათ, ძნელია, მაგრამ ტატოც ასეთია და ერთად არ გვიჭირს. ერთმანეთს რომ შევხვდით, გამიმართლა. ძალიან გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ვასწრებთ. ამიტომაცაა ჩვენი ცხოვრება საინტერესო. ჩვენი სიყვარული, მეგობრობა და ცოლქმრობა მუსიკაშიც აისახება. ვთვლი, რომ ამქვეყნად, დედამიწაზე ჩემი მისია, ბგერების შეგროვება და ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა და გაშვებაა. მე და ტატოს უცხო მხარეში ქართული გენეტიკა გვხდის საინტერესოს. ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ-კულტურული ბეგ-რაუნდი სხვა ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა.
– როგორც ვიცი, ტატო დიპლომატიურ სამსახურში მსახურობდა. ამბობენ, ამ საქმეს რომ ჩამოშორდა და მთლიანად მუსიკაში „გადავარდა“ შენი დამსახურებააო. ეს სიმართლეა?
– დიახ, ტატო, მთლიანად ჩამოშორდა დიპლომატიურ სამსახურს და თავისი თავი მუსიკას მიუძღვნა. ეს ჩემი დამსახურება არ არის, რადგან, ის სულ უკრავდა და მის ცხოვრებაში მუსიკა, პარალელურად, მუდმივად არსებობდა. ორივე ერთად კი არ გამოდიოდა. თუ გინდა, მუსიკაში რამეს მიაღწიო, მასში მთელი ცხოვრება უნდა ჩადო. ამიტომ, ტატოს ახლა მხოლოდ ჩემთან ურთიერთობაში ადგება ის გამოცდილება და დიპლომატია (იცინის). ტატო არის ადამიანი, ვისაც ბოლომდე ვენდობი, ჩემს სიგიჟეებს ბოლომდე იტანს, თავადაც მყვება და ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია.
– მახსოვს, ამერიკაში, შოუ-კონკურსებში აპირებდი მონაწილეობის მიღებას. გადაიფიქრე თუ ისევ გეგმავ?
– სატელევიზიო კონკურსებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ. თუმცა, არის საინტერესო პროექტები, სადაც ვუკრავ და ვმღერი. მაგალითად, „შოფარ შოუნდს“, რომელიც არტისტებისა და მსმენელების მოძრაობაა მსოფლიოს 400 ქალაქში, თბილისშიც დავიწყეთ და ჰქვია „შოფარ შოუნდს თბილისი“. ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, სხვადასხვა შტატში და მათ შორის თბილისშიც ჩატარდა და მეც მივიღე მონაწილეობა – დახურული კონცერტებია, მუსიკაზე ორიენტირებული, არავინ იცის ვინ უკრავს და შეიძლება, შენი საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე აღმოჩნდე. ასე ექსპრომტად. საქართველოში ჩავიწერე ცოცხალი ხმები, რაც ჩემს გარშემო იყო, რაც ყოველდღიურობაშია და თითქოს, ყური ეჩვევა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა, ამერიკაში მიმაქვს, რომ იქ ბგერებად გავუშვა. მე და ტატო ასე ვქმნით მუსიკას – ის ცოცხალი ბგერებისგან შედგება. ამიტომ, იქ დაბრუნებულები, ამერიკელ მსმენელს ქართულ ბგერებს ჩავუტანთ და მოვასმენინებთ.
– ესე იგი, ამერიკას ქართულ რეალობას ბგერებით მოასმენინებ?
– ზუსტადაც ასეა (იცინის).