№9 რატომ დაიწყო თეა დარჩიამ ცეკვა ცრემლებით
წარმატებული კარიერა, ოჯახი, ოთხი შვილი და სასწაული გარეგნობა – ეს მოცეკვავე თეა დარჩიას ცხოვრებაა. როგორც თავად ამბობს, მასში ნორმალური და სტანდარტული არაფერია და ზუსტად მისი ხასიათისა და ცხოვრების ტემპის დამსახურებაა, რომ ყოველთვის შეუძლია, ყველაფერს გაართვას თავი.
თეა დარჩია: ჩემს ცხოვრებაში ცეკვა ცრემლებით დაიწყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით – პლისეცკაიას „მომაკვდავ გედს“ ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი და მამა მიხვდა, რომ ხელოვნების ამ დარგის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და მაშინვე ბალეტზე, იური ზარეცკისთან შემიყვანა. შემდეგ იყო ქართული ცეკვები, მერე ისევ ბალეტი, ისევ ქართული და თხუთმეტი წლის რომ გავხდი, თენგიზ სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს ჩამაბარა. იქიდან დაიწყო ამ უნიკალურ ანსამბლში ჩემი ოცდაათწლიანი მოღვაწეობა.
– საკმაოდ ადრე, 19 წლის გათხოვდით, როგორ გამოვიდა კარიერისა და ოჯახის ამბავი ერთად?
– იმ დროს ცხრამეტ წელს ადრე არ ერქვა. საქმე ისაა, რომ ჩემი მეუღლეც მოცეკვავე იყო და ვიფიქრე, აქაც ერთად ვიქნებოდით და მოგზაურობის დროსაც-მეთქი. მერე მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ცეკვაზე უარის თქმა მოუწია. რაღაც მომენტში ჰქონდა მცდელობა, რომ მეც დამენებებინა თავი. ანსამბლიდან რომ წავიდა, მითხრა, შენც წამოდიო და მე ძალიან უკმეხი პასუხი გავეცი: თუ გინდა მოვკვდე, წამოვალ-მეთქი. მაშინ უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ცეკვის გარეშე არ შემეძლო, ვერ ვისუნთქებდი. კატეგორიული არ იყო, რადგან იცოდა, ეს გადაწყვეტილება მე მომკლავდა. როცა ადამიანს უყვარხარ, იცის, რა გასულდგმულებს და გაძლევს სიცოცხლის ძალას, მას არ მოგაკლებს.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული?
– ჩემი მომავალი მეუღლე მე ამოვიჩემე, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი იყო და ყველა მამაკაცისგან განსხვავდებოდა. ყველაფერში არაორდინარული იყო და მივხვდი, რომ ის იქნებოდა იდეალური მამაკაცი, მამა და მეუღლე, ვისთან ერთადაც ოჯახი უნდა შემექნა.
– ის როგორ მიხვდა, რომ ეს ის თეა იყო, ვისთანაც მთელი სიცოცხლე ბედნიერად იცხოვრებდა?
– ვაიმე, დღემდე არ იცის (იცინის). დღემდე თვლის, რომ „შარშია“. ჩემს ხელში დღე არ აქვს, რომ მოდუნდეს. ასეთი მეუღლე უფალმა გამომიგზავნა და მიხარია, რომ მასში მეც დავინახე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. სხვანაირი მეუღლე მე ვერ მეყოლებოდა.
– როგორია?
– ისეთი, რომ ოცდარვა წელი მის გვერდით „დამაბა“ – მოთმინებით, პატიებით, სიყვარულით, ერთგულებით – ყველაფრით ერთად. თუ გვერდით მისნაირი მეუღლე გყავს, ყველაფერი შეთავსებადი ყოფილა, ოჯახიც და კარიერაც. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და პატიებაა და რაც მთავარია, შვილები. ოთხი შვილი რომ გყავს, ძალიანაც რომ მოგინდეს, არც უნდა იფიქრო ამ თემაზე. სხვათა შორის, თავის დროზე ქალბატონმა ნინო რამიშვილმა მითხრა, იქ სადაც ბავშვია, პირადი ამბიციები უნდა დაივიწყოო. არ არსებობს ოჯახი კოფლიქტებისა და შეცდომების გარეშე, მაგრამ როგორც მეგობარს პატიობ ყველაფერს, ისე უნდა აპატიო მეორე ნახევარსაც. რომელმა უფრო მეტი უნდა აპატიოს – ასეთი წესი არ არსებობს, ისე უნდა იყოს, როგორც საჭიროა.
– არადა, ხშირად გვესმის, რომ ქალმა მეტი უნდა დათმოს.
– ჩემს შემთხვევაში პირიქითაა და ეს არანაირად არ აკნინებს ჩემს მეუღლეს და მის კაცობას, პირიქით, ყველას თვალში ერთი ასად მაღლდება. მე ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ის, რაც ვარ, ჩემი მეუღლე კი მარტო იმიტომ უყვარს ყველას, რომ ჩემი მეუღლეა და მე მიძლებს ამდენი წელია (იცინის). ყველა, ვინც მას იცნობს, იცის, როგორი არაჩვეულებრივია ყველა ასპექტში.
– თეას რა აქვს საპატიებელი? ლამაზია, წარმატებული, ოთხი შვილის დედა...
– ძალიან ბევრი. ამდენი არასდროს არავის უპატიებია მეუღლისთვის, რამდენიც ჩემმა მეუღლემ – მე. მძიმე ვარ, ფეთქებადი, არაორდინარული ცოლი და არანორმალური დედა. არაფერი ნორმალური ჩემში არ არის. ის ამ ყველაფერს იტანს, იმიტომ რომ ვუყვარვარ.
– ოთხი შვილი გყავთ, მაგრამ ამას პროფესიაში ხელი არ შეუშლია, არა?
– ათ-ათი წელია სხვაობა პირველსა და მეორე შვილს შორის, მერე – რვა და ბოლოს – სამი წელი. მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ მე ისევ რეპეტიციაზე ვიდექი. უფლის დახმარებითა და სიყვარულით აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. როცა ფანატიკურად გიყვარს შენი საქმე, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ცხრა თვის განმავლობაში დღეში ოთხი რეპეტიცია მქონდა უზარმაზარი მუცლით. მეოთხე რეპეტიცია ღამის თორმეტის ნახევარზე დავამთავრე. მეორე დილით, ათ საათზე მივხვდი, რომ სამშობიაროში უნდა წავსულიყავი. თორმეტის ნახევარზე მივედი და თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, გაბრიელი უკვე მყავდა. ოთხი და ექვსასი დაბადა, 55 სანტიმეტრი და სრულიად ჯანმრთელი. ხუთშაბათს ვიმშობიარე, პარასკევს გიორგობა იყო და ასეთ დღესასწაულებზე ბავშვებს ისედაც არ ვამუშავებ, შაბათს სამშობიაროში ვიყავი, მეორე დღეს გამომწერეს და ორშაბათს ნამშობიარები, ბავშვით ხელში ვიდექი და ღმერთის წყალობით, ჩვეულებრივად, ოთხ რეპეტიციას ვატარებდი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, რეპეტიციებს შორის ჩამოვირბენდი, ვაჭმევდი და ისევ ვაგრძელებდი. მადლობა ღმერთს, სტუდია სახლში მაქვს, რაც სერიოზული კომფორტია, თან – ბავშვები და თან – საქმე. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება.
– შვილები როგორები არიან?
– უფროსი, მარიამი 28 წლის ხდება და გენიოსია. არაჩვეულებრივი ადამიანია, მოცეკვავე... და ნაკლი არ აქვს, აბსოლუტურად ყველას უყვარს. მეორე – მირიანი ჩვიდმეტი წლისაა და უკვე ჩამოყალიბებული კაცია, თავის ინტერესებით და მენტალიტეტით. მანქანის დიზაინერობა უნდა, რაც საქართველოში არ ისწავლება, ამიტომ მისი სხვა ქვეყანაში გაშვება მომიწევს, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და რისი ფუფუნებაც, სამწუხაროდ, მოცეკვავეებს არ გვაქვს. მაგრამ ცოტა დრო ჯერ კიდევაა და რამე უნდა მოვახერხო. მესამე – ქალბატონი იოანა რვა წლისაა და აი, ვისი მეშინია. რამდენადაც კარგი ადამიანები არიან პირველი ორი, იმდენად გიჟები არიან უმცროსები. გაბრიელს თვალი არ აქვს გახელილი, რომ ამბობს, „მე მინდა“. რა-მეთქი, რომ ვეკითხები, ფიქრობს, ჯერ არ იცის (იცინის). თუმცა, ძალიანაც კარგი, რომ ამ ასაკში იცის, რა უნდა, ახალი თაობის ჩამოყალიბებული აზროვნება და ინფორმირებულობა ძალიან მომწონს.
– უფროსმა რომ თქვენი გზა აირჩია, როგორი რეაქცია გქონდათ?
– ძალიან მინდოდა, რომ მოცეკვავე ყოფილიყო, მაგრამ კარგა ხანს არ უნდოდა ცეკვის გაგონება, ეჭვიანობდა, ეგონა, რომ ამ პროფესიამ დედა წაართვა. მაგრამ თხუთმეტი წლის რომ გახდა, მითხრა: დედა, ცეკვა მინდა იქ, სადაც შენ და ისე, როგორც შენო. რა თქმა უნდა, ილიკოსა და ნანუს ჩავაბარე. მადლობა ღმერთს, დღეს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე კარგად მოხდა, მე რომ წარმოსადგენად ფანტაზია არ მეყოფოდა. დღეს თეა დარჩიას შვილი კი აღარაა, უკვე მე ვარ მარიამის დედა, რაც დედისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და გამარჯვებაა. ბევრი შრომა დასჭირდა, რომ ჩემი ჩრდილიდან გამომძვრალიყო: ერთ მშვენიერ დღეს სრულიად საქართველომ აღიარა, რომ მარიამ მათიაშვილი არის მარიამ მათიაშვილი და არა თეა დარჩიას შვილი. ბავშვი ძალიან დაიტანჯა, რადგან სულ მიდიოდა ქვეცნობიერი შედარება ჩემთან, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია, პირიქით, ამან ძალიან გაზარდა. ჩემი შვილებით უბედნიერესი დედა ვარ.
– როგორც ვიცი, ძალიან მორწმუნე ხართ, საკმაოდ გვიან იწამეთ, ხომ?
– ყოველთვის მწამდა, მაგრამ ხუთოსანი ეკლესიური ცხოვრებით ბოლო ათი წელი ვიცხოვრე – 38 წლიდან. მახსოვს, ღამე ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან და გადავწყვიტე, დამსახურებული დასვენება მომეწყო, ჩემი ოჯახი ტაძარში მიდიოდა და მე სახლში უნდა დავრჩენილიყავი. ჩემი შვილი – მირიანი შემობრუნდა და მკითხა, დედა, შენ ღმერთის არ გწამსო? კი-მეთქი, ვუთხარი და აბა, რატომ არ მოდიხარო, – გაიოცა. გიჟივით წამოვხტი, ჩავიცვი და ისე აღმოვჩნდი ტაძარში, ვერ გავიგე. მამაომ აღსარება მათქმევინა და პირველი აღსარებისას იმხელა მადლი ვიგრძენი, გული ისეთი სიყვარულით ამევსო, რომ იმ დღიდან ათი წელი ხუთოსანი ვიყავი. ახლა აზრით ისევ იქ ვარ, მაგრამ ისე ვეღარ ვახერხებ. თუმცა, სულ იმის მოლოდინი მაქვს, როდის დავუბრუნდები იმ არაჩვეულებრივ ცხოვრებას. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასწაული მომხდარა, თუნდაც ჩემი სტუდია ავიღოთ, რომელიც მართლა ჩემი ცხოვრების სასწაულია. ამ საქმეში ძალიან დამეხმარა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხა დასჭირდა და დიდი დრო – მის დასაფარად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ საფლავში ხომ არ წავიღებ, აქ ხომ მომავალი თაობები იზრდებიან, რაც ძალიან მახარებს. თან, ეს შენობა არქიტექტურულ შედევრად აღიარეს, ის წარდგენილია „მის ვან დერ როეს პრიზის“ 2019 წლის ნომინაციაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული პრემიაა და ამისთვის დიდი მადლობა არქიტექტორ დავით გიორგაძეს.
– თქვენი ცხოვრების რთული პერიოდებიც გავიხსენოთ.
– მამაჩემის გარდაცვალება. ჩემხელა იყო, როცა თავისივე გაკეთებული ორტონიანი ქანდაკება დაეცა და გასრისა. ეს ჩემთვის სიკვდილი იყო. მეორე რთული პერიოდი დედაჩემის გარდაცვალება იყო. ისიც იმავე სახელოსნოში გარდაიცვალა, სადაც მამა. მესამე რთული პერიოდი, პრინციპში, ახლა დამეწყო, იმიტომ, რომ ამხელა ვალი დავიდე. თუმცა, ილიკო სუხიშვილმა მითხრა, ტყუილად ნერვიულობ, მთელი ცხოვრება მაინც ასე შრომობ და ახლა დაგიფასდება მაინცო. მოვიდა, მუსიკა მაჩუქა, ცეკვა დამიდგა, ბავშვებს ასწავლა მოძრაობები და წავიდა, საოცარი საჩუქარი გამიკეთა. კუბოს ფიცრამდე ამ ოჯახის ვალში ვიქნები და მათთვის მადლობის გადახდა არასდროს მომბეზრდება.