კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რას ვეღარ გაუძლო ნანა კუხალეიშვილმა და რატომ დაჰყვებოდნენ მის შვილებს სკოლაში სუსის აგენტები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მსახიობი ნანა კუხალეიშვილი, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ კრიმხილდას როლით გაიცნო, რამდენიე თვეა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რამ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა, ამას თავად მოგიყვებათ.
ნანა კუხალეიშვილი: ვინმეს რომ ეთქვა, შენს ქვეყანაში ვერ იცხოვრებ და სხვაგან წახვალო, გამეცინებოდა. ვერ წარმომედგინა ჩემი ქვეყნის გარეშე თუ შევძლებდი სუნთქვას. თუმცა ბოლო ექვსი წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანე ის ყველაფერი ან რამდენს იტევს ადამიანის გული... იმ საშინელებას დასასრულიც არ უჩანდა. ჩემი მეუღლე დევნაში იყო. რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა. განძრევისთანავე დაჭერა ემუქრებოდა. ამიტომ, იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით. ესპანეთში ჩამოვედით და „ჩავბარდით“ „წითელმა ჯვარმა“ მიგვიღო, მთელი დოკუმენტაცია პოლიციას გადავეცით.
– პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ ლტოლვილის სტატუსით?
– კი, როგორც კი წარვადგინეთ დოკუმენტები, მეორე დღესვე ინტერვიუ დაგვინიშნეს, რაც თურმე ძალიან იშვიათად ხდება. დიდი ხანი უწევთ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ამ პროცესის ლოდინი. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან რთულია ჩვენთვის. რომ მოკვდები, მაგრამ შენი პატარა ნაწილი ჯერ კიდევ ფეთქავს და სიცოცხლისთვის იბრძვის, დანებების საშუალებას არ გაძლევს, ისე ვართ. მეგონა, მოვკვდი და ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. ეს კატასტროფაა. ემიგრანტები რომ თავიანთ რთულ ყოფაზე ყვებოდნენ, ვუთანაგრძნობდი, მაგრამ სანამ ამას საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდები, რა გაუსაძლისი ფსიქოლოგიური წნეხია. საკუთარ თავს კარგავ, არავინ ხარ, მით უმეტეს, როცა ენა არ იცი, ნული ხარ. ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვიხჩობოდი, სული მეხუთებოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ალბათ, ღმერთი დამეხმარა ძალების მოკრებაში და საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, შვილებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები მქონდა. ენის სწავლა დავიწყე. ცოტა ხანში ბინაში გადაგვიყვანენ და ენის კურსებსაც გავივლით, მაგრამ მინდა, მანამდე კარგი ბაზა მქონდეს. ახლა ჰოსტელში ვცხოვრობთ რვა ოჯახთან ერთად, ძირითადად ესპანურენოვნები არიან და ეს გვაძლიერებს, რადგან ძალიან გვეხმარებიან, მათ შორის ენის ბარიერის გადალახვაში. ესპანურის  სწავლა დამოუკიდებლად დავიწყე და უკვე თითქმის ყველაფერს ვაგებინებ მათ.
– ამ ეტაპზე სამსახურის დაწყება არ შეგიძლიათ?
– ექვსთვიანი ცხოვრების უფლება უკვე მივიღეთ, ამ ეტაპზე როგორც წესი, მუშაობის უფლებას არ იძლევიან, მაგრამ ჩვენ მოგვცეს. თუმცა, სად უნდა ვიშოვოთ სამსახური, როცა ენაც არ ვიცით. თან, მე ისევ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით მაქვს გეგმები. მეუღლე იურისტია, მაგრამ აქ ჩვენი დიპლომები ნულია, თავიდან გიწევს მისი მნიშვნელობის დამტკიცება, რასაც ერთი წელი სჭირდება.
– მანამდე რა არის შემოსავლის წყარო?
– წელიწადნახევრის განავლობაში თვითონ გვეხმარებიან, თუმცა ამდენი ხანი არავის კისერზე ჯდომას არ ვაპირებ, უნდა ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს, ამიტომაც მინდა, რაც შეიძლება მალე ვისწავლო ენა. ბავშვებსაც ძალიან უჭირთ, მაგრამ ჩემი გოგო ამბობს ხოლმე, ახლა კი ძალიან რთულია, მაგრამ ვხვდები, რომ აქ უკეთესი იქნებაო. არ ვიცი, ჩემს დასამშვიდებლად ამბობს თუ მართლა ასე ფიქრობს. საათობით ვესაუბრებით ახლობლებს და ვცდილობთ, ეს პერიოდი ამით გადავიტანოთ.
– რატომ მოგიწიათ თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება, ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე ჩემი ოჯახის დაღუპვაშიო, წერდით, რა მოხდა?
– იმის გამო, რომ ჩემი ოჯახი ერთი პარტიის მომხრე იყო, მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხების, მუქარის და დევნის საგანი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება. ან უნდა მივსულიყავი და ისინი „ბაზრის ქალივით“ მეცემა, სხვა არაფერი ჭრიდა. არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ჩემს შვილებს და მე სიცოცხლეს გვიმწარებდა. ვერაფერს ვცვლიდი. დამრიგებელს ვეხვეწებოდი, დამეხმარეთ, წავალ ჟურნალისტებს და ხალხს მოვიყვან-მეთქი და ეს უარესია, ჯინში ჩაუდგებიან ბავშვებსო და ვერაფერს ვაკეთებდი. არ მინდოდა, უარესად გაემწარებინათ სიცოცხლე და სხვა სკოლაში გადავიყვანე. მერე ჩვენი პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე დაიწყო მუქარები, ჩვენ არა, მაგრამ ბავშვების გამო ძალიან მეშინოდა. რამდენჯერ მომსვლია მესიჯი: უი, რა მაგარი შვილი გყავს. ხან ვინ გვაგინებდა, გვლანძღავდა... საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს.
– რა ტიპის პოლიტიკურ აქტივობას გულისხობთ?
– ჩვენი სტატუსები და ჩემი მეუღლის აქტიური პოლიტიკური მოძრაობები. აქციების ორგანიზატორი იყო, მეც ყველა აქციაზე ვიყავი და წერდნენ, მიშისტი ყოფილაო. ცხოვრებაში არავისტი ვყოფილვარ, რეალისტი ვარ და მინდა, ჩემი ქვეყანა ისეთი იყოს, როგორშიც ახლა მე ვარ. აქ ძაღლს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ჩვენთან ადამიანს.
– მეუღლე დაპატირებულიც იყო?
– ბევრჯერ იყო დაპატიმრებული და ჯარიმებით უშვებდნენ. ბოლოს ორი წლის წინ, სანამ უკრაინაში წავიდოდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის თერთმეტ კაცთან ერთად მოწმის სტატუსით დაიბარეს. იძულებული გახდა, წასულიყო და ეს ორი წელი ჯოჯოხეთად გვექცა, ოჯახი რა ოჯახია, როცა ცალ-ცალკე ცხოვრობს, სიცოცხლე გაგვიმწარდა. უკრაინიდან რომ დაბრუნდა, ცოტა ხანში დაგვირეკეს და უთხრეს „ასპროცენტიანი ჩაგაყუდებენ“, რამე ქენიო. დამალვას აზრი არ ჰქონდა, თან მაშინ ძალიან ცუდად იყო, ამდენი ნერვიულობისგან ფეხი წაერთვა, ერთი პერიოდი საერთოდ ვერ დადიოდა.
– როგორ დაიწყო ეს ამბავი?
– ჩემმა მეუღლემ რამდენიმე აქციაში მიიღო მონაწილეობა და ეს გახდა მისი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი, ამას ველოდით კიდეც. დავრჩით ლუკმა-პურის გარეშე, ბანკები, ვალები, დავკარგეთ ბინა და ყველაფერი, მიწასთან გავსწორდით. ამის მერეც, ჩემს მეუღლეს არცერთი აქცია არ გამოუტოვებია, ძლიერი აქტივისტი და ორგანიზატორი იყო, იცოდა, რომ ასე მისი ქვეყანა შორს ვერ წავიდოდა და ამიტომ დაიწყო ბრძოლა. ამას მოჰყვა დაჭრები, მუქარა და დევნა. სუსის აგენტები დაჰყვებოდნენ უკან და მარტო მას კი არა, ჩემს შვილებსაც. მთელი ერთი თვე სკოლაში მიაცილებდნენ და მოაცილებდნენ. ვეღარ გავუძელი, ძალა გამომეცალა, ყველაფერს აქვს საზღვარი. ხვდები, რომ მათხოვრად კვდები. ფაქტობრივად, შვილები გავწირეთ ამ სტრესისთვის, ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო და ბოლოს სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვქონდა, უნდა წამოვსულიყავით. აქ ვიბრძვით და გვაქვს შანსი, რომ შვილებს რაღაც გავუკეთოთ.
скачать dle 11.3