№9 უროლოგიის ეროვნული ცენტრი – მრავალწლიანი გამოცდილებითა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებით – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრს დიდი ისტორია და მდიდარი ტრადიციები აქვს. ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და პროფესიონალების დიდი გუნდით უზრუნველყოფს პაციენტების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. რა ტიპის ოპერაციები კეთდება დიდი წარმატებით უროლოგიის ეროვნულ ცენტრში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ონკოუროლოგი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ბატონი ამბროსი პერტია გვესაუბრა.
ამბროსი პერტია: ექიმების ოჯახიდან ვარ – მშობლები, ბიძა, ბაბუა ექიმები მყავდა და პროფესიული არჩევნის დროს ბევრი არ მიფიქრია. 1992 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და 1993 წლიდან ვიყავი ინტერნი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, შემდეგ გავხდი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი სპეციალისტი, ლაპარასკოპიული განყოფილების ხელმძღვანელი და ახლა უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ვარ.
– რითია გამორჩეული უროლოგიის ეროვნული ცენტრი?
– ჩვენი ცენტრი საქართველოში ლიდერია უროლოგიაში. თავის დროზე ბატონმა ლაურ მანაგაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ დაწესებულების იმ დონეზე განვითარებაში, რაც დღეს არის. 90-იან წლებში, როცა სამოქალაქო ომი იყო და ქვეყანა ინგრეოდა, აქ საუბარი იყო ახალ დასავლურ მიმართულებებზე. ჩამოდიოდნენ უცხოელი კოლეგები და მკურნალობის ახალი მეთოდების შემეცნების პროცესი არ წყდებოდა. 1996 წლიდან დღემდე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ჩასვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მაქვს.
– უროლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?
– მეხუთე კურსზე ვიყავი, როდესაც ვიწრო სპეციალობის არჩევაზე მიდგა ჯერი. როგორც სტუდენტი-ობსერვერი, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მოვხვდი.
აქაურმა სიტუაციამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ცენტრს მჭირდო კავშირები ჰქონდა დასავლეთთან, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათი საშუალება იყო. აქტიურად ითვისებდნენ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს. მოვედი, დავრჩი და უკვე 26 წელია, რაც აქ ვმუშაობ.
1997 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია შარდის ბუშტის კიბოზე. 2006 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თირკმლის კიბოზე. ჩემი უშუალო ვიწრო სპეციალობაა უროლოგიური ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა. 7 წელია, აქტიურად ვმუშაობ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში.
– რამდენად დიდია ლაპარასკოპიული ოპერაციების წილი?
– დღეს უროლოგიური და მათ შორის უროონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა აქტიურად მიმდინარეობს ლაპაროსკოპიული მეთოდით. ჩვენ გვაქვს
თანამედროვე სამგანზომილებიანი ხედვის ლაპაროსკოპიული აპარატურა. პროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობა თითქმის მთლიანად ლაპაროსკოპიულად ხდება. ამავე მეთოდით ტარდება თირკმლის კიბოების და შარდის ბუშტის სიმსივნის ძალიან დიდი ნაწილის მკურნალობა.
ვმკურნალობთ თირკმლის კიბოების დაახლოებით 60 პროცენტს, პროსტატის კიბოების – თითქმის ნახევარს, შარდის ბუშტის კიბოების, ვფიქრობ, 2/3-ზე მეტს.
– უროლოგიურ ონკოლოგიაში ყველაზე ხშირად რისი ოპერაციების კეთება გიწევთ?
– სიხშირით პირველ ადგილზეა პროსტატის კიბო. ამ დაავადებას ჩამოყალიბებული სიპტომები არ აქვს, ასაკდამოკიდებულია და რისკის ქვეშ, დაახლოებით, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები დგანან. საჭიროა სკრინინგი ჯანსაღ პოპულაციაზე, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები წელიწადში ერთხელ უნდა მივიდნენ ექიმთან და ჩაიტარონ თითით გასინჯვა, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს ბიოფსია. თუ სიმსივნე დადგინდა, განკურნება
შესაძლებელია 90-პროცენტიანი ალბათობით.
მეორე ადგილზეა შარდის ბუშტის კიბო, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშანი – სისხლიანი შარდი და საბედნიეროდ, შარდის ბუშტის კიბოთი პაციენტების თითქმის 2/3 პირველ სტადიაზე ხვდება ჩვენთან და მათი მკურნალობა შესაძლებელია ისე, რომ ორგანო შეუნარჩუნდეთ, ანუ ენდოსკოპიური ოპერაციის საშუალებით სცილდება სიმსივნე და რჩება ორგანო. ამ სიმსივნეს ახასიათებს განმეორების რისკი, ამიტომ ავადმყოფი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. შარდის ბუშტის კიბოიანი პაციენტების დაახლოებით 1/4 აქვს ისეთი ფორმა, როდესაც ორგანოს შენარჩუნება ვერ ხერხდება, მაშინ კეთდება ბუშტის რადიკალურად ამოკვეთა და ნაწლავიდან ხელოვნური რეზერვუარის ფორმირება, რასაც ჩვენთან ძალიან დიდი ისტორია აქვს. 1987 წელს ბატონმა ლაურმა პირველად გააკეთა ეს ოპერაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში. სადღეისოდაც ჩვენ ვატარებთ შარდის ბუშტის ხელოვნური რეზერვუარით ჩანაცვლების ოპერაციას.
სიხშირით მესამე ადგილზეა თირკმლის სიმსივნეები, ოპერაციების 2/3 ლაპარასკოპიული მეთოდით კეთდება. ამ მიმართულებითაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პიონერები – 1997 წლიდან დავნერგეთ თირკმლის სიმსივნის რეზექციები, რაც მაშინ დასავლეთისთვისაც ახალი ხილი იყო. ამ მეთოდით შედარებით პატარა სიმსივნეების დროს შესაძლებელია, მხოლოდ სიმსივნის ამოკვეთა და თირკმლის შენარჩუნება.
გარდა ამისა, ვმკურნალობთ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეებს, ასოს კიბოს, ჩვენ გვაქვს ცაკლე ონკოლოგიური განყოფილება, სადაც ავადმყოფს, გარდა ქირურგიული მკურნალობისა, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, შევთავაზოთ ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია.