№ანი რევია როგორ გავიკეთოთ პედიკიური სწორად და უსაფრთხოდ სახლის პირობებში
არსებობს მოსაზრება, რომ ფეხების მოვლა მხოლოდ ზაფხულობითაა საჭირო, როცა ღია ფეხსაცმელი გვაცვია. მაგრამ, პედიკიურის გაკეთება აუცილებელი პროცედურაა წელიწადის ნებისმიერ დროს, თანაც არა მარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. რა თქმა უნდა, პედიკიური ლამაზი და აკურატული უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად გაკეთებასაც. ფეხის ფრჩხილები და კანი რომ არ დაიზიანოთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
* პედიკიურის დაწყებამდე, ფეხებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად, აუცილებელია საპნიანი თბილი წყლის აბაზანის გაკეთება. პროცედურის დროს სპეციალური ჯაგრისის დახმარებით გაიხეხეთ ფეხის თითები, ქუსლები და ფეხისგულები. გარქოვანებული კანის ადგილები კი პემზით მოიხეხეთ;
*ფეხებზე ფრჩხილები უნდა მოიჭრათ არა ნახევარრკალად, არამედ სწორად. არ შეიძლება კუთხეების ამოჭრა, თორემ ფრჩხილი შეიძლება, კანში ჩაგეზარდოთ. ფრჩხილის ბოლოები კი ფრთხილად გაიხეხეთ ქლიბით;
* ფეხის ფრჩხილებზე ნუნები არ დაიჭრათ, დაარბილეთ მალამოთი და სპეციალური ჯოხით უკან მისწიეთ;
* ფერადი ლაქის წასმამდე, აუცილებლად წაისვით სპეციალური დამცავი ლაქი, ის თქვენს ფრჩხილებს გაამაგრებს და გაყვითლებისგანაც დაიცავს.
სწორად გაკეთებული პედიკიური, აღმოფხვრის ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის ფრჩხილის ჩაზრდას. პედიკიური ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
თვეში ორჯერ აუცილებელია ფეხის კანისთვის სკრაბის გაკეთება: თბილ წყალში ჩაყარეთ ზღვის მარილი და 15 წუთით ჩაყავით ფეხები. კანი რომ დარბილდება, ქუსლები და თითები რბილი სახეხით დაიმუშავეთ. შემდეგ, გაიმშრალეთ და გაიკეთეთ მაიონეზის ნიღაბი: მაიონეზის თხელი ფენა წაისვით ქუსლებსა და თითებზე, შემოიხვიეთ ცელოფნის პარკი და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ, დაიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი ფეხის კრემით ან ზეთიანი ხელით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.
ასევე, კარგია, თუ კვირაში ერთხელ რძის აბაზანასაც გაიკეთებთ: თასში ჩაასხით რამდენიმე ჭიქა თბილი რძე. ჩაყავით ფეხები ისე, რომ სითხემ ბოლომდე დაფაროს. თუ რძე არასაკმარისია, ცოტაოდენი თბილი წყალი დაუმატეთ და გააჩერეთ ფეხები დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. რძის მჟავა ძალიან კარგად მოქმედებს კანზე, არბილებს და ატენიანებს. შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი და ქუსლები და თითები რბილად დაიზილეთ სოდით. შემდეგ კვლავ თბილი წყალი გადაივლეთ და წაისვით კრემი. ამ შემთხვევაში სოდა ნატურალური სკრაბის მოქმედებას ასრულებს – მოგაშორებთ კანის მკვდარ ნაწილებს. რძე კი, გაგათავისუფლებთ კოჟრებისგან და მოგირჩენთ ნახეთქებს.