№9 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობისას
ბევრმა არ იცის, რომ, კონკრეტული სტიქიის ნიშნით დაბადება ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. სამკაულებიც კი, რომელსაც ხშირად ატარებთ, დაბადების სტიქიის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნით დაბადებულთათვის, ოქროს სამკაულია უმჯობესი, თუმცა, არის გამონაკლისი – ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის, კარგია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს სამკაული. მიწისა და წყლის სტიქიების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, უფრო მისაღებია ვერცხლის სამკაული, თუმცა, გამონაკლისი აქაც არის – კუროსა და სასწორისთვის კარგია როგორც ვერცხლი, ასევე, ოქრო.
მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა ოქროს სამკაული არ უნდა ატარონ, ვერცხლი კი მათ ნერვულ სისტემას დაამშვიდებს. ოქროს სამკაული არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც, ჰიპერტონიული დაავადებების გარდა, აწუხებს ნევროზი, ფსიქიკური აშლილობა და სხვა. ძალიან კარგია ოქროს სამკაულის ტარება დაბალწნევიანებისთვის, ასევე, ძლიერი ნებისყოფის ადამიანებისთვის, რადგან ამ ლითონს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს. მაგრამ თუ ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნებით და ენერგეტიკულად ძლიერი ხართ, არ უნდა ატაროთ ოქრო, რადგან, ისედაც ბევრი ენერგია გაქვთ, თქვენში მოჭარბებულია აგრესია და ოქრო ზედმეტ პრობლემას შეგიქმნით.
კარგია, თუ ვერცხლს ატარებს ის, ვინც ეჭვიანია ან უძილობა აწუხებს. ეს ლითონი მათ შინაგან ენერგიას გააწონასწორებს.
ვერცხლს უარყოფითი მხარეც აქვს – ენერგეტიკულად სუსტი, მელანქოლიური ხასიათის მქონე ადამიანებისთვის ის საშიშია. ასეთებს ოქროს სამკაულების ტარებას ვურჩევთ, რათა მათში ოპტიმიზმმა, ენერგიულობამ და აქტიურობამ მოიმატოს.
გაითვალისწინეთ, რომ არათითზე ოქროს ბეჭდის დიდი ხნის განმავლობაში ტარება ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებს იწვევს.
თითოეულ სტიქიაში ზოდიაქოს სამი ნიშანი ერთიანდება, რომლებიც თავიანთი ნიშან-თვისებებით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველამ იცის, რომ არსებობს ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, რომელიც ოთხ ასტროლოგიურ სტიქიად არის დაყოფილი. კარგი იქნება, თუ ამ ოთხი სტიქიის ნიშან-თვისებები თითოეულ ჩვენგანს კარგად ეცოდინება, რათა, გაითვალისწინოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
* ცეცხლის სტიქიაში ერთიანდებიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულებს გამუდმებით აქვთ საზოგადოებაში ძალაუფლების, პირველობის, ხელმძღვანელ პირად ყოფნის მოთხოვნილება. უყვართ, როცა ყურადღების ცენტრში არიან და მათზე ხშირად საუბრობენ. ახასიათებთ ეგოიზმიც. ამ სტიქიაში გაერთიანებული სამივე ნიშანი, გარკვეული პარამეტრებით განსხვავდებიან, თუმცა, კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ ძალიან უყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები. ცხოვრების ეს საერთო პრინციპები კი, მათ ერთმანეთთან აახლოებს.
* ჰაერის სტიქიაში ერთიანდებიან: ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები. ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგად უგებენ ერთმანეთს. ამ სტიქიის წარმომადგენლები ცნობისმოყვარეები, თავისუფლების მოყვარულები, გონებამახვილები და ინტელექტუალურები არიან. აქვთ ფანტაზიის უნარი, უყვართ მოგზაურობა, გამუდმებით სიყვარულსა და სითბოს ეძებენ ადამიანებში. არიან კომუნიკაბელურები, იუმორით სავსე, დიპლომატიურები. ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული სამივე ნიშნის წარმომადგენლები, კარგად უგებენ ერთმანეთს.
* წყლის სტიქიაში ერთიანდებიან: მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნები. მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: უცნაური სიზმრები, ემოციურობა, განვითარებული ინტუიცია, ქველმოქმედება და სხვების დახმარება. ასევე, გადაჭარბებული რომანტიკულობა, გიჟური სიყვარული, წინასწარმეტყველების უნარი, საოცარი მგრძნობიარობა, დიპლომატიის უნარი, გულწრფელობა, სამართლიანობა, ამოუცნობი ფენომენებით დაინტერესება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, უფროსების რჩევა-დარიგებების გათვალისწინება. მათთან ურთიერთობა, საკმაოდ ჰარმონიული და სასიამოვნოა. მათთან კონტაქის დროს თითქოს რეალობასთან წყვეტ კავშირს და სხვა, ირეალურ სამყაროში გადადიხარ.
* მიწის სტიქიაში ერთიანდებიან: კუროს, თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები. მათ ახასიათებთ პრაქტიკულობა, არ აშინებთ ცხოვრებისეული სიძნელეები, არიან დისციპლინირებულები, ტრადიციულები, პუნქტუალურები, ორგანიზებულები, შეუპოვრები, მომთმენები, ნებისყოფიანები, სტაბილურები. კარგად ეწყობიან წყლის სტიქიის ქვეშ გაერთიანებული ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულებს. მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ, რადგან, თავისი ფსიქოტიპით, მონათესავე სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები არიან. მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურთიერთობა უჭირთ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.