№9 როგორ ვუმკურნალოთ კვანძოვან ჩანართებს
კვანძოვანი ჩიყვი
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტს აღენიშნება. ეს წარმონაქმნები განსხვავებულია ფორმით, ზომითა და ქსოვილოვანი შემადგენლობით. მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანია.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები სხვადასხვა ზომის წარმონაქმნებია, რომლებსაც აქვს კაფსულა. ის ხელით გასინჯვისას შეიგრძნობა. ფარისებრ ჯირკვალში კისტებიც კვანძოვანი წარმონაქმნებია, მაგრამ ისინი სითხით სავსე ღრუებს წარმოადგენენ.
კვანძები და კისტები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ისე არსებობს, რომ არ იწვევს არანაირ ჩივილს და მათი არსებობის შესახებ პაციენტმაც არაფერი იცის. მოგვიანებით კი ჩნდება დისკომფორტი ყელის არეში და ეს წარმონაქმნები დათვალიერებითაც შესამჩნევი ხდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულად აქტიური კვანძების არსებობას მოსდევს ჰიპერთირეოზის განვითარება. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ექოსკოპია, ბიოფსია და ჰორმონების ანალიზი.
კვანძების არსებობა 4-8-ჯერ უფრო ხშირია ქალებში. მათი წარმოქმნის მიზეზებად ასახელებენ:
* გენეტიკურ წინასწარგანწყობას;
* იოდის დეფიციტს საკვებსა და წყალში;
* ქიმიკატების, საღებავების, გამხსნელების, ტყვიის, რადიაციის ზემოქმედებას ფარისებრ ჯირკვალზე.
1 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის მქონე კვანძის გამოვლენისას საჭიროა ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით და პუნქტატის ციტოლოგიური გამოკვლევა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს თირეოტროპული ჰორმონის დონეც. კეთილთვისებიანი კვანძების არსებობისას რუტინული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული. თერაპია ლევოთიროქსინით ან იოდის მიღება დანამატების სახით შეიძლება მცირე ზომის კვანძოვანი ჩიყვის დროს იმ შემთხვევაში, თუ არ დასტურდება კვანძების ფუნქციური ავტონომია. ამ დროს ჰორმონების კონტროლი აუცილებელია 3-6 თვეში ერთხელ.
კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) ჩიყვის დროს აქტიური მედიკამენტური თერაპია და, მით უმეტეს, ინვაზიური ჩარევა (ოპერაცია, სკლეროთერაპია და ასე შემდეგ) უმეტესად არ არის აუცილებელი. ქირურგიული მკურნალობა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვნად არის გადიდებული, იწვევს კოსმეტიკურ დეფექტს ან კომპრესიულ სანდრომს. მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია თერაპია რადიაქტიური იოდით.
მასტოპათია
სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ჩნდება კვანძოვანი და დიფუზურ-კვანძოვანი მასტოპათიის დროსაც. მასტოპათიისას ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა.
კვანძოვანი წარმონაქმნები ჯირკვლოვან სტრუქტურაში თავისი ქსოვილოვანი შენებით განსხვავდება ჯირკვლის ქსოვილისგან და უხშირეს შემთხვევაში მისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით – კაფსულით. ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა ამ გარსის დარღვევა და კვანძის პათოლოგიური ქსოვილების დაშლა.