№9 როგორ იყენებს ზოგიერთი ქალი ქმრის ღალატს საკუთარი კარგად ყოფნისთვის
რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა ოჯახი, მიუხედავად იმისა, როგორი შეყვარებული წყვილიც არ უნდა აღმოჩნდეს უღელში, რუტინად იქცევა. ცოლ-ქმარმა რომ არ მოიწყინოს, ურთიერთობას გადახალისება, განახლება სჭირდება. მოწყენილი ქალიც საშიშია და კაციც. ასეთ დროს კონფლიქტის მიზეზი ხშირად წვრილმანი გაუგებრობა ხდება. რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს უმნიშვნელო, „უწყინარ“ კინკლაობას, რეალურად კი სერიოზული განხეთქილების მანიშნებელია.
არიან ქალები, რომლებიც ქმრებს „მიუშვებენ“ ხოლმე, მაგრამ რეალურად მკაცრ კონტროლზე ჰყავთ. „მოკლე“ სადავით, რომ მერე უკეთესად გააკონტროლონ და მისი სისუსტეები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.
მაკა (38 წლის): დიდხანს ვიფიქრე, უნდა მომეწერა, თუ არა თქვენთვის ამ თემაზე. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ჭკუას ვარიგებ. სანამ პირადად არ შემეხო ეს პრობლემა, მანამდე მე თვითონაც ვერ მივხვდი, როგორი სერიოზულია ეს ამბავი. ღალატზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ცოტა სხვა მხრიდან. დიახ, რაღაც მომენტში მამაკაცები ცუდად იქცევიან.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ ცუდად მოქცევაში?
– სხვა ქალისკენ როცა იწყებენ ყურებას და თვალების ცეცებას. ცოლები ამ დროს მათ ჩვენს ჭკუაზე ტარებას ვცდილობთ და ისინიც უფრო გიჟდებიან. მამაკაცს რატომ მოეწონება ცოლის მითითებებით ცხოვრება. ისედაც ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ თითქოს მათთვის ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი „მოსულა“, ყველაფერი ეპატიებათ...
– ღალატიც... ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა. გულის სიღრმეში ძალიან კარგად იციან, რომ აშავებენ და სწორედ ამაზე უნდა ითამაშო... მთავარია, მიხვდე, რომ ღალატი ჯერ კიდევ არ არის ურთიერთობის დასასრული. უნდა მოახერხო და ემოციები ჩაიკლა. კი, ნამდვილად ძალიან მწარეა და დამთრგუნველი, მაგრამ შენს ემოციებზე მაღლა თუ დადგები, ქმრის ასეთი საქციელი ძალიან წაგადგება კიდეც. შეიძლება, ახლა ვერ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ შეეცადეთ გამიგოთ. ჭკვიანი ქალი უარყოფითშიც კი იპოვის პოზიტივს. სიტუაციას თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს.
– ღალატი როგორ უნდა შემოატრიალო შენ სასარგებლოდ?
– სწორედ ამაზე მინდა გელაპარაკოთ. მონდომებაა მთავარი და ყველაფერი გამოვა. მეც არ ვარ განსაკუთრებული. ჩვეულებრივად განვიცდიდი და ყველაფერზე ვნერვიულობდი: ვაიმე, აქეთ არ გაიხედოს... ვაიმე, იქით არ გაძვრეს... ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი, გფიტავს და განადგურებს. მივხვდი, რომ ასე გავგიჟდებოდი. თან, კაცების ამბავი ხომ იცით – რაც მეტად აწვები, მეტად იწევენ განზე. ჩემი ქმარიც არ იყო გამონაკლისი. „წითელი“ ენთებოდა, როცა ეჭვიანობას ვიწყებდი. მივხვდი, ასე მხოლოდ იმას მივაღწევდი, რომ ქმარს თავს შევაჯავრებდი. ნერვები რომ სერიოზულად მქონდა დაზიანებული, ეს ცალკე თემაა. გადავწყვიტე, როგორმე საკუთარ თავზე მემუშავა. თან, ქმარი ისე მეკონტროლებინა, ვერაფერს მიმხვდარიყო.
– ანუ, კონტროლი მაინც აუცილებელია, ხომ?
– რა თქმა უნდა. აუცილებელი რომ არის ამას ვინ უარყოფს. კაცი უნდა აკონტროლო, მაგრამ რაღაც მომენტამდე, კონკრეტულ საზღვრამდე უნდა მიუშვა. თან, უნდა მართო. აუცილებელია, შენს წინაშე ის გრძნობდეს თავს დამნაშვედ და სინდისი მუდმივად აწუხებდეს. ეს დაემართა ჩემს ქმარს. იმან საერთოდ არ იცის, რომ ჩემთვის ცნობილია მისი ღალატის შესახებ.
– ანუ გიღალატათ. თქვენ გაიგეთ და ეს მან არ იცის...
– დიახ. იცით ეს რა კოზირია? ძალიან მაგარი. სულ სტრესში გყავს, სულ მოჭიმული მშვილდივით არის და აღარ იცის, რითი გასიამოვნოს... ისე მიყურებთ, თითქოს რაღაც ძალიან ამორალურ საქციელს ჩავდიოდე. მამაკაცები უარესსაც იმსახურებენ. მე ხომ სულ ვაკონტროლებდი და გამოვიჭირე. როგორ ვაკეთებდი ამას, ნუ შემეკითხებით. თუ მოინდომებთ, შეძლებთ. შეკითხვებით სული არ უნდა ამოხადო, შესამჩნევად არ უნდა სდიო უკან. არ უნდა იკაპასო და იანჩხლო. მაშინაც კი, როცა უკვე იცი მისი „ცელქობის“ შესხებ. ჩუმად ვამოწმებდი მის მობილურს, ჯიბეებშიც ჩამიხედავს. გულიც საკმაოდ მატკინა, ზოგჯერ ჩემთვის მარტოც მიტირია... მაგრამ მოვითმინე. მოთმენა უნდა შეგეძლოს. სამაგიეროდ, მიიღებ ბენეფიტებს, რომლებიც წვალებად ღირს.
– რა ბენეფიტებია ასეთი საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლად რომ ღირდეს?
– ჯერ ერთი, უდიდესი სიამოვნებაა იმის ყურება, მამაკაცი როგორ ცდილობს ფეხქვეშ გაგიგორდეს და გასიამოვნოს. თუ ერთხელ გაუგე ამას გემო, უარს ვეღარ იტყვი. ისეთი დამყოლი გახდა, ისე მიჯერებს ყველაფერს, ვეღარ ვცნობ. ძუნწი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა რა უნდა ვთხოვო, რომ არ მომიტანოს. პრინციპში, თხოვნაც არ სჭირდება – ჩემთვის ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამდენიც არ დაუშავებია.
– როგორ იტანთ იმას, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს.
– საყვარელი არ ჰყავს. უბრალოდ, ერთხელ მიღალატა. გარემოება შეექმნა და მერე ინანა.
– საიდან იცით ეს ყველაფერი?
– ვიცი, ვიმუშავე იმაზე, რომ კარგად ვყოფილიყავი ინფორმირებული. სულელი არ ვარ. მართალია, ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ იმ მდგომარეობად, რომელიც ახლა მაქვს, ნამდვილად ღირდა. სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. არაფერზე მეკამათება, თვალებში შემომყურებს. ცდილობს, ზედმეტად არ შემაწუხოს. მე რომ სტანდარტულად მოვქცეულიყავი, სცენები მომეწყო, მეჩხუბა, მეყვირა, თავზე დამემტვრია ყველაფერი, შეიძლებოდა, საერთოდ გამქცეოდა. იმ ქალის მერე სხვას გაიჩენდა, ვისთანაც თავს მშვიდად და თავისუფლად იგრძნობდა. კაცები ბავშვებივით არიან. ჰოდა, ბავშვივით უნდა მოექცე. ოღონდ, ბავშვები კიდევ უფრო ჭკვიანები არიან. ჩემს ქმარს ნამდვილად არ ეყოფა იმის ლოგიკა, რომ დასკვნები გააკეთოს. ის მარტო ერთ რამეზე ფიქრობს – მე არ გავიგო მისი ღალატის შესახებ და ამისთვის ტყავიდან ძვრება. ჭკვიანმა ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ოჯახის გადასარჩენად. ნეგატივიც კი ამისკენ უნდა მიმართოს. ღალატიც შეიძლება, იყოს პოზიტივის მომტანი, დამიჯერეთ.