კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როდის გაურბოდა კონსტანტინე გამსახურდია ქალებთან სიახლოვეს და რომელი ნოველის წერისას ტიროდა ის

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დღიურის ის გვერდები  მინდა გადაგიშალოთ, სადაც ის თავის მუშაობის პროცესზე   მოგვითხრობს. ჩვენ ხომ ყველას ერთნაირად გვაინტერესებს, როგორ მუშაობდა, თუნდაც, გალაკტიონი და ნებისმიერი ჩვენი  კლასიკოსი, როგორ იქმნებოდა ქართული ლიტერატურა, რომელთა თარგმანებმაც ბოლო დროს მსოფლიო აალაპარაკა. ეს ხომ კონსტანტინეა, რომელიც მაგალითად, „დიონისოს ღიმილის“  ტიპებს, სახეებსა და პასაჟებს მრავალი წლის განმავლობაში თან ატარებდა, მის ცალკეულ ფრაგმენტებს სხვადასხვა დროს იწერდა, მაგრამ თავისი აბობოქრებული ახალგაზრდული ცხოვრების კორიანტელში დაკარგა. თუ როგორ, ამაზე თავად მწერალი გიამბობთ.    
 „… ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და, პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა, მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წელს ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა. ბოლოს შევეთვისე ცხენს. მერე, ის იყო, ისევ მწერლობას დავუბრუნდი… 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი ჟურნალ კავკასიონში გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შეწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა ფული მქონდა. საქართველოს პოლიგრაფტრესტი მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი, ზოგიერთი თავი მონოლითურად ჩამოისხმებოდა ხოლმე, ამან გამათამამა… იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო. საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ. ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნებისა და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის… კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც, როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. პოლიგრაფიული
წამლების სუნი განუზომლად მიყვარს. ასოთამწყობებში ძველი ძმაკაცები მყავს. რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. კორექტურაში ძლიერ ვჭირვეულობ… ძველებმა იციან „ცოდვილი კაცი“ ვარ და მუდამ ამხანაგურის თავაზით მშველიან. მე მუდამ ვაფასებდი ასოთამწყობისა და სტამბის სხვა მუშაკის ამაგს, ამიტომაც ეს მე შემოვიღე პირველად 1917 წელს (ჟურნალ „პრომეთეში“) სტამბის მუშების სახელისა და გვარის წიგნის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან. დედანს საშინელი სისწრაფით ვწერ… ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ… არც ერთ ჩემს ნოველლას მეორე ვარიანტი არ ჰქონია. სწრაფად ვწერ, მაგრამ დიდხანს ვინახავ ხელნაწერს, გამოხდება ხანი, წავიკითხავ, გავქლიბავ და ისევ შევინახავ. მე უმეტესად ნაშუაღამევს ვწერ, ნაწერს დილაობით გადავიკითხავ ხოლმე. ხანდახან ფული მჭირია, მაგრამ ნაადრევად დაბეჭდვას,  თარგმანს ვარჩევ, თუმცა თარგმნამ თავი მომაბეზრა. დიდი პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის… როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ, საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო…
…მე არა მწამს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ფანტაზიისაგან გამოკვებილი ხელოვნება… მუდამ სინამდვილისაგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არც ერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არცერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია… „დიონისოში“ ძველი რომაული სახლის აღწერა დამჭირდა, სპეციალურად შემისწავლია რომაული სახლის გეგმები, მუზეუმებსა და ფილოლოგიურ ნაშრომებში. რომაული ლარესის კულტს რომიდან ინდოეთამდის მივსდიე. ტაია შელიას გველების ამბავი ზოგი ჩემს ბავშვობაში გამიგონია, ზოგიც ქართული მითოლოგიიდან ამოვკრიფე. ასევე პატიოსანი თვლების მნიშვნელოვანი სახელები ძველი ქართული წყაროებიდან ვისესხე… ამის შემდეგ საჭიროდ დავინახე ქართული ენის ალოგიური ბუნებიდანაც ამეღო ხარკი. ბუნებრივად ძველი კარაბადინებისა და შელოცვების შესწავლა დამჭირდა (ზოგიერთებს ეგონათ, მე თავათ მწამდა თითქოს ეს შელოცვები). ჩემი
ნოველა „ტაბუ“ ასე დავწერე: ერთ საღამოს მეგობრისას შევიარე. ჩემი მასპინძელი ფრიად საამური მოუბარი იყო და ძველი საქართველოს ყოფის კარგი მცოდნე. ბერიკაცს საუბრის დროს სიტყვა „ზანდაროზი“ წამოსცდა. ამ სიტყვას მე საბასგანაც ვიცნობდი, მაგრამ წინათ ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის. იმ ხანებში ერთი ინგლისელი მოგზაურის დღიურს ვკითხულობდი და მე მას ვუამბე: აფრიკელ ველურებს ზოგიერთი ცხოველის სახელის ხსენება ეკრძალებათ და, ისევე როგორც ჩვენში, მათაც ტაბუ ჰქონიათ-მეთქი. ნაშუაღამევამდის ვისაუბრეთ ძველი აზნაურების გარყვნილებასა და ნადირობათა გამო. მე დიდი ხნიდან გუმანი მქონდა, სულ სხვა ასპექტით გამეშუქებინა ქართული ბატონყმობა, ვიდრე ეს ილიას და ტეტიათ მოტრფიალეებს სჩვეოდათ. იმავე ღამეს შინმოსულმა ელექტრო ავანთე და ანაზდეულად ხელში მოხვედრილ ქაღალდის ნაჭერზე დავწერე: ტაბუ. ზანდაროზ აღებული მიმინო… გავიდა ორი
კვირა. აქ ერთი ამბავი ფრიად საგულისხმოა: როცა ხელოვნებაში რაიმე  სერიოზულის თქმას ლამობთ, არასოდეს სერიოზული ტონით არ უნდა დაიწყოთ… რუსთაველი ნადირობით იწყებს თავისი პოემის უდიდეს დრამას და შექსპირს ოხუნჯებისა და ტაკიმასხარების მთელი ლეგიონი იმისთვის სჭირია, რომ ტრაგიკული გმირების პირიდან გადმონთხეული სატირა და სიბრძნე შეამსუბუქოს. მეც ისე მოვიქეცი: მყისვე როდი დავატაკე მკითხველს ტაბუში
განცხადებული ბატონყმობის ყოფის ბარბაროსობა, აზნაურთა სიბრიყვე და მცონარობა… ეკლესიური მისტიკისაგან დაბანგული ხალხის უმეცრების საშინელება, არამედ ჯერ ცალყბა ხუმრობით და შელოცვებით მიმინოს ამბები მოვუყევი და მხოლოდ შემდეგ გავხსენი ბნელი საუკუნის ღამეული სახე. ზოგიერთნი აღშფოთდნენ, მიმინოს წასწვდნენ და ლამის არ იყო მთელი ქვეყანა არ დააჯერეს, რომ მე მიმინოები შინა მყავდეს თითქოს… მე არ ვმალავ, სხვა მწერლების დარად, მეც განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული გამომიმჟღავნებია ზოგიერთ ცხოველის ან ფრინველის მიმართ. მერმე რა არის აქ გასაქირდავი?.. მე ბაყაყებსაც ვუმღერე „ტაბუში“… განა ბაყაყი არ შეიძლება, პოეზიის თემა იყოს, ისე როგორც თუნდაც ბულბული? ცხოველთა სამეფოდან მე ორი სულიერი მყავს სიმბოლოდ აღებული – მიმინო და გველი (არც ერთი მათგანი შინ არა მყავს). მაგრამ პირველი აღმაფრენის ფარეშია ჩემი, ხოლო მეორე – სიბრძნისა. სად არის აქ ქრისტიანიზმი, ან კლერიკალიზმი? ქრისტეს არასოდეს დაუსვამს ხელზე მიმინო და ქრისტიანობას მუდამ სძაგდა გველი. ვისაც „დიონისოს ღიმილი“ ყურადღებით წაუკითხავს, მას ეცოდინება, რომ ჩემს კოსმოსოფიას ქრისტიანიზმთან არაფერი აქვს საერთო. ხელს რა მიშლიდა? უმეცართა სულმოკლეობა და მეშურნეთა სისინი. ზოგიერთ მწერლებსა და ლამაზ ქალებს ერთნაირი უბედურება სჭირთ: ვინც მათ ვერ მისწვდება, ყველა აგინებს… მე მგონია: ქრისტე არავითარი ღმერთი არა ყოფილა. ალბათ, იგი უბრალო მეიგავე ებრაელი იყო. მის დროს სხვებიც ამბობდნენ იგავებს, მაგრამ ზოგს არ გამოუდიოდა. მერმე ის იყო ცუდი მეიგავეები ამბოხდნენ და ისე მოაწყვეს, რომ იესოს იგავების გამოთქმა შეაწყვეტინეს. ამგვარმა ცუდმა მეიგავეებმა მომიშხამეს სიცოცხლე და შემოქმედების ისედაც მძიმე ტვირთი გამიათკეცეს. ამ ამბებმა დიდი მწუხარება შემახვედრა, მაგრამ მტრებიც საჭირო ყოფილან თურმე. მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი. დედაჩემის გარდაცვალებამ „დამსხვრეული ჩონგური“ დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა – ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე „ზარები გრიგალში“. ვწერდი და ვტიროდი…
 ჩვენში ბევრს ჰგონია: პატარა ნოველლა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველლა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი… თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი ნოველლას – „დიდი იოსები“. ამ ნოველლის პროტოტიპად მყავდა ჩვენს ეზოში მცხოვრები მეკურტნე, შემდეგ კი – მეეზოვე იოსებ სხირტლაძე. ეს მოხუცი ფრიად გულალალი, უთვისტომო და ლოთობისაგან სრულიად დაავადებული კაცი იყო. ელანდებოდა: თითქოს ვიღაცები ხმალში შემოაკვდა. სადღაც დიდი განძი იპოვა, ხანაც ბოლშევიკობდა… ასეთივე იდეაფიქსიც ჰქონდა აჩემებული: თითქოს ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი იმ დროს, მისთვის ეჩუქნოს საბჭოთა მთავრობას…“

скачать dle 11.3