კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ აძლევს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით რუსეთს გაზით შანტაჟის პოლიტიკურ იარაღს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„გაზპრომთან“ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს როგორც სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურზე, ისე დამატებითი გაზის შესყიდვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს „გაზპრომმა“ პირობები შეცვალა და სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10 პროცენტის სანაცვლოდ თანხას იხდის, რაც გაცილებით ნაკლებია გატარებული გაზის 10 პროცენტის ღირებულებაზე. არსებული ინფორმაციით, „გაზპრომი“ კიდევ უფრო უარეს პირობებს გვთავაზობს, თუმცა ჩვენი ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მოწოდების ვარიანტს დივერსიფიკაციას უწოდებს და შენიშნავს, რომ აზერბაიჯანს საკმარისი ოდენობის გაზი არ აქვს, რომ საქართველოს გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მეორე მხრივ, ხანდახან ბაქოდანაც ისმის გაზით შანტაჟის ინტონაცია, რაც აქამდე მხოლოდ რუსეთის სავიზიტო ბარათი იყო. როგორია ბუნებრივი აირის საქართველოში შემოსვლის პერსპექტივა, სავარაუდო ფასები და ისევ რუსეთის ენერგეტიკული გავლენის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე?  – ამ თემაზე გია ხუხაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– ერთხელ ხომ გაუარესდა პირობები, როდესაც ნატურით გადახდა თანხით შეიცვალა და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
– მოწოდების დივერსიფიცირება კლასიკური სქემაა და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ გაზი რამდენიმე მიმართულებიდან მიიღოს. მაგრამ რუსეთი, ამ მხრივ, ძალიან სპეციფიკური პარტნიორია. მათსავე ენერგეტიკულ დოქტრინაში წერია, რომ ენერგეტიკა მათთვის პოლიტიკური გავლენის მოპოვების ინსტრუმენტია. ჯერ სატრანზიტო კოტრაქტზე ვისაუბროთ: მოგეხსენებათ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც 2017 წლისთვის გაფორმდა, იყო გარდამავალი კონტრაქტი, საუბარი იყო ნაწილობრივ მონეტიზაციაზე და ნაწილობრივ – ნატურაზე, ახლა კი, ურთიერთობა, ფაქტობრივად, სრულ მონეტიზაციაზე უნდა გადავიდეს. ანუ, თუ აქამდე ზარალი დროებითი კონტრაქტით განვიცადეთ, მოსალოდნელი ზარალი ორმაგდება. კახი კალაძის ილუზია, რომ „გაზპრომთან“ დაჯდებოდა და მოილაპარაკებდა, ცუდად დასრულდა. ჩვენი ტაქტიკა „გაზპრომთან“ ურთიერთობაში სატრანზიტო კონტრაქტის შესახებ, რადგან ყველას კარგად ესმოდა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესი, შეენარჩუნებინა სომხეთის ბაზარი, იყო ის, რომ უბრალოდ, არ ვსხდებოდით მოლაპარაკების მაგიდასთან და ამიტომ ავტომატურად გრძელდებოდა ის ძველი, ჩვენთვის ძალიან მომგებიანი კონტრაქტი. რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ძველი კონტრაქტით უნდა ეთანამშრომლა.
– ანუ ჩვენები თავიანთი ინიციატივით დასხდნენ „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად?
– რა თქმა უნდა, და, ჩემი აზრით, ეს იყო გაუმართლებელი და „გაზპრომისადმი“ ჩვენ მიერ არჩეული სწორი ტაქტიკა, ილუზიის თუ სხვა მიზეზის გამო, შეცვალეს. შეიძლება, ვიღაცას სატრაბახოდ სჭირდებოდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობას „გაზპრომთან“ და მაგარი ბიჭი იყო, მაგრამ სრული ფიასკოთი დასრულდა. დღეს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ძალიან კომიკური ფიგურაა, გვარიგებს, რომ დივერსიფიცირება კარგია და მხოლოდ აზერბაიჯანზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, თითქოს პირველკლასელები ვიყოთ. დივერსიფიცირება რომ კარგია, თეორიულად ვიცით...
– მაგრამ რუსეთი დივერსანტი უფროა, ვიდრე დივერსიფიცირების საშუალება.
– ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ გაზის კონტრაქტები არის ხისტი და, როდესაც გააფორმებ, შეიძენ თუ არა, ფული მაინც უნდა გადაიხადო და ამ ტიპის პოლიტიკით შეიძლება, შარში გავეხვეთ. ამას გარდა, სხვა კითხვებიც მაქვს. არავის ვადებ ხელს, მაგრამ „გაზპრომის“ ამ ტიპის კინტრაქტები, როგორც წესი, არის კორუფციული, „ატკატებიანი“ კონტრაქტები. ამდენად, საინტერესოა, ვინ იქნება „გაზპრომის“ გაზის მიმღები და რა ბაზარზე უნდა იმუშაოს?!
– ესე იგი, ორი ხელშეკრულება იქნება?
– დიახ, სომხეთისთვის ტრანზიტით მიწოდება სხვა კონტრაქტია, ქვეყნისთვის მოწოდება – სხვა. მე არ ვიცი, რა ინტერესია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება საქართველოში, ვგულისხმობ ეკონომიკის მინისტრს და ეს ადამიანი უნდა დაჯდეს „გაზპრომთან“ და რაღაცაზე უნდა მოელაპარაკოს. ამან შეიძლება, აზერბაიჯანელ მომწოდებლებთან სირთულეები გამოიწვიოს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის საფრთხე. ყველა ლაპარაკობს, ბოლოს და ბოლოს, როგორ გვავნებს რუსეთი, როდესაც აზერბაიჯანის გაზი გვაქვსო. ასე ვერ იქნება – ვიმეორებ, გაზის კონტრაქტები არის ხისტი და თუ რუსეთის მხრიდან ფორს-მაჟორული პრობლემები შეიქმნება, აზერბაიჯანი დეფიციტის შევსებას არ დათანხმდება, იმიტომ რომ მას თავისი არითმეტიკა აქვს და თავისუფალი გაზი შეიძლება, უბრალოდ, არ აღმოაჩნდეს. თუ გაზი არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, კრიზისულ სიტუაციებში, ცეცხლზე ნავთის დასხმის მიზნით, რუსეთის მხრიდან შესაძლებელია, რაღაც უცნაურობები მოხდეს და ჩვენ ეს გვინახავს: ავარიები მაგისტრალურ გაზსადენზე. ცხადია, არავინ იტყვის, რომ დივერსიაა, ფორს-მაჟორად ჩამოიწერება. წარმოიდგინეთ, თუ პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას გაზის დეფიციტი დაერთო, რა შეიძლება, ამან გამოიწვიოს?!
– თვითონ ხელისუფლება რატომ უნდა  მიდიოდეს ასეთ თვითმკვლელ ნაბიჯზე? როგორ შეიძლება, ენდო „გაზპრომს“ და შენზე ზეწოლისთვის  შენივე ხელით მისცე ოპტიმალური იარაღი?
– არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან რაღაცაზე ვაჭრობდნენ, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ისედაც კარგ პირობებს გვთავაზობს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „სოკარი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან ბევრი ეკონომიკურად წამგებიანი პროექტი აქვთ განხორციელებული. რამდენიმე აბონენტიან სოფელში მილიონიანი მილი ჩაუდევთ და ძალიან ბევრ სეგმენტს უფასოდ აწვდიან გაზს.
– სამაგიეროდ, ის წლებია, სარგებლობს მონოპოლიური სტატუსით, რაც შემოსავალს მოგების სასარგებლოდ უბალანსებს.
– გასაგებია, მაგრამ გაზის მიწოდება არის მონოპოლიური. ეს ბუნებრივი მონოპოლიაა და იმიტომ არსებობს მარეგულირებლები, რომ ბუნებრივი მონოპოლიებისგან შექმნილი რისკების პრევენცია მოხდეს. ასე რომ, იქ ურთიერთობები ნორმალურია და დღეს რომ ლაპარაკობენ, გაზი გაძვირდაო, განვიხილოთ, რა აძვირებს გაზს და თავი დავანებოთ ლარის კურსს. ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ნატურით გაზის მიღებაზე. ეს გაზი საერთო ბალანსში ნულოვანი ღირებულებით იღებდა მონაწილეობას, რაც გაზის ტარიფის დაჭრის საშუალებას გვაძლევდა. დღეს ეს საშუალება არ არსებობს, ეს გაზი – 200 მილიონი კუბური მეტრი, გარკვეული ღირებულებით ჩაჯდა კალკულაციაში და ტარიფი გაძვირდა, ოღონდ აზერბაიჯანს არაფერი გაუძვირებია.
– ეს გასაგებია, მაგრამ ყველა ჩვენი გაზი, საერთაშორისო მილსადენებიდან უფასოდ და შეღავათიან ფასად მიღებული, „სოკარში“ იყრის თავს და ის ანაწილებს? რატომ ანაწილებს ჩემს უფასო გაზს „სოკარი“, კერძო კომპანია?
– ეს ასეც უნდა იყოს, რომ ბალანსი შედგეს, იმიტომ რომ ამ ბალანსში მონაწილეობას იღებს როგორც უფასო გაზი, ისე შეღავათიან ფასად მიღებულიც. ტარიფში უნდა გამოიყვანონ შეწონილი ფასი. ამისთვის კი ეს ყველაფერი ერთ ხელში უნდა იყოს. უფასო გაზი რომ ერთს გაეყიდა, ფასიანი  – სხვას, ეს ხომ ქაოსს შექმნიდა?!
– სახელმწიფოს გაეყიდა, სახელმწიფო კომპანიას – შეღავათიანი გაზი.
– მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით ეს ისედაც სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ, რადგან შეწონილი ფასი „სოკარში“ დგინდება, რასაც უნდა, იმას აწესებს. მოგების დაწესებაც კი მარეგულირებლის კომპეტენციაა. ზემოგებას ვერ დაიწესებს. ერთის ხელში ამიტომ უნდა მოიყაროს თავი, რომ ერთი ინფრასტრუქტურაა, ერთი მილია, ერთი სადისტრიბუციო ქსელია და ბუნებრივია, რაღაც ალტერნატიული კომპანიები ვერ შეიქმნებოდა, სრულ ქაოსს მივიღებდით. იგივე უფასო გაზი რა ფასად უნდა გაყიდულიყო?!
– ფასი ადევს იმ უფასოსაც, გაზის ტარიფში გარკვეული თანხა ღირს, უფასო ჰქვია და არის, თორემ ჩვენ, მომხმარებლები, იმ უფასოში ფასს ვიხდით.
– მოგეხსენებათ, გაზი სხვადასხვა წყაროებიდან მოდის და ამიტომ სხვადასხვა ფასები გვაქვს: უფასო, შეღავათიანი... ამან, ყველაფერმა ერთ ხელში უნდა მოიყაროს თავი, რომ შესაბამისი მოგების მარჟის გათვალისწინებით დადგინდეს საშუალო შეწონილი ფასი და ტარიფი, და ეს მარჟაც რეგულირდება. ანუ „სოკარმა“ რამდენი ფული უნდა იშოვოს, ამასაც კი მარეგულირებელი ადგენს.
– ცხადია, თავისი ნებით „სოკარი“ ამდენს როგორ შესძლებდა?  მას მისცეს ამის საშუალება.
– აბსოლუტურად გამჭვირვალე კალკულაციაა და აქ განსაზღვრულია, რამდენია დისტრიბუციის მარჟა.
თითქოს აზერბაიჯანს არ ჰყოფნის გაზი, საქართველოს მოთხოვნა რომ დააკმაყოფილოს. სიმართლეა?
– ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ, განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში ძალიან აგდებული და უცნაური გახდა. მაშინ, როდესაც ჩვენ განწირული ვართ სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის ენერგომატარებლებისა თუ სხვა ტიპის ტრანზიტის განვითარება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო, რომ ანაკლიის პორტს ვაშენებთ და აზერბაიჯანია ის ქვეყანა, რომლის გავლითაც საქართველოში ეს ყველაფერი უნდა განვითრდეს. ასეთი უნიჭო დამოკიდებულებებით კი პრობლემას ვიქმნით. აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანსაც აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ მუდმივად გაუგებრად ვივაჭრეთ და გაუგებრად ველაპარაკეთ, მას აქვს ალტერნატივა ჩრდილოეთის მარშრუტის სახით. ის არ არის ჩიხში, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა ურთიერთპატივისცემის ფარგლებშია.
– გაგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან ხშირად ისმის საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ გაზი უნდა შეგვიწყვიტონ, იმიტომ რომ ქართულ სახელებს ვარქმევთ ძირძველ თურქულ  ტოპონიმებს, არ ვუთმობთ დავით გარეჯს კანონიერ მფლობელს, აღარაფერს ვიტყვი საინგილოში არსებულ ვითარებაზე. ამგვარი აზრების წყარო მედია-სივრცეა და არ ვიცი, ეს რუსული სპეცსამსახურების ამბავია თუ საკუთრივ ბაქოსი, მაგრამ გაუგონარს ამბობენ ხოლმე.
– არა მხოლოდ რუსული, სომხური სპეცსამსახურებიც მუშაობს, იმიტომ რომ არც რუსეთი და არც სომხეთი არ არის დაინტერესებული ამ გეოპოლიტიკური კვანძის განვითარებით. ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ და მუშაობენ როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში. ზუსტად ამიტომაც უნდა ვეცადოთ მაქსიმალურ კოორდინაციასა და ვიმუშაოთ პრევენციაზე. ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია ისეა გადაჯაჭვული, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მით უფრო, რომ აზერბაიჯანთან ყოველთვის და ყველა საკითხზე შეიძლება მოლაპარაკება.
скачать dle 11.3