№9 ნაფრენზე გაფრენა
არმსტრონგი თუ გაგარინი?!
იმ მარტივი მიზეზით, რომ ძლიერნი ამა სოფლისანი დედამიწაზე ვეღარ ეტევიან, კარგა ხანია, რაც კოსმოსს შეუტიეს და მთვარეს ვინღა ჩივის, მარსზეც დიდი ცილაობაა ამტყდარი.
ხოლო, რაკი ამ ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტს დედამიწის მერვედიც აღარ ჰყოფნის, აქეთ სხვების მიწებს ეპოტინებიან, იქით კი – მზის სისტემას.
კერძოდ, „როსკოსმოსის“ ხელმღვანელმა დმიტრი როგოზინმა ახალი ტურისტული მარშრუტის შესახებ ამცნო საზოგადოებას. მისი ვერსიით, არც მეტი, არც ნაკლები, ტურისტებს შეეძლებათ მზის გარშემო „გაგარინის მარშრუტით“ შემოფრენა.
დმ. როგოზინი იმედოვნებს, რომ ეს მარშრუტი დედა-რუსეთს ასობით მილიონ დოლარს მოუტანს.
მას პროექტის დეტალები არ გაუსაჯაროებია და არც მისი განხორციელების ვადები, რაც არ გამორიცხავს, რომ ამასობაში ეს იდეა სხვამაც განახორციელოს.
და, მართლაც, ვითომ ნილ არმსტრონგი (ვინც პირველმა მიიარ-მოიარა მთვარე) რითაა ნაკლები იური გაგარინზე?!
მაგრამ, თუ გულზე ხელს დავიდებთ (მით უფრო, რომ არ მგონია, უცხოელი ტურისტები მაინცდამაინც მიეძალონ გაგარინის ნაფრენზე გაფრენას) – ოპტიმალური ვარიანტი (თანაც, მთელი დედამიწისთვის) ის იქნება, თუ მთელი რუსეთი გაგარინის საჰაერო კვალს გაჰყვება და, თან გაიყოლებს ჩვენებურ სეპარატისტებსაც და მათ ამღიარებლებსაც, რომელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო ცოტავდება (მადურის შემდეგ რიგში ნიკარაგუის ამჟამინდელი პრეზიდენტია, ხოლო ასადი საცაა თავადაც დაღაფავს სულს).