№9 პლაგიატი სეპარატისტულად
განა გუგავა,
ანატოლი მოვა!
გემახსოვრებათ ჩვენებური „ლეიბორისტების“ ლიდერის მოწოდება ამომრჩეველთა გულების დასაპყრობად: „გუგავა მოვა“, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, გულისხმობდა, რომ „ლეიბორისტი“ გიორგი გუგავა ამომრჩეველს ნებისმიერ პრობლემას გადაუწყვეტდა. მართალია, ამ დაპირებამ შედეგი ვერ მოიტანა (თუმცა, მაგალითად, ბ-ნი ნათელაშვილი ამტკიცებდა, იმიტომ, რომ ხმები გაუყალბეს), მაგრამ ეს დევიზი, უდავოა, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული საარჩევნო დაპირებების ფონდში.
ამასობაში კი, გაირკვა, რომ გიორგი გუგავას „ლეობორისტულ“ ნაბიჯებს ეს ჩვენი სეპარატისტი „პრ.-ი“, ამჯერად ანატოლი ბიბილოვიც, გაჰყოლია.
კერძოდ, ოსი სეპარატისტული საზოგადოების წევრები ჩივიან, რომ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა „პრეზიდენტისთვის“ მიმართვაა.
მომყავს ციტატა: „სახურავში წყალი ჟონავს? ვერ პოულობთ სამსახურს? არ გაძლევენ ლიმიტს? არ გყავთ მანქანა? პრობლემა არაა – მიმართეთ პრეზიდენტს (ანუ „პრ.“ ბიბილოვს)“.
მართალია, არც მჯობნის მჯობნი დაილევა და პლაგიატიც მეტად მოხშირდა ამ ცოდვილ სამყაროში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენებური სეპარატისტები გულით „ლეიბორისტები“ ყოფილან.
აქედან გამომდინარე კი, არც ისაა გამორიცხული, ბ-ნმა გუგავამ, თუ მოინდომებს, კონკურენციაც კი გაუწიოს „პრ.“ ანატოლის, პათოსით: ვინ უფრო ჩქარა მივა?!