№8 რა ისწავლა მეუღლისგან ანუკი ქორქიამ და რა პრობლემასთან გადაწყვიტა მან შეჭიდება
მშვენიერმა ანუკი ქორქიამ მას შემდეგ, რაც უსაყვარლესი ბიჭის, გიორგის, დედა გახდა, აქტიურ საქმიანობას თავი დაანება და მთლიანად ბავშვის გაზრდა-აღზრდის საკითხში ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ანუკი მუდმივად აქტიურად ცხოვრობდა, მშვიდი ოჯახური ამპლუაც შესანიშნავად მოირგო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის ცხოვრებაში ამჟამად დიდი და სასიხარულო სიახლეა – სულ მალე ანუკი მეორე შვილის დედა გახდება.
ანუკი ქორქია: ყველაფერი ბუნებრივად მოხდა და ვერ ვიტყვი, რომ ასე მქონდა გათვლილი, ანუ სამსახურს დავანებებდი თავს და მთლიანად ოჯახზე, ბავშვის აღზრდაზე გადავერთვებოდი. უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა ასე. დაბადებიდანვე ძალიან ცელქი იყო, არ ეძინა და შეიძლება ითქვას, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საერთოდ არ მძინებია. ენერგიაც არ მქონდა, რომ ძველი აქტიურობით მემუშავა და პლუს ამას, სადაც ვმუშაობდი, სატელევიზიო პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებიც მოხდა. ასე რომ, ეს ყველაფერი თითქოს სიტუაციამ მოიტანა.
– რა იყო ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ისე ბუნებრივად მოხდა ყველაფერი, რომ თითქოს შეგუებული ვიყავი. ხისტად რომ მომხდარიყო, ალბათ, უფრო გამიჭირდებოდა. ისე წყნარად, მშვიდად გადავიდა ერთი მდგომარეობა მეორეში, რომ არაფერი მიგრძნია. თავისთავად, მაქვს მონატრების გრძნობა, რადგან ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არ არის შინაგანი წუხილი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საინტერესო სატელევიზიო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ისევ და ისევ ბავშვიდან გამომდინარე, ჩემთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. სიამოვნებით შევეჭიდებოდი, მაგრამ არ მიყვარს სანახევროდ რამის კეთება, უარის თქმა ამიტომ მომიწია.
– თუ გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც სტიმულს მოგცემს?
– არა, პირიქით, შემიძლია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, სტიმული მე მივცე. ეს უფრო ჩემი ხელობაა, ვიდრე ის, რომ სხვას მოვთხოვო. როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული, სხვამ უნდა მოიტანოს შენში ის ემოცია, რაც ბუნებრივად უნდა გქონდეს, ეს მისთვისაც დამღლელია და შენთვის კი ზედმეტია. მე ეს არ მჭირდება, თუმცა სიამოვნებით შემიძლია, დავეხმარო ჩემს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თუ ისინი დამეკითხებიან. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ. უყურადღებოდ არასდროს არაფერს ვტოვებდი და ცხოვრებამაც რაღაცები მასწავლა.
– რა გასწავლა ცხოვრებამ ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა შვილის ყოლა, მისი სწორად აღზრდაა და ამას დღესაც ვსწავლობ. ბევრ რამეს ვსწავლობ იმისთვის, რომ ჩემი შვილი სწორად აღვზარდო და სწორ პიროვნებად ჩამოვაყალიბო.
– ხშირად ქალები გათხოვების შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნავს ნაკლებ დროს უთმობენ ხოლმე, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
– ალბათ, დამღლელია ოჯახური რუტინა, ბავშვის აღზრდა, ყველაფერს დიდი ენერგია მიაქვს. თუ არის შესაძლებლობა, საკუთარ მეუღლეს ყოველთვის უნდა გაეპრანჭო, მაშინაც კი, როცა უკვე მეუღლეა და შეყვარებული აღარ არის. მისთვის ვცდილობ, სასურველ და მოწესრიგებულ ქალად გამოვიყურებოდე. ხანდახან თავსაც ვაძალებ ხოლმე.
– რაზე უნდა იყოს ოჯახური თანაცხოვრება დაფუძნებული?
– ოჯახი ძალიან დიდი და რთული ინსტიტუტია, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. პირველი წლებში განსაკუთრებით ბევრის სწავლა გიწევს, რომ შენს მეორე ნახევარს მოერგო, რომ ოჯახური იდილია დაიმკვიდრო. ყველას გვაქვს ის რაღაც, რაც შეიძლება, მეორე ნახევარს აღიზიანებდეს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის სწავლა, თუ რა მოსწონს მას და მანაც უნდა იცოდეს, რა გაგაღიზიანებს შენ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია პატივისცემა და კონფლიქტებისთვის თავის არიდება. არის მომენტი, როცა გაღიზიანებული ხარ. ასეთ დროს ჯობია, დამშვიდდე, დანწყნარდე, ისიც დამშვიდდეს და შემდეგ ორივემ ერთად დაილაპარაკოთ. ამას პირველ ეტაპზე თუ გადალახავთ, მერე ყველაფერი წყნარად და მშვიდად წავა. თუმცა ერთი მხრიდან ამის გაკეთება შეუძლებელია, მეორე ნახევარიც ძალიან უნდა გეხმარებოდეს. ამ შემთხვევაში მე არ დამეწუწუნება. თუმცა იმას, რომ ჩვენ წყნარი, მშვიდი, თბილი ოჯახი გვაქვს, ჩემს დამსახურებად ვერ მივიჩნევ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაც არის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ პირველ წელს რაიმე პრობლემა გვქონდა, პირიქით რომანტიკული ურთიერთობა გვქონდა. არის ურთიერთობაში რაღაცები, რასაც შეიძლება, თავად ვერ ხვდებოდეს: რა არის ამაში გასაბრაზებელიო. სინამდვილეში კი ჩვენ ვითხოვთ ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა. თან, ამას ვერ მოსთხოვ მამაკაცს – რადგან კაცია, თავისი ხასიათი აქვს და მნიშვნელოვანია, რას როგორ მიაწოდებ და რას როგორ ეტყვი. ამის ფორმულა არ არსებობს, ცხოვრება გაჩვენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში დიპლომატიაა. კახა თავად ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, მდგრადი პიროვნებაა და ალბათ, თვითონაც ბევრი მასწავლა, რომ ვყოფილიყავით ისე, როგორც ახლა ვართ.
– რა ისწავლე კახასგან ყველაზე მნიშვნელოვანი?
– კახასგან ვისწავლე სიმშვიდე. ბევრი რამ, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მასთან ურთიერთობამ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გამხადა. წყვილი ნელ-ნელა ემსგავსება ერთმანეთს და ჩვენც ერთნაირად მოგვწონს, ერთნაირად არ მოგვწონს, ერთნაირად გვინდა, ერთნაირად არ გვინდა. ამაში მოსაწყენი არაფერია, პირიქით, კარგ მეგობრებად ყალიბდებით და უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის.
– სიყვარულს ეტაპები აქვს, როგორია ისინი?
– თავიდან გადავწყვიტეთ, რომ პირველი ერთი წელი ერთად ვყოფილიყავით და პატარა მერე დაგვეგეგმა. სულ სახლში ვიყავით, ერთად ვუყურებდით ფილმებს, არავინ გვინდოდა, მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობდით. მეტი საშუალება გვქონდა, რომ ერთმანეთი გაგვეცნო და შევირგეთ კიდეც. გიორგი რომ დაიბადა, ისეთი ცელქი იყო, პირველივე ეტაპაზე ორ დიდ ცვლილებას რომ შევჯახებოდი, ალბათ, რთული იქნებოდა. მერე უკვე ბავშვი ხდება პრიორიტეტული. ორი ადამიანი ერთ არაჩვეულებრივს ქმნის და ტკბება თავისი შემოქმედებით. რომანტიზმიც არის ურთიერთობაში. ქალს, ალბათ, უფრო მეტად უხდება, როცა თავის მეუღლეს ეღუღუნება. კახა ცდილობს, ყველაფერი ისე დაალაგოს, რომ ნაკლები პრობლემა და სადარდებელი შემხვდეს, თუნდაც წვრილმანი, რუტინული. ცდილობს, გამანებივროს, სიურპრიზებითაც გამახაროს, ეს მას უფრო მეტად გამოსდის.
– ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გაქვს. მეორე შვილს ელოდები.
– სასიამოვნო სიახლე მაქვს, რომელიც ფოტოთიც კი არსად გამომიჩენია, მხოლოდ ვიწრო და ახლო წრემ იცის. კი არ ვმალავ, ისეთი საშინელი ტოქსიკოზი მქონდა... საბედნიეროდ, ახლა უკეთ ვარ, ყველაფერი რიგზეა და მეორე შვილს მაისის ბოლოს ველოდებით. პირველი ორსულობის დროსაც ძალიან მძიმე ტოქსიკოზი მქონდა. ახლა თითქოს ეს სტრესი გადავლახე, გადავხარშე და ამ რისკზე წასვლა მეორედაც გავბედე. ნაკლებად ვიყავი შეშინებული და მზად ვიყავი, რომ ამ პრობლემას შევჭიდებოდი. ძალიან მინდოდა მეორე შვილი და ღმერთის მადლობელი ვარ.