№8 ცისანა სეფიაშვილი: ათი ქმარი რომ მყავდეს, ჯემალისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი
ცისანა სეფიაშვილს ცხოვრებამ ბევრჯერ დაუგო მახე, სასტიკი გამოცდებიც მოუწყო, თუმცა, მისი შეცვლა და გაბოროტება ვერ შეძლო. როგორც თავად ამბობს, ზღაპრულ ცხოვრებაში გაზრდილს, თავი ისევ პრინცესა ჰგონია, თუმცა რეალური ცხოვრების დანახვა უჭირს. ვისთან ცხოვრობს ის მეორე ქმართან დაშორების შემდეგ, რის გამო სჭირდება საყვარელი მამაკაცი გვერდით და რა თემაზე საუბარს არიდებს თავს მამასთან – ჯემალ სეფიაშვილთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ცისანა სეფიაშვილი: ბრჭყვიალა ბავშვობა მქონდა, გათამამებული ვიყავი, თუმცა ისე, რომ ზღვარს არ გადავდიოდი და დღესაც ასეთი გათამამებული ვარ. ჩემი მშობლებისთვის და განსაკუთრებით, მამისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, დღესაც პრინცესა ვარ, რომელსაც დღემდე ბრჭყვიალა, ზღაპრულ ფერებში აცხოვრებს. ჯემალი ზედმეტად გიჟი მამაა და სულ ცდილობს, რაღაც-რაღაცები ამარიდოს, „შემფუთოს“, დამიცვას, გამილამაზოს ყოფა. მამა ის ერთადერთი მამაკაცია, ვისიც მჯერა, ვენდობი და ვეყრდნობი.
– ამბობ, ზღაპარში გამზარდეს მშობლებმაო. იმ ზღაპრული ცხოვრებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა არ გაგიჭირდა? როდის მიხვდი, რომ პრინცესა კი ხარ, მაგრამ ზღაპარში აღარ ცხოვრობ?
– წლების მატებასთან ერთად, ცხოვრება უამარავ სიურპრიზს გვიმზადებს და ის ბავშვური ზღაპარი, რომელშიც მზრდიდნენ, დამთავრდა. რეალური ცხოვრება კი ჩემთვის ბევრად უფრო მტკივნეული გამოდგა, ვიდრე მეგონა და გამიჭირდა. ახლაც ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზღაპარია, უფრო სწორად, მინდა, ასე იყოს და ასე ვიფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მეტკინა, მეწყინა და არაზღაპრული რეალობა გამოვიარე, მაინც არ გავბოროტდი და ისევ მჯერა, რომ არსებობენ პრინცები და პრინცესები.
– ესე იგი, პრინცს ისევ ველოდებით?
– არა, პრინცს აღარ ველოდები. ხშირად მეკითხებიან: რომ გამოჩნდეს მამაკაცი, კიდევ თუ შექმნი ოჯახსო. ალბათ, არა, თუმცა დავფიქრდები. არასოდეს მისაუბრია სხვის პირადზე, არ განმიხილავს სხვისი ბედ-იღბალი. ყველა ისე აწყობს თავის პირადს, როგორც უნდა. მთავარია, მე ისე გავიარე ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი შვილები თავაწეულები ივლიან. ძალიან ცუდია, ორი ოჯახი რომ დამენგრა, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან კარგი მამები ჰყავთ. ჩემი ოცნება იყო, ერთადერთი მამაკაცი მყვარებოდა და ერთი მამა ჰყოლოდათ, მაგრამ ესეც არ გამომივიდა და გული მტკივა. არ მსიამოვნებს, როცა ვამბობ – ჩემი შვილების მამები-მეთქი. ერთხელ მინდოდა შემექმნა ოჯახი და ცხოვრების ბოლომდე, მის გვერდით ვყოფილიყავი (ცრემლი მოადგა). არასდროს ვყოფილვარ პრაგმატული. ჩემთვის მთავარი გიჟური სიყვარული იყო, რომელიც, ასევე, არ გამოვიდა. მამაზეც ძალიან იმოქმედა ჩემი ოჯახების დანგრევამ. ამაზე მასთან არ ვსაუბრობ. ათი ქმარი რომ მყავდეს, ჯემალისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის მთავარია, მე – მისი ცისანა, ბედნიერი ვიყო. როცა „ჩამქრალს“ მხედავს, მისთვის დამთრგუნველია. იცით, რაზე მწყდება გული? მტკივნეული ერთი წელი გავიარე და აღმოჩნდა, რომ თურმე ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული. გადახედონ ჩემს ცხოვრებას, როგორ ვიწვალე, როგორ მიყვარდა, რა რთული პერიოდები გამოვიარე, როგორ განვიცდი... ისიც კი გავიგე ჩემზე – ალბათ, ვიღაც ჰყავს, თორემ რატომ დაანგრევდა ოჯახსო. ამდენი ხანი გავიდა და თუ დამალული მყავდა, ვეღარ გამოჩნდა? დიახ, მინდა, გვერდით მყვადეს ადამიანი, ვისაც თავს დავადებ და მეტყვის: ნუ ნერვიულობ, ცისანა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ასეთი გამოჩნდა, ნამდვილად არ დავმალავ (იცინის). სამწუხაროდ, ბევრმა სწორედ ამ რთულ პერიოდში გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. მძიმეა, როცა პირველი ოჯახი გენგრევა. იმ იმედით, რომ ცხოვრება მშვენიერია, ისევ ზღაპარში ბრუნდები, პოულობ სიყვარულს, ისევ ქმნი ოჯახს და ისევ გენგრევა ოცნებები. ძალიან გამიჭირდა შემეკოწიწებინა, შემეფუთა, დამეჯერებინა საკუთარი თავი და საზოგადოება, რომ ყველაფერი კარგადაა და უცბად, რეალობაში გავიღვიძე, სადაც მარტო აღმოვჩნდი – მთელი ცხოვრება გაფრინდა. ანუ, მეორე ქმარსაც დავშორდი, დავრჩი ოთხ შვილთან ერთად და ის პრინცესული ზღაპარიც დასრულდა.
– ანუ, იმისთვის, რომ შენ იყო მშვიდად, იმედიანად და თვალები გიბრწყვინავდეს, გვერდით საყვარელი მამაკაცი აუცილებელია?
– აუცილებელია. საოცარი შვილები მყავს, უძვირფასესი მშობლები, ვარ წარმატებული ქალი, თუმცა, ცხოვრება სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია.
– როგორც ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, თუმცა არავის იკარებ. ასეა?
– ამ ეტაპზე სიყვარულისთვის მზად არ ვარ, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემთვის სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ წელს ბედნიერი ვიქნები და წინ ბევრი კარგი მელის.
– ოთხი შვილის დედა ხარ და უკვე, დედამთილიც გახდი. თუმცა, ადამიანი რომ შემოგხედავს, იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურები, ეს რთული წარმოსადგენია. როგორც ვიცი, არ გინდოდა მრავალშვილიანი დედობა, თუმცა, ასე გამოვიდა:
– დიახ, ოთხი შვილის დედა ვარ – ორი ბიჭისა და ორი გოგოსი. ეს ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასე მოხდა და დღეს ღმერთის მადლობელი ვარ, ისინი რომ მყვანან. ჩემთვის შვილები ღმერთის საჩუქარია, ჩემი პოზიტივი და ბედნიერება. ბოლო ერთი წელია, რაც მეორე ოჯახი დამენგრა, საკმაოდ მძიმე პერიოდს გავდივარ დღესაც და ეს პერიოდი, შვილებმა გადამატანინეს. უფროსი შვილი, გიორგი, 23 წლისაა და რომ ვუყურებ, ამხელა ბიჭია, გაორება მჭირს ჩემი ძმაა თუ შვილია (იცინის). რჩევებსაც მაძლევს და გვერდითაც მიდგას, როგორც მეგობარი.
– მიუხედავად ბევრი საქმისა, როგორ ახერხებ, სულ ფორმაში იყო?
– ბუნებით, პრანჭიკელა ვარ და ჩემი დილა თავის მოწესრიგებით იწყება. ზოგადად, არ მიყვარს ძილი, ასე მგონია, ძილში დროს ვკარგავ და თუ დავიძინე, ღამითაც კი გადაპრანჭულს მძინავს.
– რძალთან როგორი ურთიერთობა გაქვს და რას გეძახის?
– რაც შეეხება რძალს, მართლა ვერ ვხვდები, ვინაა ჩემთვის (იცინის). ჩემი შვილის ცოლი უფრო ჩემი „პადრუგაა“, ვიდრე რძალი. თავადაც ხუმრობს: ნახეთ, რა „ვიდზეა“ ჩემი დედამთილიო (იცინის). სესილი, ციის მეძახის. დიზაინერია და თავისი შექმნილი ულამაზესი სამოსით და საჩუქრებით ხშირად მანებივრებს. ასე რომ, ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს და ამას წინათ მომწერა: ჩემო დედამთილუშკა, ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და საგაზაფხულოდ გარდერობის გადახალისება მოგიწევს, უნდა გამოგპრანჭოო (იცინის). მის გემოვნებას თვალდახუჭული ვენდობი.
– ის თუ გაქვს გათვითცნობიერებული, რომ მალე ახალგაზრდა ბებიაც უნდა გახდე?
– ძალიან მინდა, ბებია გავხდე, გავერთობი. რძალს და შვილს კი ვაფრთხილებ, ჩემგან ბავშვის გაზრდა გამორიცხულია-მეთქი, მაგრამ როგორ არ გავზრდი. ვგიჟდები პატარებზე და მათ სუნზე, სახლში რომ ტრიალებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემი პატარა გოგო 5 წლისაა და ისაა ჩემი მზე, ენერგია, მუხტი და სტიმული. შვილებთან ურთიერთობა ყველა პრობლემას მავიწყებს.
– შენი ასეთი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა?
– ვჭამ ძალიან ბევრს, მაგრამ ბოღმა არ ვარ და არ ვსივდები (იცინის). ჩემი ასეთი გარეგნობა, ალბათ, ჩემი მშობლების გენეტიკის დამსახურებაცაა. მათ რომ ვუყურებ, ჩემს თავს ვხედავ ასაკში და მშვიდად ვარ. უკვე ვიცი, როგორი ვიქნები და წლების მატების არ მეშინია. თან, სულ მოძრაობაში ვარ და ესეც მშველის, რომ წონაში არ ვიმატებ.