№8 ვინ იყვნენ ქართველი პრინცები, რომელთა შესახებაც ამერიკული პრესა ძალიან აქტიურად წერდა და როგორ ქორწინდებოდნენ ისინი „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებზე
როგორც ამბობენ, გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ქართველი ემიგრანტების – მდივნების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდათ. ქართველ და-ძმებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მხატვრები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსებიც კი. დეილ კარნეგს თავის ბესტსელერში, „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ადამიანებზე გავლენა“, მაგალითად ძმები მდივნები მოჰყავს, რომელთა ხიბლი და თავაზიანობა საუკუნის ერთ-ერთ იდუმალ გამოცანად დარჩა.
ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც „მექორწინე მდივნები“. სიმონ სიდამონ-ერისთავი მათ შესახებ წერდა: იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა თუ იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ, შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნებისა და მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნებისა და შესაბამისად, ქართველების შესახებ“ და შენიშნავდა: საერთო ჯამში, ძმებმა (ასევე დებმაც) ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინესო.
ძმები მდივნების დები რუსუდანი და ნინო, ასევე, მსოფლიოში ცნობილ ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებული. რუსუდანი ცოლად გაჰყვა ცნობილ ესპანელ მხატვარ-მონუმენტალისტ ხოსე მარია სერატის. თავადაც სკულპტორი იყო. მეგობრობდა პარიზში სასწავლებლად ჩასულ ქართველ მხატვრებთან: ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან. მეგობრები ხან კაფე „როტონდაში“, ხანაც „შემოდგომის სალონში“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. რუსუდანით მოხიბლული ყოფილა სალვადორ დალი. მხატვარი რუსუდანს ვერმეერის ცნობილ ნახატს „გოგონა მარგალიტის საყურით“ ადარებდა. მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პირველად ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს კი ცოლად გაჰყვა არტურ კონან დოილის
შვილს, ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, დენის კონან დოილს. ისინი ერთმანეთს 1936 წელს, ბრისტოლის ავია-შოუზე შეხვდნენ. დენისს თურმე პირველი შეხვედრიდანვე შეუყვარდა ნინო, რომელიც გარეგნული მომხიბვლელობის გარდა, ავიაციის ღრმა ცოდნითაც გამოირჩეოდა. იმავე წლის 19 მაისს, ნინო გაშორდა ჰუბერიხს და დენის კონან დოილზე დაქორწინდა. დენის კონან დოილის სიკვდილის შემდეგ, ნინო ცოლად გაჰყვა მის თანაშემწეს, ენტონი ჰერვუდს. ნინოს შვილები არ ჰყოლია.
დავით მდივანი თავისი გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით, მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრშია. უცხოური პრესა დავითსაც, მისი დედმამიშვილების (სერგი, ალექსი, ნინო, რუსუდანი) მსგავსად, ხან აქებს და ხან აძაგებს. დავითის, ისევე როგორც მისი ძმების ხიბლის წინაშე უძლურნი არიან საქვეყნოდ ცნობილი, მდიდარი და წარმატებული ქალები.
დავითი 1905 წელს დაიბადა ნიკოლოზ მეორის ამალის გენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის
ზაქარია მდივნისა და ქართულად აღზრდილი ნახევრად პოლონელი ელისაბედის ოჯახში. სანამ მდივნების ოჯახის კეთილდღეობა დაირღვეოდა, ზაქარიამ შეძლო უფროსი შვილებისათვის (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. 1921 წელს მდივნების ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, საბოლოოდ კი – პარიზში. თუმცა დავითმა ძმის, სერგის, მსგავსად მალე დატოვა საფრანგეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. სასიამოვნო გარეგნობის უცხოელმა ძმებმა „პრინცე“, თავადის ტიტულით გააცნეს თავი საზოგადოებას და ამერიკაში მალევე მიიქციეს მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენელთა ყურადღება.
1925 წელს დავითმა ცოლად შეირთო 28 წლით უფროსი, „ჰოლივუდის“ ყველაზე „თავნება“ და სკანდალური ვარსკვლავი მეი მიურეი. მიურეი თავიდან
ბროდვეის სცენაზე თამაშობდა, ამ პერიოდში გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა მულტიმილიონერ უილიამ სვინკერს. თუმცა ხანშიშესულ ქმარს მალე გაშორდა და ქონების დიდი ნაწილიც წაართვა. გამდიდრებული მსახიობი ბეისბოლის ჩემპიონ ჯეი ო. ბრაიენს გაჰყვა ცოლად. მათი ვარსკვლავური ოჯახი კი დავით მდივნის გამოჩენამ დაანგრია. ქორწინებისთანავე დავით მდივანი მეუღლის მენეჯერი გახდა. ქმრის რჩევით, მეი მიურეი სტუდია MGM-დან წამოვიდა. მან
ამ ნაბიჯით სტუდიის მფლობელი ლუი ბ. მაიერი განარისხა და თავის წარმატებულ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით მიურეის უკან დაბრუნება სურდა, მაიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. დავით მდივანსა და მეი მიურეის ერთი შვილი კორან დეივიდი შეეძინათ. მათი ქორწინება კი 1933 წელს დიდი სკანდალითა და ხმაურიანი სასამართლო პროცესით დასრულდა. მეი მიურეის ცნობით, თანაცხოვრების პერიოდში დავითმა მსახიობის სამი მილიონის დახარჯვა მოახერხა. მიურეი იმასაც აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანი იყო, მეუღლეს მუშტებით სცემდა და არც საკუთარ შვილს ინდობდა. შვილის გამო გამართული სასამართლო პროცესი მსახიობის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ ბავშვი მეი მიურეის დაუტოვა, ხოლო მდივანს ყოველთვიურად 400 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.
დავითმა ძმასთან, სერგისთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია Pacific Shore Oil go დააარსა. მეი მიურეისთან სკანდალური განქორწინების შემდეგ დავითს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ლეგენდალურ ფრანგ მსახიობთან – არლეტთან. არლეტი მსახიობობას მოდელობასაც უთავსებდა და სახელგანთქმული მხატვრებისთვის – მარი ლორანოენის, კეის ვან-დონ ჰენისა და მოის კისლინგისათვის პოზირებდა. არლეტი და დავითი ვენეციაში შეხვდნენ ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც აქედან დაიწყო. არლეტი სულ მალე მიხვდა, რომ დავითისგან ფეხმძიმედ იყო, მაგრამ გაითვალისწინა დავითისა და მეი მიურეის ურთიერთობა და ბავშვი მოიცილა. თუმცა მათი ცოლქმრობა მანამ გაგრძელდა, სანამ დავითმა ის თავად არ მიატოვა ვირჯინია სინკლერის გამო.
მეორე მსოფლიო ომის დროს დავითი ამერიკულ ჯარში მსახურობდა. 44 წლის ასაკში დავით მდივანი „სინკლერ ოილის“ პრეზიდენტის, ჰენრი სინკლერის ქალიშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი – მაიკლი შეეძინა. თუმცა არც ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. 1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დასცილდნენ. ვირჯინია, ისევე როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა, რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წელს ვირჯინია სინკლერ-მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა. დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.