№8 როდის მოაკლდა ანა დოიაშვილს ათი წლის სიცოცხლე და როდის არ ეძახის ის დოის მამას
ანა დოიაშვილი მესამე წელია, ამერიკაში, ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის, „ბერკლის“ სტუდენტია და წარმატებული კარიერისთვის ემზადება. გამომდინარე იქიდან, რომ მამა – დათო დოიაშვილი რეჟისორია, ალბათ, ბევრი ანას მომავალს თეატრს უკავშირებდა, თუმცა, როგორც ანა ამბობს, თავად ამ პროფესიაზე არასდროს უფიქრია.
ანა დოიაშვილი: მესამე წელია, „ბერკლიში“ ვსწავლობ. რაც დრო გადის, მით უფრო მირთულდება გრაფიკი, მაგრამ ამაზე წუწუნს არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჩემი ყველა პროფესორი, ყველა ლექცია და თითოეული დღე. მიხარია, რომ ასეთი აქტიური მუსიკალური ცხოვრებით ვცხოვრობ. რუტინული გრაფიკი არ მაქვს, ყოველდღე, გარდა ლექციებისა, სხვადასხვა აქტივობით ვარ დაკავებული და წინასწარ არასდროს ვიცი, სახლში რა დროს დავბრუნდები. „ბერკლიში“ ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია და ხან ვისთან ერთად მოვხვდები სარეპეტიციოში, ხან ვის კონცერტზე წავალ – ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
– შენ როგორ გაიზარდე ამ დროის განმავლობაში?
– ცოტა მეუხერხულება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ რასაკვირველია, გამოცდილება ყველაფერს ცვლის. ვგრძნობ, რომ ძალიან შევიცვალე, როგორც ადამიანურად, ასევე მუსიკალურად. ძალიან შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან, ოჯახისგან, რაც რასაკვირველია, მოქმედებს ადამიანზე. უფრო მიზანსწრაფული გავხდი. არ მეგონა, რომ ასე მარტივად გავუმკლავდებოდი იმ პრობლემებს, რომლებიც ყველას აქვს, როცა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის. ვფიქრობ, რომ მუსიკალურად „ბერკლიში“ დიდი სკოლა გავიარე და იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს მომიწევს ასეთ მუსიკოსებთან ყოველდღიური მუშაობა. მუსიკის გარდა კიდევ ბევრ პროფესიონალურ ასპექტს ვსწავლობთ – მუსიკოსებთან და პროდიუსერებთან კომუნიკაციას, კონცერტისთვის მომზადებას, საკუთარი პროდუქტის წარმოჩენას და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგები ძალიან მეხმარებიან, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი კარიერა დავიწყო.
– შენთან ერთად „ბერკლიში“ სხვა ქართველებიც სწავლობენ?
– წელს მხოლოდ სამი დავრჩით. მე, მარიამ ჯანჯღავა და პაპუნა შარიქაძე, რომელიც სწავლას ამ სემესტრში ამთავრებს. ის ჩვენი სიამაყეა, მთელი უნივერსიტეტი ეტირება მის აქედან წასვლას. ათი წლიდან, „ანაბანადან“ მოყოლებული სამივე ერთად მოვდივართ და ჩვენთვის ძალიან დიდი ოცნება იყო ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. ისე მოხდა, რომ სამივე ერთად ვართ და ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით.
– როგორ დამოკიდებულებას გრძნობ ქართველების მიმართ?
– „ბერკლიში“ ძალიან ბევრი სტუდენტია, საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრს ზოგჯერ შტატ ჯორჯიაშიც კი ერევა. ამიტომ განსაკუთრებული სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა წინამორბედმა ქართველებმა ვაჟა მანიამ, სოსომ, პაპუნამ, გიორგი მიქაძემ, რომელმაც დაამთავრა „ბერკლი“ და ახლა ასწავლის ისეთი კარგი პრეზენტაცია გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, როგორც კი ვამბობ, რომ საქართველოდან ვარ, პირდაპირ მათ სახელებსა და გვარებს მეუბნებიან, რაც ძალიან მახარებს.
– რა გზა გაიარე „ბერკლიმდე“?
– საკმაოდ გვიან, ათი წლისამ დავიწყე სიმღერა. ჩემი პირველი გამოცდილება „ანაბანას“ უკავშირდება. ძალიან მაგარმა პედაგოგებმა და მუსიკოსებმა გაგვზარდეს მეც, მარიამიც და პაპუნაც. როცა ასეთი საფუძველი გაქვს, მერე უფრო მარტივია გზის გაკვლევა. შემდეგ „მუსიკისა და დრამის თეატრში“ ორ სპექტაკლში ვითამაშე. ვიყავი ჯგუფის წევრი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია. მერე გადავწყვიტე, მუსიკისთვის თავი დამენებებინა – ვოკალისტობა პროფესიად არ მინდოდა, ჟურნალისტობას ვაპირებდი, თბილისში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ პაპუნა იმ ზაფხულს წამოვიდა „ბერკლიში“ და ვხედავდი, როგორ საინტერესოდ მიდიოდა მისი ცხოვრება. მოკლედ, დედლაინამდე ორი დღით ადრე გადავწყვიტე, რომ მეც „ბერკლიში“ ჩამებარებინა. აპლიკაცია შევავსე, მოვემზადე და ძალიან მიხარია, რომ გამიმართლა და სამოცპროცენტიანი დაფინანსებით მიმიღეს. საკუთარ თავთან პირობა დავდე, რომ მხოლოდ „ბერკლიში“ ვცდიდი ბედს, იმიტომ, რომ ის იყო ჩემი ოცნება. თუ იქ ვერ მოვხვდებოდი, თბილისში დავბრუნდებოდი, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებდი და ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წავიდოდა. მიხარია, რომ გამიმართლა. მართლა არ ველოდი, რადგან ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც აკომპანემენტის გაწევა ვთხოვე.
– ალბათ, ყველას აინტერესებს, დოიაშვილი რომ ხარ, რეჟისურას რატომ არ გაჰყევი?!
– რადგან მამაჩემი რეჟისორია, ჰგონიათ, რომ აუცილებლად თეატრთან უნდა ვიყო დაკავშირებული. სინამდვილეში, ყოველთვის მინდოდა, მწერალი ვყოფილიყავი, როგორც ბაბუ, ბებია და მამიდა. იმის მიუხედავად, რომ თეატრის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, რეჟისურაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე რთული პროფესიაა. რომელსაც სხვანაირი ხედვა და ხასიათი სჭირდება.
– დოი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ანამ პირველად რომ მითხრა, მომღერლობა მინდაო, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდაო.
– მე და მამაჩემი ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ათი წლისამ მტკიცედ გამოვაცხადე, რომ მომღერლობა გადავწყვიტე და კონკურსში გასვლას ვაპირებდი. წარმოიდგინეთ ათი წლის შვილი უცებ ამას გეუბნება, მაგრამ საქმე ისაა, რომ მანამდე არასდროს მიმღერია. მამა მომიტრიალდა და მითხრა, ცხოვრებაში არ გამიგია შენი სიმღერა, არც ის, რომ მომღერლობა გინდოდა და კონკურსში გასვლა რატომ გადაწყვიტე, შენთვის იმღერეო – ძალიან ლოგიკური რეაქცია ჰქონდა. თუმცა ათი წლის ასაკში, როცა რაღაც ძალიან მინდოდა და უარი მითხრეს, მე პროტექტის გრძნობა გამიჩნდა. რატომ, გგონიათ, საკმარისად კარგი არ ვარ და შეგარცხვენთ-მეთქი?
– იხსენებდა, მოვიდა და ძალიან ემოციური სიტყვები მითხრა: თუ ასეთი ცუდი ვარ, ასე გრცხვენიათ ჩემი, მაშინ საერთოდ არ გამოვჩნდებიო.
– (იცინის) მის ემოციებზე უფრო ვითამაშე. განიცადა და არ მეგონა, თუ ასე ცუდად დაამახსოვრდებოდა. მე მაშინ ასე არ განვიცდიდი. უბრალოდ, ძალიან არ მესიამოვნა მათი უნდობლობა. მაგრამ სიჯიუტე გამოვიჩინე, მამას ვთხოვე, მოდი, ასე მოვიქცეთ: მარინა ბერიძესთან მივალ, ჩემს ნამღერს მოვასმენინებ, მან ტყუილუბრალოდ შექება არ იცის, განსაკუთრებით ახლობლის, ამ შემთხვევაში ორჯერ უფრო მომთხოვნია და თუ მას მოვეწონები, გამიშვი პროექტში, თუ არადა არ გავალ-მეთქი. მამაჩემი დაწყნარდა, ძალიან კარგი, მაშინ ახლა მარინას დავურეკავ და ვეტყვი, ბავშვს უნდა მოსვლა, უთხარი, რომ ვერ მღერის და სახლში გამოუშვიო. მარინამაც, აბა რა, არცერთი წუთით არ ინერვიულო, ისე გამოვუშვებ, რომ გული არ ვატკინოო. მასთან მეგობართან ერთად წავედი და რომ ვიმღერე, მარინას ცრემლები წამოუვიდა. ვიფიქრე, ისე ცუდად ვიმღერე, არ იცის, როგორ მითხრას უარი, ვაიმე, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე-მეთქი. თან, მაშინ მარინა ძალიან მკაცრი მეჩვენებოდა და მისი ცრემლები ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. არაფერი უთქვამს, ტელეფონი აიღო და გავიდა. სანამ დაბრუნდებოდა, იმდენად ვინერვიულე, ათი წლის სიცოცხლე მომაკლდა. მითხრა, მამაშენს ველაპარაკე და არ მაინტერესებს, ხვალ „ანაბანას“ ქასთინგზე გელოდებიო. მამას აღარაფერი უთქვამს. ახლა თავს ისე იჭერს, რომ წინააღმდეგი იყო, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მეხმარებოდა.
– რთულია მისი შვილობა? ის, რომ ოჯახის ჩრდილის ქვეშ არ მოექცე?
– რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა ხელის შემშლელი, პირიქით, ძალიან მეხმარება. ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ძალიან პატარა ასაკიდანვე მასწავლეს საქმისადმი თავდადება. პატარაობიდანვე გავაცნობიერე, სადაც არ უნდა გავსულიყავი, ყველგან იტყოდნენ, ეს დათო დოიაშვილის შვილიაო, ისე, როგორც თავიდან მამაჩემზე ამბობდნენ, ეს თემურ დოიაშვილის შვილიაო. განსაკუთრებულ სირთულედ ნამდვილად არ ვთვლი ცნობილი ადამიანის შვილობას, მე ჩემი სათქმელი და ჩემი გზა მაქვს, რომელიც მამაჩემის გზისგან განსხვავდება. იმედია, როგორც მე ვამაყობ ჩემი ოჯახის წევრებით, ისინიც ზუსტად ისევე იამაყებენ ჩემით.
– დათო როგორია მამის ამპლუაში, თვითონ ამბობს ცუდი ვარო.
– ამაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობს, რაც მაბრაზებს, ასე არაა. კარგი მამობა მხოლოდ ყოველდღიური კონტაქტით არ განისაზღვრება. ის ამბობს, რომ მისი საქმიდან გამომდინარე, სათანადო ყურადღებას ვერ გვაქცევს, მაგრამ ჩემთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ მამა ჩემს ბოლო ზარზე არ იყო, რადგან იმ მომენტში ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. ამიტომ არასდროს გამიპროტესტებია, რატომ არის მამა თეატრში, როცა ჩემს დაბადების დღეზე უნდა იყოს-მეთქი. ამას წლების მერე უფრო მივხვდი, როცა თავად მომიწია რთულ გრაფიკში მუშაობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი მამაა. პირიქით, მე და დათოს სამაგალითო მამაშვილობა გვაქვს.
– როგორც ხელოვანები, ალბათ, თანამშრომლობთ კიდეც.
– რამდენჯერმე გვქონდა ამის გამოცდილება და ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც. ძალიან არ უყვარს სუბიექტურობა, ჩემთან – განსაკუთრებით. ყოველთვის ცდილობს, პროფესიონალურად მოეკიდოს ყველა საქმეს. ორჯერ ვიყავი მის სპექტაკლში და ზუსტად ვიცოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ჩემი ბრალი იქნებოდა, რომ თავად კომფორტულად ყოფილიყო. ამას დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. რაც წამოვიზარდე, ძალიან პროფესიონალურად ვეკიდებით ერთმანეთს და ხალხში მამასაც არ ვეძახი, დათოთი მივმართავ, რომ დისკომფორტი არ ჰქონდეს. რაც შეეხება შეფასებებს, ხალხში არასდროს არაფერს მეუბნება. სხვათა შორის, ერთადერთხელ მოვიდა ჩემს კონცერტზე. თუმცა კონცერტის წინა პერიოდში სიმღერას ყოველთვის ვასმენინებ და ყველა დეტალს ვუთანხმებ, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.