№8 ნუცა ბუზალაძემ მეგობარ ბიჭთან ერთად მალდივებზე დაბადების დღე გადაიხადა
ახლახან მომღერალი ნუცა ბუზალაძე 22 წლის გახდა და დაბადების დღე მალდივებზე აღნიშნა. იქიდან დაბრუნებულმა კი, ჟურნალისტები შეკრიბა და „ბრავო რეკორდსში“ სადებიუტო ალბომის, „ნუცა 22-ის“ გამოცემა დააანონსა. როგორც თავად ამბობს, ეს წელი მისთვის განსაკუთრებულად დაიწყო და წინ ბევრი ბედნიერი დღე ელის. ხოლო, რის გამო გადაწყვიტა ცხოვრებისა და იმიჯის შეცვლა, ვისთან ერთად იმყოფებოდა მალდივებზე და რატომ ერიდება პირად ურთიერთობებზე საუბარს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა ბუზალაძე: წინა წელს დაბადების დღეს ტაილანდში შევხვდი, წელს კი მადლივებზე გავხდი 22 წლის. ზოგადად, ამ დღეს მეგობრების წრეში ატარებ, რაც გიხარია და გსიამოვნებს. ამიტომ, არ მეგონა, ასეთი დაუვიწყარი თუ იქნებოდა ეს დღე მალდივებზე. ძალიან მჭირდებოდა დასვენება. ალბომზე ვმუშაობდი, თან აბიტურიენტი ვარ, კონსერვატორიაში ვაბარებ, ცალკე ახალ სახლში რემონტი... ჰოდა, ვიფიქრე და ვარჩიე, დიდი ღონისძიების ნაცვლად, დაბადების დღეზე საკუთარი თავისთვის სასიამოვნო განტვირთვა მომეწყო. ერთი კვირა ისეთ სიწყნარესა და სამოთხეში გავატარე, დიდხანს გამყვება ეს განცდა. თუმცა, ჩემს დაბადების დღეზე კიდევ ერთი სიურპრიზი გავუკეთე საკუთარ თავს და საქართველოში დაბრუნებულმა, ჩემი ახალი სადებიუტო ალბომის, „ნუცა 22-ის“ პრეზენტაცია
გავმართე. ვფიქრობ, ამ ასაკში დისკის გამოცემა დიდი მიღწევაა. მომღერლისთვის ალბომი, შემოქმედებითი პიკია და მიხარია, რომ ეს გამომივიდა. დიდი ხანია, მინდოდა და ამან შემოქმედებითად სხვა ეტაპზე გადამიყვანა, რაშიც ხელი ზაზა შენგელიამ შემიწყო. ეს ოცნება ამიხდინა - ის ნამდვილი მამაკაცი-სტიმულია ჩემთვის. მასთან პროექტზე მუშაობა სულ მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ გვერდში მიდგას. ალბომი სულ მალე გამოვა და მერე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. სიმღერას ჰქვია „გელოდები“ და პირველ სიყვარულზეა.
– ყველა სურათში, რაც მალდივებიდან სოციალურ ქსელში დადე, მარტო ხარ. ვისთან ერთად იყავი იქ?
– მართალია, მალდივებზე გატარებულ ფოტოებზე მარტო ვარ, მაგრამ იქ ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვიყავი. ასევე, ჩვენი ორი მეგობარიც იყო წამოსული.
ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
– ამბობ, მეგობრებთან ერთად ვიყავიო. თუმცა, მალდივები სიყვარულთან, რომანტიკასთან
ასოცირდება... მარჯვენა ხელის თითზე ბრილიანტის ბეჭედიც გიკეთია.
– ასე რომ ყოფილიყო, თაფლობის თვეს დაველოდებოდი და მერე წავიდოდი (იცინის). უბრალოდ, დაბადების დღისთვის ისეთ ადგილს ვეძებდი, სადაც წყნარად დავისვენებდი და თან, სასიამოვნო დროსაც გავატარებდი. ასეც გამომივიდა. ასე რომ, ეს ვიზიტი მალდივებზე თაფლობის თვეს სულაც არ ჰგავდა. უბრალოდ, ერთი კვირა სხვა სამყაროსა და განზომილებაში ვიყავი (იცინის). სხვათა შორის, რომ ჩავედი, სასტუმროში მკითხეს, რა პროფესიის ხარო და რომ გაიგეს, მომღერალიაო, გაგიჟდნენ სიხარულით. გადამამოწმეს, დაგუგლეს ჩემი სახელი და გვარი, მოუსმინეს ჩემს სიმღერებს და სიურპრიზი მომიწყვეს - ჩართეს ჩემი სიმღერები და დაბადების დღეზე მთელ კუნძულზე ჩემი ხმა
ისმოდა (იცინის). რაც შეეხება მარჯვენა ხელზე ბეჭდის ტარებას, არავის დავუნიშნივარ. ეს საჩუქარიც თავად გავუკეთე ჩემს თავს. უცხოეთში რომ მივდივარ და ხედავენ, მარჯვენა ხელზე ბეჭედი მიკეთია, ზედმეტად არ მაწუხებენ. ჰოდა, რომ არ შემაწუხონ, იმიტომ ვატარებ ბრილიანტის ბეჭედს მარჯვენა ხელის თითზე.
– მითხარი, 22 წლის რომ გავხდი, ცხოვრების შეცვლა გადავწყვიტეო. რა შეცვალე და რის გამო
მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– სულ იმაზე ვფიქრობდი, რომელ კონკურსზე თუ ფესტივალზე გავსულიყავი, ისე გადავიწვი, მივხვდი, ყველაფერი მაინც ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს. ამიტომ, სულაც არ არის აუცილებელი სიჩქარე და ის ტემპი, რაც აქამდე მქონდა აღებული. საჭიროა, რაღაც ეტაპზე ტემპი დააგდო და დრო შენს თავსა და მის შეყვარებას დაუთმო. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს სხვა თვალით შეედო რაღაც-რაღაცებს და მეტი პატივი საკუთარ პერსონას მიაგო. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა საკუთარ მოთხოვნებს მეტ დროს უთმობ და სწავლობ, როგორ მოუარო თავს ისე, რომ უფრო მეტად შეიყვარო. ამაში კი ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი დამეხმარა. შევიცვალე და მოტივაცია მომეცა, მეტი ვაკეთო. როცა კარგ ფორმაში ხარ, თავდაჯერებაც გემატება და სტიმულიც. ერთი წლის წინ დავიწყე ამ კუთხით საკუთარი ცხოვრების შეყვარება და დღეს ბედნიერი ვარ. ყველაფრისადმი შემეცვალა დამოკიდებულება. ყოველთვის მჯეროდა, რომ მიუღწეველი არაფერია, თუმცა რაღაც
მომენტში მოტივაცია ქრება, ამ დროს აუცილებელია, თავი ხელში აიყვანო და შენეული, თავდაპირველი ჟინი დაიბრუნო. ამაშიც ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი დამეხმარა. ერთი პერიოდი ძალიან მოვიმატე და რაც არ უნდა თქვა, ზედმეტი კილოგრამები არ მიქმნის პრობლემასო, ტყუილია. ეს ყოველთვის გიქმნის დისკომფორტს - საქმეშიც გიშლის ხელს და იმდენად მოტივირებულიც აღარ ხარ. ახლა კი, დაკლების მერე, ჩემი დილა სხვანაირად იწყება - ცეკვით, სიმღერით, მუსიკით, მოტივაციით... მომწონს სხეული, რომელშიც ვცხოვრობ.
– თმის ვარცხნილობა შეიცვალე, თმახუჭუჭა და კუწკუწა გოგო გახდი. ეს ვინმემ გირჩია თუ თავად მოგწონს?
– გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, იმის მიხედვით ვარჩევ ვარცხნილობას. ახლა რუჯი რომ მაქვს, კუწკუწა თმის სტილი მოვიხდინე. ზოგადად, პატარა გოგოს იმიჯი აღარ მაქვს, თანამედროვე იმიჯი მოვირგე.
– ერთხელ თქვი, ჩემს სიმღერებში პირადი ცხოვრება ჩანსო. თუმცა, ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობ. რატომ?
– დიახ, არაფერს ვამბობ პირად ცხოვრებაზე და არც არასდროს ვიტყვი. არ მსიამოვნებს. ეს თემა ძალიან ჩემია, ინტიმურია, გულს ეხება და განხილვის საგანი რომ გახდეს, არ მომეწონება. დასამალი პირად ცხოვრებაში არაფერი მაქვს, უბრალოდ, არ მსიამოვნებს მთელი საქართველო რომ განიხილავს ჩემს ამბებს
და თან, ჭორებს აბამენ. პირადი ურთიერთობა ორ ადამიანს ეხება, ინტიმურია და როცა მათ ცხოვრებაში მესამე, მეოთხე და მეხუთე ერთვება, ცუდად მთავრდება. საერთოდ, არ არის საჭირო, ჩემი პირადი ათასმა კაცმა იცოდეს.
– როცა ცნობადი ხარ და იმ ათას კაცს შენი პირადი ცხოვრება აინტერესებს?
– მეც ბევრი რამ მაინტერესებს. თუ რამე სერიოზული მოხდა, არც დაიმალება და არც დავმალავ. ავი თვალის კი არ მეშინია ან მჯერა, უბრალოდ, ჯერჯერობით სერიოზული არაფერია. იმდენად ვარ ჩართული შემოქმედებასა და ჩემი თავის განვითარების პროცესში, ახლა სიყვარულისთვის ვერ მოვიცლი. თუ თავისა და ნიჭის სრული რეალიზება გინდა, რაღაც ეტაპზე არავის ცოლი არ უნდა გერქვას. ჯერ შენი ნიშა უნდა გქონდეს და მერე გახდე ვიღაცის ცოლი. ბავშვობიდან ტვინში მაქვს ჩაჭედილი, რომ ჯერ დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიო და მერე ავაწყო პირადი ცხოვრება - გავხდე ცოლი.
– გავიგე, სილამაზის სალონის გახსნას აპირებ. ესე იგი, ბიზნესლედი უნდა გახდე?
– ისეთი ენერგიული ვარ, რასაც დავიწყებ, გამომდის, მაგრამ სილამაზის სალონის გახსნას ნამდვილად არ ვგეგმავ. ჯერ ბიზნესისთვის ძალიან პატარა ვარ (იცინის). თუმცა, სამომავლოდ, მინდა, ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია გავხსნა. ეს წელი საკმაოდ კარგად დაიწყო: ბინის რემონტსაც მალე მოვრჩები, ალბომიც გამოვა, კლიპსაც გადავიღებ და იმედია, სხვა ოცნებებიც მალე ამიხდება. შემთხვევითობა არ არსებობს ცხოვრებაში. ანრი ჯოხაძემ ჩემი ასტროლოგიური რუკა გამოთვალა და მითხრა: ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებულიო (იცინის). ჰოდა, მეც მჯერა, რომ წინ ბევრი ბედნიერი დღე მელის.