№8 ნანა ლორთქიფანიძე: მთელი მილიციის თანამშრომლები შოკოლადებს მაჭმევდნენ
სახელი: ნანა.
გვარი: ლორთქიფანიძე.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონებები ბავშვობიდან.
– პირველი, რაც მახსენდება, ქვიშხეთის მწერალთა კავშირის სახლია, სადაც ხშირად დავდიოდით დასასვენებლად. იქ იყო ჩემი ნათლია – ნოდარ დუმბაძე. ყველაზე კარგად მახსოვს თეატრის ჩამოყალიბების პროცესი რუსთავში – დედას და მამას ყოველ დილით ავტობუსით დავყავდით. ძალიან ცელქი და მატყუარა ბავშვი ვიყავი (იცინის). ეზო მქონდა აკლებული. ბებია ამბობდა ხოლმე, ეს თუ ამ ენერგიას არ დახარჯავს, შეიძლება, გაგიჟდესო. მილიციის განყოფილებაშიც კი მოვხვდი. ახალი გადმოსულები ვიყავით პეკინზე, რომ ჩემს მეზობელ, ქეთონოსთან ერთად დავიკარგე. ეტლიანმა მილიციონრებმა განყოფილებაში წაგვიყვანეს. მე მაშინვე ვთქვი ამაყად, რომ გიგა ლორთქიფანიძის შვილი ვიყავი და ძალიან მალე გვიპოვეს. მშობლებს შემდეგი სურათი დახვდათ: ქეთინო კუთხეში იყო მიკუჭული და ტიროდა, დედა მინდაო. მე კი მაგიდაზე ვიჯექი და მამასგან მოსმენილ ანეკდოტებს ვყვებოდი. მთელი მილიციის მუშაკები ჩემ ირგვლივ იყვნენ შემოხვეულები და შოკოლადებს მაჭმევდნენ. იყო ერთი სიცილ-ხორხოცი.
– მშობლების როლი თქვენს ცხოვრებაში?
– ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ ჩემი მშობლებით. მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე, თუმცა არასოდეს მათი სახლით არ მისარგებლია. როცა თეატრალურში ვაბარებდი, ჩემი ყურით მოვისმინე, მამა როგორ ელაპარაკებოდა პრორექტორს, ვასო კიკნაძეს. ეუბნებოდა: ვასო არ დამღუპოთ, თუ ნანა არ არის ამ ინსტიტუტში მისაღები, არ მიიღოთ. ცუდ მსახიობს მირჩევნია, მეეზოვე გამოვიდესო. ეს საუბარი გამოცდის დღეს მოვისმინე და გავგიჟდი. შევვარდი მის კაბინეტში ტირილით შენ მამა ხარ-მეთქი (იცინის). მიუხედავად თავისი სიფიცხისა, ძალიან სამართლიანი და დემოკრატი იყო. უცებ აყვირდებოდა ხოლმე. ამ დროს დედა გადიოდა აივანზე და ყვავილების მორწყვას იწყებდა, მეზობლებს უღიმოდა, ვითომ ჩვენთან არაფერი ხდებოდა. ეს იყო ზუსტად ერთწუთიანი სიფიცხე. ისე კი ძალიან გულჩვილი ადამიანი გახლდათ.
– სასწაულების გჯერათ?
– კი, როგორ არა. დღეს დედა რომ ცოცხალია, სასწაულს ვუკავშირებ. უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ზოგჯერ მედიცინა უძლურია. ფაქტობრივად, მკვდარი იყო და რეანომობილით თურქეთში რომ მიგვყავდა, ექიმები გვეუბნებოდნენ, ტყუილად მიგყავთო. იქაც არ იცოდნენ, რა იქნებოდა. ადამიანი, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა, საყლაპავი გაეთიშა, ტვინის სრული გათიშვა მოხდა, კიდურები და ყველაფერი წაერთვა, თვე-ნახევარში დადგა ფეხზე. კიდევაც ესმოდა, კიდევაც ხედავდა და ყველაფერი კარგად ჰქონდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს მართლა საოცრება იყო.
– როდის ტირით?
– ძალიან მტირალა ვარ და ხშირად ვტირი. ოდნავ ემოციურ მუსიკაზე, სპექტაკლზე, ფილმზე – ყველაფერზე მეტირება. ემოციური ადამიანი ვარ, გულჩვილი.
– კაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების?
– ეშინიათ – ცოტა გადაჭარბებულია. მათ, საერთოდ, ქალების ეშინიათ? ალბათ, ჭკვიანი და ძლიერი ქალები უფრო ადვილად ახერხებენ მამაკაცების დამორჩილებას. მე მგონი, ასეთ ქალებს უფრო უწევენ ანგარიშს და მათ აზრს ითვალისწინებენ. არა მგონია, ეს შიში იყოს.
– ქორწინება აუცილებელია?
– კი, აუცილებელია. შვილი აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქალს, იმის მიუხედავად, გათხოვდება თუ არა. ვთვლი, რომ ტრადიციულ, კარგ ოჯახში, დედ-მამის სიყვარულში გაზრდილი ბავშვები ბევრად სხვანაირები არიან. მარტო დედამაც შეიძლება ამოუვსოს ბავშვს ყველანაირი დეფიციტი, მაგრამ ოჯახი მაინც სულ სხვაა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერც მე და ვერც ჩემმა ქალიშვილმა ვერ მოვახერხეთ.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– სამჯერ შევქმენი ოჯახი და სამივეჯერ თავადვე გავშორდი. პირველ ქმართან, ჩემი ქალიშვილის მამასთან, რაღაც სისულელის გამო დავანგრიე ოჯახი. პატარები ვიყავით და დიდხანს ვნანობდი ამას. შემდეგ ღალატის გამო დასრულდა ურთიერთობა. ბოლო ქორწინებას რაც შეეხება, თავადვე მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო.
– წინა ურთიერთობის დასავიწყებლად ახალი დაგიწყიათ?
– კი. ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. მერე ის ურთიერთობა არასოდეს გამოდის. ვიღაცის ჯინაზე და ვითომ გულის გადასაყოლებლად მსგავსი რამ არ უნდა გააკეთო – ეს არ შეიძლება.
– მიგიღიათ ადამიანი, ვინც თქვენგან წასულა?
– კი, როგორ არა, ღალატი ვაპატიე. მაგრამ თავად ის ადამიანი არ მიდიოდა, ვიდრე მე არ მოვინდომე.
– რა არის ქალური ბედნიერება?
– რას ეძახიან ხოლმე ამ ქალურ ბედნიერებას, ვერ ვხვდები. ადამიანი ბედნიერი ხარ, როცა სიყვარულს განიცდი, საყვარელ საქმეს ემსახურები, შენს მონაგარს უყურებ და გყავს კარგი მეგობრები. ალბათ, კაცისთვისაც ეს არის ბედნიერება და ქალისთვისაც. ფრაზა – ქალურ ბედნიერებას გისურვებ, ცოტა ყურს მჭრის. ადამიანს უნარი უნდა ჰქონდეს, რომ იყოს ბედნიერი. თუ ვერ შეირგებ ცხოვრების პატარ-პატარა სიამოვნებებს, რა მდიდარი ქმარიც არ უნდა გყავდეს და რა კარგი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, ბედნიერი ვერ იქნები.
– რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს?
– ბევრჯერ. თუ კი ამის უნარი გაქვს, შეიძლება, ეს ბევრჯერ მოხდეს – გულწრფელად და ძლიერად. თუნდაც დაიტანჯო ამ სიყვარულით, ეს მაინც ბედნიერებაა.
– ცხოვრებაში ყველზე მძაფრად რა გახსენდებათ?
– ყველაზე ძლიერი სტრესი 24 წლის ასაკში მივიღე, როცა მეგობარი გარდამეცვალა. ეს საკმაოდ გახმაურებული ისტორია იყო – მსახიობმა გია ფერაძემ თავისი ცოლი, ირინე მოკლა. ირინეს გარდაცვალებიდან ჩემთვის ახალი ათვლის წერტილი დაიწყო. მაშინ არ იყო სიკვდიალიანობა ასეთი ხშირი. მერე, როცა 90-იანი წლები და აფხაზეთის ომი წამომეწია, უამრავი მეგობარი დავკარგე – ომში, თუ ნარკოტიკის გამო. 30 წელზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და სამეგობრო ყოველ წელს ირინობაზე, მის დაბადების დღესა და გარდაცვალების დღეზე მის საფლავზე ვიკრიბებით. მას შემდეგ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ასევე მძიმედ გადავიტანე მამას გარდაცვალებაც. მჯეროდა, რომ ის უკვდავი იყო.