№8 როგორ გახდა გოლიათი ჭაბუკა ჭიღლაძე გინესის რეკორდსმენი და რისი შიში დასჩემდა მას
24 წლის ქართველი გოლიათი და სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე უამრავი ტურნირის გამარჯვებულია. საქართველოს ჩემპიონობა სამჭიდში, წოლჭიმში და ამოწევაში ძალიან ბევრჯერ აქვს მოპოვებული. ქვეყნის ფარგლების გარეთაც ყოველთვის წარმატებით ასპარეზობს, მაგალითად, ის გახლავთ: ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, 2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში Ipf-ის ვერსიით, 2017 წლის გინესის რეკორდსმენი, მადრიდის გრან-პრის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრემში, ვარშავის ექსპროს პრიზიორი... მისი საშეჯიბრო წონა 130-დან 140 კილოგრამამდეა. ჭაბუკამ წარმატებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. უფრო დაწვრილებით კარიერასა და ცხოვრებაზე თავად გიამბობთ.
ჭაბუკა ჭიღლაძე: თბილისში დავიბადე. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი სპორტმა დაიკავა. ძალისმიერი სამჭიდით 14 წლის ასაკში დავინტერესდი. ჩემი ძმა გაცილებით ადრე მავარჯიშებდა, მაგრამ უბრალოდ, ასაკით ვიყავი პატარა და შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ ვიღებდი. 90-იან წლებში ისიც ძალისმიერი სპორტით იყო დაკავებული.
– სპორტის ამ სახეობით რატომ დაინტერესდი? მშობლებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
– ძალოსნობის რამდენიმე სახეობა არსებობს. ერთ-ერთია კლასიკური შტანგა, რომელიც ოლიმპიურია. მშობლებს უნდოდათ, სწორედ ამ მიმართულებას გავყოლოდი, მაგრამ მე სამჭიდი უფრო მხიბლავდა. მერე ძალისმიერი ექსტრემითაც დავინტერესდი. ჩემი აზრით, ეს ძალისმიერი სპორტის ყველაზე რთული სახეობაა. ძალისმიერ ექსტრემში არსებობს ორი წონითი კატეგორია – 105 კილოგრამამდე და მძიმე. ადამიანი ამ სპორტისთვის უნდა იყოს დაბადებული. გაბარიტებს და მოცულობას ვგულისხმობ. გარდა ამისა, სპორტსმენს გამძლეობა, კოორდინაცია და სისწრაფე სჭირდება. ამაზე კი წლების განმავლობაში გიწევს მუშაობა, რაც ერთგვარი სტრესია. ყოველთვის ვიცოდი, რომ მე ამას შევძლებდი და გამომივიდოდა. სწორედ ამ ყოველივემ და გენეტიკამ განაპირობა ამ სპორტით ჩემი დაინტერესება. ისე, მამა და ბიძაც სპორტსმენები იყვნენ და ოჯახურმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე. ნათესავები და ნაცნობები ჩემგან ყოველთვის მეტს მოითხოვდნენ, რადგან ჭიღლაძე ვიყავი. შეჯიბრებებზე ყოველთვის ვგრძნობდი მამის, ბიძის, ძმის პასუხისმგებლობას. ჩემი ოჯახის გამო, ყოველთვის ორმაგად მიწევდა მობილიზება.
– სამედიცინოზე რატომ გადაწყვიტე სწავლა?
– მედიცინა სპორტთან ძალიან ახლოსაა. ყოველთვის მინდოდა, მეტი მცოდნოდა ტრავმებზე, სწორ კვებაზე, ანატომიაზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ჩემი სპორტული გამოცდილებაც ემატებოდა და ცოდნას უფრო ვიღრმავებდი. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი სპორტია. როცა სპორტულ კარიერას დავასრულებ, მერე მედიცინასაც დავუბრუნდები და ამ კუთხითაც ვიმუშავებ.
– უამრავი ტიტულის მფლობელი ხარ... როგორ შეძელი გინესის რეკორდის დამყარება?
– დიახ, მსოფლიო რეკორდსმენი ვარ ახალგაზრდებს შორის. მაქვს ევროპის რეკორდი რამდენიმე სტრონგმენის მოძრაობაში და სამჭიდში, როგორც ჯამურ ქულებში, ასევე ცალკეულ მოძრაობებში. რაც შეეხება გინესის რეკორდს, ორი „ბეემვეს“ ტიპის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით დაიძრნენ. მე ვიდექი ცენტრში და ხელებზე მობმული თოკებით რამდენიმე წამით გავაჩერე. ეს ლუი სიერის რეკორდის ანალოგია, რომელიც ძალოსანმა წლების წინ შეასრულა. უბრალოდ, მანქანების ნაცვლად მან ოთხი ცხენი გააჩერა.
– წარმატებამდე რა გზა გაიარეთ? იყო სირთულეები?
– საკმაოდ რთული გზა გავიარე. იყო დრო, როცა დარბაზში შუქი არ გვქონდა. ელემენტარული საჭმლის საშუალებაც არ იყო ხოლმე და ბევრჯერ მშიერს ვარჯიშისას გულიც წამსვლია. არაერთხელ მივსულვარ სკოლიდან დარბაზამდე ფეხით, რომ გზის ფულით ლობიანი მეჭამა. იყო დრო, როცა არანაირი ხელშწყობა და დაფასება არ გვქონდა, მაგრამ უკეთესი მომავლისთვის ენთუზიაზმის ხარჯზე მაინც ვვარჯიშობდი. ბევრჯერ მიფიქრია, თავი დამენებებინა. სრულიად პატარა ვიდექი არჩევნის წინაშე, მაგრამ ვარჯიშისთვის არასოდეს მიღალატია. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით ვალერი გულბანს და ავთო ახვლედიანს – ფედერაციის დამფუძნებლებს. მათ რომ ვხედავდი, როგორ ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას, ვხვდებოდი, მარტო არ ვიყავი და მეტი მოტივაცია მქონდა.
– როგორ ვარჯიშობთ სტროგმენები? ყველაზე დიდი რა წონა გაქვს აწეული?
– კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობ როგორც დარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ. არის რამდენიმე მოძრაობა, რომელზეც ვარჯიში განსაკუთრებით რთულია, მაგალითად, სატვირთო მანქანის გაქაჩვა დროში. გინესის რეკორდისთვის რომ ვემზადებოდი, ავტომობილების გაჩერებაზე პატარა ინციდენტი მოხდა. ორი მანქანა იყო, ცალ მხარეს ერთმა მძღოლმა ჩქარა დაძრა მანქანა და გაწყდა თოკი, ამ დროს მეორე მანქანამ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადამაგდო. ძლიერი ტვინის შერყევა მივიღე. არადა, მეორე დღეს უნდა დამემყარებინა რეკორდი. სხვა გზა არ მქონდა, შეჯიბრებაზე უნდა გავსულიყავი, თან შიშის მომენტი იყო. კიდევ რომ გამწყდარიყო თოკი, უკვე ტვინის შერყევით ვეღარ გადავრჩებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ის ნიუანსებია, რომელიც მაყურებელმა არასოდეს იცის. წამების განმავლობაში ისინი მხოლოდ რეკორდს ხედავენ. ყველაზე დიდი – 540 კილოგრამი იოკი მაქვს აწეული, ანუ ქართულად უღელი ავწიე და 10 მეტრზე წავიღე.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ასაკიდან გამომდინარე, ბევრი ტრავმა მქონია. მყესები და კუნთოვანი სისტემა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როცა იმ წონებს ვწევდი, რასაც ჩამოყალიბებული სპორტსმენები. ეს სპორტიც ისეთია, ტრავმასთან ყოველთვის ახლოს ხარ. მათ გამო კარიერაში რამდენიმე წელი მაქვს დაკარგული. ორი ურთულესი ტრავმა მქონდა. პატარა ვიყავი, როცა ზედმეტი დატვირთვისგან თორნეტგოჯა ნაწლავი გამიწყდა და ფარული სისხლდენით მოვხვდი საავადმყოფოში. ექვსი თვე დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ყველაზე რთული ის იყო, რომ ამ ამბის მერე შიში დამჩემდა. როცა შტანგას ვწევდი, მეგონა, იგივე დამემართებოდა. ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდი საკუთარ თავთან. მეორე ტრავმა ორი წლის წინ მივიღე – შეჯიბრების დროს, აზოვის ზღვაზე აქილევსის მყესი გამიწყდა. ამის გამო ერთი წელი პაუზა მქონდა.
– რა განცდაა, როცა ქართველ გოლიათად, სტრონგმენად მოგიხსენიებენ?
– ეს პასუხისმგებლობა და ძალიან სასიმოვნო შეგრძნებაა. ოდესღაც გოლიათებს ეძახდნენ კოსტა მაისურაძეს, კოლია ქვარიანს, ლევან თედიაშვილს, დღეს კი მე მომიხსენიებენ ქართველ გოლიათად. ეს უკვე დიდი წარმატებაა. მინდა, რომ გულშემატკივრებს იმედი არასოდეს გავუცრუო.
– აღნაგობის გამო, ალბათ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ. რას გეუბნებიან ხოლმე პირველი დანახვისას?
– კი, ნამდვილად (იცინის). ბიჭებისგან პირველი კითხვა ყოველთვის არის – სპორტის რა სახეობაში ვარჯიშობ? გოგონები მეკითხებიან ხოლმე, რამდენ კილოგრამს ვიწონი და ავწეე თუ არა მას (იცინის).
– მოსწონთ გოგონებს გოლიათი ქართველი?
– ალბათ, მოსწონთ. ხშირად მთხოვენ მათთან ერთად სურათის გადაღებას. როცა იგებენ, სპორტის რა სახეობით ვარ დაკავებული, ვიდეობს უყურებენ და უფრო ინტერსდებიან (იცინის).
– პირად ურთიერთობებში რა ხდება? შეყვარებული ხარ?
– შეყვარებული ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. გოგო, რომელიც მიყვარს, ჩემ გვერდით არაა. ვცდილობ, ამაზე რაც შეიძლება, ნაკლები ვიფიქრო და ძლიერი ვიყო, როგორც სპორტში, ასევე, ცხოვრებაშიც.