№8 რას უკონტროლებდა თაკო ჩარკვიანს ქმარი და ვინ არ მიატოვა მან
მას შემდეგ, რაც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი დიდი პოლიტიკის ავანსცენაზე მოხვდა და ახალი პარტია „კანონი და სამართალი“ დააფუძნა, მისი ცხოვრება ბევრად უფრო „ხმაურიანი“ გახდა და მძიმე მოვლენების ეპიცენტრშიც უკვე ბევრჯერ აღმოჩდა. ქართული პოლიტიკის რთული კულისები უკვე საკუთარ თავზე გადააქვს, თუმცა გვერდით ყველაზე სანდო და ერთგული „გზამკვლევი“ ჰყავს, ვისთან ერთადაც ამ გზას უკვე 25 წელია, გადის. ცხოვრება პოლიტიკის მიღმა, მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ახალი გამოწვევებით – თაკო ჩარკვიანი ჩვეული გულწრფელობით კადრს მიღმა დარჩენილ მთავარ ადამიანებზე და მთავარ ისტორიებზე გიამბობთ.
თაკო ჩარკვიანი: ბოლო რამდენიმე თვეა, განსხვავებული რეჟიმით ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ, იმ ინციდენტების მიუხედავად, რაც იყო, ჩემი ცხოვრება ძალიან დაამძიმა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ჯერ რადიოში, შემდეგ ტელევიზიაში, სადაც არ არის მარტივი რეჟიმი, იმდენი წელი გავატარე, ამ რეჟიმით ნაცხოვრებ ადამიანს არანორმალური ტემპის გაძლება არ უჭირს. ბოლო პერიოდში ამ რეჟიმს განსხვავებული პასუხისმგებლობა დაემატა. რამდენიმე თვე არ ჩაგვიმუხლავს, ამ მუშაობას მოჰყვა, რომ დავდეთ შედეგი – მეორე ტური, რომელიც ოპოზიციის დიდი გამარჯვებაა. შედეგი არის ის, რომ ხელისუფლებას ღამე ტკბილად აღარ სძინავს, ქვეყანას ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, რომლის წარმომადგენელიც ვარ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, ჩემი ხასიათი, მე მაინც „სვანკა“ ვარ, ჩვენ სვანეთიდან ვართ, მაგრამ ლეჩხუმში გადმოსულები, ვგიჟდები ჩემს ლეჩხუმზე და ლეჩხუმელებზე. თუ რამე ამოვიჩემე და ჩავთვალე, რომ ის არის სწორი, ვერაფერი და ვერავინ გადამახვევინებს იმ გზიდან, რაც სწორად მიმაჩნია. 83 წლის დედაჩემს ურეკავდნენ და ულანძღავდნენ შვილს, თუმცა ვერც ეს მოახდენდა ჩემზე გავლენას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ოჯახი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა და ძალიან რთულად გადავიტანეთ 90-იანი წლები, პირდაპირ პოლიტიკაში ჩართულები არასდროს ვყოფილვართ, პოლიტიკამ ჩვენი ოჯახის არც ერთ თაობას არ აუარა გვერდი, ახლაც ჩემ გვერდით აღმოჩნდა ჩემი ძმა, რომელიც არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გაჰკარებია პოლიტიკას. მე არ ვცხოვრობ მატერიალურად ცუდად, ჩემს ქმარს აქვს სტაბილური ბიზნესი, ისეთი, რომელიც ნორმალურად აცხოვრებს ოჯახს და იმის საშუალებასაც დაგიტოვებს, ხელი გაუმართო სხვა ადამიანებს. ჯონი ძლიერი ადამიანია, ჭკვიანი. აქამდე შრომითა და წვალებით მოიტანა ყველაფერი. 15 წლის იყო, როცა მულახიდან ჩამოიყვანეს თბილისში, მათემატიკურ ოლიმპიადაზე, მერე ძიუდოთი დაკავდა, იქიდან დაიწყო. ბევრი წელი, წვალება დასჭირდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია, პატარა, მინი იმპერია შექმნა. ის, რომ ჩემს ოჯახს არ უჭირს, არ ნიშნავს, რომ არ გვაწუხებს სხვა ადამიანების ბედი. ჩემს ოჯახს ჯონი გიგანის ბიზნესთან შეხება არ ჰქონია. ის მოსკოვიდან ჩამოიყვანა კოტე მახარაძემ, ჯონიმ იქ დატოვა ყველაფერი და აქ თავისით ნულიდან დაიწყო ცხოვრება. როცა მე ჯონი გავიცანი, ის უკვე სასტუმრო „საქართველოს“ მფლობელი იყო. მე არ მიყვარს სიყალბე, ყველამ იცის, რომ გულწრფელი ადამიანი ვარ. ჩემს გულწრფელ წუხილს სხვა ადამიანების მიმართ მოჰყვა ის ნდობა ჩემ მიმართ, რასაც მუდმივად ვგრძნობ და ამან გადამაწყვეტინა, უფრო მეტად აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
– ხომ არ გაურთულეთ ცხოვრება მეუღლეს, რომლისთვისაც იოლი არ უნდა იყოს მეუღლის პოლიტიკური კარიერა – ყველას გვახსოვს ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი... როგორი მხარდაჭერა გაქვთ ქალიშვილისგან, რომელიც რამდენიმე თვეა, ვენაში ცხოვრობს?
– ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. მე დავინახე, რისი ჩადენა შეუძლია ხელისუფლების მიერ წახალისებულ ბანდას, მე დავინახე სახელმწიფოს არარსებობა და იმის მიუხედავად, რომ ვარ აბსოლუტურად უშიშარი ადამიანი, მაინც შემეშინდა. ჩვენ ძალიან გვიშველა მოქალაქეების მიერ გადაღებულმა კადრებმა, სადაც კარგად ჩანს, საერთოდ არ ვინძრევი, როდესაც ეს ადამიანები მლანძღავენ – იქნებ ისე ჩაფარცხულიყო ეს ყველაფერი, ჩემს მეუღლეს არ გაეგო. 25 წელია, ჩვენ ოჯახი გვაქვს, ერთად ბევრი მძიმე დღე გაგვივლია, მათ შორის დღე, როდესაც აგვაფეთქეს, მაგრამ ამის მაგვარი არ ყოფილა. მე ჯონის იმედი ყოველთვის მქონდა და მაქვს, იმ დღესაც, ირმაზე მეტად, მასზე ვღელავდი. ხუთი მამაკაცი ერთ კაცს რომ უსწორდება, ვერ გათვლი, რა მოხდება, თუმცა ჯონის თავისმა ძველმა პროფესიამ – ძიუდომ უშველა. ახლაც მზარავს იმის გახსენა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ირმა 5 წლიდან „დიდია“, იქაც დიდი გოგოს აზროვნება გამოიჩინა. მე ძალიან მშვიდობიანი მშობელი ვარ, ირმას აღზრდას 18 წლამდე მოვრჩი, ყველაფერი ჩავდე – რა თვისებებიც მინდოდა, რომ ჰქონოდა. ჩვენ შორის სრული ჰარმონია იყო. რამდენიმე თვეა, ვენაშია, ვენის კონსერვატორიაში სწავლობს 100-პროცენტიანი გრანტით. ირმა აქტიური მოქალაქეა. არჩევნებზე ხმა მისცა იქ, მაგრამ შემდეგ სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო. ავსტრიიდან საოცარი ემოციური წერილი მომწერა. ირმასა და ჯონის მხარდაჭერა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
– როგორ შეეჩვიეთ ირმას გარეშე ცხოვრებას? იმის მიუხედავად, რომ მას ხშირად უწევდა ყოფნა ევროპაში, სადაც წარმატებული კონცერტები ჰქონდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის თქვენ გარეშე, მარტო ცხოვრობს.
– ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირმას დამოუკიდებლად უწევს ცხოვრება და ყველაფერს საკმაოდ კარგად უძღვება. აღმოჩნდა, რომ თავის თავს კარგად პატრონობს. ირმა სადაც არ უნდა ყოფილიყო კონცერტებზე – ევროპაში, მოსკოვში, სადაც 2008 წლის შემდეგ ჩვენ აღარ ჩავსულვართ და ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვით, მე ყველგან მის გვერდით ვიყავი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირმა არის სრულიად დამოუკიდებლად. მე ვენაში ჩასვლასაც ვერ ვახერხებ, უფრო თვითონ ჩამოდის ხოლმე თბილისში. რაღაც ეტაპზე დადგა მომენტი, როდესაც ჩემი თავი დავარწმუნე, რომ პირჯვარი უნდა გადამეწერა და მარტო გამეშვა, მისთვის ხელი არ უნდა შემეშალა. მე ირმას ვერ მოვაკლებდი და მოვუსპობდი იმ უზარმაზარ პროფესიულ შესაძლებლობებს, რაც მას ვენაში აქვს. ირმა არ არის ის ადამიანი, რომელიც სხვაგან დარჩება, ის ჯანსუღის შვილიშვილია და აუცილებლად საქართველოში იცხოვრებს. ჩემზე მეტად მის გარეშე ყოფნაზე მამამისი ღელავს.
– ირმას ცხოვრებაში სხვა მხრივაც განსაკუთრებული პერიოდია, დიდი წარმატებების პარალელურად, მის პირად ცხოვრებაშიც საინტერესო სიახლეა. ამ თემაზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ მაინც გკითხავთ, მალე მოირგებთ სიდედრის როლს?
– მე მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს დღე როდის დადგება, ამ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ. მე მომწონს ჩემი შვილის რჩეული, ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა, ნიჭიერი, ჭკვიანი, ციფრული ტექნოლოგიების ბრწყინვალე სპეციალისტია. ერთმანეთი თბილისში, ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნეს და ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. ის ძალიან თბილი ადამიანია. ზუსტად იცის ირმა, თავისი შინაგანი ბუნებით, თვისებებით. სწორი დამოკიდებულება აქვს ირმას პროფესიის მიმართ და ახლაც სწორად მიუდგა ირმას წასვლას ვენაში. ვხედავ, როგორ უწყობს ხელს, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, თვითონაც ხშირად უწევს უცხოეთში ყოფნა, ხან ის ჩადის ვენაში, ირმაც ხშირად ჩამოდის თბილისში.
– ერთადერთი ქალიშვილის მოსალოდნელ გათხოვებას როგორ ხვდება თქვენი მეუღლე?
– ის სხვანაირად ღელავს – როგორც მამაკაცს შეჰფერის, ისე. მას ბოლო პერიოდში ჩემ გამო ისედაც აქვს სხვა ემოციები, თუმცა იმდენად ძლიერია, ყველაფერს ღირსეულად იტანს. 25 წელია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არის ჯონი გიგანი. ახლა მგონია, „ვალს“ მიბრუნებს (იცინის). ყველაზე მძიმე სატელევიზიო გამოსვლის შემდეგაც კი ის ჩემ გვერდითაა. ჩემი ყველა ქმედება მუდმივად კონტროლდებოდა და ეს იყო ჯონი გიგანის, მისი პრაგმატული ხასიათის დამსახურება. მე ურთიერთობებში უფრო ემოციური ვარ, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი საშიშროებას და დაძაბულობას ვხედავ, მაშინვე მეხსენება ემოციური ფონი და ვხდები პრაგმატული. ჯონი სულ პრაგმატულია, ვეხუმრები ხოლმე, შენ ჩემზე ბევრად ეშმაკი ხარ-მეთქი (იცინის) ის ბევრ ინფორმაციას ფლობს, ამუშავებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე მისგან და მისი იურისტებისა და ეკონომისტებისგან ვიღებდი კონსულტაციებს კანონმდებლობიდან დაწყებული, მიწის რეგულაციებით დამთავრებული. მისი რჩევა ყოველთვის სწორია და საიმედო.
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ჯონი წყნეთში გავიცანი. იმ დღეს შემთხვევით დაემგზავრა გივი სიხარულიძეს, რომელიც ერთ-ერთ კოტეჯს ეძებდა. ჩვენთან გაჩერდნენ და მე გივის ავუხსენი, როგორ უნდა მოეძებნა ის კოტეჯი. მაშინ მნახა პირველად ჯონიმ, უკანა გზაზე ჩვენთან შემოიარეს, ჯონიც მათთან ერთად იყო. მეორე დღეს ამომადგა ყვავილებით და შოკოლადებით: გუშინ რომ გაგვიმასპინძლდით, ეს ჩემგან – მადლობის ნიშნადო. მერე სასტუმრო „საქართველოს“ პრეზენტაციაზე დამპატიჟა, მაგრამ როცა იქ მივედით, მივხვდი, რომ პრეზენტაცია კი არა, ჩემი ახლოს გაცნობის ერთგვარი ხრიკი იყო. პრეზენტაცია დაარქვა, თორემ მე და ჩემი მეგობრები ვყავდით დაპატიჟებული. უკვე 27 წლის ვიყავი, მაგრამ მოვიხიბლე ჯონის ქცევებით. ლამაზად დაიწყო ჩვენი ისტორია. ჩვენ იმდენად ერთნი ვართ, ამ წლებში ისე შევეზარდეთ ერთმანეთს, ასე მგონია, ერთმანეთის გაგრძელება ვართ, როგორც ფიზიკურად, ასე სულიერად. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ახლაც, მამას გარდაცვალების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა ჩვენი სახლი და საცხოვრებლად დედასთან ძალიან ახლოს გადმოვსულიყავით – იმავე ბაქანზე, რომ დედას მარტო არ ეგრძნო თავი. დედა ჯანსუღის სახლს არ დატოვებდა, მასთან გვიანობამდე ვიყავი ხოლმე და მერე მივდიოდი სახლში, ძალიან ვწვალობდი. შევეცოდე ჯონის – ასე, შუაში გახლეჩილი. ბედნიერი ვარ, რომ ჯონის არ აქვს „ფეისბუქი“ და ვერ ხედავს, რას წერს ამ ბოლო დროს ხალხი (იცინის). ჩემ მიმართ საკმაოდ ბევრი ლანძღვა წამოვიდა სოციალურ ქსელში. უცნობი ადამიანები ისე მლანძღავდნენ, თითქოს მიცნობდნენ. ჩემი შვილის თანატოლები მიცავდნენ, ჩემ გამო „ტროლებს“ ეომებოდნენ (იცინის). ეს მოცემულობა არ მაშინებს, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ერთმა „პოლიტიკანკამ“ თქვა: 27 წელია, პოლიტიკაში ვარ და ამირჩიეთო. დიდხანს არიან საქართველოში ზოგიერთები, მაგრამ თაღლითობენ. მათ პოლიტიკის კი არა, თაღლითობის გამოცდილება აქვთ. მოდი, გვაცალონ ჩვენ, ვინც ვართ პოლიტიკაში, მაგრამ ვართ პარტერში. ნახონ, რას გავაკეთებთ ჩვენ, იდეალისტები და პატრიოტები, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, მოვხვდით პოლიტიკაში.