№8 ექიმის რჩევები
კითხვა: მაიტერესებს, კუჭის გამოსაკვლელად რა არის ზონდის ალტერნატივა და შემიძლია თუ არა მისი მოთხოვნა გასტროენტეროლოგთან?
პასუხი: არსებობს კონტრასტული რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით, მაგრამ ეს გამოკვლევა გასტროსკოპიას, ანუ ეგრეთ წოდებული, ზონდით გამოკვლევას ვერ შეცვლის, მხოლოდ კუჭსა და ნაწლავებზე ნაწილობრივ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია. თუ მაინც კატეგორიულად არ გინდათ მისი გაკეთება, არადა დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია, შეგიძლიათ, ხანმოკლე ნარკოზით ჩაიტაროთ – ამას ყველა ენდოსკოპიური კაბინეტი აკეთებს, უბრალოდ, ცოტა ძვირი ჯდება.
კითხვა: ცხვირის ძგიდის ოპერაცია ნარკოზით კეთდება თუ უნარკოზოდ? თუ საჭიროებს დიეტებსა და წოლით რეჟიმს?
პასუხი: რინოპლასტიკის ნებისმიერს სახეობა ტარდება როგორც საერთო ნარკოზის, ასევე ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით, რაც გადაწყდება ექიმთან წინასწარი კონსულტაციისას. ოპერაციის შემდგომი პერიოდი არ საჭიროებს დიეტასა და წოლითი რეჟიმის დაცვას.
კითხვა: როგორც მახსოვს, ბავშვობაში გადავიტანე წითელა, ეგრეთ წოდებული, ბატონები და რამდენად არის შესაძლებელი ისევ დამემართოს? ვარ 20 წლის.
პასუხი: წითელას გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი ყალიბდება. მისი განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა.
კითხვა: დაახლოებით ერთი კვირაა, დღის განმავლობაში, სახეზე დროდადრო წამომახურებს, ყურები და ლოყები აწითლებული მაქვს, სიმხურვალე ხშირად გულმკერდის არეშიც გადამდის. ტემპერატურა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მაწუხებს და ვნერვიულობ, შეიძლება ეს ნიშნები რაიმე საშიშ დაავადებას მოასწავებდეს?
პასუხი: თქვენ არ გვწერთ ასაკს, რადგან თუ ქალბატონი მოგვმართავს, პირველი, რაც შეიძლება, ვივარაუდოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ჩივილი კლიმაქტერიულ პერიოდს ან ალერგიას... გაიკონტროლეთ არტერიული წნევა..
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე