კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ ვმართოთ წყლულოვანი დაავადება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

წყლულოვანი დაავადება – ეს არის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომლის დროსაც თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში პეპტიკური წყლული წარმოიქმნება. კლასიფიკაცია ასეთია: მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ კუჭის, თორმეტგოჯასა და ერთდროულად ორივეს წყლულოვან დაავადებას; დაავადების განვითარების ფაზის მიხედვით – გამწვავებას, არასრულ რემისიას, რემისიას; მიმდინარეობის მიხედვით – ლატენტურ, არააქტიურ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს.
წყლულოვანი დაავადების ძირითად მიზეზად მიიჩნევა Helicobacter Pylori, თუმცა გამოყოფენ სხვა მიზეზებსაც, მათ შორის: სტრესულ გარემოს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას, კვების სტერეოტიპისა და რეჟიმის დარღვევას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკურად დეტერმინირებული მდგომარეობა და მემკვიდრეობითი განწყობა. საყურადღებოა, რომ პირველი ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლის პატრონებს წყლული უფრო ხშირად უჩნდებათ.
როგორც წესი, დაავადების გვიან დიაგნოზირებას თან ახლავს მრავალი გართულება. განსაკუთრებით ხშირია წყლულოვანი სისხლდენა. ის წყლულის პერფორაციის შედეგია და კლინიკურად გამოვლინდება „ხანჯლის ჩაცემის“ მსგავსი ტკივილით, რომელიც თანდათან მთელ მუცელს მოიცავს. კუნთები დაჭიმულია, ენა – მშრალი, გამოხატულია ბრადიკარდია-ტაქიკარდიის მონაცვლეობა. მაღლა იწევს ტემპერატურა, არტერიული წნევა კი ეცემა. მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. წყლულოვანი დაავადების კიდევ ერთი გართულებაა წყლულის პენეტრაცია. კლინიკური გამოვლინება ამ მდგომარეობას დაახლოებით ისეთივე აქვს, როგორიც პერფორაციას, თუმცა ამ დროს ტკივილი შედარებით დუნე და თანდათანობით მზარდია. დიაგნოზის დასმას ართულებს კლინიკური ჩივილების სიმწირე. თუ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება დროულად არ იქნა ნამკურნალები ან მკურნალობის დაწყებამდე ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა და ბიოპტატი პროფესიონალურად არ იქნა შესწავლილი, წყლულის მალიგნიზაციის ალბათობა ძალიან დიდია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობის არსებობა. თუ სისხლით ნათესავებს შორის, შორეული იქნება თუ ახლო, დაფიქსირებულია კიბოს თუნდაც ერთი შემთხვევა პაციენტის მკურნალობა ბრმად, ღრმა გამოკვლევის გარეშე, დაუშვებელია.
მკურნალობის პირველი ეტაპია დიეტოთერაპია. სწორად შერჩეული რაციონის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია. საწყის ეტაპზე საჭიროა მკაცრი დიეტა. უნდა დავიცვათ კვების ჯერადობაც. კვება სასურველია დღეში საშუალოდ 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4-საათიანი შუალედებით. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მწარე, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები. საკვები თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. მან არ უნდა გააღიზიანოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, არ უნდა იყოს უხეში, მეტისმეტად ცხელი ან ცივი. არ უნდა გამოიწვიოს კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფა. აუცილებელია, შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება დღეში 10-12 გრამამდე. ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს პირის ღრუში. თუ წყლულოვანი დაავადების გამო სამკურნალო დიეტას იცავთ, ეცადეთ, დღეში მიიღოთ 3 000-3 200 კილოკალორია, რაც მოიცავს 100-110 გრამ ცხიმს, 100 გრამ ცილას, 400-450 გრამ ნახშირწყლებს. წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილის), ბისკვიტი, ორცხობილა, კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის სახით), სუპი (ბოსტნეული); რძე და რძის ნაწარმი (რძე, ხაჭო, იოგურტი); მოხარშული (წყალში ან ორთქლში) ხორცი (საქონლის, ქათმის, ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი); მოხარშული (წყალში ან ორთქლში) თევზი (ქორჭილა, ფარგა, კალმახი, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი ჯიში); ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა); ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი); მცენარეული ცხიმი; ხილი; სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი).
რაციონიდან უნდა ამოვიღოთ: ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით – შემწვარი, სოკოს სუპი, ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი, ცხარე სანელებლები, ძეხვი, შაშხი, კონსერვები, ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი, ალკოჰოლური სასმელები, ნაყინი.
დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამიტომ, სანამ კლინიკური ნიშნები იჩენს თავს, საჭიროა მკურნალობა. იკრძალება თამბაქო, ალკოჰოლი. თუ ადამიანს ამ დაავადების თუნდაც ერთი ნიშანი აღმოაჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართოს ზოგადი პროფილის ექიმს, მით უმეტეს, თუ მემკვიდრეობითი განწყობაც აქვს.
скачать dle 11.3