№8 რა ოდენობის ცილა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს
ცილა (პროტეინი) ორგანიზმის საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის საფუძველია. ცილების გარეშე არ ხდება ორგანიზმის ზრდა და განვითარება, ჰორმონებისა და ფერმენტების სინთეზი, ვიტამინებისა და მინერალების შეწოვა, იმუნიტეტის შექმნა და ასე შემდეგ.
ცილის რეკომენდებული დღიური ოდენობა:
* 0,8 გრამი 1 კილოგრამ წონაზე – ზომიერი ფიზიკური აქტივობის მქონე პირებისთვის;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ცილაზე მოთხოვნა იზრდება და შეადგენს. ორსულთათვის 1,1 გრამს 1 კილოგრამზე, ხოლო ლაქტაციის პერიოდში – 1,3 გრამს კილოგრამზე;
* სპორტსმენებისთვის რეკომენდაციები განსხვავებულია სპორტის სახეობის, სხეულის მასის, ჯამური კალორაჟის, ვარჯიშის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის, ასაკისა და წონის კლების ან მატების მიზნის მიხედვით. ზოგადად კი – 1.2 -1.4 გრამი/კილოგრამზე – საშუალო ფიზიკური დატვირთვის სპორტსმენისთვის, ხოლო 1,2-1,7 გრამი/კილოგრამზე – ძლიერი ფიზიკური დატვირთვის სპორტსმენებისთვის. ზოგიერთი სახეობის სპორტსმენების ცილების დღიური რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს 2 გრამამდე.
კვლევების მიხედვით, ყურადღება უნდა მიექცეს საკვებში ამინომჟავა ლეიცინის შემცველობას. ის უზრუნველყოფს ცილის სინთეზს და დაზიანებული უჯრედების აღდგენას, ზრდის კუნთის მასას და ინარჩუნებს მას. კომბინირებული პროტეინები, დაახლოებით, 8 პროცენტ ლეიცინს შეიცავს. ლეიცინის შემცველობის გამო საქონლის ხორცის, ზღვის პროდუქტების, მიწის თხილის, ლობიოს, სოიისა და ოსპის საკვებად მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ორგანიზმში ცილა არ ლაგდება მარაგის სახით, ამიტომ მისი მიღება მთელი დღის მანძილზეა რეკომენდებული – ყველა ძირითად კვებაზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ცილის გაძლიერებული მოხმარება ხდება, მაგალითად, ფიზიკური აქტივობის დროს. კვლევების მიხედვით, ზრდასრული ადამიანისთვის კუნთების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად რეკომენედებულია 2-3 კვებაზე 30 გრამი ცილის მიღება. ანუ ცილის 30 გრამზე მცირე ულუფებად განაწილება კუნთების ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაეფექტურია.
როდესაც მიღებული ცილის ოდენობა აჭარბებს ორგანიზმისთვის რეკომენდებულ დასაშვებ დღიურ ნორმას, მიიღება აზოტის დადებითი წონასწორობა. ორგანიზმში ჭარბად გროვდება ცილის ცვლის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ამ პროდუქტების გამოსადევნად თირკმელებსა და ღვიძლს უწევთ დატვირთვით მუშაობა, რაც უარყოფითად აისახება მათ ფუნქციურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, განვითარდეს თირკმლის უკმარისობაც კი, ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში გროვდება ცილის აზოტოვანი ცვლის პროდუქტები, იკარგება კალციუმი, ვითარდება შარდ-კენჭოვანი დაავადება, პოდაგრა, ოსტეოპოროზი, ირღვევა გულის კუნთის მუშაობა და სხვა.
მაშინ, როცა არ ვიღებთ ცილის რეკომენდებულ რაოდენობას, ცილის დეფიციტს ორგანიზმი კუნთებიდან ივსებს, ცილა ორგანიზმის საშენი მასალაა, შესაბამისად, პროტეინების დეფიციტის დროს ორგანიზმში მიმდინარეობს მრავალი პათოლოგიური ცვლილება: ფერხდება უჯრედების ზრდა, განახლება და განვითარება, ჰორმონებისა და ფერმენტების სინთეზი, რაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ხოლო ფერმენტების სინთეზის დარღვევის გამო ფერხდება საჭმლის მონელება, მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვა. ქვეითდება იმუნიტეტი და ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობა, ზიანდება ნერვული სისტემა, ქვეითდება მეხსიერება და შრომის უნარი.