№8 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რით დასტურდება ის, რომ უფალმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენს ყველა ჩანაფიქრს ხვდება?
პასუხი: უფალმა რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ეს ჩვენივე სინდისით დასტურდება. დავაკვირდეთ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც რაიმე უკეთურს გავაკეთებთ – სიმშვიდეს ვკარგავთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ. ეს უფლის ხმაა ჩვენში.
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლობა წინათგრძნობას? უნდა ვირწმუნოთ თუ არა მისი?
პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს შესაძლებლობაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, უფლის მიერ არის ნაბოძები. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავს ეს უნარი ისე არ განუვითარდება, რომ მას დაეყრდნოს და მომავალი ცხოვრება ამით ააგოს. ხდება ისე, რომ ველით ცუდს, მაგრამ ყველაფერი კარგად სრულდება ან პირიქით. ამიტომ წინათგრძნობაზე დაყრდნობა გონივრული საქციელი არ არის.
კითხვა: როგორ უნდა დაიზღვიოს ქრისტიანმა თავი ცდუნებებისგან?
პასუხი: ამისთვის საჭიროა, ყურადღება არ მიაპყროთ, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები, როგორ იქცევიან ისინი. ყური დაუგდეთ, თუ რას ამბობს უფალი, რას გვასწავლის ის და როგორ გვმოძღვრავს სახარების მიხედვით. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: რატომ დაწესდა მთელი წლის განმავლობაში ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა?
პასუხი: ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე დღეებია, რადგან ოთხშაბათს გასცეს მაცხოვარი, ხოლო პარასკევს – ჯვარს აცვეს. ეს გლოვის დღეებია და ამიტომ დაწესდა მარხვა.
კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია ისეთ ადამიანს, ვინც არც არავის ვნებს, მაგრამ არც არავის ეხმარება?
პასუხი: საკმარისი არ არის მხოლოდ სიავისგან განზე დგომა. ქრისტიანმა არა მხოლოდ ბოროტი და ავი საქმეები არ უნდა აკეთოს, ის უნდა ცდილობდეს, ბევრი სიკეთე ქმნას.
კითხვა: ჩემმა ახლობელმა შვილი დაიფიცა, რომ ტყუილს აღარ მეტყოდა, მაგრამ ვერ შეასრულა. დაფიცება რომ შევახსენე, მე გადმომაბრალა, შენ მაიძულე და ეს ცოდვაც შენზეაო. დავფიქრდი, მართლა ხომ არ ჩავიდინე ცოდვა?
პასუხი: წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანმა არ უნდა დაიფიცოს არავინ და არაფერი, რადგან ყველაფერი უფლის შექმნილია და მისი კუთვნილებაა. თქვენმა ახლობელმა თუ მართლა დაიფიცა, მით უმეტეს, ტყუილზე, უნდა მოინანიოს, ხოლო თუ თქვენ მართლა მიგიძღვით რამე წვლილი ამ დაფიცებაში, აღსარებაში თქვენც მოინანიეთ.