კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ არის დღეს ქვეყანაში ბევრი მცდარი და ბრმა შეხედულება გავრცელებული და რატომ არის სულიერი თვალების დახუჭვა მძიმე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

როგორც მაცხოვარი ამბობს: ვისაც სურს, შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. ამიტომაც ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ შეუდგეს უფალს, იაროს ეკლესიაში და აღიაროს საკუთარი ცოდვები. მაგრამ სურვილს თან უნდა ახლდეს სიმდაბლე, რაც, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ბევრგან ამოიკითხავთ გინებას, ცილისწამებას მართლმადიდებლური ეკლესიის, სარწმუნოების მისამართით, ზოგან პირდაპირ წერია, რომ ქრისტე არ არსებობს, რომ ყველაფერი ტყუილია... რას იტყვით ამის შესახებ?
მამა გიორგი: ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რატომ არის იესო ქრისტე მაცხოვარი. დღეს ჩვენში ბევრი სიბრმავე, ბევრი მცდარი იდეოლოგია და ბრმა შეხედულებაა. თუ თვალები არ აგვეხილება, იმ ბრმაზე უარესი ბრმები ვიქნებით, რომელსაც ხორციელი თვალები ჰქონდა დახუჭული – სულიერი თვალების დახუჭვა უფრო მძიმეა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვეხება, რადგან გვგონია, რომ ჩვენ კარგები ვართ, სხვები – ცუდები, რომ ქართველი მართლმადიდებლები სასუფეველში შევალთ პირველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეროვნების ხალხი ჯოჯოხეთში წავლენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს უბედურად, ისინი არ ამბობენ, არ ამხელენ ამას. უყვართ ეკლესია, ქრისტე, ინერციით დადიან ეკლესიაში. უბედურებას შეჩვეული ფიქრობს: უბედური ჯვარი მარგუნა ღმერთმა, ასე უნდა ვიარო, მაგრამ იმქვეყნად გავიხარებ. ეს არასწორი სწავლებაა – თუ ამქვეყნად უბედური ხარ, იმქვეყნად ბედნიერი ვერ იქნები. აქ თუ შენში არ არის ბედნიერება, ჭეშმარიტი რწმენა, არავითარი იქაური ბედნიერება არ არსებობს. დიდი მამა სიმონ ათონელი ამ კითხვას ასეთ პასუხს სცემს: უბედურების წამალი არის სიხარული. ხანდახან, რომ გვგონია, ბედნიერები ვართ, პირიქით, უბედურები ვართ და როცა უბედური გვგონია თავი, პირიქით – ბედნიერები ვართ. როცა შეჭირვებული ხარ, განსაცდელებში, ასეთ დროს პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენეთ: „როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი“. ღმერთი ამ დროს უფრო ახლოს არის შენთან.
– როგორ უნდა სძლიოს ადამიანმა ტანჯვას, რომელიც მის სულს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს და ხშირად ვერ აღწევს თავს.
– უამრავი რამ არსებობს, რაც დღეს ადამიანს ტანჯავს. ეკლესია ტანჯვას უპირისპირებს მოთმინებას. ბევრი ადამიანი ითმენს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის. თუმცა თანამედროვე შეხედულებებით: რატომ უნდა მოვითმონო ანჩხლი ცოლი, ნარკომანი ქმარი, თავხედი შვილი, ეს მთავრობა ან ის მთავრობა. რომ არ ვითმინეთ, მოთმინება რომ აღარ გვაქვს, მარტივად ვანგრევთ, ვუშვებთ, ახალს ვირჩევთ, ვჩხუბობთ, რევოლუციას ვაწყობთ... იმიტომაც მიდის ჩვენი ცხოვრება „კარგად“, მოუთმენელები რომ ვართ.
– როგორ უნდა დაგეგმოს ადამიანმა თავისი დღე, რის კეთებაა დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი?
– ვდგავართ უფლის წინაშე და გვეზარება მასთან ურთიერთობა. ჭეშმარიტი რელიგია, ეს არის განახლებული კავშირი ღმერთთან. ადამს ან ევას სამოთხეში რომ ეთქვა: „უფალო შემიწყალე“, ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. მაგრამ როგორც კი ადამიანი შესცოდავს, მას უფლის წინაშე გაუცხოება ემართება და ის ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ვისთანაც ახლოს იყო, იმას შორდება. სული შორდება ღმერთს, სულს შორდება სამშვინველი, სამშვინველს შორდება ხორცი და ხორცი ხდება ამ სოფელზე მიჯაჭვული. პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ: აიღეთ დილით პასტა და ფურცელი და მთელი დღის განმავლობაში რა აზრებიც მოგივათ, ის ჩაიწერეთ. საღამოს მიხვდებით რა საშინელი ადამიანები ვართ. ნებისმიერი დაცემული ადამიანი, ყველა ჩვენთაგანი ეკლესიური თუ არაეკლესიური გარკვეულ ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება, ასე იყვნენ დიდი მამებიც. კარგი ქრისტიანიარ არსებობს, ტირილი, შრომა – უღირსი ვარ და ღმერთის მოწყალების მოლოდინი – ეს არის ქრისტიანის მდგომარეობა. ზოგი დილას იწყებს: რა კარგად ვითამადე, როგორ შემაქეს, ჩემზე კარგი შვილი არავის ჰყავს, ქმარი... ასეთი მოხიბლული ოჯახები და მდგომარეობა გვაქვს ქართველებს. თუ ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ხარ, მხოლოდ ერთი პრინციპით გამოდიხარ: განიკითხო სხვა ადამიანები. მაგრამ, თუ ფიქრობ, რომ არ ხარ კეთილი, კარგი არაფერი გიკეთებია, საკუთარ თავზე ფიქრობ და აღარ გრჩება დრო სხვებზეც იფიქრო. ჩვენ კი გვინდა ყველამ ჩვენს დაკრულზე იარსებოს, ქმარმა, ცოლმა, შვილმა, ღმერთმაც კი. მერე ვწუწუნებთ, რატომ მიდის ჩემი საქმეები ასე. იმიტომ რომ შენი ნებით ცხოვრობ. ბევრი ამბობს: არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ღმერთი მიყვარს. იმას უყვარს ღმერთი, ვისაც კადნიერება გააჩნია, იცავს მცნებებს და იღებს წმიდა ზიარებას, შეუძლია დაჯდეს მარჯვენით მამისა. მაგრამ საკმარისია, ეკლესიიდან გავიდეს ადამიანი და მაშინვე ვნებებში, ცოდვებში ვარდება. ძნელია, ღმერთზე იფიქრო, როცა ამდენი საქმე გაქვს, მაგრამ არ უნდა დაისვენოთ ლოცვისგან, ღმერთისგან, სიკეთის კეთებისგან, რადგან არავინ იცის, რა გველოდება.
– ნათქვამია, ვისაც ბევრი მიმადლა უფალმა, მას უფრო მეტი მოეკითხებაო.
– ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოწოდებულია ცხონებისთვის. ძალიან ბევრი მიმადლა მას უფალმა და მას ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ მრავალი ამას ვერ ხვდება.  ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზევიდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთი ადამიანები შორს არიან ჭეშმარიტებისგან. დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა ვიმოღვაწეოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ იყოს დამაბრკოლებელი საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის.
– ეკლესიში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება, ხალხის უმეტესობას კი აღარ უნდა ეკლესიისკენ გახედვა.
– ქრისტე არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგვათავისუფლა ჩვენ. საწინააღმდეგო აზრის გაგონებისას ჩხუბსა და დაპირისპირებას არ უნდა ვიწყებდეთ. თუ ვინმე ცდება, მე, ან ეკლესიის სხვა წევრი, უნდა მიხვიდეთ და სიყვარულით ამხილოთ. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება და მომავალშიც, ალბათ, ბევრი ადამიანის ლუსტრირება მოხდება. როგორც პავლე მოციქული ეუბნება სულიერ შვილს ტიმოთეს: ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად. მტკიცედ დგომა ნიშნავს იმას, რომ არ გადაიხრები არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, თავმდაბლობითა და სიყვარულით გააგრძელებ შენს ცხოვრებას. არავის ცხოვრება არ გაინტერესებს, ემორჩილები შენს პატრიარქს, შენს მოძღვარს, იცავ მცნებებს, არ განიკითხავ არავის, იცავ მარხვებს, ლოცულობ, შენს ცოდვებზე ტირი. ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს ვერ ხედავს, სხვის ცოდვებს კარგად ამჩნევს. ამერიკაში მოღვაწე ერთმა მამამ ასეთ ადამიანებს, რომლებიც სხვის ცოდვებს ხედავენ, ვიდრე თავისას „წმიდა ჯადოქრები უწოდა“. როგორც სახარებაში წერია, როცა შენი ძმა ცდება, უნდა მიხვიდე და უთხრა: შენ ცდები. თუ კიდევ ვერ გაიგო, მაშინ კიდევ ორი ძმა მიიყვანე და კიდევ თუ ვერ გაიგო, მაშინ მიდი ხუცესთან, ანუ მღვდელმთავართან და თუ კიდევ ვერ გაიგებს, იყოს შენთვის მწვალებელი და მებაჟე. სოციალურ ქსელში კი არ უნდა დადო პოსტი, იყვირო, რომ შენი ძმა მწვალებელია და ეკლესიაში გარკვეული  არეულობა და შფოთი შემოიტანო.
скачать dle 11.3