კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ მოაწერა საქართველომ ანგელა მერკელის ხათრით ხელი გაეროს მიგრაციის პაქტს და რა დამატებით პრობლემებს მოუტანს ქვეყანას ეს გადაწყვეტილება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მოულოდნელად და მოსახლეობასთან შეუთანხმებლად საქართველო გლობალური მიგრაციის პაქტს შეუერთდა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს სრულიადაც არ იყო სავალდებულო დოკუმენტი. ოფიციალური ინფორმაციით, 34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა და მისი განცხადებით, გაეროს პაქტი აშკარად უცხადებს ბრძოლას არალეგალურ მიგრაციასა და არალეგალთა უკანონო ტრანსპორტირებას.
ხსენებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩილემ, დომინიკელთა რესპუბლიკამ. რამდენიმე ქვეყანას კი, რომელთა შორის არიან ბულგარეთი, სლოვენია, ესტონეთი, იტალია, შვეიცარია და ისრაელი, ჯერ არ გადაუწყვეტია, შეუერთდეს თუ არა მიგრაციულ შეთანხმებას. გერმანიის კანცლერი შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ლტოლვილების მიღებაზე საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას ასახელებდნენ. მართალია, საგარეო საქმეთა მინისტრი გვარწმუნებდა, რომ გაეროს აღნიშნულ პაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანი საქართველოდან ემიგრაციაში წასულ თანამემამულეებზე ზრუნვაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ გამოირიცხება არც თუ სასიამოვნო პერსპექტივა: საქართველო გახდეს აღმოსავლელი ლტოლვილების ევროპისკენ მიმავალ გზაზე აღმართული წინაღობა. სოსო ცინცაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე.

– თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ჩვენთან ინტერვიუში, მერკელის ვიზიტამდე, თქვით, რომ გერმანიის კანცლერის მიზანია, დაიყოლიოს საქართველოს მთავრობა, მიიღოს მიგრანტები, იმიტომ რომ თურქეთმა ფული აიღო და თავის ტერიტორიაზე საკმარისი ოდენობის ლტოლვილი არ მიიღო. გაეროს პაქტზე ხელმოწერაზე დათანხმებას გულისხმობდით?
– ჩვენს ხელისუფლებას, პირდაპირ ვთქვათ, არანაირი შიდა კვლევა არ ჩაუტარებია მოსალოდნელ გამოწვევებსა და რისკებზე, არ შეუსწავლია საზოგადოებრივი აზრი, არანაირი დისკუსია არ გამართულა აკადემიურ წრეებსა და ექსპერტთა საზოგადოებაში, არავისთვის აზრი არ უკითხავთ. მოტივი ასეთი იყო: ევროპა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, მერკელს როგორ ვუთხრათ უარი?! სავალდებულო რომ არ იქნებოდა ხელმოწერა, ამას დიდი განმარტება არ სჭირდება. სავალდებულო არის მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ისევე, როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეას, თუმცა უამრავი რეზოლუცია აქვს მიღებული ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ ვინ ასრულებს?! ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი საზოგადოების დაბალ ინტელექტუალურ დონეზე. ჩვენი საზოგადოება კოსმოსური სიჩქარით კარგავს იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რითაც ჩვენ ცნობილნი ვიყავით იმავე საბჭოთა პერიოდში. თავისთავად, იმის გაცხადება, რომ ამ პაქტის პუნქტებს ისედაც ვასრულებდით, გამართლება არ არის, რადგან მაშინ ხომ შეგვეძლო, გვეთქვა მერკელისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ისედაც გულისხმობს ამ პაქტის პუნქტებს?! გაეროს პაქტი ხაზს უსვამს ფუნდამენტურ პრინციპს: ლტოლვილებს, სადაც უნდა იყვნენ, ღირსეულად და სამართლიანად უნდა მოექცნენ. ჩვენ ისედაც ვექცევით მათ სამართლიანად და ღირსეულად, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში არავის უჩივლია სასამართლოში. თანაც, რატომ არ დავინტერესდით ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის,  ლატვიის უარით?! ისინი ხომ მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოებია?! რატომ თქვეს მათ უარი?!  თუ ჩვენს წარმომადგენელს გაუხარდა მარაკეში წასვლა ტურისტად, სადაც ხელი მოეწერა ამ პაქტს?! მე ვხედავ, რომ ევროპაში ყოველი ვიზიტის შემდეგ ჩვენს ჩინოვნიკებს უკეთიათ ახალი ჰალსტუხები, აცვიათ ახალი პიჯაკები. მაგალითად, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი, ძვირად ღირებული ჰალსტუხი აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ეკეთა, ეტყობა, იქ შეიძინა.
– მე ვერ ვერკვევი მამაკაცის ჰალსტუხებში, მაგრამ გენდობით.
– მე ვერკვევი და ნამდვილად ძვირად ღირებული ჰალსტუხი ეკეთა. მათთვის ეს მივლინების ფულის მიღებაა. თუმცა იმ პაქტში ისიც წერია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ ისტორიულ გამოცდილებას და როგორი გამოცდილება გვაქვს ჩვენ?! უკვე საუკუნეებია, ცხოვრობენ ჩვენთან ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელები და სომხები და მათი დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ ქართველებად ვერ ვაქციეთ. იმდენადაც კი, რომ სომხებმა თავიანთ სოფელში, საქართველოში, ძეგლი დაუდგეს სეპარატისტს და არც კი იფიქრეს, გაუფუჭდებოდა თუ არა ამით საქმე საქართველოს აზერბაიჯანთან. სომხეთისთვის ის სეპარატისტი არის ეროვნული გმირი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოსთვის არის სეპარატისტი და ამიტომ საპასუხოდ მიიღო აზერბაიჯანელების პროტესტი. მაგალითად, დაპირისპირებულები არიან ამერიკა და ჩინეთი, მაგრამ იმავე ამერიკაში მილიონობით ჩინელი რომ ცხოვრობს, გამოდიან პროტესტით, რომ ჩინეთის მომხრეები ვართო?! არა. იმიტომ რომ თავს პოლიტიკურად ამერიკელებად მიიჩნევენ. ჩვენ კი ამას ვერ მივაღწიეთ. არსებობს კი ზუსტი მონაცემები, საქართველოში უძრავი ქონების რა პროცენტი ეკუთვნის უცხოელებს, რომლებიც აქ არ ცხოვრობენ?!
– არ არსებობს ასეთი საჯარო მონაცემი.
– მშენებლები მეუბნებიან, რომ ბევრი საცხოვრებელი სახლი უცხოელებისთვის შენდება და მათ, ძირითადად, ირანელები ყიდულობენ, იმიტომ რომ ფინანსურად არასტაბილურ რეალობაში სწორედ უძრავი ქონება არის კაპიტალის დაბანდების კარგი საშუალება. დღეს რამდენი ათასი არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს ჩვენთან?! ამას წინათ წითელ ხიდთან დააკავეს არალეგალ მიგრანტთა ჯგუფი: იქ იყვნენ ინდოელებიც, აფრიკელებიც და სხვებიც. ეს ერთი ჯგუფი დააკავეს, მაგრამ ასეთი რამდენია შემოსული?! ერთია ამერიკა, იმიტომ რომ ამერიკა დიდი ქვაბია, რომელიც ხარშავს მიგრანტებს და ასე შეიქმნა თავის დროზე ამერიკელი ერი, მაგრამ ჩვენთან საუკუნეებია, აქ ცხოვრობენ და ქართული არ იციან. დისკომფორტს არ იწვევს, როდესაც 5-6 თაობის წარმომადგენელი ინტერვიუს აძლევს თქვენს კოლეგას რუსულ ენაზე?
– რუსულიც კი არ იციან ხეირიანად.
– დიახ, თან, დამტვრეული რუსულით, ანუ საკუთარი მშობლიურის გარდა არც ერთი ენა  არ იციან. იცით, რატომ?! არ სჭირდებათ და იმიტომ. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა ეს პრობლემა, რადგან ის ხალხი სჭირდებათ მხოლოდ არჩევნებში ხმებისთვის და ასეთ პირობებში პაქტი, რომელიც შეიძლება, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდეს კარგად დალაგებული სახელმწიფოსთვის, ჩვენთვის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სასურველი არ არის. ხოლო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ კანონებსა და პაქტებზე ხელმოწერის გამო ევროკავშირში ან „ნატოში“ მიგვიღებენ, პირდაპირ ვიტყვი, დეგენერატზე უარესია.
ჩვენთან ისიც პრობლემაა, რომ არ არსებობს ზღვარი, არ ვიცით, რა განსხვავებაა ეროვნულ უმცირესობასა და დიასპორას შორის, წაიშალა ეს ზღვარი, ამიტომ ნებისმიერი დიასპორა ითხოვს ეროვნული უმცირესობის პრივილეგიებს. ამ დროს კი, ეროვნული უმცირესობა სულ სხვაა, დიასპორა –  სხვა, ამერიკაში ჩინელებისა და იტალიელების მთელი ქალაქებია, მაგრამ ისინი დიასპორაა და არა ეროვნული უმცირესობა.
– ისევე, როგორც სომხებს აქვთ დიასპორა. ჩვენთანაც სომხებისა და აზერბაიჯანელების დიასპორებია. ბოლოს და ბოლოს, გვერდით ამხელა სახელმწიფოები აქვთ და უმცირესობები რა ლოგიკით არიან?
– დიახ, გვერდზე აქვთ თავიანთი სახელმწიფო. ამაზე არასდროს გამართულა დისკუსია, რადგან ხვალ არჩევნები იქნება და მათი ხმები ხელისუფლებასაც სჭირდება და ოპოზიციასაც. ამავე დროს კი ეს არის ხანგრძლივმოქმედი ნაღმი, რუსეთს როცა უნდა, მაშინ გამოიყენებს, ისევე, როგორც გამოიყენა ცხინვალსა და აფხაზეთში! მე მახსოვს, შევარდნაძის დროს ახალქალაქში საქართველოს გენშტაბის უფროსის ვერტმფრენი არ დასვეს სომხებმა და რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაჯდა. ისიც მახსოვს, ახალქალაქში ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქე რომ ეუბნებოდა რუს პოლკოვნიკს, როდესაც ბაზა გადიოდა, არ გაგიშვებთ აქედან, თქვენ ჩვენი იმედი ხართო. ვერ გავიგე, ეს მოსახლეობა ეროვნული უმცირესობაა თუ დიასპორა.
– ის უფრო დიდი პრობლემაა, მიგრანტები რომ შემოვლენ, რა იქნებიან: ეროვნული უმცირესობა თუ დიასპორა?
– მეც ამიტომ ვამბობ. ჯერ ისტორიულად ჩვენი მოქალაქეები ვინც გვყავს (ვიცით, რომ ერევნის აღების შემდეგ პასკევიჩმა ჩამოასახლა სომხები), ისინი უნდა გავხადოთ პოლიტიკური ქართველები. არ ვამბობ ასიმილაციას. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქვთ ისტორიული სამშობლო, მაგრამ პოლიტიკურად არიან ქართველები. ისრაელში ბენ-გურიონის დროს მილიონიც არ ყოფილა ადგილობრივი, მაგრამ, სადაც უნდა ცხოვრობდეს ებრაელი, ის პოლიტიკურად ებრაელია, იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, კვდება იმ ქვეყნისთვის. ჩვენ კი ზუსტად ისიც არ ვიცით, როგორი პოზიცია ჰქონდათ არაქართველებით დასახლებულ რაიონებში აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის აგრესიის დროს. ის, რომ თითო-ოროლა აზერბაიჯანელი და სომეხი იბრძოდა ჯარში, არაფერს ნიშნავს. მასობრივი განწყობა როგორი იყო?! ისინი თვლიდნენ, რომ მათ ქვეყანაში შემოვიდა მტერი?! და თვითონ ფაქტიც, რომ ახალქალაქში დადგეს სეპარატისტის ძეგლი – თუნდაც, ცნობილი მეცნიერი ყოფილიყო, ერევანში დადგან!
– იმ სოფლიდან ყოფილა წარმოშობით.
– ის ხომ საქართვველოსთვის ბრძოლაში არ დაღუპულა?!
– დიახ და, თუ ვინმეს ასე ძალიან ეძვირფასება, თავის ეზოში უნდა ძეგლი დაედგა და უნდა აკლდამა მოეწყო.
– რა თქმა უნდა, მაგრამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რატომ დგამ?! ჩვენთვის ის არის სეპარატისტი, რადგან ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები და ვერასდროს ვიქნებით დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის მეგობრები. სომხები კი სხვანაირად უყურებენ, მათთვის მთავარია, რომ ის არის სომეხი და არა ის, რომ საქართველო არის სეპარატიზმის მსხვერპლი. ხელისუფლება ჩუმადაა და იმაზე არავინ იფიქრა, რომ საქართველოში სომხებზე ორჯერ მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათ მოგვიწყვეს საპროტესტო აქცია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ ძეგლს არავინ აიღებს და თუ აიღებს, უარესი იქნება?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ, როდესაც ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ლოგიკური შიში მაქვს, ამ პაქტის მიღებით ახალი საფრთხე ხომ არ იქმნება?! მიგრანტებს, თურმე, სამართლიანად და ღირსეულად უნდა მოვექცეთ... რას ნიშნავს ეს?! ჩვენ ახლა ვმსჯელობთ უკვე წასულ მატარებელზე, იმიტომ რომ ამ პაქტს აღარავინ გააუქმებს, ისევე, როგორც იმ ძეგლის დადგმის არდაშვება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ახლა აღება იქნება.
скачать dle 11.3