№8 რუნეტში ჩარჩენილები
ანუ სანქციებჩარბენილები
მართალია, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა აშშ-თან ერთად გეგმავდა კოსმოსური ინტერნეტის პროგრამაში მონაწილეობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და რფ-ს შორის სანქციებმა ჩაირბინა, პროექტსაც გაეთიშა და გლობალური ინტერნეტიდან მომავალ საფრთხეებზეც ალაპარაკდა.
ან კი როგორ არ ალაპარაკდებოდა, როდესაც სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის რეგიონებმა, სადაც ინტერნეტი ფიზიკურად არ არის, კოსმოსიდან დაიკმაყოფილონ საინფორმაციო შიმშილი (ანუ რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჩიხში აღმოჩნდეს – იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ინფორმაცია ყველაზე მძლავრი იარაღია).
სავარაუდოდ, სწორედ ამ (ანუ საინფორმაციო ომის) მიზეზით, რუსეთის სათათბირომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი „სუვერენული რუნეტის“, ანუ საკუთრივ რუსული ინტერნეტის შექმნაა.
ოღონდ ოფიციალურ მოტივად დასახელებულია ის, რომ რუსულმა ინტერნეტსეგმენტმა შესძლოს ფუნქციონირება, თუკი მსოფლიო სისტემიდან ამორთავენ.
„დუმელების“ მტკიცებით, კანონპროექტის მიზანი განა ინტერნეტის გამორთვაა, არამედ ინტერნეტის უსაფრთხოება, ანუ პათოსი ძველია და გამოცდილი: საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მთელ დედამიწაზეო.
ერთი სიტყვით, როგორც უნდა შეიფუთოს, ფაქტია, რომ ჩრდილოეთში აწ უკვე ვირტუალური სივრცისთვისაც რკინის ფარდის ჩამოფარებისთვის ემზადებიან.
ჩვენ არ ვიცით, მოახერხებენ თუ არა ამ იდეის განხორციელებას, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეზე მეტია, უჭირთ დედამიწელებთან შეგუება და ამიტომაც ხან ასეთ ფარდას აფარებენ და ხან – ისეთს, იქნებ, საერთოდაც გადასახლებულიყვნენ?!