№7 რა ახალი გამოწვევის წინაშე დგას ნინო ჩხეიძე და ვის დიასახლისობას აპირებს ის
ახალი წლების შემდეგ მომღერალი ნინო ჩხეიძე მაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარსდგა – მან საკუთარი ბენდი აიყვანა და უკვე მათთან ერთად აგრძელებს მუშაობას. ეს ნინოსთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ისევე როგორც სატელევიზიო და რადიოგადაცემა – „სტუმრად ნიოსთან“, რომელსაც ის ახლო მომავალში გაუძღვება.
ნინო ჩხეიძე: ახალი წლების შემდეგ გამოვაჩინე „ნიო ბენდი“ და მათთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობ. მრავალფეროვანი და დიდი პროგრამა გავაკეთე. მაქვს ის სიმღერები, რომლებიც ჩემს მსმენელს უყვარს და მათ ახალი ჟღერადობა შევძინეთ. ასევე, გავაკეთე ახალი პროგრამა, რომელსაც ნელ-ნელა გამოვაჩენ. მალე ახალი სიმღერა გამოვა, რომელზეც დიდ ფსონს ვდებ და ვნახოთ.
– გჩვევია ფსონების დადება?
– კი. სიმღერას, რომ აკეთებ, თვითონ გეუბნება, ვის შეიძლება, მოეწონოს, რამდენად არის ფართო მასებზე გათვლილი. ვფიქრობ, ჩემი დადებული ფსონი ახლაც გაამართლებს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ბენდთან მუშაობა, ეს უფრო მეტად მზრდის და ჩემი, როგორც მომღერლის, კლასიც იხვეწება. დღეში 4-5 საათი რეპეტიცია გვაქვს და ნახევარი წელია, ასეთ რეჟიმში ვმუშაობ. საკუთარი თავი უფრო მეტად მომწონს, უფრო სხვანაირად ვმღერი, სხვანაირად ვუსმენ მუსიკას, ბევრ ახალ ნიუანსს ვიჭერ საკუთარ თავში, იმპროვიზაციის მეტი საშუალება მაქვს. ეს დიდი ფუფუნება და სიამოვნებაა.
– კიდევ რა თვისებები აღმოაჩინე საკუთარ თავში?
– როდესაც მარტო ხარ, უფრო ეგოისტი ხდები, რაღაც მოთხოვნები გაქვს. ბენდის შემთხვევაში ერთ-ერთი ჭანჭიკი, ნაწილი ხარ და ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო. ამ კუთხითაც უფრო გავიზარდე. მანამდე უფრო გათამამებული ვიყავი, სხვანაირად ვუყურებდი ამ ყველაფერს. ჩემი ეგოიზმიც მოვთოკე, რადგან სხვა გზა არ იყო. ბენდის გაკეთების იდეაც იქიდან გამიჩნდა, რომ ხშირად ვრთავდი სოციალურ ქსელში ლაივებს და ადამიანები მეუბნებოდნენ: ეს დაუკარი, ეს იმღერეო, მეც ვმღეროდი და უკვე ბევრი მაყურებელი მყავს. ასეთ დროს უფრო მეტად გულწრფელი ხარ და იმდენად ავიტაცე ეს იდეა, რომ ბექა ნიკოლაიშვილს ვუთხარი, რომელმაც ბენდის ბიჭები შეკრიბა. ანუ ინსპირაცია ისევ ხალხიდან მოდიოდა. თავიდან ოთხნი ვიყავით, ახლა ექვსნი ვართ და ბექ-ვოკალსაც ვეძებთ. ბენდთან მუშაობა იმითაც არის კარგი, რომ სულ ძიების პროცესში ხარ, ექსპერიმენტებს ატარებ და მსგავსი ფუფუნება ყველა მომღერლისთვის დიდი ბედნიერებაა. პლუს ადრენალინი, რადგან ძალიან ნერვიულობ. ახალ წელს მონაკოში გვქონდა კონცერტი, ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა პირველი სიმღერის შემდეგ ეს ნერვიულობა გავიწყდება და ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას იღებ. ასეთ დროს არანორმალურად ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ამ ემოციებით, მეორე, მესამე დღეს ვტკბები - გვიან აღვიქვამ ხოლმე ამ სიამოვნებას, რომელიც გარკვეული დღეები გრძელდება.
– ვინ მიგიწვიათ მონაკოში?
– არ მაქვს უფლება, რომ ამაზე ვისაუბრო. კორპორატიული საღამო გვქონდა. ჩემს შემთხვევაში არ არსებობს დადგენილი სამუშაო საათები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მუშაობა 24 საათს მოიცავს, იმდენად მიყვარს ეს საქმე, ისე მსიამოვნებს, არ ვფიქრობ, რომ „ტანჯული“ ვარ.
– როდისმე თავი დატანჯულად გიგრძნია?
– როცა ვვარჯიშობ. დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ ამისგან სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, რომ ისეთი რაღაც უნდა ვაკეთოთ, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ ეს მაინც ფუფუნებაა და ყველას არ შეუძლია. ძალით გაკეთებულ საქმეში ორმაგი ენერგია მიდის და ადამიანი თავს იზიანებს. როცა ვვარჯიშობ, ვიტანჯები, არადა, ვიცი, ძალიან კარგია. ვერ გადავლახე სიზარმაცე.
– კიდევ რის კეთებას აიძულებ საკუთარ თავს?
– ბევრი რამ არის, რასაც საკუთარ თავს ვაიძულებ. თუმცა ის, რაც აუცილებლად მაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებ, თან, ისე, რომ ჩემს თავთან ჰარმონიაში ვიყო. მაგრამ ვარჯიშის შემთხვევაში ამას ვერ მავაღწიე. კვებასთან აღარ მაქვს პრობლემა. ამ კუთხით საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია, არც მსტრესავს. დაბალანსებულად ვიკვებები და ვცდილობ, არ მივუშვა. ბოლო პერიოდში კვერცხითა და გრეიპფურტით ვაკეთებ განტვირთვის დღეს და ყველა მწერდა: რა დიეტაოო.
– ბენდში სულ მამაკაცები გყავს და ალბათ, გიწევს ქალური კარპიზების გამოვლენა?
– არა. ქალური კაპრიზების გამოვლენის, პრანჭიაობის, მატრაკვეცობის დრო არ არის, მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
– როცა შენს პირად ცხოვრებაში რაღაც ხდება, ვინმეს უზიარებ?
– ვერ გეტყვი, რომ ჩემი სტატუსის ადამიანს პირად ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები აქვს ხოლმე. არ მაქვს ბობოქარი ცხოვრება, უფრო სტაბილურად მივდივართ. ძირითადად საქმეზე ვარ გადართული და ისეთი ამბებიც არ მაქვს, რომ ვინმეს დავურეკო: გამოდი, ვიჭორაოთ-მეთქი. შეყვარებულობის დროს, როგორც ყველა გოგოს, მეც მქონია ბობოქარი პერიოდები, მაგრამ როცა ამდენი ხანია, ოჯახურ ცხოვრებაში ხარ ჩართული, აღარ ხდება. თან, მიმაჩნია, რომ ოჯახური ამბები გარეთ არ უნდა გაიტანო, არ უნდა იჭორაო. ჯობია, გაანალიზო, ერთი-ორი დღე გავიდეს და თუ რამე სერიოზული არ არის, უკვე პრობლემადაც აღარ გეჩვენება.
– ოჯახში როცა რამე პრობლემაა, შენ და შენი მეუღლე თუ საუბრობთ ამაზე? ერთმანეთისგან შორს ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით?
– მე და კორახა? კი, როგორ არა. ჯგუფი გვაქვს შექმნილი და იქ სულ ვსაუბრობთ, ვწერთ ერთმანეთს, სულ კონტაქტზე ვართ. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან შორს რომ ვართ, არ არის კარგი, მაგრამ ტრაგედიად არ მივიჩნევ. არ ვართ ისე, რომ ეს სიშორე იგრძნობოდეს. მონაკოშიც რომ გვქონდა კონცერტი, იქაც იყო და ზოგადად, ჩართულია ჩემს ამბებში, თავისი რჩევები აქვს.
– „ცეკვავენ ვარსკვლავები“ შენთვის გამოწვევა იყო და ახლა, როგორც ვიცი, კიდევ ერთი გამოწვევისთვის ემზადები.
– „ცეკვები“ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბენდის ამბებს დაემთხვა და ბიჭები ცოტა აპროტესტებდნენ: რა არის, ამდენი რეპეტიციაო. ისე ვიღლებოდი, სტუდიაში მივლალასლადებოდი ხოლმე. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ახალ გამოწვევას, ვიწყებ რადიოგადაცემას, რომელიც ორ რადიოში გავა, ასევე, ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში და ჩემს „იუთუბ“ არხზე, სადაც ძალიან ბევრი „ფოლოვერი“ მყავს, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში. გადაცემას ერქმევა „სტუმრად ნიოსთან“. ჩემს სტუდიაში სპეციალურად ამ გადაცემისთვის ავაწყვეთ დეკორაციები. ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა, კარგი საღამოები ტარდებოდა ხოლმე და ამას უკვე მაყურებელს გავუზიარებ. ჩემი კოლეგები, ცნობილი ადამიანები მოვლენ სტუმრად. ვისაუბრებთ, ვიმღერებთ და ლამაზ საღამოებს გავაკეთებთ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მინდა, რომ დიდხანს გაგრძელდეს. მე ვიქნები წამყვანიც და დიასახლისიც. ცოტა ვნერვიულობ, ორი გადაცემა გავიდეს და ამოვისუნთქებ. როცა ვნერვიულობ, საერთოდ არ ვლაპარაკობ, ხმას არ ვიღებ და თუ მელაპარაკებიან, ნერვები მეშლება. ამ დროს არ უნდა დამელაპარაკო.