№7 რატომ არის თბილისის ზოგ ადგილას საშიში ცხოვრება და როდის აქტიურდება უცხოპლანეტელების ვიზიტი საქართველოში
ჩვენთან, დედამიწაზე, ხშირად მოდიან სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები, – ამბობს უფოლოგი ერეკლე შონია. მისივე თქმით, უცხოპლანეტელებს ეშინიათ, დედამიწის დაღუპვამ მათი პლანეტების განადგურებაც არ გამოიწვიოს, ამიტომ მუდმივად აკვირდებიან ადამიანთა ქმედებებს და ქცევებს.
ერეკლე შონია: ფაქტია, უცხო ცივილიზაციიდან გარკვეული წარმომადგენლები ჩამოდიან დედამიწაზე და აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს. თვითმხილველებს აღწერილი ჰყავთ ისინი და მათთან შეხვედრა. ერთი სიტყვით, არსებობენ უცხო ცივილიზაციები, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრება და დამკვიდრება უნდათ. ისინი ჩვენს გასანადგურებლად არ მოდიან, პირიქით გვეხმარებიან. ხოლო, რა დამოკიდებულებასაც გასცემენ ადამიანები მათ მიმართ, იმავეს იღებენ მათგან. გამანადგურებელ იარაღად უცხოპლანეტელები ჩვენთვის არ იქცევიან, უბრალოდ, ზოგი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან, გვასწავლის, გვარიგებს, კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავალს გვთავაზობს და ასე შემდეგ. თუმცა, შეიძლება, მათი ხშირი გამოჩენა უცხო ცივილიზაციისგან გაფრთხილებაც იყოს. უცხოპლანეტელებს ეშინიათ, დედამიწაზე მიმდინარე პროცესებმა მათი პლანეტების განადგურება არ გამოიწვიოს. როცა უხეშად ვერევით ბუნების კანონებში, ვერთვებით პოლიტიკურ ცხელ დებატებში და ამით დაძაბულ ფონს ვქმნით, მათგან ვიღებთ გაფრთხილებას, რაც ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოიხატება.
– გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მასობრივი ანომალიური ხანძრები იყო. ამბობდნენ კიდეც, ხანძრის კერა ტყის ისეთ მასივში წარმოიშვა, სადაც ადამიანი ვერ მოხვდებოდაო. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი უცხოპლანეტელების ვიზიტი და გაფრთხილება გახდა?
– დიახ, გასულ წელს საქართველოს საკმაოდ მასიური ხანძრებისა და წყალდიდობების კასკადი დაატყდა თავს. არ არის გამორიცხული, ეს უცხოპლანეტელების გაფრთხილება იყო, რადგან ხანძრამდე იქ მაცხოვრებლებმა რამდენიმე უცხოპლანეტელი შეამჩინეს ტყეში. აღწერეს კიდეც, მაღალი, კომბინეზონში ჩაცმული არსებები. ზოგადად, როცა ქვეყანაში დაძაბულობაა, უცხოპლანეტელების ვიზიტებიც იმ ადგილებში იმატებს, სადაც პროცესები დუღს. ადამიანებიც, ზოგი ორმეტრიან მაღალ არსებებს ხედავს, ზოგიც ხომალდებს, თან, ძალიან ახლოს. როცა ბორჯომიდან შემოვიდა შეტყობინება, მალევე გავიგე, რომ ხანძარიც გაჩნდა. არ დამავიწყდება, ერთი სასწაული შემთხვევა, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა, პატარა ბავშვი იწვა საწოლში. ირგვლივ ყველაფერი დაიწვა, ფერფლად იქცა, მაგრამ ბავშვის საწოლს ცეცხლი არ შეხებია. სხვათა შორის, როცა სახლს ცეცხლი მოეკიდა, ამ დროს ფანჯრის რაფაზე ჯვარი გამოისახა. ასევე, როცა კუმისის მოვლენებს ვიკვლევდით, თვითმხილველებმა გვიამბეს, ორი გაჩერებული ავტომანქანა მოულოდნელად როგორ აალდა და დაიწვა. ამის შემდეგ თვითმხილველებმა უცხო ცივილიზაციის ხომალდის დაჯდომის ადგილზეც მიგვითითეს. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის ეს იყო აქტიური ზონა. მივიყვანეთ იმ ადგილას ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია არამიწიერ არსებებთან ურთიერთობა და მან მიიღო ინფორმაცია, რომ დაიწყებოდა ხანძრები. გადასამოწმებლად ამ ადგილზე, სხვაც მივიყვანეთ და მანაც მსგავსი ინფორმაცია მიიღო. მაშინ, ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მივიჩნიეთ, თუმცა ზუსტად ხუთ თვეში ახდა და ანომალიური ხანძრები მართლაც გაჩნდა უკაცრიელ ადგილებში. გავიდა რამდენიმე თვე და ბორჯომიდან დაიწყო ხანძრების კასკადი, რომელიც მთელ საქართველოს მოედო. ხშირ შემთხვევაში ის ადგილები, სადაც ცეცხლი ჩნდებოდა, სრულიად მიუდგომელი იყო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც დადიოდა და აჩენდა ხანძარს. მანამდე კი ბორჯომის ტერიტორიაზე დამსვენებლებმა შეამჩნიეს არსებები, რომლებიც ადამიანებს არ ჰგავდნენ. ზოგი ამბობდა, რომ იყვნენ ორ მეტრზე მაღლები და სტაფილოსფერი, უცნაური კომბინეზონები ეცვათ. სხვათა შორის, თბილისის მახლობლადაც არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხშირად ფიქსირდებიან უცხოპლანეტელები. არამიწიერთა კვლევის დროს ეკოლოგიური საფრთხეები იზრდება და დიდი შანსია, ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეში სწორედ ისინი ერევიან. ერთი ადამიანი, რომელიც კონტაქტში შედიოდა მარსიანელებთან, ამბობდა, ერთ-ერთი კონტაქტის დამყარების დროს არამიწიერმა არსებებმა უთხრეს, დედამიწა მარტო თქვენ არ გეკუთვნით, მარტო თქვენი არ არისო. არჩევნების წინ, სოციალური დაძაბულობის დროსაც ხშირად ჩამოდიან დედამიწაზე. ასევე, თუ ომის წინაპირობა და საშიშროებაა, მაშინ აქტიურდებიან, საქართველო სხვადასხვა ძალების ყურადღების ქვეშ ექცევა.
– ამ ბოლო პერიოდში თუ დაფიქსირდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე? ამის შესახებ შემოდის თქვენთან შეტყობინებები?
– საკმაოდ ხშირი იყო მათი ვიზიტები დედამიწაზე 2016 წელს. არჩევნების დაძაბულობის კასკადმა, საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში გამოიწვია უცხოპლანეტელების ჩამოსვლა. ყველაზე მეტად ქვემო ქართლში ფიქსირდებოდა და ასობით შეტყობინება მოდიოდა – ვხედავთ „მოცხოველო“ არსებებს, უცნაურ საფრენ აპარატებსო. არჩევნების შემდეგ სიტუაცია ცოტა ჩაცხრა. ერთ სოფელში რომ მივედით, აღმოჩნდა, ბევრმა მოსახლემ დააფიქსირა სოფლის ცენტრში არამიწიერი არსებების გამოჩენა. ზოგიც ყვებოდა, ჩემს ეზოში რომ ჩაიარა, ელექტრომოწყობილობა დაზიანდა, სახლში შემოვიდა, რძე დალია და კედელზე მინიშნება დატოვაო. ზოგადად, სადაც მეტი გაღიზიანება, ჩხუბი და დაძაბულობაა, იმ ადგილებში ჩნდებიან. უცხოპლანეტელები იქ პრობლემას სწავლობენ და აკვირდებიან, ამასთან, მოსახლეობაში გამოჩენასაც არ ერიდებიან. ჩვენ, ადამიანები კოსმოსში ვუშვებთ გარკვეულ ენერგიას, რომელიც სხვა სამყაროში ჩანს. შარშანაც, მთელი წელი სხვადასხვა რეგიონიდან შემოდიოდა შეტყობინებები უცხოპლანეტელების გამოჩენასთან დაკავშირებით და ჩვენც იქ მივდიოდით. ადამიანები რომ გამოვკითხეთ, ბევრი იმასაც ამბობს: მათ შევხვდი, თვალებიდან შუქს ანათებდნენ და დროის შეგრძნება დავკარგეთო. ზოგიც ყვება: ავადმყოფობისგან განვიკურნე, ძალა და ენერგია მოგვემატაო.
– ერთხელ თქვით, თუ ადამიანი მათ მიმართ აგრესიულია, ისინიც აგრესიით პასუხობენო.
– ასეთი ფაქტიც იყო. თუმცა, მათ რაღაც ძალა აკავებთ. ერთ შემთხვევაში ასეთი ფაქტი იყო: როცა ღობესთან უცხო არსება შეამჩნიეს, ოჯახის უფროსმა მამაკაცმა ხმაურიანი ნივთი ისროლა მის მიმართ, ისიც გაბრაზდა, გადამოახტა სამმეტრიან ღობეს და ძაღლს კისერი მოტეხა. სამეგრელოში ოჯახი იარაღის სროლით გაეკიდა უცხო არსებას, მან ღმუილით გადაცურა ენგური, ღამით კი უკან მობრუნდა მათ ეზოში, ბოსელში შევიდა და ხბო შუაზე გადაჭრა. ყველა არ არის ჰუმანური და მოაზროვნე, ამიტომ უცხო არსებებთან სიფრთხილე სჯობს. თუ მათ დაინახავთ, მოერიდეთ და ნუ გამოიწვევთ აგრესიას. დაახლოებით 35 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები რომ დაიწყო, მაშინაც ქვემო ქართლიდან შემოვიდა შეტყობინებები, დაფიქსირდა პირველი შეხვედრები უცხოპლანეტელების ხომალდებთან და უცხო არსებებთან. როცა დღევანდელ თვითმხილველებს მაშინდელი ხომალდების ფოტოები ვაჩვენეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ერთში ემთხვეოდა. იმ აზრამდე მივდივართ, რომ საქართველო განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ზონაში მდებარეობს და ამ ძლიერი ენერგეტიკის ფონზე, უცხოპლანეტელებმა მოვლენები წინასწარ გაწერეს. და მეტიც, საქართველოში მიმდინარე მსგავსი პარანორმალური მოვლენების შესწავლით მსოფლიოს მომავალი მოვლენების პროგნოზირებაც კი შეიძლება. რეალურად, ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი შედის სხვა სამყაროს წარმომადგენლებთან კონტაქტში და მათზე დაკვირვებით, უამრავი რამის გარკევევაა შესაძლებელი. ამით მომავლის პროგნოზირებაც ხდება. კაცობრიობას და ჩვენს ქვეყანას მთელი რიგი გეოპოლიტიკური ცვლილებები ელოდება, თუმცა, კონკრეტულად რა – ჯერ ვერ ვამბობთ. ჩვენ კი ამ სამყაროსეული ცლილებებისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ დამავიწყდება, საქართველოში მოხდა ასეთი უნიკალური შემთხვევა: საგურამოში გოგონა ამტკიცებდა, უცხოპლანეტელთან მაქვს კონტაქტიო და ისიც გვითხრა, როდის და რომელ კონკრეტულ ადგილას დაჯდებოდა მათი ხომალდი. ჩვენც, მთელი ჯგუფი იქ დავბინავდით, რომ დაგვეფიქსირებინა და გადაგვეღო გადაფრენა. უცებ ჩამოწვა დიდი ღრუბელი და ძალიან აცივდა. ვეღარ გავძელით და წამოვედით. მეორე დღეს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, თვითმხილველები ყვებოდნენ: რაღაც უცნაური ხდება, დავინახეთ, როგორ გადაუფრინა სვეტიცხოველს უცნაურმა, ავტობუსის ფორმის ხომალდმა და საგურამოს ნაკრძალის თავზე, ცაში გაუჩინარდაო. მეორე დღესვე ავედით იქ და მთელი ტყის მასივი იყო განადგურებული, ხეები – დაწვენილი და უცნაური ჭვარტლი – მიფრქვეული. გამოვიკვლიეთ და მსგავს ჭვარტლს ჩვენი არცერთი საფრენი აპარატი არ გამოყოფს. ასევე, გახმაურებული ფაქტი იყო თვითმფრინავის რეისთან დაკავშირებით, როცა თბილისი-რიგის თვითმფრინავს ამოუცნობი ობიექტი შეხვდა, პილოტები დასხივდნენ და ორი პილოტი ძვლების უეცარი დაშლით გარდაიცვალა. ასე რომ, ნახევარ წელიწადში უცხო ხომალდთან შეხვედრას ორი ქართველი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო, ბორტგამცილებელი, რომელმაც ეს დაინახა და უკან, სალონში შებრუნდა, დღესაც ცოცხალია. ბევრი ადგილია საქართველოში, კონკრეტულად, თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, სადაც ადამიანის ხანგრძლივად ყოფნა არ შეიძლება, რადგან იქ ანომალიური მოვლენები ხდება და ძლიერი გამოსხივებაა. უცხოპლანეტელები ამ ტერიტორიებს არამიწიერი ხომალდების დასაფრენად იყენებენ.