№7 როდის ეტკინა ქმართან განშორება ნანა ნებიერიძეს და რის გამო არ გათხოვდა ის მეორედ
ნანა ნებიერიძე ევროპის ჩემპიონია წყალში ხტომაში, აქვს საკუთარი ბიზნესი და თავს ისე უვლის, რომ წლები ვერაფერს აკლებს. მიუხედავად იმისა, რომ მის გვრდით დასაყრდენი მამაკაცი არ დგას, წარმატებებს მიაღწია. რის გამო არ გათხოვდა ის, რა ბიზნესის წამოწყებას აპირებს ქუთაისში და რა აუკრძალა ოჯახის წევრებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნანა ნებიერიძე: ვცდილობ, წარსულში იშვიათად შევიჭყიტო. წარსულში „ქექვა“ არ მიყვარს. იცით, როდის ვიყურები უკან? როცა არ მინდა, მომავალში იგივე შეცდომა დავუშვა.
– არის ისეთი შეცდომა, რაც წლების წინ დაუშვი, არ გინდა გახსენება და ახლაც ნანობ?
– რასაკვირველია, ჩემს განვლილ ცხოვრებაში არის ისეთი შეცდომები, რასაც ვნანობ. მაგრამ ისინი ჩემი მინუსი კი არა, პლუსია, რადგან უკვე გავაანალიზე, რაც მოხდა, რის გამოც და ამ შეცდომებზე ცხოვრება ვისწავლე. ნამდვილად არ მრცხვენია, როცა ერთი თვალით წარსულში ვიხედები, ეს მიმანიშნებს, როგორ ვიარო მომავლისკენ. უბრალოდ, იმას ვნანობ, რომ მეორე შვილი არ გავაჩინე. ძალიან მინდოდა, მყოლოდა და ალბათ, ესეც ღმერთის ნება იყო, რომ დღეს მყავს ერთი არაჩვეულებრივი შვილი – ნინა და უსაყვარლესი შვილიშვილი – ალექსანდრე. და, კიდევ, წლები რომ მემატება, სიბერის მეშინია... უფრო სწორად კი არ მეშინია, ჩემი თავი მენანება (იცინის). სულ ვეკითხები საკუთარ თავს: ნეტავ, ვინ უფრო მაგარი გამოდგება ბრძოლაში, მე თუ სიბერე-მეთქი და ჯერჯერობით, მგონი, მე ვჯობნი (იცინის).
– ყოველთვის ერიდები და არასოდეს საუბრობ ყოფილ მეუღლეზე. რამდენი წელია, რაც ნინას მამას დაშორდი, თუ გაქვს შეხება და ურთიერთობა მასთან?
– დაოჯახებული ოფიციალურად ერთხელ ვიყავი, მალევე გავშორდი და ოცი წელია, ჩემი ყოფილი ქმარი არ მინახავს. ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში აქამდე არ ყოფილა და ახლა ჩამოვიდა. დრამატული იყო ნინას მამასთან შეხვედრა. საღამოებს ხშირად ატარებენ ერთად. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მიშკასთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ნინა მამით აღფთოვანებულია. მას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. ჯერ არ მინახავს პირადად და იმედია, მალე ვნახავ, თუმცა როგორი ემოციური იქნება ჩვენი შეხვედრა, არ ვიცი. წარმოიდგინეთ, ბიჭი წავიდა და ახლა უკვე კაცია, მე კი, ისევ გოგოდ დავრჩი (იცინის). ტოლები ვართ და 18 წლის ასაკში დავოჯახდით. ერთი შეხვედრით დაიბადა სიყვარული, გრძნობა და ოჯახი შევქმენით. გაგანდობთ და ხშირად მიფიქრია, რომ შევხვდები, რა ჩავიცვა, როგორ შევხედო, ნეტავ, რა ემოცია მექნება-მეთქი. მინდა, მას ვაჩვენო, მის შვილს ყველაზე ძლიერი დედა რომ ჰყავს და შვილიშვილს – ლამაზი ბებია (იცინის). წლების მერე შეხვედრისას ჩემს ყოფილ მამაკაცს მე ჩემს სიძლიერეს ვაჩვენებ. მე და მიშკა ერთად ცოტა ხანი ვიყავით, მაგრამ ამ ქორწინებას არ ვნანობ. ბოლოს და ბოლოს ნინა და ალექსანდრე მყავს. სხვათა შორის, ნინა 5 წლის იყო, როცა მამამისი ამერიკაში წავიდა. 16 წლის რომ გახდა, ვუყიდე ბილეთი და მასთან, ამერიკაში მარტო გავუშვი. რომ ჩავიდა და დამირეკა, მითხრა: დედა, იცი, რა მაგარი მამა მყავსო? სიმართლე გითხრათ, იმ წუთას, ცოტა შემშურდა, ცოტა მეტკინა... მგონი, ნორმალური რეაქციაა. იმის მერე, მამა აღარც უნახავს და ახლა ნახა. ყოველთვის მინდოდა, მამასთან კონტაქტი ჰქონოდა. ნინა არაფერ შუაშია, ჩვენ რომ დავცილდით და ჩვენ-ჩვენი ცხოვრების გზა ვიპოვეთ. არ ვნანობ, რომ დავშორდით, არავინ იცის, რა მოხდებოდა, ერთად რომ ვყოფილიყავით. ურთიერთობაში ადვილი ადამიანი ვარ და ჩემთან კონტაქტი რომ მოენდომებინა, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი, თუნდაც ნინას გამო. თუმცა, ასე არ მოხდა. მიშკას რომ ხვდება, ნინას სულ ვეკითხები: რა ქენით? მომიყევი, სად იყავით-მეთქი. მაინტერესებდა, ამერიკაში ბიჭი რომ წავიდა და საქართველოში ბაბუა დაბრუნდა, რა რეაქცია ჰქონდა შვილიშვილის ნახვისას. ალექსანდრე გოგოს მეძახის, დამირეკა და მითხრა: მიშკა ვნახე, შენი მამა და ჩემი ბაბუაო (იცინის). ვერ მიხვდა სიტუაციას, გაუგებრობაშია და დიდხანს ვუხსნიდი, რომ მიშკა მისი ბაბუაა და არა ჩემი მამა.
– ამბობენ, ქალი რომ წარმატებული, ბედნიერი და შემდგარი იყოს, მის გვერდით საყვარელი, ძლიერი, დასაყრდენი მამაკაცი აუცილებელიაო. ქმართან გაშორების შემდეგ, დაოჯახებაზე აღარ გიფიქრია?
– ნებისმიერ ქალს, აუცილებლად სჭირდება გვერდით საყვარელი მამაკაცი. ზოგს მამაკაცისგან ფული სჭირდება, ზოგს – დაყრდნობა, ზოგს – სითბო... მე მამაკაცისგან, პირველ რიგში, ყურადღება მჭირდება. იმის გამო ვერ ვიქნები კაცთან, რომ ფული აქვს. ჩემ გვერდით უნდა იყოს განათლებული მამაკაცი, რომელსაც ექნება იუმორის გრძნობა, რომ ამით რთული ცხოვრება გამიმარტივოს და ისეთი, რომელსაც მოვუსმენ. მიყვარს, როცა საყვარელ მამაკაცს კი არ ველაპარაკები, არამედ ვუსმენ. ჯერ, ასეთი მამაკაცი არ გამოჩენილა. თუ გამოჩნდა, დავფიქრდები ოჯახის შექმნაზე – რატომაც არა?! დიდი სიამოვნებით. რაც ქმარს გავშორდი, ამ ოცი წლის განმავლობაში, არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც გამაბედნიერებდა, თან შვილზე ვიყავი გადართული. მე ოპტიმისტი ვარ და იმედია, გამოჩნდება და გამაბედნიერებს (იცინის). მამაკაცი ფულით და საჩუქრით ვერ გამაკვირვებს, ვერ მომისყიდის და მომხიბლავს. პირველივე წუთიდან ვხვდები, რა უნდა და თუ ჩემთვის მისაღები არ არის, ყველაფერი ერთ წუთში მთავრდება. როგორც კი მამაკაცისგან ამას ვგრძნობ, ეგრევე, წამში „ვბლოკავ“. ასე რომ, მამაკაცების „დაბლოკვა“, როგორც ლაივში, ისე სოციალურ ქსელში ხშირად მიწევს (იცინის). სხვათა შორის, ნინას მამა არის ის, ვინც, ჩემს ცხოვრებაში, როგორც მამაკაცმა, წარუშლელი კვალი დატოვა. ის იყო ჩემი პირველი სიყვარული და პირველი მამაკაცი. ცხოვრება ურთულესია და ბევრჯერ დამიგო მახე. თუმცა, არის მომენტები, როცა თვალებს ვხუჭავ, „ვატარებ“, ვჩუმდები და ის პრობლემები და სირთულეებიც, რაც ცხოვრებაში მხვდება, მიადვილდება.
– სასწაულად გამოიყურები. ძნელია, დაიჯეროს ადამიანმა, რომ შვილიშვილი გყავს. როცა თაყვანისმცემელი მამაკაცები იგებენ, რომ ბებია ხარ, რა რეაქციები აქვთ?
– რომ იგებენ, ბებია ვარ, სასაცილო რეაქციები აქვთ. როცა მამაკაცს ჩემთან კონტაქტში შემოსვლა უნდა, პირველი, რასაც ვეუბნები, ესაა – ბებია ვარ! ზოგი ამის მერე იკარგება, ზოგი მეუბნება – უი, როგორ მიყვარს ბებიებიო (იცინის).
– გავიგე, ქუთაისში ბიზნესს იწყებ. მართალია?
– თბილისში მაქვს სტუდია, სადაც ორი მიმართულებაა – 1 წლიდან ბავშვებისთვის ტანვარჯიში მშობლებთნ ერთად და ცურვა 9 თვიდან, ასევე, მშობლებთან ერთად. ახლა კი, იგივე ცენტრის გახსნას ქუთაისში ვგეგმავ. გავიცანი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ლალი აბაშიძე, „მერმისის“ კერძო სკოლის დირექტორი და იქვეა, საცურაო აუზი „ცისფერი ლაგუნა“. ქალბატონ ლალისთან ერთად, სწორედ, იქ ვაპირებ ევროპული სტანდარტის ცენტრის გახსნას. ყველა მეღადავება: წყალს ხომ ჩაუსხამ ქუთაისელ ბავშვებსო (იცინის). რომ მეკითხებიან, წლები გემატება და ისევ კარგ ფორმაში ხარ, რა არის ამის საფუძველი და საიდუმლოო, ვპასუხობ, რომ ბავშვობიდან დღემდე ჯანსაღი ცხოვერების წესით ვცხოვრობ. იმისთვის, რომ თვალები გიბრწყინავდეს, მხოლოდ მამაკაცი არ არის საჭირო. ამის მიზეზი შეიძლება, საყვარელ საქმეში, მეგობრებში, ოჯახში ნახო. თუ პოზიტიური განწყობა გაქვს, ეს შენს გარეგნობაზეც აისახება. ჩემს სახლში კი ნეგატიურზე და პრობლემებზე საუბარი, ავკრძალე.