№7 როგორ დაატყდათ 10-წლიანი მეგობრობის შემდეგ სიყვარული მარიამ ვაშაძესა და მის მეუღლეს და რა ოცნებებს იხდენენ ისინი ერთად
საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის ულამაზესი სახე, ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე საკმაოდ იღბლიანი ადამიანია, რადგან ბავშვობის ყველა ოცნება აუხდა, მიზანსაც მიაღწია და დღეს, საყვარელ მეუღლესთან, ვანიკო ბენიძესთან ერთად, იდილიაში ცხოვრობს. მართალია, ბევრს ჰგონია, წარმატებაში მას გარეგნობა დაეხმარა, თუმცა, თავად ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობდა, შრომით, მიზანდასახულობითა და ცოდნით ის ნაბიჯები გადაედგა, რომლითაც დღემდე მოვიდა და უცნობ ადამიანებსაც კი, თავი შეაყვარა.
მარიამ ვაშაძე: ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი. მოვირგებდი დედისა და ბებოს ტანსაცმელ-ფეხსაცმელს, დავდგებოდი სარკესთან და ვიპრანჭებოდი, ხან რომელ როლში ვიყავი და ხან რომელში (იცინის).
– ეს ოცნება რატომ არ აიხდინე და მსახიობი არ გამოხვედი?
– ეს ოცნება, ნაწილობრივ ავისრულე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ბევრი მსახიობი მეგობარიც გავიჩნე. ახლა ეკრანზე ვჩანვარ და მიმაჩნია, რომ ამ სურვილის რეალიზება, ასე თუ ისე, მოხდა. ასე რომ, ბავშვობის ოცნებები ამიხდა და ამით იღბლიანი ადამიანი ავღმოვჩნდი. არ მახსენდება მომენტი, რამე მომენდომებინა და არ გამომსვლოდა. ამაში, მიზანდასახულობაც მშველის და გამიმართლა კიდეც. ბედის უმადური ვერ ვიქნები. რა თქმა უნდა, ჩემს წარმატებაში ჩემმა ოჯახმაც შემიწყო ხელი და თავისი წვლილი შეიტანა.
– როგორ ფიქრობ, ამ წარმატებების მიღწევაში შენმა გარეგნობამ რა როლი ითამაშა?
– ჩემს წარმატებაში გარკვეული როლი, რასაკვირველია, ჩემმა გარეგნობამაც ითამაშა და ამას ვერ უარვყოფ. თუმცა, ეს ერთადერთი არ ყოფილა და ვერ ვიტყვი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, მხოლოდ სილამაზის დამსახურებაა-მეთქი. მიყვარდა სწავლა და ვცდილობდი, ის განათლება მიმეღო, რაც მომავალში ჩემს წარმატებაზე იმოქმედებდა, ამ დროს ჩემს გარეგნობაზე არ ვფიქრობდი.
– ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდი?
– თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ითონიშვილი გახლდათ. მაშინ 19 წლის ვიყავი. „პირველ არხზე“ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და წამყვანების ქასთინგი გამოცხადდა. ქალბატონმა მანანამ რამდენიმე სტუდენტი აგვარჩია და სინჯებზე წაგვიყვანა. მოკლედ, გავიარე ქასთინგი, დამტოვეს და უკვე ათი წელია, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წამყვანად ვმუშაობ. არ დამავიწყდება, პირდაპირ ეთერში პირველად რომ
დავჯექი, ძალიან ვნერვიულობდი. დღემდე მახსოვს, რა ნიუსი წავიკითხე (იცინის). გაცნობიერებული მქონდა, რამდენი ადამიანის ოჯახში უნდა შევსულიყავი და მათთვის დღის ამბები მომეყოლა. ასე რომ, ათი წელია, თითოეული მაყურებლის სტუმარი ვარ და ათასობით ადამიანის ოჯახის წევრად ვითვლები (იცინის). ვცდილობ, მაყურებელს თავი მოვაწონო, რომ დიდხანს მიყურონ და კმაყოფილი დარჩნენ. უდიდესი სიამოვნებაა, როცა პირადად არ გიცნობენ, მაგრამ უამრავი ადამიანის სიყვარულს გრძნობ. ბევრჯერ ტაქსის მძღოლს მგზავრობის ფული არ გამოურთმევია, მაღაზიაში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს მთავაზობენ, ქუჩაშიც ხშირად გამიგია – ნახეთ ვინ მოდის, რეალურ ცხოვრებაში, უფრო ახალგაზრდა ყოფილაო (იცინის).
– ფაქტობრივად, დღის მთელ დროს ტელევიზიაში ატარებ. სამსახურის საქმეებს, ოჯახურ ცხოვრებას როგორ უთავსებ?
– ზოგადად, დღის ეთერებზე ვარ, თუმცა გვიანობამდე მიწევს ხოლმე სამსახურში ყოფნა. რასაკვირველია, რთულია, სახლში დაღლილი რომ მივდივარ,
მაგრამ ჩემი მეუღლეც დაკავებულია და ფაქტობრივად, ამით ვაბალანსებ სახლში არყოფნას (იცინის). მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, დამხმარე ქალი კი მყავს, მაგრამ სახლის საქმეებს მეც ვაკეთებ. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი ხელი მაქვს და კარგი კერძები გამომდის. თავადაც გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელად დანაყრება, თუმცა წონაში იშვიათად ვიმატებ. თუ ორი კილო მოვიმატე, გვიან ჭამას ვზღუდავ – ჩემს თავს ვუკრძალავ და ეგრევე, ფორმაში ვდგები. მოკლედ, ვიცი, როდის შევჩერდე და ამ მხრივ, მეხერხება საკუთარი თავის კონტროლი (იცინის).
– მეუღლე რამდენად განებივრებს?
– გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ვანიკო მანებივრებს და ყველაფერში მიწყობს ხელს, არც სიურპრიზებს მაკლებს. მის გვერდით ყოველი დილა ბედნიერად თენდება. ხშირად მახარებს საჩუქრებით. არ დამავიწყდება ის დღე, როცა ხელი მთხოვა. ეს შარშან, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მოხდა. იცის, რომ არ მიყვარს სახალხოდ ხელის თხოვნები, თუმცა სხვას რომ ვუყურებ, მომწონს. მოკლედ, არ ველოდებოდი ხელის თხოვნას, უბრალოდ, საღამოს
გამომიარა და ჩაიზე დამპატიჟა ერთ-ერთ მშვიდ კაფეში. მომაწოდა თაიგული, რომელზეც ბარათი იყო დამაგრებული და რომ გავხსენი ეწერა: „გამომყვები ცოლად?“ და ნიშნობის ბეჭედიც მომცა. ასე რომ 14 თებერვალი, ის დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ის მხოლოდ ვალენტინობა და სიყვარულის დღე არ არის, ვანიკომ მას ჩვენთვის სხვა დატვირთვა მისცა. ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს და მას შემდეგ ვმეგობრობდით. ვანო დიდხანს არ იყო საქართველოში, საფრანგეთში სწავლობდა, მერე – ამერიკაში და ჩვენი მეგობრობა მხოლოდ მიმოწერით გრძელდებოდა, იშვიათად ვხვდებოდით.
– როდის მიხვდი, რომ ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა?
– შარშანწინ, ზაფხულში მეგობრები შევიკრიბეთ და სწორედ იქ მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვისაც ბედს დავუკავშირებდი. მოკლედ, ათწლიანი მეგობრობის მერე, მოულოდნელად „დაგვატყდა“ თავს სიყვარული და სულ ვამბობ, ალბათ, ბედის ამბავია-მეთქი (იცინის). ქორწილის მერე, თაფლობის ათი დღე კი მალდივებზე გავატარეთ, სიმშვიდესა და სილამაზეში, ნამდვილ „სამოთხეში“. ვანიკო არის ის ადამიანი, ვისაც თავს დავადებ, დავეყრდნობი და ვენდობი. მის გარეშე, ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია. ვთქვი, ბედნიერი ვარ, ოცნებები ამიხდა-მეთქი, მაგრამ ახლა, მე და ვანიკოს საერთო ოცნებები გვაქვს და მინდა, ეს ერთობლივი ოცნებებიც მალე ამიხდეს.
– როცა მამაკაცები თვალს გაყოლებენ ან სოციალურ ქსელში ფოტოზე კომენტარს გიწერენ, ვანიკოს რა რეაქცია აქვს?
– ისე არ მაცვია და არც ისეთ ფოტოებს ვდებ სოციალურ ქსელში, რომ მამაკაცების განსაკუთრებული ყურადღება მივიპყრო. ზოგადად, ვთვლი, რომ არ აქვს საეჭვიანო. სულ ვამბობდი, ვერ ვიქნები ისეთი ადამიანის მეუღლე, რომელიც ავადმყოფურად, უმიზეზოდ ეჭვიანი იქნება-მეთქი. ამ მხრივ, გამიმართლა, თორემ, ზომიერად ეჭვიანი და ეგოისტები ყველანი ვართ, ქალებიც და მამაკაცებიც. თუმცა, ეჭვიანობაც და ეგოისტობაც ზომიერების ფარგლებში და ადეკვატური უნდა იყოს.