კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როდის უწევდა გოგონების გიჟური საქციელების მოგერიება რეზო ჩხიკვიშვილს და რამ შეცვალა მისი ცხოვრება

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: რეზო.
გვარი:  ჩხიკვიშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან.
– ძალიან აქტიური და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. დღესაც მახსოვს ჩემი ბავშვობის მუდმივი გამოთქმა: „წავიდეთ ფათერაკების საძებნელად“. ამას ვეუბნებოდი ეზოს ძმაკაცებს, ამიტომ სახლში ხშირად ხან თავგატეხილი ამოვდიოდი, ხან ფეხებდაკაწრული. ერთხელ მეზობელმა გულწასულიც კი მიპოვა სადარბაზოში, რადგან სადარბაზოს რკინაზე ჩამოკიდებული ჩამოვვარდნილვარ და თავი ისე დამირტყამს, რომ გონება დამიკარგავს.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
– ალბათ, ეს მარცვალი ჩემში გაუცნობიერებლად იდო ღრმა ბავშვობიდან. იყო ჩემში რაღაც უნარები, რომლებიც სულ მაიძულებდა ლექსები მეთქვა, მემღერა, გამემხიარულებინა ჩემი ტოლებიც და უფროსებიც და ეს ყველაფერი მაღალ კლასებში უფრო განვითარდა. ჩამოყალიბდა ის აზრი, რომ მე სიმღერისა და სცენის გარეშე არ მსიამოვნებდა ყოფნა. ხშირად მეუბნებოდნენ ჩემი კლასელები: რეზო, შენ ნამდვილი მსახიობი ხარ, თან, მას შემდეგ, მთელი კლასი რომ იგუდებოდა სიცილით, როცა მასწავლებელი დაფასთან გამიყვანდა და ყველაფერს ვყვებოდი, გარდა გაკვეთილისა, ანუ ვცდილობდი, დრო გამეყვანა, მერე ზარიც მომისწრებდა და ვითომ ნაღვლიანი ვეუბნებოდი მასწავლებელს: მასწ, შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად გამომიძახეთ რა. ასეთი გაკვეთილი ბევრი იყო.
– პროფესიული ჩვევა თუ გაქვთ?
– ნამდვილად მაქვს. მიყვარს ტექსტების გადამეორება. ყოველთვის ვიმეორებ სპექტაკლის ტექსტებს. ამ დროს მავიწყდება ხოლმე, რომ ქუჩაში სხვები ამაზე რეაგირებას ახდენენ, ანუ მიყურებენ და ფიქრობენ, ვის ველაპარაკები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეტროთი მგზავრობის დროს ისე ვიყავი ჩემს ტექსტებში ჩართული, რომ რამდენჯერმე ჩემი თეატრის გაჩერების ნაცვლად, სხვაზე ჩამოვსულვარ.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს ბილწსიტყვაობით გაჟღენთილი დღევანდელი ქართული მეტყველება, რომელიც არც ტელევიზიებს აკლია, არც კინოს და არც თეატრებს. აგრეთვე, მაღიზიანებენ მსახიობები, რომელთაც ცუდი მეტყველება აქვთ და არ ცდილობენ ამ შეცდომის, ამ ხარვეზის გამოსწორებას, გინდ ქართველი მსახიობი იყოს და გინდ – გერმანელი.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია სიბერის, პასიურობის. რომ ერთ დღეს ვეღარ ვიქნები ისეთი აქტიური, როგორიც ვარ, რომ ისე ცხოვრება, რომელიც მაქვს და სიამოვნებას მანიჭებს, აღარ შემეძლება და რა თქმა უნდა, ყოველთვის მეშინია ახლობელი ადამიანების დაკარგვის და მინდა, რომ ყველა, ყველა დიდხანს, ჯანმრთელად და კარგად იყოს.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ცხოვრებაში იმდენნაირი სიტუაცია არსებობს, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. თუ კაცთმოყვარე ხარ, არცერთი შეცდომა არ არის მიუტევებელი. რა თქმა უნდა, ღალატს ვერ აიტან, მაგრამ უნდა მიუტევო. მე შეიძლება, ადამიანს ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ აღარ ვიმეგობრო  – საკუთარ გულს ვერ უბრძანებ.
– სიზმრების გჯერათ?
– ადამიანი სიზმარს არ უნდა აჰყვეს, მაგრამ არის სიზმარი, რომელიც მართლა გკარნახობს რაღაცას, ან რაღაცას მიგანიშნებს. რამდენჯერმე დამსიზმრებია, რომ ჩემი ახლობელი შველას მთხოვდა, მეორე დღეს ვრეკავ მასთან და მას ჩემგან მართლაც დახმარება სჭირდება.
– როდის ყვირით?
– რა თქმა უნდა, თუ ვინმე ჩემს ღირსებას შელახავს, ან ჩემ მიმართ არაკორექტულია, შეიძლება, მას ხმამაღლაც მივმართო. საერთოდ ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ნერვები მღალატობს და როდესაც სტრესი დამიგროვდება, შეიძლება, სახლში მეუღლეს უმიზეზოდაც ვუყვირო.
– დღეს რომ პროფესიას ირჩევდეთ...
– მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ამ პროფესიაში არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად და წარმატებულად ვცხოვრობდი, ჩემს პროფესიაში პაუზები არ მქონია, თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ალბათ, არჩევანზე დავფიქრდებოდი, რადგან ამ საქმეში მოღვაწეობა ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს – ან გაგიმართლებს, ან – არა.
– სიყვარული ეს არის...
– ადამიანის მუდმივი და ყველაზე მყარი გრძნობა, ურომლისოდაც საერთოდ აზრი არ აქვს დაბადებას და ცხოვრებას. როცა გათენება გიხარია, ლამაზად გატარებული დროის შეგრძნება გიხარია. არის სისავსის განცდა, შეგრძნება იმისა, რომ შენზე მუდამ ვიღაც ფიქრობს, რომ შენ მარტო არ ხარ. სიყვარული, ეს არის ულამაზესი და დახვეწილი ურთიერთობა. უსიყვარულოდ ადამიანი ხელმოცარულია.
– სიყვარულს წესები აქვს?
– ნათქვამია, სიყვარულს საზღვარი არ აქვსო, მაგრამ რომ შეინარჩუნო, დიდი შრომა და ზრუნვა სჭირდება.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვის როგორ ესმის. ალბათ, ვნება სხვაა. ვნება შეიძლება იყოს წუთიერი ანთება, წამიერი. სიყვარული კი – მთელი ცხოვრება. მე კი მომხრე ვარ ორივესი ერთად, ანუ ვნებიანი სიყვარულის.
– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ქალის გამო ჩაგიდენიათ?
– იმ პერიოდში მართლა არ მომეცა სიგიჟის ჩადენის საშუალება, არ დამცალდა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ყურადღების ცენტრში გავატარე და გოგონების მხრიდან მიწევდა გიჟური საქციელების მოგერიება.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– ბოროტებას ბოროტებით ვერ ალაგმავ, ანუ ვერასდროს დავამარცხებთ. პირიქით, მრავლდება. ისევ სიკეთით შეიძლება. ბოროტების წამალი მხოლოდ სიკეთეა.
– რისკიანი ხართ?
– რისკიანი არ ვარ. არ მიყვარს უაზრო რისკები. ძალიან ფრთხილი ვარ და რისკზე მეტად ასჯერ გაზომვა მიყვარს.
– როდის ტირით?
– ცრემლები მადგება, როდესაც ყველავფერს გულიდან ამოსულს და ძალიან წრფელ სპექტაკლს, კინოს თუ მუსიკას ვუყურებ და ვუსმენ. ვგიჟდები გულწრფელობაზე და ნამდვილ გრძნობებზე – ქედს ვიხრი ყველა ნიჭიერი ადამიანის წინაშე, ვისაც შეუძლია ეს გრძნობები მაყურებლამდე მიიტანოს.
скачать dle 11.3