კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ვინ მოუყვანეს ცოლად მცირეწლოვან ბაგრატ მეოთხეს და სად გაიმართა ქორწილი

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

 1027 წელს გარდაიცვალა დამპყრობლების დაუძინებელი მტერი, დიდი მეომარი, მეფე გიორგი პირველი, რომელზეც მემატიანეს უწერია, ბიზანტიის იმპერატორი ბასილი გააქციაო. ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ბაგრატ მეოთხე. ის 7-9 წლის თუ იქნებოდა მაშინ. ბრძოლა გაგრძელდა. ბიზანტიას სურდა ქართული და სომხური მიწების სრული ოკუპაცია და ანექსია.
ბიზანტიელებს მიემხრო მოღალატე არისტოკრატიის ნაწილი, ვაჩე კარიჭის-ძე, ეპისკოპოსი იოანე ბანელი და სხვები. მაგრამ, მამულიშვილები ყოველთვის ჰყავდა ჩვენს სამშობლოს. ტბეთის ეპისკოპოსი საბა და ანჩის ეპისკოპოსი ეზრა სათავეში ჩაუდგნენ წინააღმდეგობის მოძრაობას და ქართველებმა მტერი შეაჩერეს. ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე მერვემ ვერ შეძლო ამიერ ტაოსა და კლარჯეთის დაკავება. შემდეგ ბიზანტიელებმა საქართველოში ჯარით გამოაგზავნეს ბაგრატიონი დემეტრე და მისი ტახტზე აყვანა სცადეს ბაგრატ მეოთხის ნაცვლად. დემეტრე მათი ერთგული ვასალი იქნებოდა, მაგრამ ამ გეგმასაც არ ეწერა განხორციელება.
1028 წელს კონსტანტინე მერვე მოკვდა. მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. ქალის იმპერატორობა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ, ბიზანტიის კეისრების ტახტზე ავიდა კონსტანტინეს სიძე რომანოზ მესამე, რომელსაც თანამმართველად ჰყავდა ცოლი, კონსტანტინე კეისრის ასული ზოია.
ქართველების თავდადებული ბრძოლის გამო ბიზანტიამ უკან დაიხია და ფაქტობრივად, უარი თქვა თავის გეგმებზე, დროებით მაინც. ბაგრატ მეოთხის დედა, სომეხთა ერთ-ერთი ყოფილი მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული, მარიამი, ნიჭიერი ადამიანი იყო. იგი გაემგზავრა ბიზანტიაში და საიმპერატორო კარზე მოლაპარაკება გამართა. დედოფალმა მარიამმა მოახერხა და ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართველოს შორის. ზავის საფუძველი იქნებოდა ბიზანტიის საიმპერატორო და საქართველოს სამეფო ოჯახების დანათესავება. გამოემგზავრა მარიამ დედოფალი საქართველოსკენ და თან წამოიყვანა სარძლო, ბერძენი პრინცესა, რომანოზ კეისრის ძმის, ბასილის შვილი, ელენე.
ქორწილი მალე გაიმართა. 1030 წელს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხემ იქორწინა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ მესამის ძმისშვილზე – ელენეზე.
ქორწილი ბანაში გადაიხადეს. იქ მიიწვიეს მაყრიონი. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიწაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა სანაპიროზე დღესაც ჩანს ბანას დიდებული ტაძრის ნანგრევი. მეთერთმეტე საუკუნის პირველ მესამედში მოღვაწე ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის თხზულების, „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთას“ მიხედვით, ბანას ტაძარი მეცხრე-მეათე საუკუნეებში ეპისკოპოს კვირიკე ბანელს ადარნასე მეორის ბრძანებით აუშენებია. კვირიკე ბანას პირველი ეპისკოპოსი გახდა. სხვა ვარაუდით, ბანა მეშვიდე საუკუნის ნაგებობაა. „ადარნასე, ალბათ, ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყოო“, – ვარაუდობდა გიორგი ჩუბინაშვილი. შეიძლება, ეს ვარაუდი უფრო სწორი იყოს.
მეთერთმეტე საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი წლებისთვის ბაგრატიონები იდეოლოგიურად ძალიან მომძლავრებულნი იყვნენ. საქართველოში, ალბათ, აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ქრისტეს ნათესავების შთამომავლები იყვნენ. ამ საკითხს ეძღვნება კიდეც სუმბატ დავითის ძის თხზულება. ბანა (ბანაკი) ოლთის-ტაოს და მთელს გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი გახლდათ. ბანას ტაძრის გარშემო იდგა მეფის, მღვდელმთავრისა და სხვა დიდებულების სასახლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები, ვაჭრების, უბრალო ადამიანების სახლები. აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები. ბანადან მთელი სამხრეთ-დასავლეთ ქართული მიწების პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებისათვის – ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდეასი.
 მონუმენტური ტაძარი ბანა, ქალაქისა და მთელი კუთხის მშვენება იყო. ის სამსართულიანი შენობა ყოფილა, შიგნიდან ერთიანი. მისი სიმაღლე 32 მეტრი უნდა ყოფილიყო (დაახლოებით თანამედროვე 10-11 სართულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი (ასეთი ტაძრები მეშვიდე საუკუნის მერე აღარ შენდებოდაო, ამბობდა გიორგი ჩუბინიშვილი), ცილინდრული გუმბათის ყელით. გარშემოწერულობა 40 მეტრზე მეტი.
ბანას ტაძარი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც გარედან – შორიდანაც და ახლოდანაც, ისე შიგნიდან. როგორც მონუმენტურობით, ისე გაფორმებით. შთაბეჭდილებას ამძაფრებდა გარშემო ულამაზესი ფერადი მთები და ალბათ, ქალაქის ციხე-კოშკები და სასახლეები.
ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულებისა და სიძლიერის შესახებ. ბაგრატიონები და ქართველები აცხადებდნენ: როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით, ისე არქიტექტურითაც, მათი სამეფო არც ერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებოდა. ბაგრატიონები არ აპირებდნენ, საბოლოოდ უარი ეთქვათ ბიზანტიის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე.
ბაგრატიონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილის ჩატარება ბანაში. ეს სიჩქარის გამო არ მოხდებოდა. ბანაში ქორწილით ქართველი პოლიტიკოსები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა, რომ აქ ტარდება მცირეწლოვანი მეფის, მაგრამ, პერსპექტიული ქვეყნის სუზერენის ქორწილი. საერთოდ, დინასტიური ქორწილები თანაბარუფლებიან ქორწილებად ითვლებოდა და ქართველები ამ ამბავს ხაზს უსვამდნენ. აქცენტი კეთდებოდა იმაზეც, რომ ეს ტერიტორია საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიამ ვერ წაართვა და რომ ბიზანტია ამას შეეგუა. მართალია, ბანა არ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მაშინ ქუთათისი გახლდათ, მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, მეტი პომპეზურობისათვის, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში, ბაგრატ მეოთხის პაპის, ბაგრატ მესამის მიერ, მაგრამ ბანას სტუმრად მოწვეული ბერძენი დიდებულებისათვის, პრინცესას მაყრიონისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია სხვა პოლიტიკურ ცენტრებს არ ჩამოუვარდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: „ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლითო“.
ბანაში გამართული ქორწილი იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო, რომ ის მხატვრულად აღწერეს ოშკის დიდებული ტაძრის კედელზე, ფრესკაზე. ფრესკაზე დღესაც ჩანს ტაძრის გამოსახულება და მაყრიონი.
სამწუხაროდ, ბაგრატ მეოთხის პირველი ცოლი, დედოფალი ელენე ძალიან მალე გარდაიცვალა. მოკლეს იმპერატორიც. ბიზანტიასთან დაპირისპირება გაგრძელდა.
скачать dle 11.3