№7 დაზღვევის გარეშე
– ახლა კი შურისძიების დრო დადგა. საშინელი შურისძიების და ვაი შენი ბრალი, ოთარ! ღმერთო, ჩემი ჩანაფიქრი შემასრულებინე და მერე, თუ გინდა, ცოცხლად დამანახშირე, ისე, როგორც ჩემი ეკა და თეა! – ჩაილაპარაკა ზურაბ კაშიამ და თვალცრემლიანი დაეშვა მუხათგვერდის სასაფლაოს დაღმართზე.
39 წლის ზურაბ კაშია ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი, საიდუმლო განყოფილების თანამშრომელი იყო და ვიცე-პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა. მისი ფსევდონიმი „რუხი“ იყო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო დავალებებს ასრულებდა. ბოლო დავალება ზურაბმა ჩრდილო კავკასიაში შეასრულა, რუსეთის ტერიტორიაზე და ჩვეული მარშრუტით, მთების საცალფეხო ბილიკით დაბრუნდა სამშობლოში. „რუხის“ ეს ჩრდილოკავკასიური ვოიაჟი პირველი შემთხვევა არ იყო და ის სამსახურებრივი საჭიროებისთვის საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ამ მხარეს. როგორც კი ზურაბი სამშვიდობოზე გამოვიდოდა ხოლმე, ერთი მწყემსის ქოხში ჩერდებოდა. კარგად დანაყრდებოდა, გამოიძინებდა და მარტო ბრუნდებოდა თბილისში. ბოლო ვოიაჟის შემდეგ სამშვიდობოზე გამოსულმა ზურაბმა მწყემსის ქოხს მიაშურა და როგორც კი ფეხი შედგა, მოულოდნელობისგან შეცბა – ქოხში ჯონდო ხადური დახვდა. 41 წლის ხადური საიდუმლო განყოფილების უფროსი იყო. პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა და ზურაბს არასდროს დახვედრია საზღვართან. „რუხი“ მიხვდა, რომ რაღაც საგანგებო მოხდა და პოლკოვნიკს ჰკითხა:
– მოხდა რამე, ჯონდო?
– მოხდა, – თქვა პოლკოვნიკმა.
– ეტყობა, რაღაც ძალიან სერიოზული, თორემ აქ არ დამხვდებოდი.
– კი. მასეა.
– მაინც, რაშია საქმე?
– სამსახურში რომ მივალთ, ყველაფერს შეიტყობ. წამოდი. დროს ნუ ვკარგავთ. ქვევით მანქანა გველოდება.
ზურაბი მოღიმარი სახით გაჰყვა პოლკოვნიკს, თან უთხრა:
– რა იდუმალად მდუმარე ხარ, ჯონდო. რა ხდება, ხომ არ მიჭერენ?
– რატომ უნდა დაგიჭიროთ, დააშავე რამე? – თავაუწევლად თქვა ხადურმა.
– არა, მაგრამ ისეთი სამსახური გვაქვს, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.
– კი. შეიძლება, – დაეთანხმა პოლკოვნიკი „რუხს“.
თბილისამდე „ჯიპმა“ დიდი სისწრაფით იარა და მანქანაში მყოფებს თითქმის ხმა არ ამოუღიათ. ხადურის კაბინეტში რომ შევიდნენ, პოლკოვნიკმა მას სავარძელზე მიუთითა, დაჯექიო და მცირე პაუზის შემდეგ გაჭირვებით, ენის ბორძიკით უთხრა:
– დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, ზურაბ.
– რა უბედურება? – ასევე ენის ბორძიკით იკითხა ზურაბმა.
– შენი ეკა და თეა აღარ არიან.
ზურაბმა სავარძლიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ მუხლები მოეკეცა. გაფითრდა. ცივმა ოფლმა დაასხა და მთელი სხეულით აკანკალდა. შემდეგ ღრიალით წამოიჭრა სავარძლიდან, უცბად დაეცა და გამწარებული თავს იატაკს ურტყამდა. ბოლოს კი გონება დაკარგა...
33 წლის ეკა ზურაბის ცოლი იყო, ხოლო 9 წლის თეა – შვილი. მოგვიანებით, როდესაც ზურაბი მოსულიერდა. შედარებით დამშვიდდა და თავი მოიწესრიგა, ჯონდო ხადურმა უთხრა:
– ზურა, ძმაო, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შენს სახლზე თავდასხმა ღამის 2-დან 3 საათის შუალედში მოხდა. ფუგასური ასაფეთქებელი გამოიყენეს და ორსართულიანი ხის სახლი სწორედ ამიტომ ჩაიწვა ასე სწრაფად. მეორე სართულზე, საძინებელში ორი ადამიანის – შენი ცოლ-შვილის დანახშირებული ცხედრები აღმოვაჩინეთ. სამწუხაროდ, ბოროტმოქმედთა კვალს ვერსად მივაგენით და აშკარაა, რომ უმაღლესი კლასის პროფესიონალები მოქმედებდნენ. მოტივი კი, სავარაუდოდ, შურისძიებაა.
– მოტივი კი შურისძიებაა, – გაიმეორა „რუხმა“ და ჭერს მიაშტერდა, – მერე დაამატა, – ვფიქრობ, ამ საქმეში ოთარ კასრაძის ხელი ურევია და მას საშინელი სიკვდილი ელოდება.
– არ მინდა ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ მეც ზუსტად მაგ აზრზე ვარ, – თქვა ხადურმა და დაამატა, – მით უმეტეს, რომ ამის მიზეზიც ჰქონდა და დაიმუქრა კიდეც.
40 წლის ოთარ კასრაძე რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო და „ძაღლური“ წარსულის მიუხედავად, იმ წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ოთარი ზურაბ კაშიასა და ჯონდო ხადურის ჯგუფელი იყო, სამივეს უშიშროების აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ორგანიზებულ დანაშაულთა მებრძოლი საიდუმლო განყოფილების ერთ-ერთ შემქმნელებად ითვლებოდნენ. ოთარი თავის კოლეგებზე მეტად პერსპექტიულ თანამშრომლად ითვლებოდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 23 წლის იყო, როდესაც ხელმძღვანელობამ ოთარზე ეჭვი მიიტანა და დამნაშავეებთან კრიმინალურ კავშირში, მათ „დაკრიშვაში“ დასდო ბრალი. კასრაძე ყველაფერს უარყოფდა და მას ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ სამსახურში არ გააჩერეს და დაითხოვეს. 23 წლის უფროსი ლეიტენანტი, უსახლკარო, ყოველგვარი საარსებო სახსრებისა და სამსახურის გარეშე დარჩა. მან კაშიასგან 300 დოლარი ისესხა და თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. ორი წლის მერე ზურაბმა ინკოგნიტო პირისგან ბანდეროლი მიიღო, სადაც 30 ათასი დოლარი იდო. გარედან კი არც ვინაობა ეწერა და არც მისამართი, მხოლოდ დიდი ქართული ასოებით იყო დაბეჭდილი: „მადლობა“... ზურაბი დარწმუნებული იყო, რომ ეს თანხა ოთარ კასრაძის მიერ იყო გამოგზავნილი – იმ ნასესხები 300 დოლარის სანაცვლოდ და ყოფილმა კოლეგამ ვალი ასმაგად გადაუხადა. ამ შემთხვევიდან სულ მალე კი ცნობილი გახდა, რომ 26 წლის ოთარ კასრაძე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას ედგა სათავეში და ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობდა. კასრაძეს ფართო კავშირები ჰქონდა რუსეთში, ევროპასა და რა თქმა უნდა, კავკასიაშიც, სადაც ის წარმატებით ახორციელებდა თავის ბიზნესს, პარალელურად კი, ამ ტერიტორიას სატრანზიტო დერეფნადაც იყენებდა. ისე განვლო ცამეტმა წელმა, რომ ოთარ კასრაძე თავის ძველ კოლეგებს არც შეხმიანებია და არც არანაირი შეხება არ ჰქონია მათთან. თუმცა, ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ვოიაჟის დროს ზურაბ კაშიამ ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე ჰეროინით დატვირთული ტრაილერი გაანადგურა, რომელსაც საქართველოში უნდა გამოევლო. ტვირთის ღირებულება 25 მილიონი დოლარი იყო და ოთარ კასრაძეს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ზურაბ კაშიას მობილურზე ამოუცნობი ნომრით დარეკეს და მამაკაცის ხმამ იკითხა:
– ზურაბ კაშია ხარ?
– დიახ. ვის ველაპარაკები? – იკითხა ზურაბმა.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გითხრა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, როცა ჩვენი „ტავარი“ გაანადგურე. ამის გამო „მეტკა“ გადევს და საშინელი სასჯელი არ აგცდება, – თქვა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.
კაშიამ ეს საუბარი ჩაიწერა და შემდეგ ხადურს მოასმენინა.
– ესე იგი, ოთარი შურისძიებით იმუქრება? ცუდია. ფრთხილად იყავი, ზურა. ხომ იცი ოთარის ამბავი, თავი არ მოახელთებინო, – თქვა პოლკოვნიკმა.
– ფრთხილად ვიქნები. დარდი ნუ გაქვს, – მხოლოდ ეს უპასუხა ზურაბმა.
სამი კვირის შემდეგ კი კაშია მორიგი დავალების შესასრულებლად გადავიდა ჩრდილო კავკასიაში. ხუთი დღის მერე დაბრუნდა და ცოლ-შვილი დახოცილი დახვდა. მას მერეც, რაც დანახშირებული ცხედრების ნაწილების ფრაგმენტები შეერთებულ შტატებში „დეენემის“ დასადგენად გაგზავნეს, ზურაბმა ცოლ-შვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე, თავისი მშობლების გვერდით დაკრძალა. მთელ დღეებს იქ ატარებდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ხადურმა ზურაბს უთხრა:
– მე კარგად მესმის შენი და კიდევ კარგად უძლებ, ძმაო. ამიტომ, ორთვიან შვებულებას გაძლევ და დაისვენე, ძალები აღიდგინე. ხელფასი არ დაგიკავდება. შემდეგ კი შენ იცი, შეძლებ დაბრუნებას – ხომ კარგი, არა და, შენი საქმეა. მიუხედავად ყველაფრისა, შენს ძმად მიგულე და იცოდე, რომ ყველგან და ყველაფერში გვერდით დაგიდგები.
ზურაბმა ცხრა დღე იარა სასაფლაოზე. შემდეგ ცოლ-შვილს პარაკლისი გადაუხადა, სამი დღის მერე კი გუდა-ნაბადი აიკრა და თბილისიდან გაუჩინარდა...
***
ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ კაშია თბილისიდან რუსეთში გაემგზავრა. მას ოთარ კასრაძის მოკვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ზურაბი დარწმუნებული იყო და ამას ჯონდო ხადურიც ადასტურებდა, რომ ეკა და თეა ოთარის მიერ მიგზავნილმა ხალხმა დახოცა და ეს მან შურისძიების მიზნით ჩაიდინა. კაშია ფიქრობდა, რომ ამის მიზეზი ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე განადგურებული, 25 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინი იყო. „რუხი“ წინასწარ კარგად დამუშავებული მარშრუტით გადავიდა დაღესტანში და იქიდან გეგმავდა მოსკოვში ჩასვლასა და თავისი საბოლოო მიზნის მიღწევას. მახაჩკალაში ზურაბს საიმედო „კონტაქტი“ ჰყავდა – 51 წლის საიდი, რომელთანაც ის საჭიროების შემთხვევაში ჩერდებოდა და მასპინძლის დახმარებით სარგებლობდა. საიდი ორგანიზებულ დამნაშავეებთან დაახლოებული ადამიანი იყო და კაშიამ ის ერთ-ერთი ოპერაციის დროს გაიცნო. მისი გამოყენება სცადა და გადაიბირა კიდეც. თუმცა, ამის თაობაზე ხელმძღვანელობისთვის არაფერი უთქვამს, „დააკონსერვა“ და საიდიც პასუხისგებას გადაარჩინა. სამაგიეროდ, მას წარმატებით იყენებდა საქმეში და ამით საიდიც კმაყოფილი იყო და ზურაბიც. მარტოხელა საიდს დაღესტნის დედაქალაქში კერძო კარ-მიდამო ჰქონდა და ზურაბიც იქ მიადგა. სტუმარ-მასპინძელი გულთბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.
– როგორც მე მახსოვს, წესით, ასე მალე არ უნდა გამოჩენილიყავი, რაიმე საგანგებო საქმეა?
– მეტი საგანგებო არ არსებობს, – მიუგო ზურაბმა.
– მაინც, რა ხდება, არ მეტყვი?
– სწორედ ამის სათქმელად და შენთვის დახმარების სათხოვნელად გეახელი.
– რა მოხდა ასეთი?
– ოთარ კასრაძე უნდა მოვკლა. მოსკოვში მივემგზავრები და ამ საქმეში მინდა, დამეხმარო.
– ვინ ოთარ კასრაძე?
– „ბოჩკა“! – მოკლედ მოუჭრა ზურაბმა.
საიდს სახე წამოეჭარხლა, რადგან „ბოჩკას“ მრისხანე სახელი ბევრს შიშის ზარს სცემდა და უთხრა:
– რატომ, რა დაგიშავა?
– ცოლ-შვილი დამიხოცა, ცოცხლად დამიწვა. შური იძია, რომ მისი ტრაილერი გავანადგურე, სადაც 25 მილიონი დოლარის ჰეროინი იყო.
– ესე იგი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე მოწყობილი ფეიერვერკი შენი ნახელავია?
– კი, ჩემი... და ამის გამო დამიხოცა ცოლ-შვილი. მე კი ის უნდა გავანადგურო, დამეხმარები?
– რამდენადაც ვიცი, ოჯახის წევრების დახოცვა „ბოჩკას“ სტილი არაა, და შემთხვევით, ხომ არ გეშლება?
– არაფერი არ მეშლება. მისმა კაცმა დამირეკა და საშინელი შურისძიებით დამემუქრა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ცოლ-შვილს დამიხოცავდა. მე მეგონა, ჩემზე ინადირებდა და ამისთვის მზად ვიყავი. ახლა კი ზუსტად მითხარი, დამეხმარები თუ არა? თუ უარს მეტყვი, უსიტყვოდ წავალ და მარტო ვიჩალიჩებ. ნუ გეშინია, შენ არაფერს გავნებ. ეს პირადი საქმეა და არა სამსახურებრივი. შენ შესახებ არავინ არაფერი იცის და ვერც ვერავინ გაიგებს.
– რაზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა, დაგეხმარები. ხომ გაგიგონია – დილა საღამოზე ბრძენიაო. ახლა ვივახშმოთ და დავიძინოთ. დილით კი დაწვრილებით მომიყევი, რას როგორ აპირებ და ვიმოქმედოთ.
– მოსულა! – თქვა ზურაბმა და ცოლ-შვილის დაღუპვის შემდეგ პირველად გაეღიმა.
საიდმა სუფრა გაუშალა სტუმარს. მაგიდაზე კონიაკი დადგა და ზურაბს უთხრა:
– ძველია. საბჭოთა კავშირში ჩამოსხმული, სამოცდაათი წლის მაინც იქნება. დალიე, მოგეწონება და მოეშვები.
ზურაბმა კონიაკით სავსე ჭიქა ასწია. საიდს კერა უდღეგრძელა და შესვა, მაგრამ უცებ კისერი „მოსწყდა“ და ტახტზე მიეძინა...
***
ზურაბმა თვალი რომ გაახილა, იგრძნო, ხელ-ფეხზე ბორკილები ედო და რკინის მძიმე საწოლზე იყო მიბმული. მის წინ კი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი იჯდა და უყურებდა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ზურაბმა ახალგაზრდას, რომელმაც არაფერი უპასუხა. ოთახიდან გავიდა და ვიღაცას უთხრა:
– გაიღვიძა და აინტერესებს ვინ ვართ.
– ორმოცდარვა საათი ეძინა, – მოესმა ზურაბს ნაცნობის ხმა. ოთახში საიდი შემოვიდა.
– როგორ ხარ, ზურაბ?
– ნაძირალავ, გამყიდე ხომ? – იღრიალა ზურაბმა.
– ტყუილად ლანძღავ საიდს. დამშვიდდი, – მოესმა ზურაბს და შეცბა, რადგან ოთახში ოთარ კასრაძე შემოვიდა და ტყვეს მიაჩერდა.
– საიდ, შე დამპალო! ესაა შენი კაცობა და მასე მიხდი სამაგიეროს? – გამწარდა ზურაბი და წამოიწია, მაგრამ ბორკილებმა არ გაუშვეს.
– დამშვიდდი, პოდპოლკოვნიკო, – ქართულად უთხრა კასრაძემ კაშიას, – საიდი არანაირი მოღალატე არაა და სწორად მოიქცა, მე რომ აქ ჩამომიყვანა.
– მკვლელო! ნაძირალავ! ჩემს ცოლ-შვილს რას ერჩოდი. თუ ვაჟკაცი იყავი, ჩემზე გეძია შური! – უღრიალა ზურაბმა ოთარს და თვალები აუცრემლდა.
– ტყუილად მდებ იმაში ბრალს, რაც არ ჩამიდენია და თავი შეიკავე. შენი ცოლ-შვილი მე არ მომიკლავს, – უთხრა კასრაძემ კაშიას.
– აბა, ვინ მოკლა?
– არ ვიცი, – თავი გააქნია კასრაძემ და დააყოლა, – სწორედ ამიტომ ჩამიმიყვანა აქ საიდმა, რომ ეს ამბავი გავარკვიო, – უთხრა კასრაძემ და ერთ-ერთ ხელქვეითს მიმართა, – ახსენი ბორკილები!
გაგრძელება შემდეგ ნომერში