№7 ჩემმა ქმარმა ცოლად ბინის გამო მომიყვანა და ახლა თავისი ოჯახის წევრების ჩასახლებას მიპირებს
ჩემმა ქმარმა ცოლად ბინის გამო მომიყვანა და ახლა თავისი ოჯახის წევრების ჩასახლებას მიპირებს
ყოველთვის გამორჩეული ვიყავი ოჯახიშვილობით, ჩაცმითა და დახურვით, სამეგობრო წრით. ბევრს ჩემი შურდა კიდეც. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემთვის უზრუნველი მომავალი შეექმნათ. სწავლაშიც მიწყობდნენ ხელს, კარგი სამსახურიც მიშოვეს, ბინაც მიყიდეს და მანქანაც. ბევრი ბიჭი მეპრანჭებოდა, თუმცა მე არჩევანი რაიონიდან ჩამოსულზე გავაკეთე და ახლა ძალიან ვნანობ. როგორც აღმოჩნდა, მას ჩემი ქონება და დედაქალაქში დამკვიდრება უნდოდა და სულაც არ ვუყვარდი ისე, როგორც თავს მაჩვენებდა. ერთმანეთი ზღვაზე გავიცანით. დასასვენებლად ვიყავით და ხომ იცით, იქ ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება. ისე იქცეოდა, თითქოს ჩემ გარდა გოგოს ვერ ამჩნევდა. თბილისშიც ბევრჯერ ჩამომაკითხა ყვავილებითა და საჩუქრებით. ბუნებით თბილი ადამიანი ჩანდა და მეც შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილებით ყველა გაოგნებული დარჩა. მეუბნებოდნენ, რაიონიდან ჩამოსულს რომ არ გაჰყვე ცოლად, აქ შენი შესაფერისი ბიჭები დაილიაო? მაგრამ, არავის მოვუსმინე და ოჯახი შევქმენი. როგორც კი თავისი გაინაღდა, თავშესაფარი და თბილი კერა ნახა, მაშინვე გამოაჩინა თავისი ხასიათი. დაიწყო „იაზვობა“, თითქოს არავის ვუნდოდი, იმიტომ არავინ მომიყვანა ცოლად და ის რომ არ გამოჩენილიყო, შინაბერად ამომხდებოდა სული. მართალია, ასაკით პატარა აღარ ვარ, მაგრამ თაყვანისმცემლების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩიოდი. ბევრს უნდოდა ჩემთან ურთიერთობა და ცოლად მოყვანა, მაგრამ, ალბათ, მართლია, რომ ამბობენ, რაც შუბლზე გაწერია, იმ ბედისწერას ვერ ასცდებიო. ის არ იკმარა, რომ თავად ჩასახლდა, ახლა ითხოვს დედაჩემი და ჩემი დაც უნდა ჩამოვიყვანო, ცოდოები არიან, უჩემოდ ვერ ძლებენო. კი ვუთხარი, ახალი დაქორწინებულები ვართ, მინდა, ეს დღეებში მარტო შენთან ერთად გავატარო-მეთქი, მაგრამ თავისას გაიძახის. ვხვდები, მათი ჩამოყვანა და ჩასახლება გადაწყვეტილი აქვს და მე რას ვიფიქრებ, სულ არ აინტერესებს. ჩემმა მშობლებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, მითხრეს: ხომ გაფრთილებდით, ეგრე იციან მაგათ, ჯერ ერთი ჩასახლდება და მერე მთელი სანათესაო ჩემოდნებით მოჰყვებათო. მესმის, დედა და და უნდა მოვიდნენ შვილთან და ძმასთან, მაგრამ აქ უნდა ჩამისახლდნენ? მთელი დღე სამსახურში ვარ. ნერვებდაგლეჯილი, გადაქანცული მოვდივარ და მათთან პრანჭვის თავი არ მაქვს. კი ბატონო, სტუმრად მობრძანდნენ, მაგრამ მათ ჩემოდნებს სახლში ნამდვილად ვერ ავიტან. ფაქტია, რის გამოც მომიყვანა ცოლად ჩემმა ქმარმა და ისიც სახეზეა, რომ კი არ ვუყვარდი, თბილისში უნდოდა ცხოვრება. სამსახურის დაწყებასაც თავს არიდებს. ამბობს, ჯერ ჩემი შესაფერისი ვერაფერი ვნახეო. მამაჩემს კი შეუძლია თავის ბიზნესში დაასაქმოს, მაგრამ მითხრა, ვერ ვენდობი, ჯერ დავაკვირდები და მერე ვნახოთო. ალბათ, ხვდება, რომ შრომა დიდად არ უნდა, უსაქმურად ჯდომა და „დარმაედული“ფული ურჩევია. მართალია, ეკონომიურად არ მიჭირს და იმედია, თავადაც მოვა გონზე და დაიწყებს მუშაობას, მაგრამ ახლა, მისი მთავარი მიზანი თავისი ოჯახის წევრების ჩემთან ჩასახლებაა და ეს მაღიზიანებს. ჩემს მშობლებს, სანათესაოსა და მეგობრებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. ისინიც ხვდებიან, რის გამო მომიყვანა ცოლად. ახლა, ვნანობ, ნეტავ მათი რჩევები გამეთვალისწინებინა, სანამ თვალები დამიბრმავდებოდა და მის ყალბ სიტყვებს დავუჯერებდი.
მარიკა, 32 წლის.