№7 მომავალ 40 კოსმონავტს შორის, ბერიას ბრძანებით, 6 ქართველი ჩართეს
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კოსმოსურ მიღწევებს ნიკიტა ხრუშჩოვი საკუთარ თავზე იწერდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ლავრენტი ბერიაა „საბჭოთა კოსმონავტიკის მამა“... პროფესორი იური სევასტიანოვი წერს: „სინამდვილისა და ისტორიის დამახინჯება საბჭოთა ლიდერებისთვის ჩვეული საქმიანობა იყო. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა საქმე ლავრენტი ბერიას ეხებოდა. თუმცა, სიმართლემ მაინც თავისი გაიტანა და გაირკვა, რომ საბჭოთა კოსმოსური პროგრამა, რომლითაც ასე ამაყობდნენ საბჭოთა ხელმძღვანელები, თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას პირმშო იყო და სრულიად ლეგიტიმურად შეგვიძლია მას „საბჭოთა კოსმონავტიკის მამა“ ვუწოდოთ...“ გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ეგრეთ წოდებულ, საბჭოთა კოსმოსურ პროგრამას – „კოსმოსს“, რომლითაც ხრუშჩოვი ამაყობდა და საკუთარ დამსახურებად თვლიდა, სინამდვილეში, პროექტი „გალაქტიკა“ ერქვა და მეცნიერებთან და დაზვერვის ჯგუფებთან ერთად თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიამ შეიმუშავა და შეასრულა“.
ისევე, როგორც საბჭოთა ატომური პროექტი, კოსმოსური პროექტიც საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ძალისხმევით ხორციელდებოდა და მას პირადად ბერია კურირებდა. პროექტი „გალაქტიკა“, რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში საუკეთესო საბჭოთა მეცნიერები და პირველ რიგში, მზვერავები იყვნენ ჩართულები. მთელ პროცესს კი თავად ბერია აკონტროლებდა და იმ შემუშავებულ გეგმას მისდევდა, რომელშიც ლომის წილი თავად მას ჰქონდა. საერთო გეგმის მიხედვით, საბჭოეთს უნდა შეექმნა ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც ქვეყანას მტრის შემოტევისგან დაიცავდა. პარალელურად კი, შემტევიც იქნებოდა. გარკვეული დროის მერე კი კოსმოსში გასვლასაც შესძლებდა და ორბიტაზე ადამიანსაც აიყვანდა. 1951 წელს ბერიამ უკვე თეორიულად იცოდა, რომ ადამიანის კოსმოსში გაფრენა შესაძლებელი იყო და იმთავითვე დაიწყო საამისო ზომების მიღება. ბერიამ ჩამოაყალიბა სტრატეგიული დაზვერვის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ძირითადად, შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა. მისი ამოცანა იყო ვერნერ ფონ ბრაუნის კოსმოსური ტექნოლოგიების მოპოვება და მათი საბჭოეთში განხროციელება, რაც წარმატებით შესრულდა... პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ყოფილი „ესეესელი“ გენერალი, რაკეტა „ფაუს“ შემქმნელი, ვერნერ ფონ ბრაუნი ამერიკელებზე მუშაობდა და მათ სარაკეტო-კოსმოსურ პროგრამას უმზადებდა. ბერიამ კი ჩვენ დაგვავალა ამ საიდუმლოებების მოპოვება და ისევე, როგორც ატომური საიდუმლოებები, სარაკეტო-კოსმოსური ტექნოლოგიებიც ჩავიგდეთ ხელში და ისინი სერგეი კოროლიოვთან მიდიოდა...“
კოროლიოვი, რა თქმა უნდა, დიდი მეცნიერი იყო, მას კოსმონავტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, ვერნერ ფონ ბრაუნის ტექნოლოგიების გარეშე ვერაფერს მიაღწევდა და საბჭოთა კავშირი ვერასდროს გახდებოდა პირველი კოსმოსური სახელმწიფო. ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ბერიას მოუვიდა აზრად ადამიანის კოსმოსში გაშვება და ეს არ ყოფილა პლაგიატი. პარალელურად, ამერიკელებიც ამაზე ფიქრობდნენ. როცა ბერიას ეს საიდუმლო ინფორმაცია მიუტანეს, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მარშალს გასცინებია და უთქვამს: „ამერიკელებსაც უმოძრავებთ გოგრაში (თავში) ტვინი. მათ უნდა ვაჯობოთ და დავასწროთ“. საბჭოთა დაზვერვის მუშაობის პარალელურად, რომელიც ფონ ბრაუნის ტექნოლოგიებს იპარავდა და მათ სერგეი კოროლიოვი აუმჯობესებდა, ბერია ინტენსიურად აშენებდა მომავალ კოსმოსურ ინფრასტრუქტურას. სწორედ ბერიას საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, სრული საიდუმლოების დაცვის პირობებში ჩაეყარა საფუძველი კოსმონავტების ქალაქ „ზვიოზდნის“. ასევე, ბერიას ინიციატივით ჩამოყალიბდა მომავალი კოსმონავტთა მომზადების ცენტრი. ისინი კოსმოსში გაფრენას 1955 წლისთვის გეგმავდნენ. პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიამ ჯერ კიდევ 1952 წელს ბრძანა, რომ საბჭოთა სამხედრო მფრინავებისგან მომავალი კოსმონავტები მოემზადებინათ. შეირჩა 40 კანდიდატი. საიდუმლოს გავამხელ და ვიტყვი, რომ ლავრენტი ბერიას გამიზნული ჰქონდა კოსმოსში ერთდროულად ორი ადამიანი გაეშვა. ერთი რუსი უნდა ყოფილიყო და ერთიც – ქართველი. ისეთივე ვარიანტია, როგორც ქანთარიასა და ეგოროვის მიერ რაიხსტაგზე ატანილი დროშა...“ იმ ორმოც კანდიდატს შორის ექვსი ქართველი მფრინავი იყო: გიორგი ქართველიშვილი, ვაჟა ჩხეიძე, კოტე გაბუნია, დავით გოგელია, ნოდარ ალანია და გურამ ზარანდია... სავარაუდოდ, მეორე კოსმონავტი ჩამოთვლილ ქართველ მფრინავთა ბოლო ოთხეულიდან შეირჩეოდა. გენერალი სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას რომ ეცოცხლა და ის ასე ვერაგულად არ მოეკლათ, პირველი საბჭოთა კოსმონავტებით პილოტირებული კოსმოსური ხომალდი 1955 წელს გავიდოდა ორბიტაზე და ორ კოსმონავტსაც გაიყვანდა. ბერიასთან დაკავშირებულმა ამბებმა კი მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პროცესი და პირველი უპილოტო ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე მხოლოდ 1957 წლის 4 ოქტომბერს გავიდა. გაგარინი კი კოსმოსში 1961 წლის 12 აპრილს აიჭრა. თუმცა ბერია რომ არ მოეკლათ, 1961 წელს საბჭოთა კოსმონავტი უკვე მთვარეზე დაადგამდა ფეხს, რაც მას არასდროს ღირსებია – ასეთ მასშტაბებს ბერია სჭირდებოდა“.