№7 როგორ შეიძლება ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან აცილება
ნაღველკენჭოვანი დაავადება, იგივე კალკულოზური ქოლეცისტიტი ან ქოლელითიაზი, ქრონიკული ქოლეცისტიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ნაღვლის ბუშტში, იშვიათად – სანაღვლე გზებში, ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბება-დაგროვება ახასიათებს. ნაღვლის კენჭები ყალიბდება ღვიძლში მიმდინარე თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიური ცვლილებების ფონზე ქიმიურად შეცვლილი ლითოგენური ნაღვლის გამომუშავების შედეგად. ნაღვლის ინგრედიენტების ხსნად მდგომარეობაში შენარჩუნებას ნაღვლის კოლოიდური სისტემის სტაბილურობა განაპირობებს.
ნაღველკენჭოვანი დაავადების ტიპური სიმპტომია ღვიძლის კოლიკა – ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე გაწელვით გამოწვეული მუცლის აუტანელი ტკივილი. ის ერთბაშად იწყება, აქვს შეტევითი ხასიათი, ლოკალიზებულია მარჯვენა ფერდქვეშ, გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მხარს, კისერს, თან ახლავს შემცივნება, სხეულის ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატება, გრძელდება რამდენიმე წუთს ან საათს, იშვიათად – 1-2 დღესაც კი. მისი ინტენსივობა პერიოდულად იმატებს. თავს იჩენს უმეტესად საღამოობით, ვახშმიდან 3-4 საათის შემდეგ. მის აღმოცენებას ხელს უწყობს ცხიმიანი, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელი, მძიმე ფიზიკური შრომა, ვიბრაცია, ძლიერი ემოცია. შეტევას ზოგჯერ წინ უძღვის გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება გულის კოვზთან, მარჯვენა ფერდქვეშ. თან ახლავს საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, წყურვილი, მწარე გემო პირში, გულძმარვა, ბოყინი, პირღებინება უპირატესად ნაღვლით, შეკრულობა, მეტეორიზმი, რაც საერთო მდგომარეობას ამძიმებს. ზოგჯერ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ – ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობის შემთხვევაში ვითარდება სიყვითლე, რომელიც თავს იჩენს სადინარის დახშობიდან 2-3 დღის შემდეგ. შეტევის მომენტში მარჯვენა ფერდქვეშ მუცლის პრესი მკვეთრად დაჭიმულია. განსაკუთრებით მტკივნეულია ნაღვლის ბუშტის მტკივნეული წერტილი. ტკივილის შესამსუბუქებლად ავადმყოფი ეძებს მოხერხებულ პოზას. ტკივილი ისევე ერთბაშად წყდება, როგორც დაიწყო. სისხლში შეინიშნება ბილირუბინისა და ქოლესტერინის მომატება. განავალი აქოლიურია (თიხისფერი), შარდი – მუქი ლუდისფერი. სიყვითლის გაქრობა კენჭის თორმეტგოჯა ნაწლავში (ფატერის დვრილის გავლით) ან ნაღვლის სადინარის შედარებით გაფართოებულ ნაწილში გადასვლაზე მიუთითებს. ზოგჯერ ნაღველკენჭოვანი დაავადება ძალზე მცირერიცხოვანი სიმპტომით მიმდინარეობს, რომელთაგან მთავარი როლი ენიჭება დისპეფსიურ დარღვევებს: ზოგიერთი საკვების აუტანლობას, პირში მწარე გემოს (უმთავრესად – ჭამის შემდეგ ან უზმოზე), ამოქარვებას, გულძმარვას, გულის კოვზთან სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, პირღებინებას, მეტეორიზმს. ზოგჯერ თავს იჩენს ნაწლავისმიერი სიმპტომებიც: უმიზეზო ფაღარათი ან მყარი შეკრულობა. ხშირია წლობით არსებული უმიზეზო სუბფებრილიტეტი. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობას ნაღვლის შეგუბება და ნაღვლის ბუშტის გადიდება მოჰყვება, თუმცა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივად მიმდინარე ნაღველკენჭოვანი დაავადება იწვევს ნაღვლის ბუშტის შეჭმუხვნას და დეფორმირებას (შეხორცებებისა და ნაწიბურების ხარჯზე), რაც ჭვლის შეტევისას ბუშტის გაწელვისა და, ამის კვალობაზე, გასინჯვის საშუალებას არ იძლევა.
ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა კვების ჰიგიენას გულისხმობს. ჭარბი წონისგან თავის დასაცავად საჭიროა ბალანსირებული კვება. ფიქსირებულ საათებში კვება განამტკიცებს ნერვულ-რეგულაციურ ფუნქციურ კავშირებს და უზრუნველყოფს დინამიკური სტერეოტიპის ფორმირებას, ამის კვალობაზე კი – ნაღვლის ბუშტის პერიოდულ დაცლას. დიეტა ითვალისწინებს დღეში 100 გრამი ცილის, 80 გრამი ცხიმისა და 450-500 გრამი ნახშირწყლების მიღებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ქოლესტერინით, ექსტრაქტული ნივთიერებებით მდიდარი, ცხარე, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი საკვები, ქადა-ნაზუქი, კრემიანი ნამცხვრები და ღვეზლები, ბლინები, შოკოლადი, კაკაო, ნაყინი, ცივი საჭმელი და სასმელი. აუცილებელია შეკრულობის თავიდან აცილება. მედიკამენტური მკურნალობა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს.