№6 რა რთული პერიოდები გადალახა გიორგი ჩაკვეტაძის ოჯახმა და როგორ ცდილობენ ცნობილი გუნდები 9 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის დათანხმებას
„ქართველი კაკა“, „პატარა მესი“, ასე მოიხსენიებენ გიორგი ჩაკვეტაძეს უცხოურ მედიაში. საქართველოს ნაკრების 19 წლის ლიდერი და გუნდის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ამჯერად ბელგიური „გენტის“ ღირსებას იცავს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის არა მხოლოდ საქართველოსთვის გახდა აღმოჩენა, არამედ მსოფლიო წამყვანი გუნდებისთვისაც. სანამ გიორგი „გენტში“ გადაწყვეტდა თამაშს, უამრავი შემოთავაზება ჰქონდა საფრანგეთიდან, „ბარსელონადან“, „მანჩესტერ-სითიდან“... გიორგი საქართველოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული ფეხბურთელია – დეკემბრის მონაცმემებით, ის ცხრა მილიონ ევროდ არის შეფასებული. თავად ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბის, რადგან ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მის კარიერასა და სხვა საინტერესო ამბებზე გიორგის დედა, ქალბატონი მთვარისა რუხაძე გვესაუბრა.
მთვარისა რუხაძე: აფხაზეთის ომამადე ოჩამჩირეში ვცხოვრობდით, მერე თბილისში მოგვიწია გადმოსვლა. გიოც აქ დაიბადა. ფეხბურთი პატარაობიდანვე აინტერესებდა. 4-5 წლის იქნებოდა, ეზოში რომ დაიწყო თამაში და მის ნიჭს ყველა ამჩნევდა. 6-7 წლის ასაკში ბურთს 500-მდე კენწლავდა. ბევრჯერ სანაძლეოც კი მოუგია. მოსკოვიდან ჩემი მულის შვილი იყო ჩამოსული და გიოს ამბავი რომ გაიგო, უთხრა, თუ ჩემი თანდასწრებითაც ამდენს აკენწლავ, რესტორანს ვკისრულობო. გიორგიმაც დაიწყო და 200-ზე რომ ავიდა გააჩერა, კარგი მივდივართ რესტორანშიო (იცინის). პატარა გიოსთვის მის ძმას ერთი ვიდეო აქვს ჩუმად გადაღებული – სახლში თავისთვის თამაშობს ბურთს. მისმა მენეჯერმა თქვა, ეს ჩანაწერი 10 წლის წინ რომ მენახა, გიორგის მაშინვე წავიყვანდიო. ერთ დღესაც მეზობელმა გვთხოვა, ძალიან კარგი ბავშვია და ფეხბურთზე ატარეთო. ისე, კალათბურთსაც კარგად თამაშობდა. ვინც ნახავდა, თითქმის ყველა იმავეს გვეუბნებოდა. მეც სპორტული და აზარტული ვარ, თუმცა, არ მიფიქრია, რომ ჩემი შვილი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ორი ვაჟის მერე, გოგო მინდოდა და ამიტომ გავაჩინე, მაგრამ მესამეც ბიჭი აღმოჩნდა (იცინის). ბოლოს შევიყვანეთ „ნორჩ დინამოელში“. პირველ დღეს მწვრთნელმა შეამოწმა – აბა, მანახე, რა იციო. იმდენი აკენწლა, ეს კაცი გაოცებული დარჩა. მაშინ უთხრა, შენ ჩაკვეტაძე კი არა, „მესი“ ხარო და ორი წლით დიდებში ჩასვა. იმ დღიდან დაიწყო გიორგის ფეხბურთის სამყარო. ყველა ტურნირზე მიჰყავდათ – დიდებშიც და პატარებშიც და ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. ინიციატივას თავის თავზე იღებდა. თუ გუნდი აგებდა და იქ გიორგი თამაშობდა, ბოლოს მაინც მოგებულები რჩებოდნენ. ყოფილა სიტუაცია, როცა ორით ან სამით ნულს აგებდნენ და თამაში უცებ შემოუტრიალებია სათავისოდ.
– როდის დაიწყო წარმატებების სერია?
– საქართველოში თავიდანვე წარმატებული იყო, რაც შეეხება უცხოეთს, 10 წლის იყო, კიევიდან პირველი პრიზი რომ ჩამოიტანა. 11 წლისა ესპანეთში, კერძოდ „ბარსელონაში“ წაიყვანეს ორკვირიან შემოწმებაზე. ესპანეთიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც გიორგის აკვირდებოდა და გვითხრა, რომ ორკვირიან „ზბორზე“ უნდოდა მისი წაყვანა. 11 წლის ბავშვისთვის ეს დიდი გამოცდილება იყო და დავთანხმდით. წასვლამდე გიომ კრიშტიანუ რონალდუს ფორმა მაყიდინა. კარგად მახსოვს, თეთრი ფერის იყო. ყოველთვის ამ ფეხბურთელს გულშემატკივრობდა და ბარსელონაშიც მისი მაისურით უნდოდა ევარჯიშა (იცინის). ეს ფორმა რომ ნახეს, უთხრეს, არ წამოიღო, პრობლემები შეგექმნებაო, თუმცა გიო ბარსელონაში მაინც რონალდუს ფორმით ჩავიდა (იცინის). სამწუხაროდ, იქ მიიღო ტრავმა და შლატერი განუვითარდა. რვა თვე ვერ თამაშობდა. მის ორგანიზმს დიდი დატვირთვა ჰქონდა და ძვლებმა ვერ გაუძლო. რვა თვის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა, კოტე მახარაძის ტურნირი იყო და პრიზიც აიღო. მაშინ მწვრთნელმა მითხრა, რვა თვე რომ ბავშვი არ ითამაშებს და პირველივე გასვლაზე ასეთ საოცრებებს ჩაიდენს, ის ვარსკვლავად არის დაბადებულიო.
– ბარსელონაში ტრავმის გამო არ დარჩა? ბავშვობიდანვე ბევრი შემოთავაზება ჰქონდა?
– ბარსელონაში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენც უარზე ვიყავით და მასაც არ სურდა. 11 წლის იყო და მართლა ვერ გავძლებდი მის გარეშე. ახლაც, რომ წავიდა, ძალიან მიჭირს. თავადაც დიდად არ სურდა. იმ პერიოდში ბევრი შემოთავაზება ჰქონდა – სახლში მოდიოდნენ მენეჯერები. საფრანგეთში წაყვანა და შვილობილად აყვანაც კი უნდოდათ, მაგრამ არ დავთანხმდით. „მანჩესტერ-სითის“ წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ შემოთავაზებებზე ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ. ქართულ გუნდებსაც უნდოდათ, რომ მათთან ეთამაშა. დიდი კონკურენცია იყო. საბურთალო, საერთოდ, მასზე დაყრდნობით ქმნიდა გუნდს, ბოლოს „დინამო თბილისმა“ გადაიბირა.
– ბელგიურმა „გენტმა“ როგორ დაიყოლია?
– სანამ „გენტში“ ითამაშებდა, მანამდე როჯერ ჰენროტაის შევხვდით, რომელიც შეგვპირდა, რომ გიორგის მომავალზე იზრუნებდა. იმდენად გვჯეროდა ამ ადამიანის, რომ სხვა შემოთავაზებებს თავს ვარიდებდით. როჯერი 3-4 წელი აკვირდებოდა გიოს. 12 წლის იყო, როცა პირველად ნახა და მაშინ თქვა, ეს ბავშვი ზურმუხტია, რომელიც შეიძლება ბრილიანტი გახდესო. როჯერი ჩვენთანაც იყო სტუმრად და ძალიან გაუკვირდა, პატარა სახლში რომ ვცხოვრობდით – სამივე ძმას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა. მერე გვითხრა, რონალდუც მე აღმოვაჩინე და იქაურობასთან შედარებით, აქ კიდევ კარგი სიტუაციაა, დედამისს ლურჯი „პალატკა“ ჰქონდა გაჭიმული და შვიდივე შვილი იქ ეწვინაო. „გენტში“ გადასვლას დაემთხვა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში. ამ ჩემპიონატზე გიო იყო მათი აღმოჩენა. იმ საღამოსვე დაგვიბარეს და ხელი მოგვაწერინეს ხელშეკრულებაზე. ეს იყო ღმერთის ნება.
– როგორი ბავშვი იყო?
– ძალიან წყნარი ბავშვი იყო, ახლაც ასეა. არასოდეს უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ახლაც, რომ მირეკავს და მელაპარაკება ხოლმე, მიკვირს და მეტირება. ბიჭები მეუბნებიან, თქვენთან არ ლაპარაკობს, ჩვენთან კი გათამამადაო (იცინის). სამი ბიჭი ისე გავზარდე, მათთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ მქონია. თვითონ ბავშებიც ბუნებით არ არიან პრობლემურები. გიო ძალიან შრომისმოყვარეა. სკოლაში კარგად სწავლობდა – განსაკუთრებით მათემატიკაში იყო ძლიერი. მათემატიკის მასწავლებელმა მთხოვა, დაანებებინე თავი ფეხბურთს, ნიჭიერი ბავშვიაო. როცა დრო ჰქონდა, მეცადინეობდა, მაგრამ მერე ძალიან დაიტვირთა. ტურნირიდან ტურნირში თამაშობდა. პუნქტუალური და პასუხისმგებლობით სავსე ბავშვია. მწვრთნელი რომ იტყოდა, ვარჯიშზე 10 საათზე მოდითო, ჩვენ 9-ზე უკვე იქ ვიყავით (იცინის). სადაც არ უნდა წასულიყო, სახლში ყოველთვის პრიზით ბრუნდებოდა. აეროპორტში რომ ველოდებოდი ხოლმე და ვხედავდი მოდიოდა, პრიზი ყველას დასანახად კი არ ეჭირა, გვერდზე, შეფუთული მოჰქონდა. თავმდაბალი ბავშვია და ასეთი იქნება სულ, ეს მისი ხასიათია. მიხაროდა, რომ წარმატებული იყო. ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა – ოჯახური, ფინანსური და ასე შემდეგ. მაშინ ქვეყანაში რთული სიტუაცია იყო. არ ვშიმშილობდით, თუმცა იყო პერიოდი, როცა უმუშევრები ვიყავით. ამ რთულ მდგომარეობას მისი თითოეული წარმატება გვიბათილებდა. 12 წლიდან თავისი ხელფასი ჰქონდა. თავისი შრომით იძენდა ყველაფერს, ოჯახსაც გვეხმარეობდა.
– როგორ შეეგუეთ მის გამგზავრებას?
– ძალიან მიჭირს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყველაფერი გაამარტივა. „ფეისბუქზე“ აციმციმდება თუ არა, მაშინვე ვურეკავ. ჩემი უფროსი ბიჭიც მასთან ერთადაა. გიო პატარა იყო, რომ წავიდა – 17 წლის და მარტო ვერ გავუშვებდით. თან, ენის ბარიერიც იყო, ინგლისური ესმოდა, მაგრამ კარგად ვერ ლაპარაკობდა. ამიტომ ძმა გაჰყვა. თავად სუხიშვილების მოცეკვავე იყო, თუმცა ყველაფერი დატოვა და გიოსთან ერთად წავიდა. მეც შემომთავაზეს იქ ცხოვრება, მაგრამ ვერ შევძლებდი, იყო კანონები, რომელსაც ვერ დავარღვევდი. თვეში ერთხელ ახერხებენ ხოლმე ჩამოსვლას, რაც დიდი ბედნიერებაა. სიმართლე გითხრათ, უცხოეთში ასე უცებ თუ წავიდოდა და იქ წარმატებული იქნებოდა, არ მეგონა. თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საქართველოში თავს დაიმკვიდრებდა. შინაგანად სულ მჯეროდა, რომ ბევრს მიაღწევდა. ახლაც რაღაც გრძნობა და ინსტინქტი მაქვს – მგონია, წინ კიდევ დიდი წარმატება ელოდება.
– რამდენად მეგობრული ურთიერთობა გაქვთ? შეყვარებული ჰყავს?
– სამივე შვილთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, განსაკუთრებით, გიორგისთან. ვიცი, რომ შეყვარებული არ ჰყავს. თუ დამიმალავდა ამ ამბავს, ისე მაინც გავიგებდი. თუმცა თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განიცდის. 15-16 წლის რომ იყო, ფანჯარასთან გოგონები მოდიოდნენ და ეძახდნენ: „ჩაკვე“, ჩამოდიო (იცინის). გიო არ იყო აქტიური. ხომ არიან ბიჭები, რომლებმაც იციან, რომ პოპულარულები არიან და ამ მდგომარეობას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ეს, პირიქით, ძალიან თავმდაბალია. ასეთი იყო სულ და ახლაც ასეთია.
– მის თამაშებზე ხშირად დადიხართ?
– საქართველოში ერთი თამაში არ მაქვს გაცდენილი. როცა ვახერხებთ, უცხოეთშიც სულ ჩავდივართ. თითოეულ თამაშს ისე ძალიან განვიცდი, აღარ მახსოვს ხოლმე მნიშვნელოვანი მომენტები, მერე კომპიუტერში თავიდან ვუყურებ (იცინის). გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი რომ გაიტანა, ის კარგად მახსოვს. მისი მეგობრები და ახლობლები ჩვენთან იყვნენ შეკრებილები. როგორც ჩანს, სამეზობლოც უყურებდა. გოლი გავიდა თუ არა, მესმის კორპუსებიდან წივილ-კივილი. ჯერ ხომ მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ უბანში, რაც ხდებოდა, ეს სასწაული იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ გოლი გაიტანა, ამ ხმამ გამომაფხიზლა. საოცრად ემოციური მომენტი იყო, ცრემლები ვერ შევიკავე.
– ერთ-ერთი ძვირად ღირებული ფეხბურთელია საქართველოში... ყველა ელოდება მის ტრანსფერს. გადაწყვეტილი აქვს, სად გააგრძელებს თამაშს?
– დიახ. დეკემბრის მონაცემებით, 9 მილიონ ევროდ შეაფასეს. ჯერ არა, ზაფხულში ტრანსფერს აუცილებლად გააკეთებს. ბევრი ცნობილი გუნდიდან აქვს შემოთავაზება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. ალბათ გერმანიას ან ინგლისს აირჩევს. მეეჭვება, „ბარსელონაში“ წავიდეს, „რეალი“ უყვარს ძალიან. იქიდანაც აკვირდებიან, თუმცა ისე არა, როგორც „ბარსელონადან“. გუნდები ცდილობენ, მარტივად ჩაიგდონ ხელში. როჯერს ამ საკითხშიც ვენდობით და ვნახოთ, ის როგორ გადაწყვეტს.
– თქვენი ოჯახი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოხვდა. როგორი განცდაა?
– დიახ. მთელი ოჯახი გიოსთან ერთად გავხდით ცნობილები და სულ სხვა პროცესში ჩავერთეთ. ჩვენ მიმართ ინტერესი გაიზარდა. ბელგიაში ჩვენთან ბევრი ჟურნალისტი მოდიოდა, თუმცა გიორგის დიდად არ უყვარს ინტერვიუები, იქაც თავს იკავებდა. გამოცემებს შორის კონკურენცია იყო – ერთი რომ დაწერდა, მერე მეორე მოდიოდა და ასე გრძელდებოდა. უცხოელ ჟურნალისტებს ქართულად ვუმასპინძლდებოდი და გიჟდებოდნენ. ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონდათ. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, უბანშიც კი უფრო მეტი მცნობს, ვიდრე ადრე. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რომ გიო ასეთი ცნობილი ადამიანია. ბედნიერებაა, როცა შენს შვილზე კარგს ამბობენ. უფალს მადლობა, რომ ასეთი შვილი მაჩუქა.