კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორი ბავშვები არიან შფოთვისკენ მიდრეკილნი და როდის არის შფოთვები და აშლილობები მემკვიდრეობითი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

განშორებით  გამოწვეული შფოთვითი დარღვევები ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან იჩენს თავს. ის ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად ვლინდება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი.
– რა შემთხვევაში ვითარდება განშორებით გამოწვეული შფოთვა?
– განშორებით გამოწვეული შფოთვის დროს ადამიანები განიცდიან მშობლიური სახლის ან მათთვის მჭიდრო ემოციური კავშირის მქონე ახლობლებთან განშორების შიშს ან შფოთვას. ბავშვში სეპარაციული (განშორება) შფოთვა ჩნდება, როცა მას მშობელი ტოვებს. ის განიცდის და მოუსვენარი ხდება.  ეს ადრეული განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, დაახლოებით 7 თვის ასაკიდან იწყება და 2 წლისთვის მთავრდება, როცა ბავშვები ხვდებიან, რომ მშობლები ხანდახან მიდიან, მაგრამ ისევ ბრუნდებიან. თუმცა, ხანდახან ყველაფერი აქ არ მთავრდება და განშორებით გამოწვეული შფოთვა იმდენად ძლიერად იჭრება ბავშვის ცხოვრებაში, რომ მთლიანად მოიცავს მის სხეულსა და გონებას და მასთან გასამკლავებლად სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო. განშორებით გამოწვეულ შფოთვით აშლილობას ხშირად წინ უძღვის მატრავმირებელი მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში, მაგალითად, საავადმყოფოში წოლა, საყვარელი ადამიანის ან ცხოველის გარდაცვალება, საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა, მშობლების განქორწინება. ბავშვები, რომელთა მშობლებიც ზემზრუნველნი არიან, მეტად არიან მიდრეკილნი განშორებით გამოწვეული შფოთვისკენ. გარდა ამისა, ხშირად ამ ბავშვების ოჯახის წევრებსაც აქვთ გარკვეული შფოთვები ან აშლილობები, რაც საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ის მემკვიდრეობითია. თუმცა, შეიძლება, გარემოს გავლენა იყოს. მაგალითად, რიგ შემთხვევაში, მშობლები სხვადასხვა გზით, ნებით თუ უნებლიეთ,  უწყობენ ხელს განშორების შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბებას.
– როგორ უწყობენ მშობლები ხელს განშორების შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბებას?
– ხშირად შვილებზე მეტად, მშობლებს ეშინიათ მათი სადმე დატოვების და განიცდიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ გააკონტროლონ საკუთარი განცდები და შიში და შფოთვა ზედმეტად არ გამოხატონ, რადგან ბავშვები მათგან იღებენ მაგალითს და ემოციებსაც ირეკლავენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე განშორებისას, რადგან თქვენ შვილისთვის მოდელი ხართ და როცა ის ამას დაინახავს, დიდი ალბათობით, თვითონაც შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას. ყველა ბავშვი განიცდის მშობლებთან პირველად განშორებას, მაგრამ ხშირად მათ ამ ღელვის გაკონტროლება შეუძლიათ. თუმცა, როცა მშობლები დამშვიდობებისას ბევრჯერ ეხუტებიან და კოცნიან მათ, ზრდიან ამ შფოთვას, რადგან ბავშვები ფიქრობენ, რომ ისინი სამუდამოდ მიდიან. დამშვიდობებასთან ერთად, შესაძლოა, სირთულეს მისალმებაც წარმოადგენდეს. დაბრუნებისას არ უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს თქვენი წასვლა საფრთხის შემცველი იყო. უბრალოდ მიესალმეთ და არა ისე, თითქოს  სახიფათო მოგზაურობიდან დაბრუნდით. ჩვეულებისამებრ ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, აკოცეთ, თითქოს ეს არ იყო დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. როცა გადაჭარბებული ემოციებით ესალმებით, ბავშვს გაზვიადებულად უხარია თქვენი დაბრუნება და აღარ სურს, რომ წახვიდეთ.
– რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში განშორებით გამოწვეულ შფოთვით აშლილობას?
– 7 თვიდან 6-7 წლის ასაკამდე ყველა ბავშვი განიცდის მშობლებთან განშორებას. მაგრამ თუ 6-7 წლის ასაკის შემდეგ აღენიშნება მშობელთან მცირე ხნით განშორების ძლიერი შფოთვა და ასეთი მდგომარეობა 4 კვირაზე მეტხანს შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სეპარაციულ შფოთვით დარღვევას. მდგომარეობა პიკს აღწევს 9-11 წლის ასაკში. თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს. კერძოდ, ბავშვი ხდება ჩაკეტილი, აღენიშნება დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნები,  განვითარებასთან შეუსაბამო ძლიერი შფოთვა, დაკავშირებული სახლში არყოფნასთან ან მშობლებთან და სხვა ახლობლებთან განშორების შიშთან. განსაზღვრული სამი ან მეტი ჩამოთვლილი სიმპტომით: განმეორებადი ძლიერი აღელვება, როცა გამოდის ან უნდა გამოვიდეს სახლიდან ან მოსალოდნელია  მშობლებთან განშორება; მყარი და ძლიერი აღელვება გამოწვეული მშობლების დაკარგვის შესაძლებლობით ან შესაძლო უბედური შემთხვევის მოლოდინით. მყარი და ძლიერი აღელვება იმის გამო, რომ არასასურველმა სიტუაციამ შეიძლება, მშობლებთან დაშორება გამოიწვიოს; მუდმივი სახლში ყოფნის სურვილი (არ უნდა სკოლაში წასვლა) განშორების შიშის გამო; მარტოობის მუდმივი და ძლიერი შიში ან უარის თქმა სახლში მარტო დარჩენაზე; მუდმივად არ სურს ან უარს ამბობს დაწოლაზე, თუ გვერდით მშობლები არ არიან; განმეორებადი ღამის კოშმარები, რომლებიც მოიცავს განშორების სცენებს; განმეორებადი სისუსტის ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი), ასევე, გამოვლენა გულისრევის შეგრძნებით ან ღებინებით, როცა მშობლებს შორდება ან ეს მოსალოდნელია. განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეიძლება, უარს ამბობდნენ სკოლაში წასვლაზე. უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ სკოლისათვის თავის არიდების მიზეზი, დაგეგმეთ დაბრუნების გეგმა, მაგალითად, თავიდან არასრული დღის განმავლობაში. სკოლაში სტრესის განცდისას მოკლე, ერთ-ორწუთიანმა სატელეფონო ზარმა შესაძლოა, შეამციროს განშორების შფოთვა, ამიტომ ნება მიეცით ბავშვს, კონტაქტი იქონიოს სახლთან. შეგიძლიათ, გაუგზავნოთ მოკლე შეტყობინებები, სადილის ყუთში ან ჩანთაში ჩაუდოთ ბარათი წარწერით – „მე შენ მიყვარხარ!“ ეს გაზრდის თქვენი შვილის თავდაჯერებულობას. უფროსის მხარდაჭერა, იქნება ეს მასწავლებელი თუ მრჩეველი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს როგორც ბავშვისათვის, ასევე მისი თანატოლებისთვისაც. უზრუნველყავით ასეთი დამხმარე სკოლაში. როგორც სახლში, ასევე სასწავლო დაწესებულებაში, მისი ყოველი ძალისხმევა და სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯიც აღნიშნეთ და წაახალისეთ.
– როგორ უნდა შეუქმნას მშობელმა ბავშვს სტაბილური და ხელის შემწყობი გარემო?
– მოუსმინეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის გრძნობებს. ბავშვისათვის, ვინც აშლილობის გამო მარტოსულად გრძნობს თავს, განცდა იმისა, რომ უსმენენ, შესაძლოა მძლავრი განმკურნავი ეფექტის მქონე იყოს. ისაუბრეთ პრობლემის შესახებ. ბავშებისთვის უფრო ჯანსაღია მათ გრძნობებზე საუბარი. „ამაზე ნუ იფიქრებ“ დამოკიდებულებით ისინი სარგებელს ვერ იღებენ. იყავით ემპათიურები და ფრთხილად შეახსენეთ ბავშვს, რომ მან შეძლო ბოლო განშორების გადატანა; გაითვალისწინეთ განშორების სირთულეები. მზად იყავით იმ მომენტებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, თქვენს ბავშვში ღელვა გამოიწვიოს, როგორიცაა, სკოლაში ან მეგობრებთან სათამაშოდ წასვლა. უზრუნველყავით დღიური რუტინა. გაითვალისწინეთ, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც განშორების შფოთვითი აშლილობა აქვთ, სჭირდებათ წინასწარმეტყველებადი გარემო – თუკი თქვენი ოჯახის დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს, განიხილეთ ეს თქვენს შვილთან ერთად. დააწესეთ საზღვრები. დაე, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ მართალია, გესმით მისი გრძნობები, მაგრამ ოჯახში არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვას.
скачать dle 11.3