კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ცოდვების საზღაური

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #2-5(944)

– მაინც, სად, ბატონო პავლე? – იკითხა გაოცებულმა ჟვანიამ, რომელიც საბოლოოდ დააბნია ზედამხედველი პროკურორის სიტყვებმა.
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად, მაგრამ ვფიქრობ, რომ „კაჟი“ და „იაშკა“ ერთად ეძებენ თემურ გიორგობიანის მკვლელს.
– ერთად ეძებენ? – გაიმეორა ჟვანიამ და დაამატა, – ჩვენ ხომ თავიდანვე შევამოწმეთ „კაჟის“ საქართველოში ჩამოსვლის ვერსია და აღმოჩნდა, რომ თამაზ გიორგობიანი ქვეყანაში არ შემოსულა.
– სხვისი გვარით შემოვიდოდა, ჩემო ირაკლი. „კაჟი“ ძალიან გამოცდილი რეციდივისტია და მრავალი ისეთი სვლა იცის, რასაც წინასწარ ვერ გამოთვლი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ გული მიგრძნობს, „კაჟი“ ძალიან ახლოსაა და სულ მალე კვანძის გახსნისკენ წავალთ.
– მერე და ამას რა სჯობს, ბატონო პავლე? – თქვა ჟვანიამ.
– ჰო, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მსხვერპლი არ იყოს ან, რაც შეიძლება, ნაკლები მსხვერპლი იყოს. ამიტომ, მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებაა სავალდებულო.
– რა ღონისძიებების, ბატონო პავლე?
– პირველ რიგში, სხირტლაძის სახლს სათვალთვალო პოსტი უნდა მოვაშოროთ. „დამწვრები“ ვართ და მე მგონი, ჩვენ თვითონ ვართ თვალთვალის ობიექტები.
– თვალთვალს ვწყვეტთ?
– არა, ირაკლი, პირიქით, თვალთვალს ვაძლიერებთ, მაგრამ ეს ძალიან კვალიფიციურად უნდა გავაკეთოთ. თანამედროვე აპარატურა და გამოცდილი კადრები გვჭირდება.
***
„კაჟი“ ბუნკერში იყო დამალული, რომდესაც „იაშკა“ და ნოდარ ჯაიანი მოვიდნენ. თამაზ გიორგობიანს სამალავიდან გამოსვლა უნდოდა, მაგრამ „იაშკას“ სიტყვები გაახსენდა, – თუ მარტო არ მოვედი, ვისთან ერთადაც არ უნდა მოვიდე, ბუნკერიდან არ ამოხვიდე, მე თვითონ დაგიძახებო. ამიტომ სამალავის დატოვებისგან თავი შეიკავა და მიაყურადა.
– როგორც ეტყობა, „კაჟი“ ჯერ არ დაბრუნებულა და მოცდა მოგიწევს, – უთხრა სხირტლაძემ ჯაიანს, – მე კი სასწრაფო საქმე მაქვს და უნდა წავიდე. როდის მოვალ, არ ვიცი... ეზოში არ გახვიდე, თორემ „ფრიცი“ დაგგლეჯს.
– მაინც სადაა თამაზი? – ჰკითხა ნოდარმა სხირტლაძეს.
– სად, არ დაუკონკრეტებია. ასე მითხრა, – ერთი ტიპი უნდა გადავამოწმო, ვისი ხელიც თემოს მკვლელობაში შეიძლება, ერიოსო.
– რა, არ გვენდობა?
– ცოტა უცნაური ტიპია, – თქვა „იაშკამ“.
– კარგი, მე არ მიცნობს კარგად და შეიძლება, არ მენდობა, მაგრამ თქვენ ხომ „პაძელნიკები“ იყავით და ასე ბუნდოვნად რატომ გპასუხობს?
– რა ვიცი, ჩემო ნოდარ, ხომ გეუბნები, ძალიან შეცვლილია, უცნაურად იქცევა... ტყუპისცალი მოუკლეს და შეიძლება, ტვინიც კი აერია.
– კარგი, კარგი, გასაგებია. აქ დავრჩები და დაგელოდებით, – თქვა ნოდარმა.
– ჰო, კიდევ ერთი რამ, ნოდარ, გუშინ ძაღლებმა სათვალთვალო პოსტი მოხსნეს, მაგრამ ეს ჩვენ დასანახავად გააკეთეს. ვფიქრობ, ისევ გვითვალთვალებენ, მაგრამ უფრო კვალიფიციურად და იცოდე ეს. „ფრიციც“ ამიტომ მოვიყვანე. ვინიცობაა, ჩემი სახლში არყოფნის დროს დააპირეს სახლში შემოღწევა, „ფრიცი“ არ შემოუშვებს. კარგი, ახლა წავედი და „კაჟი“ რომ მოვა, უთხარი, – წამალზე დააწვა და რომ მოვა, გაგისწორებსო.
– ნარკოტიკს გულისხმობ? – იკითხა ნოდარმა.
– ჰო, გასაჩხერს, – მიუგო „იაშკამ“
– მამაო  იკეთებს?
– დღეს ვინ აღარ იჩხირავს?!
– ნაღდად ვერ ვიფიქრებდი ამას.
– კარგი. წავედი. როგორც გითხარი, ისე მოიქეცი, – უთხრა „იაშკამ“ ნოდარს და წავიდა.
„კაჟმა“ ყურადღებით მოისმინა „იაშკასა“ და ჯაიანის დიალოგი. სხირტლაძე ნოდარს თითქმის ყველაფერს ატყუებდა და თამაზ გიორგობიანი მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და ყველაფერი სუფთად ვერ იყო: „მინიმუმ, „იაშკას“ მასში ეჭვი შეეპარა და ეს უსაფუძვლოდ არ მოხდებოდა. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – გაიფიქრა „კაჟმა“ და ინანა, რომ სამალავში ტელეფონი არ ჰქონდა, „იაშკასთვის“ რომ მიეწერა და ეკითხა, რა მოხდა. იმავეს ნანობდა „იაშკაც“...
ნოდარ ჯაიანმა ყურადღებით დაათვალიერა „იაშკას“ სახლი და რომ დარწმუნდა, მარტო იყო, მობილურზე დარეკა და ილაპარაკა. „კაჟს“ ნოდარის არცერთი სიტყვა არ გამორჩენია და ყველაფერი დაწვრილებით გაიგონა.
***
პავლე კუციას ძალისხმევით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იაკობ სხირტლაძის სახლზე სათვალთვალოდ თანამედროვე აპარატურა და მაღალკვალიფიციური კადრები გამოყო. პოსტიც საკმაოდ მოხერხებულ ადგილზე დააყენეს და პოლიციელები მხოლოდ თვალთვალით არ შემოიფარგლებოდნენ. ისინი ყოველ მომსვლელს სურათს უღებდნენ და შემდეგ ელექტრონული კარტოთეკის მეშვეობით მის პიროვნებას იგებდნენ. რეალურად კი მოთვალთვალეებმა მხოლოდ ერთი მომსვლელის დაფიქსირება შესძლეს და ეს იყო ნოდარ ჯაიანი, რადგან „კაჟი“ თვალთვალის დაწყებამდე შევიდა „იაშკას“ სახლში და გარეთ ერთხელაც არ გამოსულა. ჯაიანს სურათი გადაუღეს, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში შეუშვეს და ათიოდე წუთის შემდეგ ამონაბეჭდი მიიღეს, რომელზეც ეწერა: „თენგიზ ივანეს ძე მაზიაშვილი, 28 წლის. დაბადებული თბილისში. უცოლშვილო. დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტი. დროებით უმუშევარი“.
ამონაბეჭდი მოთვალთვალეებმა ირაკლი ჟვანიას გადაუგზავნეს და თვალთვალი გააგრძელეს. ამ დროს ეზოდან „იაშკა“ გამოვიდა და ფეხით დაეშვა დაღმართზე. სახლში დარჩენილი ჯაიანი კი სამი საათის განმავლობაში ელოდა „კაჟის“ გამოჩენას, მაგრამ „იაშკა“ დაბრუნდა და ნოდარს ჰკითხა:
– „კაჟი“ არ გამოჩენილა?
– არა.
– ვაა, ხომ მშვიდობაა ნეტავ?
– მშვიდობა რატომ არ უნდა იყოს?
– აბა, რა ვიცი, ნოდარ. კაცი არალეგალურადაა ჩამოსული. სხვისი გვარით და რა იცი, რა შეემთხვა? – თქვა „იაშკამ“ და დაამატა, – მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. „კაჟი“ ძველი წრთობისაა და მას ასე იოლად ვერავინ მოიხელთებს.
– შენ რა ჰქენი, მოუტანე „კაჟს“ წამალი?
– არა. „ბარიგა“ სახლში არ დამხვდა. წამლის ჩამოსატანად ყოფილა წასული.
– კარგი, „იაშკა“. წავალ ახლა მე. „კაჟი“ მომიკითხე და ხვალ მოვალ.
– რა დროს?
– დღის მეორე ნახევარში, სამი საათისთვის.
– აბა, დროებით! – „იაშკამ“ ჭიშკრამდე მიაცილა ნოდარ ჯაიანი და სახლში მარტო შემობრუნდა. შემდეგ ბუნკერის ფილა ელექტრონულად გააღო და იქიდან „კაჟი“ ამოვიდა. სხირტლაძეს შეხედა და უთხრა:
– მითხარი, ნოდარ ჯაიანში ეჭვი რატომ შეგეპარა?
– იმიტომ, „კაჟო“, რომ ეგ ბიჭი ნოდარ ჯაიანი არაა და გვატყუებს.
– საიდან გაიგე?
– დღეს ხომ მასთან „სტრელკა“ მქონდა მეტროსთან და აქ უნდა მომეყვანა. ჰოდა, სანამ მოვიდოდა, ჩვევისამებრ, შორიდან დავალივერე და ვხედავ, „ტუჩას“ ებაზრება?
– ეგ ვინაა?
– ერთი პრასტიტუტკა გოგოა. მეც ვიცნობ. მოკლედ, სანამ ბაზრობდნენ არ გავეკარე. „ტუჩა“ რომ წავიდა, გოგოს წინ დავუხვდი, ოცი ლარი ვაჩუქე და მითხრა, – ეგ „მაზოა“, თენგო მაზიაშვილი, საბურთალოზე, პლატოზე ცხოვრობსო. სად ნოდარ ჯაიანი და სად ვიღაც „მაზო“. ხვდები ახლა, რამხელა შარში გავეხვიეთ?
– ჰო. სანამ მოხვიდოდი, მეც მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი.
– მერე და მოიფიქრე რამე?
– ჯერ მომისმინე.
– გისმენ.
– შენ რომ წახვედი, მაგ „მაზომ“ ჯერ სახლი დაათვალიერა ყურადღებით და რომ დარწმუნდა, მარტო იყო, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, – მასპინძელი წავიდა და მღვდელს წამალი უნდა ჩამოუტანოს. მღვდელი კი სახლში არაა და ველოდებიო. მოკლედ, როგორც ჩანს, მაგ „მაზომ“ ნოდარ ჯაიანის ადგილი დაიკავა და ვიღაცამ მოგვიგზავნა. ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ნამდვილ ნოდარ ჯაიანს? ჰოდა, თემოს წერილი ნოდარის მაგივრად ჩამომიტანა მონასტერში და საქართველოში ჩამომიტყუა. ასე რომ, „იაშკა“, იმ ვიღაცამ, ვისაც ეს „მაზო“ ემსახურება, კარგად იცის თავისი საქმე და თითქმის ყურებით ვყავართ დაჭერილი. ვფიქრობ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება ჩემი დათრევა და წამების გზით გამოტეხვა, თუ სადაა დამალული ის ძვირფასეულობა, მაგრამ ეს მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს.
– მაგრამ, ვინც ეს „მაზო“ მოაგზავნა, იმათ ხომ არ იციან, რომ შენ არ იცი?
– ჰო. არ იციან, მაგრამ ის ხომ იციან, თუ რა ბედი ეწია ნოდარ ჯაიანსა და ჩემი ძმის ცოლ-შვილს.
– ჯაიანი შეიძლება, მოკლეს და ტრუპი გააქრეს, მაგრამ თემოს ცოლ-შვილსაც ხომ არ დახოცავდნენ? – თქვა „იაშკამ“ და დააყოლა, – შეიძლება, ისინი სადმე ჰყავთ გამოკეტილი. ან, სულაც, მართლა მესტიაში არიან და ნამდვილმა ნოდარმა მათი გადამალვა მოასწრო?
– შეიძლება. ბევრი რამ შეიძლება და რომ არ ვიმარჩიელოთ, ამიტომ, რაც შეიძლება, მალე უნდა გავარკვიოთ ეს ყველაფერი, – თქვა „კაჟმა“.
– კი. გეთანხმები, მაგრამ ისიც ხომ კარგად იცი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? – ჰკითხა „კაჟს“ „იაშკამ“.
– ვიცი. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... და ხვალ, სამისთვის რომ მოვა ეგ „მაზო“, ყველაფერი დავაყაჭინოთ, – უთხრა „კაჟს“ „იაშკამ“ და გააბოლა.
***
თენგო მაზიაშვილი დათქმულ დროს მივიდა „იაშკასთან“. მას უკვე მომზადებულები ელოდნენ. მასპინძელმა სტუმარს გაუღიმა და ჰკითხა:
– როგორ ხარ?
– კარგად. შენ, – მიუგო სტუმარმა.
– მთლად კარგად მაშინ ვიქნები, როცა ერთ რამეს შევიტყობ.
– რას?
„იაშკამ“ ხელბორკილები ამოაცურა ჯიბიდან. სტუმარი ყველაფერს მიხვდა და ხელი ქამრისკენ წაიღო, სადაც პისტოლეტი ეგულებოდა. „კაჟმა“ კი მას მძლავრად ჩაავლო ხელი მაჯაში. მეორე ხელით კი პისტოლეტი ამოაცალა. „იაშკამ“ სტუმარს ჯერ ხელები გადაუგრიხა და ზურგსუკან ხელბორკილები დაადო, შემდეგ საგულდაგულოდ გაჩხრიკა და საფულე და მობილური ტელეფონი ამოუღო, საფულიდან კი – თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც ცელოფნის პატარა პაკეტში ეყარა. პაკეტი ჯერ დაყნოსა და მაგიდაზე დააგდო, შემდეგ სტუმარს უთხრა:
– საძილე ფხვნილია, ხომ, „მაზო“?
– კი. ჩემი სახელი საიდან იცით?
– ახლა კარგად მომისმინე. არ მინდა, ფიზიკური ტკივილი მოგაყენო და ნუ მაიძულებ. ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გამეცი, თორემ, არ დაგინდობ, – უთხრა „კაჟმა“ „მაზოს“.
– მკითხეთ. ყველაფერს გეტყვით.
– პირველ რიგში, ჩემი ძმის ცოლ-შვილი სადაა?
– მესტიაში. უსაფრთხოდ არიან. ნოდარ ჯაიანმა მათი გადამალვა მოასწრო.
– შენ ვინ ხარ?
– ნოდარის მეგობარი. უფრო სწორად, მასთან დაძმაკაცება დამავალეს.
– ვინ დაგავალა?
– ტიტე ღვინჯილიამ, იგივე „ქოფაკმა“.
– ესე იგი, ის ცოცხალია და ხანძარში დაღუპვა ფარსი იყო?
– „ქოფაკი“ მამაჩემმა, ჯონდო მაზიაშვილმა გადაარჩინა. უფრო სწორად კი,  მათ ერთად შეასრულეს ყველაფერი. „ტახი“ მოკლეს და ის მართლაც ზონაში დაიწვა. ღვინჯილია კი მამაჩემმა გააქცია და ჯერ თავის სახლში მალავდა ციმბირში, შემდეგ კი თბილისში ჩამოიყვანა.
– მოიცა, მოიცა, ჯონდო მაზიაშვილი ციმბირში ზონის რეჟიმის უფროსი ხომ არ იყო?
– კი.
– ესე იგი, იმის შვილი ხარ?
– გერი. ათი წლიდან მზრდიდა და თავისი გვარი მომცა.
– ახლა კი გასაგებია, თუ რატომ ხარ ასეთი ვერაგი. იმის გაზრდილი კიდევ კარგი კაცი ჩანხარ. ნოდარ ჯაიანი სადაა?
– მოვკალი და აგარაკზე დავმარხე, – თქვა „მაზომ“.
– ღვინჯილია და მამაშენი, ალბათ, მოუთმენლად ელოდებიან შენს ზარს.
– არა, – თქვა „მაზომ“ და დააყოლა, – წუხელ ორთავე დავხოცე და დავმარხე.
– დახოცე? – თვალები გაუფართოვდა „იაშკას“.
– კი. დავხოცე. აღარ მჭირდებოდნენ და ამიტომ. დღეს თქვენგან უნდა გამეგო განძის ადგილსამყოფელი. მოგკლავდით და ყველაფერი მხოლოდ მე დამრჩებოდა, – თქვა მაზომ და კაჟს ანთებული თვალები მიანათა.
 „იაშკამ“ პისტოლეტი მიუშვირა „მაზოს“ და სროლას აპირებდა, მაგრამ „კაჟმა“ არ დაანება და „მაზოს“ ჰკითხა:
– ჩემი ძმაც შენ მოკალი?
– არა. მამაჩემმა.
– ნამდვილად?
– კი. ნამდვილად. სახლში ვინახავ მკვლელობის იარაღს. მასზე მისი ანაბეჭდებია და შეგიძლიათ, შეამოწმოთ.
უცებ ეზოში ხმაური ატყდა. სახლში პოლიციელები შემოცვივდნენ...
**
ოცდაოთხი საათის შემდეგ იაკობ სხირტლაძე და მიხეილ ბროვკინი, სინამდვილეში კი, თამაზ გიორგობიანი, პოლიციამ გამოუშვა. თენგიზ მაზიაშვილმა კი ყველა დანაშაული აღიარა და გამომძიებლებს ჩვენებას ჩვენებაზე აძლევდა. მამა თომამ კიდევ ორი დღე გაატარა იაკობ სხირტლაძესთან. შემდეგ გაემზადა და მასპინძელთან ერთად აეროპორტში გაემგზავრა, რომ რუსეთში დაბრუნებულიყო. გამომშვიდობებისას, „იაშკამ“ მამა თომას უთხრა:
– ეჰ, ცხონებულმა „ტახმა“ განძის საიდუმლო საფლავში ჩაიტანა. მამაოს კი გაეცინა და მიუგო:
– სულაც არა, იაკობ. ეს განძი მე მივიღე და ცოდვიანი ფულით მადლი ვქენი და ეკლესია ავაშენეთ...
დასასრული
скачать dle 11.3