№6 როგორ გავხადოთ ტუჩები ბუნებრივად სავსე და ავიცილოთ მისი ადრეული დაბერება
იმისათვის, რომ ტუჩებს ბუნებრივი ვარდისფერი შეუნარჩუნოთ, აუცილებელია, დილასა და საღამოს კბილის მშრალი ჯაგრისით, წრიული მოძრაობით გაიკეთოთ ტუჩის მასაჟი. ამით ტუჩის კანის ადრეულ დაბერებას აიცილებთ თავიდან. ამიტომ, ყოველ დილა-საღამოს ეს ისეთივე ჩვევად აქციეთ, როგორც კბილების გახეხვა. ამ პროცედურის შემდეგ კი ცხიმიანი კრემი წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. ტუჩებს ასევე დაარბილებს და ბუნებრივ ვარდისფერ შეფერილობას შესძენს ნაღებისა და ხაჭოს ნიღაბი – ერთი ჩაის კოვზი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი ნაღები ერთმანეთში შეურიეთ, შეიზილეთ ტუჩებზე და 10 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ მოიცილეთ ხელსახოცით და წაისვით ცხიმიანი, ჰიგიენური საცხი.
ტუჩებს რომ ბუნებრივი ბზინვარება შეუნარჩუნოთ და არ გამოგიშრეთ, დაიდეთ სტაფილოს წვენში შერეული თაფლი, არაჟანი და ხაჭო. 15 წუთით გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ. შემდეგ კი, მცენარეული ზეთი წაისვით.
გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, დაიდეთ ტუჩებზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ნიღაბი შესანიშნავად არბილებს და აშუშებს დამსკდარ ტუჩის კანს.
ახლა მოდაშია ხორცსავსე ტუჩი და ქალები ამისთვის ხშირად მიმართავენ ინიექციას, პლასტიკურ ქირურგიას, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს. თუმცა, ისინი ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თანაც, ტუჩის ფორმისა და მოცულობის კორექტირება, სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი.
* მკვებავი ნიღბები – აუცილებელია, ტუჩის კანის დამატებითი კვება ნატურალური პროდუქტებით, მაგალითად, კარგია გახეხილი ვაშლი, ხაჭო ან არაჟანი. ეს ბუნებრივი ნიღბები ტუჩებს სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს, კარგად ატენიანებს და სასიამოვნო ფერსაც აძლევს. ასევე, კარგია აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები. ზეთი ტუჩებზე საღამოს წაისვით, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ კი ხელსახოცით ფრთხილად მოიცილეთ.
* ტუჩის მოცულობის გაზრდა – ამისთვის კარგია და უსაფრთხო მენთოლის კომპრესი. ბამბის ტამპონი მენთოლის ეთერზეთში დაასველეთ და 10 წუთი დაიდეთ. მენთოლი აგრილებს, ატონიზირებს ტუჩებს და უფრო ხორცსავსეს და მოცულობითს ხდის.
* მასაჟი – მასაჟის წყალობით სისხლი ტუჩებისკენ მიედინება და აქტიურ ცირკულაციას იწყებს. კვირაში ერთხელ კი ორწუთიანი მასაჟი ქსოვილის ხელსახოცში გახვეული ყინულის რამდენიმე ნატეხით გაიკეთეთ. სისხლის მოწოლის ხარჯზე ტუჩები მოცულობაში იზრდება. უმჯობესია ეს პროცედურა დილით, მაკიაჟის გაკეთებამდე ჩაიტაროთ.
* ტუჩის კონტური – ტუჩებზე კორექტორი ან მკვრივი ტონალური კრემი წაისვით. ზედა ტუჩზე ფანქრით სასურველი კონტური გაავლეთ. ტუჩებზე ჯერ ფანქარი, ხოლო, ზემოდან პომადა წაისვით. შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალეთ და პომადის მეორე ფენა დაიდეთ. ასე ტუჩები ვიზუალურად საგრძნობოლად გადიდდება.
* ვიზუალურად ტუჩის ზომის გაზრდა სახლის პირობებში დამზადებული სპეციალური კრემითაც შეგიძლიათ: 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი და ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი გადაურიეთ ერთმანეთში და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, დაახლოებით, 5-7 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, წაისვით ტუჩებზე და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ, მოიშორეთ თბილი წყლით. თავად დარწმუნდებით, რომ ტუჩი ზომაში იზრდება და შედეგი რამდენიმე საათი ძლებს.