№6 სიყვარულის გარეშე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5(944)
– მე თითოეული მათგანი გადავამოწმე და ერთ რამეში დავრწმუნდი, – განაგრძო დათომ, – ჩემი შვილი ყველას ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ ჩემი ქონება აინტერესებთ და, უნდათ, მანამდე დაინაწილონ ან ერთმანეთს წაჰგლიჯონ, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება, ამიტომაც ჩამჩიჩინებენ, ბავშვი რომელიმე მათგანს მივაშვილო და საკუთარ ცხოვრებას მივხედო. მისი სრულწლოვნების დროს ამ სვავების ხელში ჩემი ქონებიდან აღარც არაფერი იქნება გადასანაწილებელი. ჩემი შვილი კი გახდება უქონელი, ღარიბ-ღატაკი, მიუსაფარი არსება, რადგან არ ეყოლება რეალური პატრონი და გულშემატკივარი, იმიტომ, რომ არ ექნება ქონება. მე კი არ მინდა, ეს მოხდეს, რადგან ის არის ჩემი ერთადერთი სისხლი და ხორცი და სხვა ოჯახი მე აღარასოდეს მექნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გგონია, თითქოს არ მიყვარს ჩემი შვილი, მე ახლავე უნდა ვიზრუნო მის მომავალზე, შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველვყო მისი ცხოვრება დღეიდან სიცოცხლის ბოლომდე. პირველ ყოვლისა, მას უნდა ჰყავდეს დედა, დანარჩენს ყველაფერს მოევლება. გულახდილად გეტყვი, რომ აღარც ჩემი ბიზნესის გაძღოლის თავი და ნერვები მაქვს, არც თოთო ბავშვის მოვლის, თუნდაც რამდენიმე ადამიანის დახმარებით. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, თუკი, რა თქმა უნდა, შენ იქნები თანახმა. წინასწარ გეტყვი, რომ შენი სრული თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა და ჩემი შვილის მომავალი ისევ დიდი კითხვის ნიშნისქვეშ იდგება.
– მე რა შემიძლია?
– გეტყვი ჩემი გეგმის შესახებ, დაფიქრდი, გაიაზრე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. თანახმა ხარ?
– დიახ... – დაბნეულმა მაკამ დიდი ჭიქა ცივი წყლით აავსო და ხმაურით დალია.
– მაშ ასე: საკითხი პირველი – მე მთლიანად ვყიდი ჩემს ბიზნესს, რადგან არ მეგულება ერთგული და გონიერი პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ამხელა საქმეს ისე გაუძღვება, რომ არც არაფერს გააფუჭებს და არც ჩემს შვილს დატოვებს ნულზე. და, საერთოდაც, რაც უფრო დიდი ბიზნესის მემკვიდრე იქნება ნიტა, მით მეტი საშიშროება დაემუქრება მის სიცოცხლეს, ამიტომ ბიზნესის გაყიდვა გადაწყვეტილია.
– სხვა გზა არ არსებობს? – ფრთხილად შეეკითხა მაკა.
დათო ამ შეკითხვამ დაადარაჯა და დაძაბა.
– არა. ეს რომ იყოს ორი-სამი პატარა მაღაზია ან რამე ამის მსგავსი, სერიოზული პრობლემა არ წარმოიშვებოდა. მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა. აღებული თანხით ვიყიდი სამ ბინას. ერთში ბავშვი იცხოვრებს დედასთან ერთად, დანარჩენი ორი გაქირავდება და ის იქნება მისი შემოსავლის ნაწილი. დანარჩენ თანხას ნიტას და მისი დედობილის სახელზე შევიტან შვეიცარიის ბანკში, საიდანაც თანხის გამოტანა შეეძლება მხოლოდ მაშინ, რაც სრულწლოვანი გახდება და მხოლოდ ჩემი და დედობილის თანხმობის შემთხვევაში. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში თანხა ყველასთვის მიუწვდომელი იქნება. იმ ბინების ქირის გარდა, თვეში ერთხელ გარკვეულ თანხას მეც გამოვუგზავნი ხოლმე, რომ აუცილებელი არაფერი მოაკლდეს. ძირითადად ჯანმრთელობას, კვებასა და განათლებას ვგულისხმობ. ფუფუნება კი ზედმეტად მიმაჩნია – ეს მხოლოდ გარყვნის ბავშვის ბუნებას, მით უფრო, რომ მკაცრი მამა ვერ გაუკონტროლებს ყოველ ნაბიჯს... გასაგებად ვყვები?
– დიახ, მაგრამ, დედა თუ დედობილი?! ასეთი ადვილი მოსაძებნია დღეს ქალი, რომელსაც საკუთარი შვილის სიცოცხლეს და ამხელა ქონებას ანდობს ადამიანი?! ამას, შეიძლება, წლები დასჭირდეს და მაინც უშედეგოდ დასრულდეს ძიება.
– უკვე დასრულებულია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარი, შენ იქნები თანახმა.
– მე რა შუაში ვარ? მე ძიძა ვარ, ვგიჟდები ბავშვზე და, თუკი თქვენი სურვილი იქნება, ყველგან და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, მაგრამ დედა...
– ჰოდა, მეც სწორედ ეგ მინდა გითხრა.
– რა „ეგ“?
– რომ შენ გახდე დედა.
– მე? როგორ? მე საერთოდ ვინ ვარ?
– კი მაგრამ, სულ რამდენიმე წუთის წინ შენ თვითონ არ მითხარი იგივე?
– ჰო?! ასე გითხარით? რაღაც აღარ მახსოვს.
– ჰო, შენ მითხარი და ნუ დაგაბნევს ჩემი სიტყვები. შენ ხარ განათლებული, ინტელექტუალური, სიმპათიური, მშვიდი, გაწონასწორებული, ბავშვების მოყვარული (მინდა შეგახსენო, რომ ყველა ქალს არ უყვარს ბავშვები ისე, როგორც შენ), კეთილი, ერთგული ქალი, ყოველგვარი შავბნელი წარსულისა და ქვენა გრძნობების გარეშე. შენ ხარ ჩემი შვილის ძიძა, რომელმაც საკუთარივით შეიყვარა დაობლებული ბავშვი და შეაყვარა თავი. შენ გგონია, ვერ ვხედავ, როგორ მშვიდდება შენს ხელში? ან შენს თვალებს ვერ ვხედავ, რამხელა სიყვარულით დასცქერი და უმღერი „იავნანას“? ასე მხოლოდ დედა უყურებს და უმღერის შვილს. არ გეწყინოს, მაგრამ მე, პრაქტიკულად, ყველაფერი გავარკვიე შენ შესახებ და, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო კანდიდატურა ხარ ჩემი გეგმისთვის.
ქალი შეიშმუშნა და სახეზე უხერხულობის ჩრდილმა გადაუარა. კაცმა შენიშნა ეს და შეწუხებულმა მოუბოდიშა:
– მაპატიე, ცუდად გამომივიდა ნათქვამი, მაგრამ მიკიბვ-მოკიბვას არ ვარ ჩვეული. ჩემი უბედურების შემდეგ ხასიათიც საკმაოდ ხისტი და ეჭვიანი გამიხდა. ამიტომ ძალიან მიჭირს ადამიანების ბოლომდე ნდობა, შენ წარმოიდგინე, ხშირად საკუთარი თავისაც. მე გაძლევ სამ კვირას. თუ დათანხმდები ჩემს წინადადებას, მხოლოდ ამის შემდეგ გეტყვი დანარჩენ პირობებს. გეყოფა სამი კვირა?
მაკამ ჯერ მექანიკურად დაუქნია თავი, შემდეგ კი დაბნეულმა ჰკითხა:
– რისთვის?
– ჩემს წინადადებაზე პასუხის მოსაფიქრებლად – თქვა დათომ და წავიდა.
ძიძამ ამჯერად სულ სხვა ტონალობა დაიჭირა დათოს სიტყვებში – საუბრის დასაწყისისგან განსხვავებული, თითქოს ეჭვგარეული და ნდობამოკლებული. ამ შეგრძნებამ დაძაბა და უარესად დააბნია. ვეღარ მიხვდა, რა უნდოდა ბავშვის მამას: სცდიდა? – მაგრამ რაში? აფრთხილებდა? – მაგრამ რატომ? რამე გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ და პირდაპირ თქმას ვერ უბედავდა, თუ, ასეთი „ორიგინალური“ მეთოდით ცდილობდა ერთადერთი შვილის, პრაქტიკულად, თავიდან მოშორებას, რომ თავის გზას სწეოდა?! ბოლო ვერსია მაშინვე უარყო: ყველაფრის მიუხედავად, მაკას აზრით, დათო არ ჰგავდა ასეთ ნაძირალას. მას ნამდვილად უყვარდა შვილი, მაგრამ ვერ ერეოდა ცოლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს და ბავშვთანაც იმიტომ ვერ ამყარებდა ურთიერთობას, რომ მისი დანახვა საყვარელ ადამიანს აგონებდა.
დამცირებაც არარეალური იყო – რატომ უნდა დაემცირებინა თავისი შვილის ძიძა, რომელიც ბავშვს უზრდიდა?!
მაშ, რა დარჩა? გამოცდა და მოწონება. რატომ უნდა გამოეცადა, რა ეჭვები გაუჩნდა ამისთანა ასე უცებ, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ასე შეცვალა საუბრის ტონი? – მაკა ამაზე პასუხს ვერ პოულობდა. რაც შეეხება მოწონებას თუ რაღაც სხვა გრძნობას, მაკას თეორიულად ეს უფრო დასაშვებად მიაჩნდა, მაგრამ რაღაც ამდაგვარი ოდნავ მაინც ხომ უნდა ეგრძნო ან კაცის მზერით, ან სიტყვით, ან ქმედებით, ან, ბოლოს და ბოლოს, რამე ფლუიდები ხომ უნდა წამოსულიყო ოჯახის ამ ნარჩენის საშინლად დაბნეული და დათრგუნული უფროსისგან?
ამ ვარაუდებმა ძიძა ისე გაართო, კინაღამ ბავშვის არსებობა დაავიწყდა. ჩვილის ტირილმა შეაწყვეტინა ფიქრები და სასწრაფოდ მიხედა პატარას: პამპერსი გამოუცვალა, შემთბარი რძე საწოვრიანი ბოთლით დაალევინა, ტკბილად ჩაძინებული საწოლში ჩააწვინა და ისევ თავის ვერსიებს დაუბრუნდა. ფიქრებში ბოლოს „განხილულმა“ ვარიანტმა, მისდა გასაკვირად, ყველაზე მეტად დააინტერესა თუ მიიზიდა; არა, უფრო ზუსტად, დააინტრიგა. იმდენი იფიქრა ამ ვერსიაზე, რომ თავისდაუნებურად თვითონაც სხვა თვალით შეხედა დათოს, სხვა თვალით შეხედა და მხოლოდ ქალის პოზიციიდან შეაფასა, ანუ როგორც ქალმა მამაკაცი (მიუხედავად იმისა, რომ აღარც თვითონ აინტერესებდა მამრობითი სქესის წარმომადგენლები და არც ისინი იჩენდნენ ინტერესს მის მიმართ, აგერ უკვე რამდენი წელია) და, აღმოაჩინა, რომ დათო საკმაოდ სიმპათიურიც იყო, ინტელექტუალურიც, გარკვეულწილად, უცნაურად მომხიბვლელიც და, თავისი დრამატულობითა თუ ტრაგიკულობით მიმზიდველიც. ამ აღმოჩენის შემდეგ მარტივი, მაგრამ ლოგიკური კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: „სხვა სიტუაციასა და ვითარებაში მოეწონებოდა ასეთი კაცი?“ – და სულაც არ გაწითლებულა და არ გაჰკვირვებია პასუხი, რომელიც უნებურად ხმამაღლა წარმოთქვა:
– რა თქმა უნდა, მომეწონებოდა, თანაც არც კი დავფიქრდებოდი, ისე! – მერე კი ასევე ხმამაღლა დასვა სევდით აღსავსე შეკითხვა: – მაგრამ საკითხავი ის არის, მე თუ მოვეწონებოდი ასეთ კაცს?
ამ ეჭვით აღსავსე რიტორიკულ შეკითხვას ისევ ხმამაღლა, ოღონდ ამჯერად უფრო მეტად დარწმუნებულმა გასცა პასუხი:
– რა თქმა უნდა, არ მოვეწონებოდი. ასეთ კაცს, ალბათ, 17-18 წლის მზეთუნახავები ესევიან ბუზებივით და უშვილო შინაბერა რაში სჭირდება!
ამ სიტყვების გავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მაშინვე გადაწყვიტა, ეს თემა საერთოდ ამოეშალა თავისი ფიქრებიდანაც და ცხოვრებიდანაც. ცოტათი რომ დამშვიდდა და მასში წუთით გაღვიძებული ქალიც ჩაცხრა, იმავე წამს ისე უდრტვინველად დაუბრუნდა თავის ყოველდღიურ ყოფასა და საზრუნავს, თითქოს თავისი აღსაზრდელის მამაზე არც ავად და არც კარგად არაფერი უფიქრია.
გადიოდა დღეები. დათო პერიოდულად მოდიოდა შვილთან, მოჰქონდა პროდუქტები, პამპერსები, ბავშვის საკვები და მიდიოდა. ხანდახან კი ამ ყველაფერს თავის მძღოლს ან მეგობარს, ლევიკოს ატანდა. სად ცხოვრობდა დათო, სად ათენებდა და აღამებდა, მაკა აზრზე არ იყო და არც აინტერესებდა. ერთადერთი, ის იცოდა, რომ მის დამქირავებელს კიდევ ჰქონდა ბინა ქალაქის ცენტრში და, ალბათ, იქ იყო მისი პირადი საცხოვრებელი. ძიძა, შვილი და ერთი ჯანმაგარი ახალგაზრდა კაცი, რომელიც დარაჯიც იყო, დაცვაც, მძღოლიც და, ზოგადად, სამეურნეო საქმეებში დამხმარეც, დათომ წავკისში, თავის ახალაშენებულ აგარაკზე დააბინავა – ბავშვი სუფთა ჰაერზეც იქნება და ახლოსაც მეყოლებაო.
ერთხელ მაკამ დათოსგან ნებართვა აიღო – თუ შეიძლება, რომ ხანდახან ჩემმა დაქალმა მინახულოს ხოლმეო.
– ხანდახან შეიძლება, მაგრამ ძალიან ხშირად სასურველი არ არის, – პასუხი საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ მაინც თანხმობას შეიცავდა და მაკას ერთადერთი მეგობარი, რომელიც მის კარის მეზობლად ცხოვრობდა თავის გოგონასთან ერთად, თვეში ერთხელ ესტუმრებოდნენ ხოლმე წავკისში და მაშინ მთელი ეზო გამოცოცხლდებოდა, მაკა და ნიტა კი თითქმის არასდროს გადიოდნენ ეზოდან. ერთადერთი გამონაკლისი იყო ბავშვის აცრაზე ან რამე მსგავს პროცედურაზე წაყვანა ექიმთან. სხვა მხრივ, მაკასა და მისი აღსაზრდელის ცხოვრება მშვიდად, წყნარად და სტაბილურად მიდიოდა. ათასში ერთხელ თუ მოინახულებდნენ ბავშვს დედისა და მამის ნათესავები, უფრო სიტუაციის დასაზვერად; მაკას ეშმაკურ დაკითხვას მოუწყობდნენ, ძირითადად, დათოს მომავალი გეგმების გასაგებად, მაგრამ სასურველ ინფორმაციას რომ ვერ იღებდნენ, გაწიწმატებულები ტოვებდნენ იქაურობას.
***
დრო გადიოდა. ნიტა იზრდებოდა და უკვე არა მარტო სახით, ხმითაც ცნობდა იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ. კარგი ზნის ბავშვი იყო, არაფრით არ უქმნიდა მაკას პრობლემებს, მაგრამ ქალს ძალიან ადარდებდა ამ პაწაწინა არსების თვალებში ჩამდგარი უცნაური სევდა, რომელიც სიცილის დროსაც არ შორდებოდა.
ნიტა აკვირდებოდა მის თავთან დახრილ მოღიმარ სახეებს; ხედავდა უამრავ ლამაზ, ფერად ნივთს; სიხარულით ეხმიანებოდა ეზოში მორბენალ ორ პატარა ლეკვს, რომლებიც სულ ბავშვის გარშემო ტრიალებდნენ; უსმენდა მაკას სიმღერებს, ზღაპრებს, საალერსო სიტყვებს და ყველაფერი ეს მის გულს ბედნიერებით ავსებდა, მაგრამ მაინც ის დრო ენატრებოდა, როცა დედის მუცელში იჯდა ნებივრად და დედიკო და მამიკო ისე ეფერებოდნენ, როგორც არასდროს არავინ მოჰფერებია. ასეთ დროს ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს და ეგონა, რომ ყველამ მიატოვა და, შეშინებული, გულამოსკვნით ატირდებოდა ხოლმე. ერთხელ კი, სწორედ მაშინ, როცა მარტოობის შეგრძნებით შეშინებული მწარედ ატირდა, ძიძამ გულში ჩაიხუტა და სწორედ ის სიტყვები უთხრა, რომლებსაც დედა ეუბნებოდა მოფერების დროს, იგრძნო, რომ მისი დედიკო დაბრუნდა და აღარასოდეს მიატოვებდა. ეს ისე ცხადად შეიგრძნო, რომ მაშინვე გამხიარულდა, მაკას ხელები სახეზე მოუცაცუნა და ჩაეხუტა. ბედნიერი ძიძა კი სიხარულისგან თან ტიროდა, თან იცინოდა.
სწორედ ამ სურათს შეუსწრო ეზოში მოულოდნელად შესულმა დათომ და სახეზე კმაყოფილება გამოესახა. მაკას არ შეუმჩნევია მისი შემოსვლა და ბავშვს გულაჩუყებული და აცრემლებული ეფერებოდა:
– ჩემო პაწაწინა ანგელოზო, დედიკოს სიხარულო, მამიკოს იმედო... ნუ გეშინია, მე სულ შენ გვერდით ვიქნები და ყოველთვის დაგიცავ, ყველასგან დაგიცავ, ვინც ცუდი თვალით შემოგხედავს... შენი მამიკოც დაგიცავს. იცოდე, რომ მამიკოს ძალიან, ძალიან უყვარხარ, უბრალოდ, ახლა ძალიან უჭირს და უნდა გაუგო... – მაკა ისე სერიოზულად ეუბნებოდა ნიტას ამ სიტყვებს, თითქოს ბავშვი მართლა გაიგებდა, რას ეჩურჩულებოდა ძიძა.
ასე ფერებ-ფერებაში პატარას ჩაეძინა. მაკა ბავშვიანად წამოდგა, რომ ოთახში შეეყვანა და საწოლში ჩაეწვინა და სწორედ ამ დროს დაინახა მისკენ მომავალი დათო, რომელსაც პარკებით დახუნძლული მძღოლი და ლევიკო მოჰყვებოდნენ. მაკა სამივეს თავის დაქნევით მიესალმა, დათოს კი თვალით ანიშნა, ბავშვს დავაწვენო და სახლისკენ გაემართა.
დათომ მძღოლს უთხრა, მანქანაში დამელოდეო, თვითონ კი ლევიკოსთან ერთად ფანჩატურში ჩამოჯდა, წითლად შეღებილ სკამზე.
– მაგრად გაგიმართლა ძიძაში, – უთხრა ლევიკომ დათოს, მაკა რომ თვალს მიეფარა, – აშკარად გულით უყვარს ბავშვი. თან, საკმაოდ სიმპათიურიც არის და, რაც მთავარია, სულ არ არის გოიმი.
– რა გოიმი, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და სამი უცხო ენა იცის, – ისე დაიტრაბახა დათომ, თითქოს შვილს ან დას აქებდა, – თან უმაღლესი რანგის კულინარია?
– მართლა? სად იშოვე ასეთი ქალი? ახლა ძალიან ძნელია ნორმალური ძიძის შოვნა. ძიძების უმრავლესობა მამაძაღლობაზეა გადასული. უკეთეს შემთხვევაში, ისეთი გოიმები ან ზარმაცები არიან, ჯობია, ბავშვს არ გააკარო. ამ გოგოში კი ყველაფერი თანაბრად არის შერწყმული: დედობრივი სითბო, გარეგნობა, ინტელექტი, პლუს, როგორც შენ ამბობ, მზარეულობა... მოკლედ, მარტო ძიძად კი არა, ცოლადაც იდეალური ვარიანტია... – ლევიკომ ეშმაკურად აზიდა წარბები და მსუნაგი თვალებით გაიხედა იმ კარისკენ, რომელშიც მაკა შევიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში