№6 როდის იქცევა ქალი მსახიობივით და რა სტანჯავს მას ქმართან ურთიერთობისას
ოჯახი და ორი ადამიანის თანაცხოვრება რთული ფენომენია. მთავარია, წყვილმა ზუსტად იცოდეს, რას უნდა ელოდეს ურთიერთობისგან, რა იქნება პარტნიორთან პრიორიტეტი, რაზე აიგება მათი ერთად ყოფნა. ორი ინდივიდის შეწყვილება არ არის მარტივი და ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. მხოლოდ გრძნობა, ისიც გაუაზრებელი, ჰარმონიულ ოჯახს ვერ შექმნის. იმისათვის, რომ ერთად შეხმატკბილებულად იცხოვრონ, ცოლ-ქმარს საკმაოდ ბევრი რამ უნდა აკავშირებდეთ: საერთო ინტერესები, მიზნები, პრიორიტეტები, მომავლის ხედვა, შვილების აღზრდის პრინციპები... სიყვარული, რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი..
თიკა (34 წლის): შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიყვარული ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ არის. ბევრი შეყვარებული წყვილი მინახავს, სკანდალით რომ დაშორებულან. თუ ოჯახს ფინანსური და სოციალური პრობლემები აქვს, რაში სჭირდებათ სიყვარული? არც კი გაახსენდებათ. გათხოვებამდე უსაზღვროდ ვიყავი შეყვარებული. ათი წელი მისით ვცხოვრობდი და ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ქმრად არ გამომადგებოდა.
– რატომ? რა მოთხოვნებს ვერ დააკამაყოფილებდა?
– მოთხოვნების დაკმაყოფილებაში არ არის საქმე. საკმარისად გავიტანჯე. არც ნერვიულობა დამკლებია და არც ცრემლი. ვინც უპირობოდ შეყვარებული ყოფილა, ის გამიგებს. ადამიანი ან გინდა ისეთი, როგორიც არის, ან – არა. იმაზე ფიქრი, რომ ცოლად გაჰყვები და მერე გადააკეთებ, დიდი შეცდომაა, დამღუპველიც კი. ოჯახში სიმშვიდეს მხოლოდ სიყვარულით ვერ მიაღწევ. რომანტიკული პაემნები, გულის ფრიალი და საჩუქრად საყვარელი დათუნიები, მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდშია კარგი და გასახარი. ოჯახში სხვა პრიორიტეტებია, რომელიც ქმარმა უნდა გამოარჩიოს და წინა პლანზე წამოსწიოს. ნამდვილად არ მქონდა იმისი სურვილი, რომ ქმართანაც შეყვარებულობანა მეთამაშა.
– ანუ, კი არ გიყვარდათ, თამაშობდით?
– არ მინდა ამ თემის განხილვა. რას ნიშნავს ვთამაშობდი? რაღაც როლს ყველანი ვთამაშობთ. ცოლები ოჯახში ვიწყებთ თამაშს, რაც სულაც არ არის ცუდი. ეს რომ არ შეგვეძლოს, გავგიჟდებოდი. ახლა, როცა ჩემი ქმარი მეკითხება გიყვარვარ თუ არაო, პასუხის გაცემა მიჭირს. მე არასდროს გამომიჩენია ინიციატივა, რომ ქმრისთვის ჩემი გრძნობები გადამეშალა. იცოდა, რომ სანამ ცოლად გავყვებოდი, შეყვარებული მყავდა.
– როგორ მიიღო ეს ამბავი?
– ძალიან ნორმალურად. შეყვარებულის ყოლა რა არის, რომ ამის გამო ტრაგედია შექმნა. ეს ყველაფერი უკვე წარსული იყო. ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. არ მახსოვს, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთხელ მაინც მენანოს. ნამდვილად კარგი ქმარი მყავს. რა თქმა უნდა, სიყვარული ძალიან კარგი რამეა, მაგრამ დამიჯერეთ, ოჯახში მარტო სიყვარულით ფონს ვერ გახვალ. აჯობებს, ნაკლებად უყვარდე და მეტად გაფასებდეს. მე არ ვნანობ, რომ არჩევანი ჩემი შეყვარებულის სასარგებლოდ არ გავაკეთე. ცოლქმრული სიყვარული სხვა რამეა.
– ცოლქმრული სიყვარული რამე სხვაა?
– რა თქმა უნდა. ცოლები ხომ შეყვარებულები აღარ ვართ. გაცილებით მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, გაბუტვა და პარტნიორის წვალება, პაემანზე დაგვიანებით მისვლა, ჭირვეულობა. ამ, ყველაფერს იქამდე გვპატიობენ, სანამ ცოლები გავხდებით. მერე სხვანაირი ქალი სჭირდებათ – ის, ვინც მოუვლის, იზრუნებს მათზე, ყველაფერს აპატიებს; ზოგჯერ დედის როლში იქნება, ზოგჯერ – საყვარლის, ზოგჯერ კი მეგობრის. დარწმუნებული ვარ, გეცნოთ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ მე სულელი ვარ. მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლა ყველას გვიწევს. ამიტომ, მხოლოდ წარსულის ბედნიერი წუთები უნდა გვახსოვდეს, ასე ცხოვრება უფრო ადვილი გახდება. ერთ დღეს თითქმის ყველა ცოლს უწევს ქმრისგან უნიჭოდ თავის მართლების მოსმენა: როგორ შემეძლო, შენთვის მეღალატა და საქმე იმ ქალთან დამეჭირა... მხოლოდ შენ მიყვარხარო... - ყველას ერთნაირი ტექსტი აქვს, გამონაკლისების გარეშე. ან ყველაფერი უნდა გაანადგურო, ან უნდა „დაიჯერო“, მესამე ვარიანტი არ არსებობს.
– იმის თქმა გინდათ, რომ ყველა ცოლს უწევს ქმრისთვის ღალატის პატიება?
– პრაქტიკულად, კი. ზოგს უფრო სერიოზულ რაღაცაზე უწევს თვალის დახუჭვა, ზოგიერთი კი უწყინრად ცელქობს. მამაკაცები ხშირად აჰყვებიან ხოლმე ვნებას და მერე ნანობენ იმ შედეგებზე, რაც ამ ქარაფშუტობას მოსდევს. ძალიან ბევრ მამაკაცს ემართება ასე. ზოგი კი ნანობს გულწრფელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულს ნაკლებად გტკენს. ბევრი ცოლი ვერ უძლებს ასეთ გამოცდას და ტყდება. ხშირად უნდა უთხრა საკუთარ თავს – ცოლი ვარ და კეთილგონიერი უნდა ვიყო. იმას უნდა გაუფრთხილდე, რაც გაქვს. ასეთია რეალობა: ოჯახი გაქვს და ქმარი გყავს, რომელიც შეიძლება, ისე არ გიყვარს, მაგრამ პატივს სცემთ ერთმანეთს. მასთან ძალიან ბევრი თბილი მოგონება გაკავშირებს. რაც მთავარია, შვილები გყავთ, რომლებიც ორივეს არანორმალურად გიყვართ. არ არის ადვილი, ყველაფერს ხელის ერთი მოსმით გადაუსვა ხაზი. ზოგჯერ შეიძლება, ისეთ ჭკუაზე დადგე, ლამის მიატოვო, მისგან უკანმოუხედავად გაიქცე და ცხოვრება თავიდან დაიწყო. მაგრამ რაღაც ყოველთვის გვაკავებს.
– „რაღაც“, ანუ?
– სწორედ ის ცოლქმრული სიყვარული, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ოჯახური ბედნიერების სრული პაკეტი არ არსებობს. მაგრამ შეგიძლია, საკუთარი ბედნიერება თავად შექმნა.
– ღალატზე თვალის დახუჭვით?
– არც ეგ არის ძნელი, თუ იცი, ამას რისთვის აკეთებ. უკან არ უნდა გაიხედო. სულ წინ უნდა იარო. სხვათა შორის, როცა ქმარი შენ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს, ამას ძალიან კარგად გამოიყენებ – რა თქმა უნდა, თუკი მოინდომებ. როგორი მოღალატეც უნდა იყოს, მაინც უყვარხარ და ეცდება, დანაშაული გამოისყიდოს. ეს მომგებიან მდგომარეობაში გაყენებს.