№6 ტრამპის მოტივებზე
„რაცა ღმერთსა
არა სწადდეს“
ისე აღმოჩნდა, რომ რუსთაველის მოტივები აქტუალური შეიქნა არა მხოლოდ ჩრდილოეთში (ანუ ჩვენი ოკუპანტის სავანეში), არამედ ჩვენი ოკეანისგაღმელი და სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორის (რომლის შეწევნითაც უდგას სული ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას) სამფლობელოში.
კერძოდ, თეთრი სახლის პრესმდივანმა (სარა სანდერსმა) „ქრისტიანულ რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ღმერთის ნებით გაპრეზიდენტდა.
ასევე, დასძინა, რომ (მომყავს ცოტატა): „ტრამპმა ბევრი ისეთი საკითხი გადაჭრა, რომლებიც მორწმუნეებს აღელვებდათ“ და ახსნა, რომ მექსიკასთან კედლის აშენების იდეის უკან საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება დგას (ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო, ანუ მექსიკა და შვილოო, ანუ დანარჩენო მსოფლიოო).
ამის პარალელურად, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზადაა, მიიღოს სირიელი ქრისტიანი დევნილები.
მეორე მხრივ, ცნობილია დონალდ ტრამპის (რომლის ქცევა-მეტყველებას, თუ გულზე ხელს დავიდებთ, დიდად ქრისტიანული სიყვარულით გამსჭვალულს ვერ დავარქმევთ) გამონათქვამები: „ამერიკა ეკუთვნის ღმერთს“, „გეიქორწინებები ბოროტებაა“, რაც, ასევე, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ემთხვევა სასულიერო პოზიციას.
ასეა თუ ისე, რაკი ჩვენ ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა სურს და არ სურს შემოქმედს, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია (როგორც დასაწყისში მოგახსენეთ), რომ რუსთაველის შეგონებები არათუ იმ ეპოქაში, ამ ეპოქის სრულიად განსხვავებულ ფორმაციებშიც მოქმედია.
ანუ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“!