№5 რატომ ეშინია მარიამ გოგუაძის გამო მის შეყვარებულს და რა დაჯახებებსა და ბრძოლაში ჩაერთო ის
მარიამ გოგუაძისთვის სიმღერა ერთადერთი ინტერესი არაა. მარიამი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მორაგბეა და ამასთან ერთად, მედიცინასაც ეუფლება.
მარიამ გოგუაძე: ძალიან პატარა ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. ათი თვისა ბაბუას „კლიმანჭურს“ავყევი. თუმცა, ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან მუსიკალური ოჯახი მაქვს. მას შემდეგ სულ ვმღეროდი. ყველა მუსიკალურ პროექტში ვცადე ბედი, შვიდი-რვა წელია, ვცდილობ, გამოვჩნდე. მხოლოდ შარშან და წელს გამომომაჩინეს. ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ ხდებოდა, თუმცა საკმაოდ მებრძოლი ვარ. სხვამ შეიძლება, ფარ-ხმალი დაჰყაროს, მაგრამ ჩემთვის ეს წინსვლის მიზეზი იქნება. ძალიან მომწონს უკრაინის „ვოისი“ და მინდა, იქ ვცადო ბედი. ჩემს ცხოვრებაში რაგბის და სწავლას დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ, არ ვიცი ამ ყველაფრის პარალელურად რამდენად მოვახერხებ, მაგრამ როცა მოვიცლი, პოპულარობისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– ნაზი, სიფრიფანა გოგოსგან ყველას გაუკვირდა მორაგბეობა, როდის და როგორ დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით?
– თავიდან ჩოგბურთელი ვიყავი, ცხრა წელი ვთამაშობდი. ჩვიდმეტი წლის უკვე მძლეოსნობაზე შევედი – „სპრინტერი“ ვიყავი, დავრბოდი. ჩემი მეგობარი მძლეოსანი გოგოები დადიოდნენ რაგბიზე. მითხრეს, რომ სჭირდებოდათ გონებაგახსნილი გოგო, რომელიც ადვილად აითვისებს საჭირო უნარებს. მთავარია სწრაფი სირბილი და აზროვნება. ჩოგბურთიდან და მძლეოსნობიდან გამომდინარე, ფიზიკური მომზადება არ მაკლდა, ამიტომ გადავწყვიტე, მეცადა. მივედი და დღემდე იქ ვარ – უკვე ორ წელზე მეტია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რადგან მორაგბე გოგოები ვართ, ხალხს შთაბეჭდილება რჩება, რომ უხეშები ვართ და ჩვენთან ლაპარაკი, როგორც გოგოსთან, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ უფრო მეტი დადებითი გვაქვს. სტადიონზე ვუხეშობთ, იმას ვაკეთებთ, რაც რაგბისთვის საჭიროა, მაგრამ ცხოვრებაში ჩვეულებრივი, ნაზი გოგოები ვართ. ერთადერთი, მოედანზე მიწევს ძალის გამოყენება „გულის მოსაფხანად“ (იცინის). მაგრამ მოედანს რომ ვტოვებ, სულ სხვანაირი ვხდები. ამ სპორტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ყოველთვის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მიხარია, რომ ასეთი შანსი მომეცა – საქართველოს ეროვნული ნაკრების „შვიდქალას“ წევრი ვარ. წელს ევროპის „კონფერენსდივიზიონი“ მოვიგეთ, ახლა ორი „ევროპა“ გვაქვს სათამაშო, სადაც საკმაოდ ძლიერი გუნდები იღებენ მონაწილეობას. ზაფხულში ისრაელის ნაკრებსაც მოვუგეთ, თან, საკმაოდ კარგი სხვაობით. ახლა ევროპის ტურნირებზე მათაც შევხვდებით და ჩვენი გამოცდილება გამოგვადგება. უფრო ძლიერი გუნდებიც არიან, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრებს არც აზროვნება გვაკლია და არც სისწრაფე. შეიძლება, ყველა ძლიერი იყოს, მაგრამ ჩვენ აზროვნებითა და სისწრაფით მოვუგოთ, რადგან გუნდში ამ მხრივ გამორჩეული ბევრი მოთამაშე გვყავს, ეს ჩვენი პლუსია.
– რა არის შენი მიზანი?
– რაგბი ისეთი სპორტია, მით უმეტეს, გოგოსთვის, რომ ოცი და ოცდახუთი წელი ვერ ითამაშებ. სანამ ფიზიკურობა ხელს შემიწყობს, მანამდე ვიქნები. ღმერთმა დამიფაროს, რა უნდა დამემართოს ისეთი, რომ რაგბის თავი დავანებო?! თუმცა, ტრავმის გამო ზოგს უწევს ამის გაკეთება. ვცდილობ, თუ რამე მეტკინა, რამდენიმე დღე დავისვენო, რომ მერე არ გამიმწვავდეს. ერთხელ თითი მოვიტეხე, იმ კვირაში საფრანგეთში მქონდა ტურნირი და თითმოტეხილი დავრბოდი სტადიონზე. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– ეს სპორტი მორაგბე ბიჭებს ძალიან ცვლის და შენ როგორ ხარ ასეთი სიფრიფანა?
– გუნდში თითქის ყველა ასეთები ვართ. ჩვენ „შვიდქალა“ ვართ, „თხუთმეტქალაში“ უფრო მეტი ძალაა საჭირო. ჩვენ უფრო სისწრაფე და სწრაფი აზროვნება გვჭირდება, თან მე ფრთაზე მოთამაშე ვარ, ბურთს მაძლევენ და გავრბივარ. ამიტომ ძირითადად სისწრაფეზე ვვარჯიშობ. ვინც შერკინებაშია, ისინი „შტანგაზე“ ვარჯიშობენ და უფრო „მოხოდილი“ გოგონები არიან, უფრო მეტი ძალა აქვთ, კუნთის მასა და სიმაღლე. მე პირადად 52 კილოგრამი ვარ და ფიზიკურობაც მიწყობს ხელს ფრთაზე დგომაში. მე რომ შერკინებაზე დამაყენო, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიზამ (იცინის).
– როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე, არასპორტულ გარემოში გაპრანჭულ გოგოს რომ გაგიცნობენ და მერე იგებენ, რომ მორაგბე ხარ?
– ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ძირითადად, ჰგონიათ ხოლმე, რომ მოდელი ვარ ან ბალერინა და მერე უცებ, რომ იგებენ მორაგბე ვარ... გვეღადავები, რა გეტყობა შენ მორაგბისო, – მეუბნებიან (იცინის). ფოტოებსა და თამაშებს რომ ვაჩვენებ, მერე იჯერებენ, მანამდე ძნელი დასაჯერებელია და მათიც მესმის.
– ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– მამა ფეხბურთელი იყო. ჩემები ყოველთვის გვერდში მიდგანან და გონებაში თუ რამე საღი აზრი მომივა, მეთანხებიან. რაგბიზეც ვუთხარი, რომ თუ მტკივნეული იქნებოდა, უარს ვიტყდი. თუმცა, როცა მოედანზე ხარ, ეს ისეთი აზარტია, ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობ, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება, ფეხზე ადგომაც ვერ შეძლო. თუმცა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ტრავმასაც არ მიიღებ.
– ბიჭებს როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, აი, ვინც გეპრანჭებიან, მათი აზრი მაინტერესებს.
– თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, უნდა აუხსნა, შენ რატომ მოგწონს. რადგან გოგო ვარ, ისეთი სპორტით დაინტერესება, სადაც დაჯახებები და ბრძოლაა, ბიჭებისთვის ცოტა გაუგებარია და უკვირთ ხოლმე. რატომ სპორტის სხვა სახეობა არაო? დღეს საქართველოში საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენის საშუალება რაგბიში უფროა, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებში.
– ცოტა არ აფრთხობ ბიჭებს?
– არა, რატომ?! (იცინის)
– შეყვარებულიც მორაგბეა, არა?
– კი, ამ სპორტში იყო, მაგრამ ახლა დროებით სხვა ქვეყანაშია წასული. ხუთი წელია, ისრაელშია, მაგრამ პერიოდულად ჩამოდის ხოლმე. მეხუთე წელია, რაც ლევანს ვიცნობ, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ორი წლის წინ საფრანგეთის ტურნირი დაგვემთხვა და იქ ორივესთვის მოულოდნელად, ყველაფერი კარგად აეწყო. უკვე ორი წელია, ერთად ვართ. უხარია, რომ მორაგბე ვარ, მაგრამ სულ იმის შიში აქვს, არაფერი ვიტკინო. ყველანაირად გვერდში მიდგას და ძალიან მოსწონს, ასეთი წარმატებები რომ მაქვს.
– სად სწავლობ?
– სპორტის უნივერსიტეტში ვსწავლობ სპორტულ რეაბილიტაციას. უკვე მესამე კურსზე ვარ და პრაქტიკას ჩვენთან, რაგბის ბაზაზე გავდივარ, სარეაბილიტაციო ცენტრში. პლუს, თამაშებზე რაგბის კომისარი ვარ. ვცდილობ, რასაც ვსწავლობ, ყველაფერი გამოვიყენო.