№5 როგორ ატირებს თეონა მოსია ევროპელებს მეგრული ჯაზის შესრულებისას
ჯაზ მომღერალი, თეონა მოსია უკვე 15 წელია, რაც ავსტრიაში ცხოვრობს. მუსიკალური განათლებაც იქ მიიღო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მას არასდროს უფიქრია მუსიკოსობაზე და არც მუსიკის ნოტებით სწავლის მომხრე ყოფილა. სწორედ ამიტომ, გერმანულ ფილოლოგიაზე ჩააბარა და უცხოეთშიც ცოდნის გასაღრმავებლად წავიდა. თუმცა, ევროპაში ჩასვლის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... დღეს კოლხი გოგონა ევროპას მეგრული ჯაზის უნიკალური შესრულებით აოცებს.
თეონა მოსია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დავიბადე და გავიზარდე. მუსიკას ყოველთვის ვქმნიდი, ბავშვობაშიც სულ სცენაზე ვიდექი. ოჯახშიც სულ ვღეროდით, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ოჯახი ვართ. ეს ნიჭი მამისგან გვერგო. მუსიკალური განათლება საქართველოში არ მიმიღია. ცოტა ჯიუტი ვიყავი და მეგონა, თუ ვინმე მუსიკას ნოტებით სწავლობდა, უნიჭო იყო (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება ამ კუთხით არ მიმიღია, ნებისმიერ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. ახლა რომ ვფიქრობ, სკოლის პერიოდში დაწერილი სიმღერები ძალიან ჰგავს იმას, რასაც დღეს ვმღერი. არადა, მაშინ მომღერლობაზე და ზოგადად მუსიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მინდოდა, სხვა პროფესია მქონოდა, მუსიკა ისედაც საკმარისი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ზუგდიდშივე დავამთავრე გერმანული ენის ფაკულტეტი.
– უცხოეთში რა მიზეზით წახვედით?
– პირველად ქვეყანა 2001 წელს დავტოვე, მაშინ სიდუხჭირე და რთული პერიოდი იყო. ერთწლიანი პროგრამით წავედი გერმანიაში სამუშაოდ, თან ჩემი პროფესიის გაღრმავება და სწავლის გაგრძელება მინდოდა. ყოველთვის მსურდა გერმანულ ქვეყანაში მეცხოვრა, თუმცა, ამას თუ მუსიკის გამო შევძლებდი, არასოდეს მიფიქრია. ერთი წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი და თბილისში გავაგრძელე ცხოვრება. ვგრძნობდი, რომ ევროპაში დაბრუნება მინდოდა, ვერ ვჩერდებოდი. ამიტომ 2005 წელს ისევ სამუშაო პროგრამით გავემგზავრე ავსტრიაში. ვფიქრობდი, ევროპაში მხოლოდ 5 წელი ვიცხოვრებდი, მაგრამ ხუთი კი არა, 15 წელი გავიდა (იცინის). ვენაში გავიცანი მუსიკოსები. მაშინ ჯაზს არ ვმღეროდი, ჩემი მიმდინარეობა ფოლკლორი ან როკი იყო. თან, პანკური გარეგნობა მქონდა (იცინის). მოკლე ვარცხნილობას ვატარებდი, უკან გრძელი კუდით. ხან წითლად მქონდა თმა, ხან სხვა ფერზე. სხვათა შორის, ავსტრიაში რომ ჩამოვედი, ოჯახში, სადაც ვცხოვრობდი, მითხრეს, რომ ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ და ასეთი გარეგნობის ძიძა არ სჭირდებოდათ (იცინის). მომთხოვეს გარდერობის შეცვლა. ცოტა შოკირებული ვიყავი, ვფიქრობდი, საქართველოდან ასეთ სიტუაციას გამოვექეცი და აქ უარესი დამხვდა-მეთქი. არადა, რომ მივდიოდი მეგონა, ისეთ ქვეყანაში ვიქნები, სადაც თავისუფლად ვიცხოვრებ, ისეთ ვარცხნილობას გავიკეთებ და იმას ჩავიცვამ, რასაც მინდა-მეთქი. მერე ნელ-ნელა შევიცვალე სტილი, სხვა გზა არ მქონდა (იცინის).
– რატომ გადაწყვიტეთ მუსიკოსობა?
– ვენაში ჩასვლიდან დაახლოებით 10 თვის მერე გავიცანი მუსიკოსები. მათთან ერთად მქონდა რეპეტიციები. ერთ-ერთმა მითხრა: ჩვენ მოყვარულები ვართ და დასანანია, შენნაირი ნიჭიერი ადამიანი აქ რომ უკრავს, იქნებ რამე სცადო. ვენაში არის „პრაინერის“ კონსერვატორია, სადაც სრულიად უსასყიდოლოდ შეძლებ მუსიკის შესწავლასო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მევლო ნოტებით, მაგრამ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. ჩავირიცხე და დავიწყე სწავლა. უკვე მეორე ლექციაზე თავისუფლად ვახერხებდი იმპროვიზაციას. ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ შემეძლო მუსიკის შექმნა. ცხოვრებაში პირველად გადავდგი სწორი ნაბიჯი. არ ვიცი, რა ძალამ მიმიყვანა კონსერვატორიამდე, მაგრამ ამან ჩემი თავი მაპოვნინა. შემხვდა ძალიან კარგი ლექტორი, რომელმაც სწორი მიმართულება მომცა. მან უფრო აღმოაჩინა ეს ნიჭი ჩემში, ვიდრე მე.
– მეგრული ჯაზის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?
– ჩემი დაც აქ ცხოვრობს, ოღონდ ექიმია. ისიც ძალიან კარგად მღერის, ჩემზე უკეთესადაც კი. ერთხელ კურსელები შევიკრიბეთ, ჩემი დაც წავიყვანე და ორ ხმაში ვიმღერეთ მეგრული სიმღერა. ამ დროს ჩემი ჯუფელი იღებს კონტრაბასს და იწყებს დაკვრას. ეს იყო საოცარი მომენტი. ვიღაცამ გადაიღო და რომ მოვუსმინე, მაშინ აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ეს ჩემი მუსიკა იყო. თუმცა, ამ ყველაფერს ჩემთვის ვინახავდი, დრო მჭირდებოდა. 2014 წელს, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, საკუთარი ბენდი შევქმენი და მეგრული ჯაზიც სააშკარაოზე გამოვიტანე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
– რას გეუბნებათ მსმენელი?
– მსმენელისთვის ძალიან საინტერესოა. მეგრული სიმღერები უფრო ლირიკულია. ძალიან მოსწონთ რიტმი და მთლიანად მუსიკა. მეუბნებიან, დასაწყისში შეიძლება, ავტირდეთ, მაგრამ შემდეგ ჩანს იმედი, რომელიც ღიმილს გვგვრისო. ეს მართალია, მეგრულ სიმღერებში ბევრი სევდაა. თუმცა, მხოლოდ მეგრულს არ ვმღერი, უცხოურთან ერთად, ძალიან ბევრი სხვა ქართული სიმღერა მაქვს, რომელიც არანაკლებ მიყვარს.
– მეგრული ბენდის წევრებსაც ხომ არ ასწავლეთ?
– არა, ბენდის წევრები თვითონ მუსიკაში ხვდებიან, რომელი შეიძლება იყოს მეგრული და რომელი სხვა კუთხის. თავიდან არ ვთარგმნიდი, რას ვმღეროდი, გამოცდილება არ მქონდა. მერე მსმენელმა მთხოვა, შინაარსი მომეყოლა. ახლა ყოველი სიმღერის წინ ვყვები თითოეულის ისტორიას.
– რა სირთულეებს წააწყდით ემიგრანტობის დასაწყისში?
– ძალიან ბევრი სირთულე იყო, ძალიან ბევრი... ჩემთვის ეს გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. თუმცა, სოციალური პრობლემები ნაკლებად მქონდა, რადგან ამ ხალხის ენა და კულტურა ვიცოდი. უფრო, მუსიკის მხრივ მქონდა პრობლემები. ის, რასაც მე ვღერი, არ არის კომერციული მუსიკა. ეთნოჯაზი, საქართველოშიც ნაკლებად ხვდება ჯაზის ფესტივალზე. სირთულე არის ისიც, რომ 8 თებერვალს პირველად ჩამოვიდივარ ბენდთან ერთად საქართველოში, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე. ეს კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მე ჩამოვდივარ ჩემი მსმენელისთვის, რომელსაც მინდა, დიდი სიამოვნება მივანიჭო. რაც შეეხება სხვა სირთულეებს, ყველა ემიგრანტს აქვს სამშობლოს მონატრება, მშობლების, საკუთარი სახლ-კარის. ღამე არ გავა, რომ არ დამესიზმროს ჩემი მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი ეზო... ეს მონატრებაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვქმნი ამ მუსიკას.
– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– სამწუხაროდ, არაფერი. არ მინდა, მუსიკას დავაბრალო, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვიცლი პირადისთვის. გრძნობებმა და სიყვარულმა თავი მოიყარა მუსიკაში. ეს ყველაფერი მუსიკამ წამართვა (იცინის).