კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ მალავდა ოტია იოსელიანი-უმცროსი ოტიას შვილიშვილობას და რატომ ვერ გრძნობდა ის ბაბუისგან სითბოს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

„ოტიას ეზო“ – ასე მოიხსენიებენ წყალტუბოში არსებულ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, რომელსაც მწერლის შთამომავლები უვლიან. ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს. მნახველებს განსაკუთრებით, იოსელიანების საოჯახო მეურნეობა ხიბლავთ. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ მწერლის შვილიშვილი – ოტია იოსელიანი-უმცროსი, თბილისიდან ოჯახთან ერთად ბაბუას კერას დაუბრუნდა და ჯანსაღი პროდუქტების წარმოება დაიწყო. უმცროსი ოტია პროფესიით არქიტექტორია. უფრო დაწვრილებით მისი საქმინობის შესახებ თავად გიამბობთ.
ოტია იოსელიანი: ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი წყალტუბოში.  როცა ბაბუა გარდაიცვალა და  იქაურობას მოვლა დასჭირდა, ნელ-ნელა გადავედით მთელი ოჯახი. სახლ-მუზეუმს ყოველთვის განახლება სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფომ ვერ აიღო ეს მოვალეობა საკუთარ თავზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მიგვეხედა და ბიზნესი წამოვიწყეთ. ოტიას ეზო, რომელიც უკვე არსებობდა, დავბრენდეთ და ლოგოც გავუკეთეთ. დავიწყეთ სხვადასხვა პროდუქტის წარმოება. ყველაფერს ჩვენი დიდი ოჯახი აკეთებს – ბიძები, ბიძაშვილები, ბიძაშვილის შვილები... ღვინოზე მე ვარ პასუხისმგებელი, მეფუტკრე ბიძაჩემია. ჩვენი თაფლი ისედაც ცნობილი იყო, ღვინო მერე მივუმატეთ. ერთ დღესაც ბევრი სტუმარი გვყავდა და ღვინო დეგუსტაციის მიზნით ჩამოვასხით. სასმელმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემმა მეგობარმაც შემიქო ნახელავი, მითხრა, რომ ამ ღვინოს თავისუფლად გავიტანდი ბაზარზე და თავსაც მოვიწონებდი. აქედან გაჩნდა ღვინის წარმოების იდეა. ახლა უკვე, ღვინის სხვადასხვა სახეობები გვაქვს და არაყიც დავამატეთ.
– თბილისის დატოვება და წყალტუბოში დასახლება არ გაგიჭირდა?
– თავიდან გამიჭირდა, მაგრამ საქმეს და მუშობას რომ ეჩვევი, მერე სირთულეებს ვეღარ ხედავ. მუშაობაში ისე საინტერესოდ გადის დრო, ამ ცვლილებებზე აღარ ფიქრობ. გარდა იმისა, რომ ბაბუას სახლს მოვლა სჭირდებოდა, ჩემი ორგანიზმი ვერ იღებს არაჯანსაღ, გენმოდიფიცირებულ საკვებს. ამის გამო გადავედით წყალტუბოში და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა დავიწყეთ. თბილისში რომ ჩამოვდივარ, დისკომფორტი მაქვს – წყალი, ჰაერი, საკვები ცუდად მოქმედებს. სიწყნარესაც მივეჩვიე და ვცდილობ, ისეთ გარემოში მოვხვდე, სადაც ხმაურს მაქსიმალურად ვიქნები მოშორებული. მეგობრებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი საქმიანობა და ხშირად ჩამოდიან. ამიტომ მათ ნაკლებობასაც არ განვიცდი. სტუმრები რომ მოდიან ხოლმე, ამბობენ: აქ კი დაწერდა კაცი, აქ კი დარჩებოდი, აქ მეც გადმოვიდოდი, აქ მეც ვიცხოვრებდი... რაც თბილისში გვაკლია, იქ ყველაფერია: სიმშვიდე, მცენარეები, სუფთა ჰაერი...
– როგორც ცნობილია, სახლის პროექტი ბატონ ოტიას ეკუთვნოდა, რა ცვლილებები შეიტანეთ?
– დიახ, ეს სახლი  ბაბუამ საკუთარი ხელით ააშენა და ორივე სართულის ბუხარიც თავადვე გააკეთა. ზედა, მთავარ დარბაზში შეცვლილი არაფერია. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ სახლ-მუზეუმი უნდა ყოფილიყო, ამიტომ სახლმა დიდად ცვლილებები არ მოითხოვა. სარდაფში გავაკეთეთ მარანი. იქ იყო ძველი ნივთების საწყობი, რომელიც გამოვასუფთავეთ და გავალამაზეთ. ბაბუას უნდოდა, რომ მარანი სწორედ ეს ოთახი ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო ჩანაფიქრის განხორციელება. სურვილი ჩვენ ავუსრულეთ.
– ბევრი მოგონება გექნება ბაბუაზე... როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– მწერლობის გამო, ოტია სულ დაკავებული იყო. ჩვენ არ გვქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს აქვს. როგორც ასეთი, მისგან სითბო არ მიგრძნია, არ უყვარდა საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. ძალიან მკაცრი იყო და შვილებსაც მკაცრად ზრდიდა. ერთ უცნაურ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჯერ არავისთვის მითქვამს. თბილისში ხატვაზე დავდიოდი და  ძალიან მქომაგობდა. ბაბუას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე, ჩემმა მასწავლებელმა დამიბარა და მითხრა: რაღაც მინდა მოგიყვე, არ მასვენებსო. ერთ დღესაც ჩემს ბავშვებთან ერთად ვზივარ და კარზე კაკუნის ხმა მესმის. იქიდან გამომდინარე, რომ კარზე არავინ აკანუნებდა, გამიკვირდა და დავუძახე შემოდი, რა პრობლემაა-მეთქი. კიდევ მესმის კაკუნი და ისევ გავუმეორე, შემოდი, რატომ უნდა წამომაყენო-მეთქი, მაგრამ ისევ კაკუნია. ცოტა გაბრაზებული წამოვდექი, გამოვაღე კარი და ოტია დგას მოკიდებული ჩიბუხით. მომესალმა, მერე მითხრა, აქ ჩვენი ბავშვი უნდა სწავლობდეს, ოტიაო. კი-მეთქი, – დავეთანხმე. შემოვიპატიჟე, დაათვალიერა გარემო და მკითხა, თუ გამოვა მისგან რამეო. მეც დავაწყნარე და ვუთხარი, ძალიან კარგად ხატავს-მეთქი. დაათვალიერა სიტუაცია, ნახა შენი ნამუშევრები და წავიდა. მთხოვა, არავისთვის მეთქვა. ახლა, როცა გარდაცვლილია, ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეო. არავისთვის უთქვამს ბაბუას, რომ იქ მიდიოდა. ეს იყო დიდი ზრუნვისა და სითბოს გამოხატვა. ასეთი იყო – თავის გრძნობებს პირდაპირ არ დაგანახვებდა. დღემდე, როცა სახლში რაღაცას ვაკეთებ, ისეთ დეტალებს  ვაწყდები, აი, მერე რომ მოვლენ და ნახავენ, მოეწონებათო – ყველაფერი წინასწარ ჰქონია გათვლილი. ამაში ჩანს მისი მზრუნველობა და სიყვარული.
– რჩევა-დარიგებებს ხშირად გაძლევდა ხოლმე?
– ხშირად დავურიგებივარ. ცხოვრებაში რაღაც რომ გადამხდება, მერე მახსენდება ხოლმე მისი სიტყვები. აკვირდებოდა ადამიანებს და ყველაფერს იმახსოვრებდა. ოღონდ, ამას ერთი შეხედვით ვერ მიხვდებოდი. ჩემზე ძალიან იმოქმედა ერთმა ისტორიამ. ერთხელ რამდენიმე მეგობარი გავაცანი. ერთ-ერთი ბიჭის გვარი დიდად გავრცელებული არ იყო. ცოტა გვესაუბრა და წამოვედით. როგორც მერე გავიგე, ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ ოტიას შეხვედრია იმავე გვარის ქალბატონი და მისთვის უთქვამს, ჩემს შვილიშვილს ჰყავს თქვენი მოგვარე მეგობარიო, თან, ამ ბიჭის ბიოგრაფიაც კი მოუყოლია.  ამის მერე მივხვდი, როგორი ყურადღებით აკვირდებოდა თითოეულ ადამიანს. მისი წერის სტილიც ისეთია, ცდილობს, ადამიანი გააშიშვლოს. ვინც კი შეხვედრია, ნებისმიერი პიროვნება შეიძლება, იყოს მისი პერსონაჟი. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქალების მიმართ. ეს მის შემოქმედებასაც ეტყობა. ბევრს უკვირს კიდეც, საიდან იცნობდა ასე ახლოს ქალებსო. ფაქტია, რომ იცნობდა.
– რთულია იყო ოტია იოსელიანი-უმცროსი?
– კი, საკმაოდ რთულია. ბევრჯერ უთქვამთ, რომ აი, ამ ადამიანის სახელს ატარებ. დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამას  ვერ გავექცევი. ასეთ დროს მთავარია, ჩრდილში არ მოექცე  და იმდენი გააკეთო, რომ შენზეც არანაკლები ილაპარაკონ. სჯობს, მასზე უკეთესი იყო. ეს ხომ ქართველების წესია. არასოდეს მისარგებლია ბაბუას შვილიშვილობით. უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე გაიგეს ჩემმა ლექტორებმა, ოტიას შვილიშვილი რომ ვიყავი. მაქსიმალურად ვმალავდი. სახელიდან და გვარიდან გამომდინარე მეკითხებოდნენ ხოლმე, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ უბრალოდ, დამთხვევა იყო. ბოლო კურსზე, ერთ-ერთი ლექტორი ბაბუას მეგობარი აღმოჩნდა და მასთან თავის დაძვრენა აღარ გამოვიდა.
– თავადაც წერ?
– არა, არ ვწერ.  პროექტს როცა გავაკეთებ, მხოლოდ მის განმარტებით ბარათს ვწერ ხოლმე (იცინის). თუმცა, კარგად წერენ მისი შვილები. ოღონდ არ ასაჯაროებენ, დამალული აქვთ. ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, არ სურთ თავიანთი ჩანაწერების საზოგადოებამდე მიტანა. ბოლოს ჩვენც დავყარეთ ფარ-ხმალი (იცინის).
скачать dle 11.3