№5 ჩამოკიდებული ყავა
ერთხელ ტონინო გუერა და ფედერიკო ფელინი თავიანთ კოლეგასა და მეგობარს ვიტორიო დე სიკას ნეაპოლში ეწვივნენ. სხედან ერთ-ერთ კაფეში და საუბრობენ, თანაც ნეაპოლელებს აკვირდებიან. ამ დროს კაფეში შემოდის კლიენტი, მიდის ბარმენთან და აძლევს შეკვეთას: „ორი ყავა, ერთი ჩვეულებრივი და ერთიც ჩამოკიდებული (caffe sospeso). ბარმენი უმზადებს ერთ ყავას. ისიც სვამს, ფულს იხდის და მიდის. ბარმენი იქვე ჩამოკიდებულ დაფაზე რაღაცას აღნიშნავს. გაოცებული გუერა და ფელინი ეკითხებიან დე სიკას: „რას ნიშნავს „ჩამოკიდებული“, ანდა ორი ყავა შეუკვეთა და ერთი რატომ დაუსხეს?“ ვიტორიო იღიმება და მეგობრებს ურჩევს, განაგრძონ დაკვირვება. ახლა სამნი შემოდიან კაფეში და ბარმენს ხუთ ყავას უკვეთენ – სამს ჩვეულებრივს და ორსაც ჩამოკიდებულს. „დამკვირვებლები“ სულ გადაირივნენ, ეძალებიან მეგობარს, მაგრამ ის, რაღაცით ამაყი და გახარებული, არა და არ იძლევა ახსნა-განმარტებას, – ცოტაც მოითმინეთ, ყველაფერს თავად მიხვდებითო. ცოტა ხანში ბარის კარს ჩამოკონკილი მათხოვარი აღებს, დახლთან მილასლასებს და ხმადაბლა კითხულობს: „ჩამოკიდებული არავის დაუტოვებია?“ ბარმენი, თანხმობის ნიშნად, თავს უქნევს და ყავას უსხამს.
თურმე, ნეაპოლში ყოფილა ასეთი შესანიშნავი ტრადიცია: წინასწარ გადაუხდი საფასურს უცნობ თანამოძმეს, რომელსაც ერთი ჭიქა ყავის დალევის საშუალებაც არ გააჩნია. „ჩამოკიდებულსაც“ სწორედ გაჭირვებულთათვის დატოვებულ ულუფას ეძახდნენ, რომელთა რაოდენობასაც ბარმენი სპეციალურ დაფაზე აღნიშნავდა.
დღეს მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტრადიციები წიგნებთან და საჭმელებთან დაკავშირებით.
არგენტინაში არსებობს Empanada pendiente, ანუ „მომლოდინე ნამცხვარი“.